იტვირთება

საქართველოს მთავრობამ ოფიციალურ facebook-გვერდზე, ჰეშთეგით „#შეადარე“, საკუთარი მიღწევების წარმოსაჩენად ვიდეორგოლი გაავრცელა. შედეგები ცალკეული სამინისტროების ქოლგის ქვეშ არის მიმოხილული და მიმდინარე მონაცემები 2012 წლის მაჩვენებლებთან არის შედარებული. „ფაქტ-მეტრმა“ ვიდეოფაილში მოყვანილი მტკიცებების რეალობასთან შესაბამისობა გადაამოწმა. მასალის მოცულობიდან გამომდინარე, გადამოწმებულ ინფორმაციას მკითხველს სტატიების სერიის სახით ვთავაზობთ.

ლოგიკურია, ათწლიან პერიოდში გარკვეული გაუმჯობესება დაფიქსირდებოდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დინამიკის მხედველობაში მიღებაც. როგორც ანალიზიდან ირკვევა, ვიდეორგოლში მოყვანილი მტკიცებების ნაწილი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ხშირ შემთხვევაში წარმატება გადაჭარბებულად არის წარმოჩენილი ან/და მოყვანილია მანიპულაციური შედარებები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მტკიცება: 2012 წელს ექსპორტი 2 376 მლრდ აშშ დოლარი იყო, 2022 წელს - 4 242 მლრდ

ვერდიქტი: სიმართლე

ანალიზი: 2021 წელს, საქონლის ექსპორტმა 4.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით 79%-ით ზრდას წარმოადგენს. 2012-2021 წლებში, საქონლის ექსპორტის დინამიკა ერთგვაროვანი არ ყოფილა და აბსოლუტურ მონაცემებში, 2013-2016 წლებში კლებადი ტენდენციით გამოირჩეოდა, 2016-2021 წლებში კი ზრდადი, პანდემიური 2020 წლის გამოკლებით.

ამასთანავე, აბსოლუტურთან ერთად, მნიშვნელოვანია მშპ-თან ფარდობითი მაჩვენებლის დინამიკის ანალიზიც, რაც მთლიან ეკონომიკასთან შედარებით ექსპორტის წილს გვიჩვენებს. ფარდობითი მაჩვენებლის დინამიკაც, აბსოლუტური დინამიკის ტენდენციას ინარჩუნებს. 2012 წელთან შედარებით, ექსპორტის ფარდობითი მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით 8.3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

გრაფიკი 1: ექსპორტის დინამიკა, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები

მტკიცება: ექსპორტი ევროკავშირში 2012 წელს 353 მლნ აშშ დოლარი იყო, 2021 წელს კი - 717 მლნ აშშ დოლარი

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

ანალიზი: 2021 წელს, ექსპორტმა ევროკავშირში 717 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2012 წელთან შედარებით 103.1%-ით ზრდას წარმოადგენს. ევროკავშირი, საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და სავაჭრო, ისევე როგორც სხვა სახის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

აღსანიშნავია რომ საქართველოს 2014 წლიდან ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს, ხოლო ჩინეთთან 2018 წლის 1 იანვრიდან. თუმცა, როგორც გრაფიკ 2-ზე ჩანს, ევროკავშირში ექსპორტის დინამიკა, ცვალებადი ტენდენციით ხასიათდებოდა. აბსოლუტური მაჩვენებლის თვალსაზრისით, ევროკავშირში ექსპორტის მაქსიმალური მოცულობა 2019 წელს დაფიქსირდა და 835 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რის შემდეგაც, 2020-2021, პანდემიურ წლებში, ექსპორტი 716-717 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც 2018 წლის დონეს მცირედით ჩამოუვარდებოდა.

გრაფიკი 2: ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აბსოლუტურთან ერთად, მნიშვნელოვანია მთლიან ექსპორტთან, ევროკავშირის ქვეყნების პროცენტული დინამიკის წილის ანალიზიც, რაც ექსპორტის სტრუქტურის სიჯანსაღისა და დივერსიფიკაციის ხარისხის ერთგვარი ინდიკატორია. 2015 წლის შემდეგ, ევროკავშირის წილი ექსპორტში კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა. 2021 წლისთვის, ფარდობითმა მაჩვენებელმა 16.9% შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 12.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ამავდროულად, ჩინეთში ექსპორტის ფარდობა მთლიან ექსპორტთან შედარებით, 2.5-ჯერ არის გაზრდილი. შესაბამისად, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების ფონზე, ევროკავშირთან ვაჭრობის ტენდენციის თვალსაზრისით, მიმდინარე დინამიკა პრობლემატურია, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც 2015 წელთან შედარებით, რუსეთში ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტთან შედარებით გაორმაგებულია. როგორც ისტორია აჩვენებს, რუსეთთან ურთიერთდამოკიდებულების ზრდა სტრატეგიულ საფრთხეს წარმოადგენს.

გრაფიკი 3: ექსპორტი ევროკავშირთან, რუსეთთან და ჩინეთთან, როგორც მთლიანი ექსპორტის (%)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები

მტკიცება: მშპ ერთ სულზე 2012 წელს 7 301.8 ლარი იყო, 2022 წელს კი 17 415.4 ლარი

ვერდიქტი: მანიპულირება

ანალიზი: ეკონომიკის განვითარების დინამიკის ყველაზე გავრცელებული მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც კონკრეტულ პერიოდში, ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულებას ასახავს. თუმცა, მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება ინფლაციასაც მოიცავს, რადგან როგორც წესი, იზრდება როგორც წარმოებული საქონლის და მომსახურების რაოდენობა/მოცულობა, ასევე მათი ფასებიც. აღნიშნულ მაჩვენებელს, ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს უწოდებენ. ბუნებრივია, მაღალი ინფლაცია, ნომინალური მშპ-ს მაჩვენებელს ზრდის, თუმცა ასე გაზრდილი ნომინალური მშპ, ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას არ ასახავს. უფრო ვრცლად, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

იმისთვის, რომ მთლიანმა შიდა პროდუქტმა ეკონომიკის რეალური ზრდა, ანუ საქონლის და მომსახურების ზრდის რეალური მოცულობა ასახოს, ხდება ფასების დაფიქსირება რომელიმე კონკრეტულ წელს და სხვა წლებისთვის, წარმოებული საქონელი/მომსახურების ამ ფასებში გამოთვლა, რაც ინფლაციის გავლენას გამორიცხავს.

2021 წლისთვის, 2012 წელთან შედარებით, ნომინალური მშპ ერთ სულზე 121%-ით გაიზარდა და 16 154 ლარი შეადგინა (შესაძლოა, მთავრობის მიერ ვიდეოში წარმოდგენილი მონაცემი გარკვეულ პროგნოზს შეესაბამებოდეს). თუმცა, რეალური მშპ ერთ სულზე, რაც ეკონომიკის რეალურ ზრდას აჩვენებს, 2021 წლისთვის 36.2%-ით იყო გაზრდილი, რაც ნომინალური ზრდის მაჩვენებელს, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. შესაბამისად, გამოქვეყნებულ მასალაში მოყვანილი მაჩვენებელი მანიპულაციურია.

ცხრილი 1: ნომინალური და რეალური მშპ ერთ სულზე - დინამიკა (ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მტკიცება: უმუშევრობის დონე 2012 წელს 26.7% იყო, 2022 წლის I კვარტალში 19.4%-ია

ვერდიქტი: მანიპულირება

ანალიზი: პირველ რიგში უნდა განვმარტოთ, რომ კვარტალური მაჩვენებლების წლიურ მაჩვენებელთან შედარება არამართებულია და რეალურ სურათს ამახინჯებს, ამის ძირითადი მიზეზი სეზონურობის ფაქტორია.

კვარტალურ ჭრილში სამუშაო ძალის გამოკვლევა 2018 წლიდან დაიწყო. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონემ 19.4% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი კვარტლის მაჩვენებელზე 2.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია.

რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს, 2022 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაზრდილია, თუმცა 2018-2020 წლების ანალოგიური კვარტლის მაჩვენებლებთან შედარებით შემცირებულია.

ანუ, 2022 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები (უმუშევრობის დონე, დასაქმება) გაუმჯობესებულია პანდემიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა პანდემიამდე პერიოდთან შედარებით გაუარესებულია.

ქვეყანაში პანდემიის პერიოდში სამუშაო ადგილებისა დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა, რაც პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. 2021 წელს უმუშევრობის დონემ 20.6% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.1 პროცენტული პუნქტით აღემატება. პანდემიის პერიოდში 2020-2021 წლებში კი უმუშევრობის დონე ჯამში 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს, 2021 წელს წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 2%-ით, ანუ 24.4 ათასით შემცირდა. პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ჯამში 78.5 ათასი ადამიანით ნაკლებია დასაქმებული.

იმისთვის, რომ სამუშაო ძალის მაჩვენებლებზე პანდემიური პერიოდის უარყოფითი გავლენა გამოვრიცხოთ, მანამდე არსებული მონაცემები (2012-2019) გავაანალიზეთ. ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უმუშევრობის დონე [პროცენტული მაჩვენებელი] ყოველწლიურად მცირდებოდა, თუმცა ბოლო წლების ტენდენციას თუ გავაანალიზებთ, აღნიშნული დიდწილად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის კლებით იყო განპირობებული. საქსტატის მეთოდოლოგიით, უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. ხშირ შემთხვევაში, ეს არის ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელი“, რომლებიც უმუშევართა რიგებს აკლდებიან, თუმცა არ არიან დასაქმებულები.

ტექნიკურად, უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი [17.6%] 2019 წელს დაფიქსირდა, რაც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირებით იყო გამოწვეული და არა დასაქმების ზრდით. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (დასაქმებულთა და სამუშაოს მაძიებელთა ჯამური ოდენობა) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (1,675.6 ათასი ადამიანი) 2015 წელს დაფიქსირდა. 2016 წლიდან ქვეყანაში სამუშაო ძალა ყოველწლიურად მცირდება, 2016-2019 წლებში სამუშაო ძალა 102.8 ათასით შემცირდა. დასაქმებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ასევე 2015 წელს ფიქსირდება, შემდგომ კი 2016-2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 12.6 ათასით შემცირდა.

გრაფიკი 4: დასაქმება და უმუშევრობა

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წელთან შედარებით, სამუშაო ძალის მაჩვენებლები (უმუშევრობის დონე, დასაქმება) გაუმჯობესდა. თუმცა დინამიკაში თუ დავაკვირდებით, 2015 წლის შემდგომ [2016-2019 წლებში] დასაქმების სტატისტიკაში დადებითი დინამიკა არ გვაქვს, და უმუშევრობის დონე ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე, შემცირდა. 2020-2021 წლებში კი სამუშაო ძალის მჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, რაც პანდემიის პერიოდში მთავრობის არაგონივრული პოლიტიკით - მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. 2022 წლის I კვარტალში კი დასაქმების პარამეტრები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა არაპანდემიური პერიოდის მაჩვენებლებთან გაუარესებულია.

მტკიცება: სიღარიბის დონე 2012 წელს 30% იყო, 2021 წელს - 17.5%

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

ანალიზი: აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ. საქსტატის მონაცემებით, 2012 წელს აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მოსახლეობის 30%, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 17.5%-მდე შემცირდა.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სიღარიბე ჯამში შემცირებულია, თუმცა ტენდენცია არაერთგვაროვანია. 2013-2015 წლებში აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 8.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირედით, 0.4 პროცენტული პუნქტით, გაიზარდა. 2017 წელს კი სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა. 2018-2019 წლებში კი ცხოვრების დონე კვლავ გაუმჯობესდა, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით, ამ პერიოდში აბსოლუტური სიღარიბე 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.3% შეადგინა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო გამოწვეული. 2021 წელს კი წინა წელთან შედარებით საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5% შეადგინა. აღნიშნული უმეტესწილად სოციალური ტრანსფერების ზრდით იყო განპირობებული და არა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფულადი სოციალური დახმარებების მიმღებთა რეკორდულად ზრდამ და სხვა სოციალურმა ტრანსფერებმა, აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი მნიშვნელოვნად შეამცირა (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

გრაფიკი 5: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მტკიცება: ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 2012 წლამდე მოძრაობა 88.2 კმ გზაზე გაიხსნა, 2022 წლამდე - 199 კმ გზაზე

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

ანალიზი: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო და ის E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. მისი საერთო სიგრძე 390 კილომეტრია. 2007 წლიდან (2006 წელი გათვალისწინებული არ არის, რადგან ამ წელს მაგისტრალის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, თანხების მოძიება, კერძო ნაკვეთების მოსახლეობისგან გამოსყიდვის პროცესი) დღემდე მოძრაობა ავტობანის 266.5 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. აქედან, 2007-2012 წლებში მოძრაობა ავტომაგისტრალის 68.15 კილომეტრზე, 2013 წლიდან დღემდე კი, 198 კილომეტრ გზაზე გაიხსნა. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს უფრო ნაკლები სიგრძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აშენდა, ვიდრე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. კონკრეტულად, ნაციონალების“ დროს ავტობანზე წელიწადში საშუალოდ 11.4 კმ სიგრძის გზა შენდებოდა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, წელიწადში, საშუალოდ, 23.8 კმ სიგრძის გზა იხსნება და საერთო ჯამში ავტობანის მშენებლობის ტემპი 2.9-ჯერ გაიზარდა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა 2012 წლის ოქტომბრამდე - ხელისუფლების ცვლილებამდე დაიწყო, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი. კერძოდ, 2012 წლამდე დაწყებული იყო სვენეთი-რუისის გზის (ლოტი II, III - 9.8 კმ), ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ქუთაისის შემოვლითი გზის (17.5 კმ), ქობულეთის შემოვლითი გზის (12 კმ) მშენებლობა და ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე უკვე არსებული ორზოლიანი გზის 4-ზოლიანამდე გაფართოება (3 კმ). ამდენად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 42.3 კმ გზაზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთის მშენებლობის სახელშეკრულებო ვადები შეიცვალა და გარკვეული დროით გადაიწია. კონკრეტულად, სამტრედია გრიგოლეთის გზის მონაკვეთის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ექვსი წლის მანძილზე მისი დასრულება ვერ მოხერხდა (იხილე: სტატია). შეიცვალა ავტომაგისტრალის მთლიანად დასრულების ვადაც, დაანონსებული 2020 წლის ნაცვლად 2024 წლამდე გახანგრძლივდა.

რადგან მთავრობას ავტობანის სტატისტიკური მონაცემები საკუთარი წარმატებული საქმიანობის დასადასტურებლად მოჰყავს, აქედან გამომდინარე, ზემოთ დასახელებული ფაქტების გათვალისწინებით, აღნიშნული განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

მტკიცება: 2012 წლამდე 3,434 კმ გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, 2022 წლამდე 4,064 კმ გზას

ვერდიქტი: სიმართლე

ანალიზი: „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული მონაცემების ნაწილი (2013-2021 წლები) საავტომობილო დეპარტამენტის ანგარიშებზე დაყრდნობით გადაამოწმა. „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის სტატისტიკა ღია წყაროებზე დაყრდნობით არ იძებნება. ამიტომ აღნიშნული მონაცემი საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან გადავამოწმეთ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2012 წლამდე საქართველოში ჯამში 3 434 კმ გზა იყო რეაბილიტირებული, 2022 წლამდე კი ამ მონაცემმა 4 064 კმ შეადგინა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის აღნიშნული განცხადება სიმართლეა.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4163 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი