საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.4% შეადგინა. თუმცა უმუშევრობის დონე კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება და პანდემიამდე პერიოდის მონაცემებს აღემატება.

საქსტატის მეთოდოლოგიით, უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. აქვე აღსანიშნავია, პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, უმუშევრობის დონე შესაძლოა ტექნიკურად შემცირდეს, სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე. შესაბამისად, ქვეყანაში უმუშევრობის სწორად შესაფასებლად აუცილებელია სამუშაო ძალის და დასაქმების პარამეტრების ანალიზი.

მიდიმდინარე წლის I კვარტალში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით (43.5 ათასით) გაიზარდა. რაც დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდით იყო განპირობებული. ამ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 6.3%-ით (71.4 ათასით) გაიზარდა. შესაბამისად, უმუშევრობის დონის [პროცენტული მაჩვენებლის] შემცირებაც დასაქმების ზრდის ხარჯზე მოხდა. 2022 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლებში, დასაქმების დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით, 37.7%-დან 40.2%-მდე გაიზარდა.

2022 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის პარამეტრები - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა, თუმცა წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, გაუარესებულია. ქვეყანაში პანდემიის პერიოდში, მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვების ფონზე, სამუშაო ადგილებისა დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა. ეკონომიკურ შეზღუდვების შემსუბუქებას კი ლოგიკურად მოჰყვა სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრის, მათ შორის, უმუშევრობა/დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესება/აღდგენა. უმუშევრობის დონემ მაქსიმალურ მაჩვენებელს სწორედ 2021 წლის I და II კვარტალში მიაღწია. შესაბამისად, 2022 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე პიკურ პერიოდთან [2021 წლის I კვარტალთან] შედარებით შემცირდა, თუმცა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1.1 პროცენტული პუნქტით აღემატება.

რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს, 2022 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა - წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაზრდილია, თუმცა 2019-2020 წლების ანალოგიური კვარტლის მაჩვენებლებთან შედარებით - შემცირებულია. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] რაოდენობაც მხოლოდ 2021 წლის I კვარტალთან შედარებით არის გაზრდილი, წინა წლების ანალოგიური კვარტლის მაჩვენებლებთან შედარებით კი შემცირებულია.

გრაფიკი 1: სამუშაო ძალის მაჩვენებლები (კვარტალური), 2019-2022 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პანდემიის პერიოდში [2020-2021] უმუშევრობა/დასაქმების მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა. 2022 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ძალის პარამეტრები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა არაპანდემიურ პერიოდთან შედარებით - გაუარესებულია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესება დაიწყო, თუმცა პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილები ჯერჯერობით სრულად აღდგენილი არ არის.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი