ბათუმში 2022 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა. სეზონის გახსნამდე, ქალაქის მერმა არჩილ ჩიქოვანმა შეხვედრა გამართა „იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, რომლებიც ტურისტული სეზონის სრულყოფილად წარმართვაზე არიან პასუხისმგებელი“ (ციტატა ბათუმის მერიის ვებგვერდიდან). მან თქვა, რომ ბათუმი 2022 წლის ზაფხულის სეზონისთვის მზადაა.

პირად საუბრებსა და სოციალურ ქსელში კი არაერთი ადამიანი ქალაქში არსებულ სიტუაციას აკრიტიკებს. ისინი გადათხრილი ქუჩების, ცალმხრივი საავტომობილო მოძრაობის, მიტაცებული ტროტუარებისა და მძაფრი საკანალიზაციო სუნის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ. მოქალაქეები თვითმმართველობას საყვედურობენ, რომ ქუჩების რეაბილიტაციას სწორედ ტურისტული სეზონის წინ იწყებს, ან მრავალი თვის წინ დაწყებულ სამუშაოებს დროულად ვერ ასრულებს. ბათუმში ვიზიტორები მართლაც მრავლად არიან. თუმცა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა რომ არა მხოლოდ დისკომფორტს, არამედ პრობლემას ქმნის, ეს „ფაქტ-მეტრმა“ საკუთარი თვალით იხილა.

მთავარი პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით თვალშისაცემია და ადამიანის ფიზიკურ უსაფრთხოებას ეხება, ავტომობილების მძღოლების ან სამშენებლო კომპანიების მიერ მიტაცებული ტროტუარებია. ინტენსიური საავტომობილო მოძრაობის მიუხედავად, ფეხით მოსიარულეები, მათ შორის, ბავშვები, იძულებული არიან, სამანქანო გზაზე გადავიდნენ. ჩვენს კითხვაზე, რატომ აპარკინგებს ავტომობილს ვინმე ბატონი ავთო ტროტუარზე, მივიღეთ პასუხი, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს. „ქალაქში ვერ მოგვარდა პარკინგის საკითხი. ამდენი კორპუსი შენდება და აბა ნახეთ, ყველას თუ აქვს პარკინგი. არ აქვს. სულ გვპირდება მერია, ვაწესრიგებთ, ვმუშაობთო და თქვენ იგრძენით რამე მოწესრიგებულის? მე ვერ ვიგრძენი და ვერც სხვა მანქანების მფლობელები გრძნობენ. გამოასწორონ და არ დავაყენებთ ტროტუარზე, ბატონო!“- გვპასუხობს ბატონი ავთო. თუმცა შემხვედრ კითხვაზე, იცის, თუ - არა, რომ ამით ფეხით მოსიარულეებს არა მხოლოდ დისკომფორტს, არამედ საფრთხეს უქმნის, პასუხი არ აქვს.

კიდევ ერთი პრობლემა ფილებამოყრილი ტროტუარებია. მაგალითად, ანგისის ქუჩაზე სულ რამდენიმე თვის წინ დაგებული ტროტუარი უკვე დაზიანებულია. რამდენიმე ადგილას ფილები ამოყრილია. დარგის სპეციალისტი არ სჭირდება იმის დანახვას, რომ სამუშაოების ხარისხი გარკვეულ კითხვებს აჩენს. გარდა ამისა, დაზიანების მიზეზი მშენებარე ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებიც უნდა იყოს. ტროტუარს, რომელშიც მერიამ ბიუჯეტის ფული გადაიხადა, სულ მალე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასჭირდება. თუმცა ეს ერთადერთი ადგილი არაა, სადაც მსგავსი სიტუაციაა.

ფეხით მოსიარულეებს საფრთხე არა მხოლოდ კერძო კომპანიების მიერ მიტაცებული ტროტუარების გამო ექმნებათ, არამედ სახელმწიფოს მიერ შესყიდული ინფრასტრუქტურული პროექტების მიზეზითაც. კერძოდ, „გმირთა ხეივნის“ მოწყობის მიზნით დაწყებული სამუშაოები უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. ტერიტორია რამდენიმე საავტომობილო ქუჩის კვეთაში მდებარეობს. მიუხედავად ამისა, დროებითი ტროტუარები მოწყობილი არ არის.

საინტერესოა, რომ „გმირთა ხეივნის“ მოწყობა 2021 წლის 16 ივნისს, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, დაიწყო. მთავრობამ აღნიშნული პროგრამა 2021 წლის 26 აპრილს დაამტკიცა. პროგრამის განმხორციელებლად სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განისაზღვრა, ხოლო 11 მაისს, აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, Design-Build მეთოდით, 20 მლნ ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანია „საბა კონსტრაქშენთან“ გაფორმდა. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1 და სტატია 2.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიისთვის უკვე 12 მლნ 600 ათას ლარზე მეტია გადახდილი. აქედან 8 მლნ ლარი - ავანსის სახით (როგორც დოკუმენტაციით ირკვევა, ავანსის მოცულობის ზრდა კომპანიამ მასალებზე ფასების მატების გამო მოითხოვა. მიმდინარე წლის 22 მარტს მიმწოდებელმა შემსყიდველს წერილით მიმართა და აუწყა, რომ კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, დარჩენილი მასალების სრულად შესყიდვას გეგმავდა).

„საბა კონსტრაქშენთან“ ხელშეკრულება 2021 წლის 16 ივნისს გაფორმდა. უკვე ერთი წელი გავიდა, რაც პროექტი მიმდინარეობს და თუ არსებული სიტუაციით ვიმსჯელებთ, კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ბათუმში თვალით არ ჩანს, მაგრამ იგრძნობა, საკანალიზაციო სისტემიდან მომდინარე სუნია. მოქალაქეები ხშირად აღნიშნავენ, რომ სუნი ზაფხულში განსაკუთრებულად მძაფრია და ბათუმის ზოგიერთ უბანში არა მხოლოდ ქუჩებში, არამედ სახლებშიც დგას.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი