საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას პრორუსული აქტორები წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობდნენ. მათ სამიზნეს საქართველოს პროდასავლური საგარეო კურსი წარმოადგენდა და განსაკუთრებული ძალისხმევით ისინი სწორედ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას ესხმოდნენ თავს. პრორუსული ძალები ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობა დაერწმუნებინათ იმაში, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის ავტომატურად ნიშნავდა ქართულ ტრადიციებზე, ღირებულებსა და იდენტობაზე უარის თქმას.

საინფორმაციო სივრცეში დეზინფორმაციული ნარატივები განსაკუთრებულად მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართველომ 2022 წლის 3 მარტს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა და მას ამ განაცხადის საფუძველზე ევროკომისიისგან ევროკავშირის წევრობაზე თვითშეფასების კითხვარი გადაეცა. პრორუსულმა ჯგუფებმა განსაკუთრებულად აიტაცეს გზავნილი, რომ თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაა აუცილებელი. აღნიშნული ყალბი ნარატივის გავრცელება მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც საქართველოს ევროპულმა საბჭომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსის ნაცვლად ევროპული პერსპექტივის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო. ანტიდასავლური და პრორუსულად განწყობილი აქტორები ამტკიცებდნენ, რომ ერთ-ერთ მიზეზი იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა არის ის, რომ მას ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ აქვს დაკანონებული.

მაგალითისთვის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე - ნანა კაკაბაძემ, სოციალურ ქსელში საქართველოს პროდასავლურ და პრორუსულ საგარეო კურსზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა Facebook-გვერდმა „ლიდერი 41“-მაც გამოაქვეყნა. კაკაბაძის თქმით, საქართველო „დასავლურ დემოკრატიას“ აირჩევს თუ „რუსულ ავტორიტარიზმს“, ნებისმიერ შემთხვევაში ის დაქვემდებარებულ, მონურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მან პოსტში აღნიშნა ისიც, რომ „ახალი ბატონი“- დასავლეთი საქართველოს ძველი „აგრესორი, დამპყრობელი, ჩამორჩენილ, დეგრადირებულ“ ბატონის, რუსეთის გავლენის სფეროში არდაბრუნების სანაცვლოდ, გარკვეულ პირობებს უყენებს მათ შორის კანონმდებლობის შეცვლას, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას - „ევროკავშირი გვეუბნება, ჩვენ გვჭირდება, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების დაკანონება, ხოლო თუ დაგვჭირდა, შენც უნდა დააკანონო პედოფილია, რადგან ეს მე მინდა“.

ნარატივი, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსის მიღება და ევროკავშირში გაწევრიანება, რომ შორეულ და ფაქტობრივად მიუღწეველ ამოცანას წარმოადგენს გაავრცელა პრორუსულმა გამოცემა „საერთო გაზეთმაც“. მწერალმა ელიზბარ ჯაველიძემ „საერთო გაზეთთან“ საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ გეი-პრაიდის აიძულებენ - „კანდიდატობის მისაღებად ჩვენ გვაიძულებენ ლგბტ-ს დროშები ავაფრიალოთ, გეი-პარადი მოვაწყოთ და ა.შ., რასაც არცერთი ქართველი კაცი არ შეურიგდება და ამ უმსგავსობას თავის ცხოვრების წესად არ გაიხდის. ლგბტ წარმომადგენლები ჯერ გვეუბნებოდნენ: ჩვენც ადამიანები ვართო, მერე, გვითხრეს, ჩვენც თქვენი დარი ვართო და ბოლოს: თქვენ, მიბრძანდით, ჩვენ, უნდა ვმართოთ ქვეყანაო. აი, ამ ძალას, „სირცხვილიას“ და მსგავსთ უნდათ გაბატონდნენ. სანამ ქართველი ხალხი იარსებებს, ვერ მოვლენ. ამ სატანისტებს ღმერთი დასჯის. ევროპისაკენ მიდრეკილ ქართველებს ნუ დაავიწყდებათ: საქართველო თავისი კულტურით, ზნეობით, დემოკრატიით ბევრად მაღლა დგას ევროპაზე. გაჰყვირიან: დემოკრატია გვინდაო“.

ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმი არ არის ქვეყანაში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების დაკანონება, რასაც ამ საკითხის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განსხვავებული პოლიტიკა ადასტურებს. ევროკავშირის სახელმწიფოებიდან ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება კანონიერად დაშვებული შემდეგ ქვეყნებშია: ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, მალტა, პორტუგალია, შვედეთი, ესპანეთი, სლოვენია. ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ არის დაშვებული, თუმცა წყვილებს შორის სამოქალაქო კავშირი დაშვებულია ჩეხეთში, უნგრეთში, ესტონეთში, კვიპროსში, ხორვატიაში, იტალიასა. ხოლო ერთნაირსქესიანთა ქორწინება და მათ შორის სამოქალაქო კავშირი მიუღებელია ევროკავშირის წევრ შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი, ბულგარეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი და სლოვაკეთი. ამდენად, ერთნაირსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხები ადგილობრივი მთავრობების დონეზე წყდება და ამ ქვეყნებს ევროკავშირი ამ საკითხთან დაკავშირებული კანონის მიღებას არ აიძულებს. უფრო მეტიც, ევროკავშირს თავადაც არ გააჩნია კანონმდებლობა, რომელიც მის წევრ სახელმწიფოებს მსგავს ვალდებულებას დააკისრებდა.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა ლგბტ-პრაიდის ჩატარებაა, ასევე სიცრუეა. როგორც უკვე აღინიშნა, 17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ პირველ რიგში კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი შემდგომ გადაწყდება.

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები 12 პუნქტისგან შედგება, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მოწყვლად ჯგუფებს ეხება - „სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით“. ამდენად, მტკიცება, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ ლგბტ-პრაიდის ჩატარებას სთხოვს, სიცრუეა.

დეზინფორმაციას, რომ ევროკავშირი საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ავალდებულებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც გამოეხმაურა. კერძოდ, მან მოქალაქის მიერ გაგზავნილ კითხვას - „თუ თქვენ იცნობთ საქართველოს ისტორიას და პატივს სცემთ მის ტრადიციებს, რატომ სთხოვთ მთავრობას ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას?“ უპასუხა. ჰარცელის თქმით, „ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს“. ელჩმა დაწვრილებით ისაუბრა ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საოჯახო სამართლის შესახებაც და განაცხადა, რომ „ევროკავშირის ფარგლებში, საოჯახო სამართალი ევროკავშირის ქვეყნების კომპეტენციის ქვეშ რჩება და, შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებული წესები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება“. კარლ ჰარცელმა აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირის მთავარი მიზანი ადამიანის უფლებების დაცვა და ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრაა - „რასაც ევროკავშირი ყველა წევრი სახელმწიფოსგან ითხოვს, არის დისკრიმინაციის აკრძალვა და ყველა ტიპის, მათ შორის - სექსუალური უმცირესობების დაცვა. ადამიანის უფლებების, მათ შორის - უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების პატივისცემა და დაცვა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპების მტკიცე რწმენაზე, რომლებიც უნდა იყოს დაცული ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთათვის“ ,- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

საქართველოს ევროინტეგრაციის სანაცვლოდ, რომ ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების დაკანონებას არ მოსთხოვენ, დასტურდება იმ ქვეყნების მაგალითზეც, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან და მათ კონსტიტუციაში ერთი და იმავე სქესის წყვილთა ქორწინების შესახებ ჩანაწერები არ არსებობს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქორწინება განისაზღვრება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი - „ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“. საქართველოს მსგავსი „ქორწინების“ განმარტება (ქორწინება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი) კონსტიტუციაში ჩაწერილი აქვთ ევროკავშირის შემდეგ წევრ ქვეყნებს:

პოლონეთი - პოლონეთის კონსტიტუციის მე-18 მუხლში აღნიშნულია, რომ „ქორწინება, როგორც კაცისა და ქალის კავშირი, ისევე როგორც ოჯახი, დედობა, მშობლობა, უნდა იყოს პოლონეთის რესპუბლიკის მიერ დაცული და უზრუნველყოფილი“.

ლატვია - ლატვიის კონსტიტუციის 110-ე მუხლში ნათქვამია, რომ „სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და მხარი დაუჭიროს ქორწინებას - კავშირს ქალსა და მამაკაცს შორის, ოჯახს, მშობლების უფლებებს და ბავშვების უფლებებს. სახელმწიფომ უნდა განახორციელოს განსაკუთრებული მზრუნველობა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებზე, მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვებზე, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე ან ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე“.

ლიეტუვა - ლიეტუვის კონსტიტუციის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტში ნათქვამია, რომ „ქორწინება ხდება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი თანხმობის საფუძველზე“.

სლოვაკეთი - „ქორწინება უნიკალური კავშირია მამაკაცსა და ქალს შორის. სლოვაკეთის რესპუბლიკა სრულყოფილად იცავს და აფასებს ქორწინებას საკუთარი სიკეთისთვის”.

ბულგარეთი - მუხლი 46: „ქორწინება არის თავისუფალი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის. ლეგალურია მხოლოდ სამოქალაქო ქორწინება“.

უნგრეთი - მუხლი L: „უნგრეთი იცავს ქორწინების ინსტიტუტს, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებით დაარსებულ კავშირს და ოჯახს, როგორც ერის გადარჩენის საფუძველს. ოჯახური კავშირები ემყარება ქორწინებას ან/და მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას”.

ხორვატია - 61-ე მუხლი „ქორწინება არის ცოცხალი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის“.

აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ დღეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის - ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი, თურქეთი - კომისიის მიერ მომზადებულ მოსაზრებაში, არანაირი მითითება არ არის გაკეთებული ერთნაირსქესიანი ქორწინების საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტულ დოკუმენტებში ზოგადად არის შეფასებული ქვეყნის თავსებადობა ევროკავშირთან სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. ამასთან, კანდიდატი ქვეყნებიდან ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სერბეთსა და თურქეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ არის აღიარებული, ხოლო მონტენეგროში სამოქალაქო კავშირია დაშვებული, თუმცა ეს ფაქტი ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პრობლემურ საკითხად ევროკომისიას არ დაუფიქსირებია.

ამდენად, ევროკავშირი არც წევრ სახელმწიფოებს და არც გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ავალდებულებს. ევროკავშირი სახელმწიფოებს ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების გაზიარებას სთხოვს, რაც მოიცავს ადამიანის ღირსების, თავისუფლებების (მათ შორის ინდივიდუალური თავისუფლების, როგორიცაა პირადი ცხოვრების პატივისცემა, აზრის, რელიგიის, შეკრების, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება) ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვასა და პატივისცემას.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი