Facebook-ანგარიშმა „სამშობლო ჩემი საქართველოა“ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის არა კანდიდატის სტატუსის, არამედ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ რეკომენდაციის გაცემასთან დაკავშირებით (ევროკომისიის წარდგენილი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი აქვს) შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

„გილოცავთ! ევროპამ გაგვიხსნა კარი (კი იყო ღია, მაგრამ ამჯერად უფრო ფართოდ😉) და მოგვცა - არც მეტი, არც ნაკლები - კანდიდატობის პერსპექტივა😜. გაგვიღო კარი, მაგრამ როდემდე უნდა ვიდგეთ ღია კარში - შევარდნაძის თქმის არ იყოს - ორპირი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. რამდენჯერ უნდა მოგვცენ მაპზე უკეთესი? გეოგრაფიული მდებარეობაც თუ გვიშლის ხელს , რატომ დაიხოცნენ ჩვენი ბიჭები ავღანეთში, კოსოვოში... " სამშვიდობო მისიით" , მაშინ სხვა განედზე ვიყავით, თუ როგორაა საქმე?!🤔 თუ ომები არ გადაგვიტანია და დღემდე ჩვენი მთავრობის თავის ტკივილია ლტოლვილი ოჯახები. ყოველწლიურად უშენებენ ბინებს ლტოლვილებს და დღემდე არ დასრულებულა. ჩვენ გვერგო პერსპექტივა, მოლდოვას - კანდიდატობა, ალბად იმიტომ რომ მოლდოვა ჯერ კიდევ ესენგეს წევრია!!! უკრაინას - კანდიდატობა და რაა, დამთავრდება უკრაინაში ომი? შეღავათი მარტო მიწოდებული საბრძოლო იარაღია და შედეგი - დახოცილი უდანაშაულო ხალხი და განადგურებული ქალაქები. როდემდე უნდა ვიტყუოთ თავი და რამდენი წელი უნდა გაგრძელდეს ეს ჩვენი სურვილი და თითის ქნევები გარედან ევროპული " დემოკრატების" და შიგნიდან " გაევროპელებული" კაციჭამია ჯალათებისგან?!😢 დეოლიგარქიზაციისკენ მოგვიწოდებენ და სოკოსავით ერთ დღეში ოლიგარქად გცეული კრიმინალების პასუხისგებაში მიცემისთვის შენიშვნებს გვაძლევენ😢 ღმერთო , ყველამ დაგვანებოს თავი არ შეიძლება?“

პროპაგანდისტული ხასიათის გარდა პოსტი ფაქტობრივ უზუსტობასაც შეიცავს. კერძოდ, მასში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ჯარისკაცები ავღანეთსა და კოსოვოში საერთაშორისო მისიებში დაიხოცნენ.

საქართველო ავღანეთში მიმდინარე NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით. მისიის ფარგლებში, სამწუხაროდ, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა.

თუმცა რაც შეეხება მისიას კოსოვოში, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით: „საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატო-ს პირველივე სამშვიდობო მისიაში - „კოსოვოს ძალები“ (KFOR), 1999 წლის აგვისტოდან ჩაერთო. მისია კოსოვოში საომარი მოქმედებების განახლების აღკვეთას, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისა და გაერო-ს დროებითი ადმინისტრაციული მისიის მუშაობის ხელშეწყობას ითვალისწინებდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები KFOR-ს, თავდაპირველად, ქალაქ მამუშაში, თურქული კონტინგენტის შემადგენლობაში, ქვეითი ოცეულით შეუერთდნენ, ხოლო 2003 წლის მაისიდან, მისია ქალაქ პრიზრენში, გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში, გაძლიერებული ასეულით გააგრძელეს. 2008 წელს ქართულმა ქვედანაყოფმა კოსოვო სრულად დატოვა. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მისია უდანაკარგოდ, ოცეულის 18 და ასეულის 11 როტაციით დაასრულა“.

ამდენად, „სამშობლო ჩემი საქართველოა“-ს გავრცელებული ინფორმაცია არის ნაწილობრივ მცდარი.

----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი