არჩილ თალაკვაძე: 2012 წლიდან ჩვენი მოქალაქეების საჩივრები სტრასბურგში 60%-ით შემცირდა, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულების სისტემა გახდა უფრო თავისუფალი

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 982 საჩივარი იქნა წარდგენილი, რაც,,ნაციონალური მოძრაობის’’ პერიოდში წარდგენილი საჩივრების საერთო რაოდენობაზე 82%-ით ნაკლებია. ამასთან, 2021 წელს წარდგენილი საჩივრების რაოდენობა - 2012 წელს წარდგენილი საჩივრების რაოდენობაზე, 68%-ით უფრო ნაკლებია. ამის მიუხედავად, ეს ტენდენცია რეგიონულრ დონეზე მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სიტუაციას არ ასახავს და ისეთი მთავარი პრობლემები, როგორიც სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზემოქმედების არსებობაა, დღემდე არ აღმოფხვრილა.

ანალიზი:

2022 წლის 19 მაისს გადაცემა ,,იმედი live’’-ის პირდაპირ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ახსნა, თუ რატომ არ აქვთ ოპოზიციურ ძალებს მორალური უფლება ევროკავშირზე მმართველ პარტიას ,,ელაპარაკონ’“. მისი თქმით, „მათი (,,ნაციონალური მოძრაობის’’) მმართველობის პერიოდში ყველა ევროპული ღირებულება ფეხქვეშ გათელილი იყო, ხოლო 2012 წლიდან (სხვა ჩამოთვლილ მიღწევებთან ერთად) სტრასბურგში მოქალაქეების საჩივრები 60%-ით შემცირდა, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ორჯერ და მეტჯერ საქართველოს სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულების სისტემა გახდა უფრო დამოუკიდებელი და უფრო თავისუფალი“.

,,ფაქტ-მეტრმა’’ გადაამოწმა არჩილ თალაკვაძის განცხადება:

ნათელია, რომ განცხადებაში არჩილ თალაკვაძე ორ მტკიცებას ავითარებს - პირველის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2012 წლიდან ჩვენი მოქალაქეების საჩივრები 60%-ით არის შემცირებული, ხოლო მეორეს თანახმად, ინდივიდუალური საჩივრების მკვეთრი კლების ტენდენცია სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე მეტყველებს. ,,ფაქტ-მეტრი’’ განცხადების თითოეულ ნაწილს განიხილავს.

სტრასბურგის სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად ორი ტიპის საჩივრის შეტანაა შესაძლებელი - სახელმწიფოთაშორისი საჩივარი, რომელიც ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეს წინააღმდეგ შედის და ინდივიდუალური საჩივარი, რომელიც ნებისმიერი პირის, პირთა ჯგუფის, კომპანიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შედის. არჩილ თალაკვაძე სწორედ ამ უკანასკნელი ტიპის საჩივრების შესახებ ამტკიცებს, რომ 2012 წლიდან მათი რაოდენობა 60%-ით არის შემცირებული.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამუშავებული სტატისტიკური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია და მათი მოძიება სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი. ამასთან, „ფაქტ-მეტრს“, მის მიერ წარდგენილი განცხადების პასუხად, იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრების შესახებ (იხ. ფაილი1) დეტალური სტატისტიკური ინფორმაცია მიაწოდა.

ცხრილი 1: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2004-2012 წლებში გაგზავნილი საჩივრები:

ცხრილი 2: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2013-2021 წლებში გაგზავნილი საჩივრები:

წყარო: (ფაილი 1)

ინფორმაციის თანახმად, 2004 წლიდან 2021 წლის ჩათვლით (2004 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე) საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჯამში, 6398 (ექვსი ათას სამას ოთხმოცდათვრამეტი) ინდივიდუალური საჩივარი წარედგინა.

განცხადების მიხედვით, ბუნდოვანია, არჩილ თალაკვაძემ კონკრეტულად რომელი მონაცემები შეადარა ერთმანეთს. თუმცა ლოგიკურია, რომ მას ეს სხვაობა გამოეთვალა ან 2004-2012 წლებში შეტანილი საჩივრების რაოდენობის შედარებით 2013-2021 წლებში შეტანილ საჩივრებთან ან ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მმართველობის ბოლო, 2012 წლის, შედეგი, ,ქართული ოცნების’’ მმართველობის ბოლო საჯარო შედეგებთან შეედარებინა. განვიხილოთ თითოეული:

2004 წლიდან 2012 წლამდე სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ იქნა ჯამში - 5416 საჩივარი, ხოლო 2013 წლიდან 2022 წლამდე - 982, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში საჩივრების რაოდენობა 82%-ით არის შემცირებული. ამასთან, მიუხედავად იმისა რომ ეს რიცხვი ცალსახად აღემატება არჩილ თალაკვაძის მიერ დასახელებულ რიცხვს (60%), პოლიტიკოსის ის პათოსი, რომ 2012 წლიდან ჩვენი მოქალაქეების საჩივრები სტრასბურგის სასამართლოში საგრძნობლად შემცირებულია, სიმართლეა.

რაც შეეხება გამოანგარიშების მე-2 მეთოდს, როგორც აღვნიშნეთ, უნდა დავადგინოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო მონაცემები - „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო გასაჯაროებულ მონაცემთან, რა მიმართებაშია. რადგან 2012 წელს საჩივრების რაოდენობა 367 იყო, ხოლო 2021 წელს - 120, ეს იმას ნიშნავს, რომ 2012 წელთან შედარებით, 2021 წელს საჩივრების რაოდენობა 68%-ით არის შემცირებული. შესაბამისად, არჩილ თალაკვაძის განცხადება შედარების ამ მეთოდის გამოყენებითაც სიმართლე გამოდის.

საყურადღებოა ისიც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გაგზავნილი ინდივიდუალური სარჩელების რაოდენობა 2008-2009 წლებში დრამატულად გაზრდილია და საჩივრების რაოდენობის ზოგადი ტენდენციიდან არის ამოვარდნილი. როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, 2006-2007 წლებში სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ 267 ინდივიდუალური საჩივარი, ხოლო 2010-2011 წლებში 770 საჩივარი მიიღო. მომიჯნავე წლებთან შედარებით, 2008-2009 წლების საჩივრების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 3 893 საჩივარი შეადგინა. აღნიშნული დანარჩენ წლებში წარდგენილი საჩივრების რაოდენობის ჯამს 2.5-ჯერ აღემატება.

საანგარიშო წლებში საჩივრების რაოდენობის არაბუნებრივი ზრდით „ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვით, უფლებათა ევროპული სასამართლო კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ შეტანილ ინდივიდუალური საჩივრების ერთობლივ სტატისტიკას აწარმოებს. ეს გულისხმობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ინდივიდუალური საჩივრები ერთობლივად აღირიცხება, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის/ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელია მოსარჩელე სუბიექტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2008-2009 წლებში, საჩივრების უჩვეულო მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები შეძლება იყოს [1]. აქვე აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს ყოველწლიური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ხსენებულის საჩივრების უმეტესობა ევროპულმა სასამართლომ სხვადასხვა წლებში დაუშვებლად ცნო ( ბმული 1; ბმული 2; ბმული 3 ). ამ ეტაპზე, „ფაქტ-მეტრისთვის“ უცნობია, 2008-2009 წლებში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რა რაოდენობა ეკუთვნის რუსეთის მოქალაქეებს. შესაბამისად, შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს, ხსენებულ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რამდენი საჩივარი შევიდა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მომიჯნავე წლების ტენდენციას და 2008-2009 წლებისთვისაც მსგავს მაჩვენებლებს ავიღებთ, განსახილველი განცხადების ვერდიქტი უცვლელი დარჩება.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრების მკვეთრი კლება აღინიშნება და შედარების ნებისმიერი მეთოდის გამოყენებისას სხვაობა 60%-ზე მეტია. აქედან გამომდინარე, არჩილ თალაკვაძის ის მტკიცება, რომლის თანახმადაც 2012 წლიდან ჩვენი მოქალაქეების საჩივრები სტრასბურგში 60% - ით შემცირდა, სიმართლეს წარმოადგენს. თუმცა, ბუნდოვანია, რა სახის კორელაციაა სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი საჩივრების რაოდენობასა და რეგიონულ დონეზე მართლმსაჯულებაში არსებულ სიტუაციას შორის.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა იყო. წინა ხელისუფლების პერიოდში არაერთმა გახმაურებულმა საქმემ გამოაჩინა, რომ კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო, ფაქტობრივად, არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის არჩევნებისთვის დამოუკიდებელი მართლმსაჯულება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ მათ დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებაზე ეტაპობრივად თქვეს უარი.

მმართველობის პირველ ეტაპზე, „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო სისტემის ფართომასშტაბიანი ინსტიტუციური რეფორმა დაიწყო, რომელიც „ტალღების“ სახელითაა ცნობილი და სასამართლო საქმიანობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. ე.წ. ტალღების ფარგლებში, სასამართლო სისტემაში, არაერთი ცვლილება განხორციელდა, რომლებიც ფორმალურ დონეზე წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - 2013-2022 წლებში, გატარებულმა რეფორმებმა სასამართლო სისტემის მომწესრიგებელი ჩარჩო ფორმალურად გააუმჯობესა, თუმცა ისეთი მთავარი პრობლემები, როგორიც სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზემოქმედების არსებობაა, დღემდე ვერ აღმოფხვრა. აღნიშნულს სხვადასხვა დროს მომზადებული არაერთი ანგარიში მოწმობს (იხ „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1; სტატია 2; სტატია 3).

შესაბამისად, ნათელია, რომ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი საჩივრების რაოდენობის კლებასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შორის პირდაპირპროპორციული კავშირი არ არსებობს. სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზემოქმედების არსებობა დღემდე უმთავრესია იმ პრობლემათა შორის, რომელთა აღმოფხვრა საქართველოს განვითარებისთვის ფუნდამენტურია. ამრიგად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ზუსტია პოლიტიკოსის მიერ მოყვანილი რიცხვები, ცალსახაა, რომ პოლიტიკოსი ამ რიცხვებს არასწორი კონტექსტის შესაქმნელად იყენებს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ მის ამ განცხადებას აფასებს ვერდიქტით მანიპულირება.

[1] 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და მისი 2 რეგიონის ოკუპაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელზე უფლებათა ევროპული სასამართლომ 2021 წლის 21 იანვარს გადაწყვეტილება გამოიტანა და ხსენებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა (უფრო ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის სტატია).


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი