2022 წლის 7 ივნისს „ემი“ ჯგუფმა, რომელიც ანტივაქსერებსა და კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციის გამავრცელებლებს აერთიანებს, Facebook-გვერდზე მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებული პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, მაიმუნის ყვავილი წინასწარ დაგეგმილი პანდემიაა და სახელმწიფოებს მასთან გამკლავების მეთოდებიც გაწერილი აქვთ - „ჩაკეტვები, საზოგადოებრივი დისტანციები, პირბადეები, სპეციალური ტესტები და ასე შემდეგ“. რეალურად, „ემი“ ჯგუფის მტკიცება, რომ თითქოს მაიმუნის ყვავილის პანდემიის სცენარი NTI-მ წინასწარ გაწერა, სიცრუეა და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.

„ბირთვული საფრთხის ინიციატივა“ (NTI) ბირთვული და ბიოლოგიური საფრთხეების შემცირებასა და თავიდან აცილების საკითხებზე მომუშავე არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს. „ემი“ ჯგუფის მიერ პოსტში მოცემული დოკუმენტის PDF-ვერსიის ლინკი სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ, 2021 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან პარტნიორობის დროს შექმნილი დოკუმენტია, რომელიც „სერიოზული შედეგების მომტან ბიოლოგიური საფრთხეების“ შემცირებაზე ორიენტირებულ სამაგიდო ჰიპოთეზურ სცენარს წარმოადგენს.

კონკრეტულ შემთხვევაში, 2021 წლის NTI-ის სამაგიდო სცენარში მაიმუნის ყვავილის უჩვეულო შტამი გამოგონილ ქვეყანაში „ბრინიაში“ „ლაბორატორიაში შექმნილი პათოგენის გამოყენებით“ ტერორისტული თავდასხმის შედეგად ვრცელდება. სცენარის მიხედვით, მსოფლიოში ვირუსის 3 მილიარდამდე აქტიური და 270 მილიონი გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება, რაც 9%-იან სიკვდილიანობის მაჩვენებლის ტოლია.

რეალურად, როგორც ამ კონკრეტულ სავარჯიშოში, ისევე როგორც NTI-ის მიერ გამართულ მსგავს სამუშაო შეხვედრებზე, პოლიტიკურ და ორგანიზაციულ ლიდერებსა და ექსპერტებს გამოგონილ სცენარებს წარუდგენენ და საპასუხო ნაბიჯების დაგეგმვას სთხოვენ. მსგავსი შეხვედრებისა და სავარჯიშოების მიზანი პანდემიისა ან სხვა საგანგებო სიტუაციების არსებობის შემთხვევაში მზაობისა და რესურსების გაუმჯობესებაა. ბუნებრივია, პანდემიისთვის მზადყოფნის სცენარები არ არის მტკიცებულება იმისა, რომ პანდემიები დაგეგმილია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიმულაციური სცენარი NTI-მ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 2022 წელსაც შექმნა (წარსულშიც არაერთი სცენარი/სავარჯიშო იყო შემუშავებული) და ამ შემთხვევაში გამოგონილი ვირუსი „ახმეტა“ განიხილებოდა.

მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიების გავრცელებას თავად NTI-იც გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილი სხვა სცენარებს შორის განგებ შეირჩა. ერთ-ერთი ფაქტორი SARS-CoV-2 ვირუსისგან განსხვავებული მახასიათებლების მქონე პათოგენის შერჩევის მცდელობა იყო, რადგან მონაწილეები იძულებული ყოფილიყვნენ COVID-19-ის პანდემიის მიღმაც განეხილათ საკითხები.

ამდენად, მტკიცება, რომ თითქოს მაიმუნის ყვავილის გამოჩენა წინასწარ იყო დაგეგმილი, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს. რაც შეეხება უშუალოდ ვირუსს, „მაიმუნის ყვავილი“ არაა ახალი ვირუსი, ის ენდემურია დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში და მეცნიერებს ვირუსის ბუნება შესწავლილი აქვთ. სპეციალისტების ყურადღება ვირუსული ინფექციის არაენდემურ ტერიტორიაზე გავრცელებამ მიიპყრო.

კერძოდ, 2022 წლის მაისში არაენდემურ ქვეყნებში, ძირითადად ევროპის კონტინენტზე, „მაიმუნის ყვავილის“ მრავალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დროული და სწრაფი ქმედების შემთხვევაში, არაენდემურ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების შეკავება სავსებით შესაძლებელია.

ამ ეტაპზე, „მაიმუნის ყვავილის“ პანდემიის საფრთხე არ არსებობს, რადგან, სხვა ვირუსებთან [როგორებიცაა: კორონავირუსი, ადამიანის ყვავილი, წითელა და სხვა ინფექციური დაავადებები] შედარებით, მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსის გადაცემა გაცილებით ნელა ხდება. ამასთან, ამ დროისთვის ყვავილის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა არის ხელმისაწვდომი, რომელიც ეფექტურად იცავს „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსისგანაც. გარდა ამისა, ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მკურნალობა ყვავილის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატებით არის შესაძლებელი. უფრო ვრცლად „მაიმუნის ყვავილის“ შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოს „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

-----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი