იტვირთება

Facebook-მომხმარებელი Beri Gabriel პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ პირბადის გამოყენება ჟანგბადის უკმარისობას და იმუნიტეტის შესუსტებას იწვევს: „ნიღაბს რომ იკეთებ, გაქვს ჟანგბადის უკმარისობა და შენი იმუნიტეტი ეცემა ნოლზე“.

სინამდვილეში, უახლესი სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ პირბადის გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. იმის გამოსავლენად თუ რა გავლენას ახდენდა პირბადის ტარება სუნთქვის პროცესზე, ამერიკულმა თორაკალურმა ასოციაციამ კვლევა ჩაატარა. კვლევა 15 ჯანმრთელ ექიმს და 15 სამხედრო ვეტერანს ჩაუტარდა, რომელთაც ფილტვების მძიმე დაავადება ჰქონდათ. ორივე ჯგუფს პირბადის ტარებისას - სიარულის დაწყებამდე და სიარულის შემდეგ, სისხლში ნახშირორჟანგისა და ჟანგბადის დონე გაუზომეს. კვლევის შედეგად, გამოვლინდა, რომ არც ჯანმრთელ ექიმებში და არც დაავადებული ფილტვების მქონე პაციენტებში რაიმე ცვლილება არ შეინიშნებოდა. კვლევის თანახმად, პირბადის ტარება შესაძლოა იყოს არაკომფორტული, მაგრამ ჟანგბადის ნაკადს ფილტვებში, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებშიც კი, არ ზღუდავს. პირბადის ტარებისას დისკომფორტი სახის მგრძნობიარე ნერვების გაღიზიანებით, ჩასუნთქული ჰაერის დათბობით ან კლაუსტროფობიის განცდებით არის გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ შეკითხვაზე, იწვევს, თუ - არა პირბადის ტარება ჟანგბადის დაბალ დონეს ორგანიზმში, ამერიკელი პულმონოლოგი (პულმონოლოგია - სასუნთქი გზების დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა) დევიდ ჰილი პასუხობს: „პირბადის ტარება ორგანიზმში ჟანგბადის დონის შემცირებას არ იწვევს. პირბადე იმგვარადაა შექმნილი, რომ სრულფასოვნად სუნთქვა შევძლოთ და არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ პირბადის გამოყენებისას ჟანგბადის დონე მცირდება“.

Facebook-მომხმარებელი Beri Gabriel იმასაც ამტკიცებს, რომ პირბადის ტარება იმუნური სისტემის შესუსტებას იწვევს, თუმცა აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. პირბადის ტარებასთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდებოდა, ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, პროფესორი გაი მარკსი AFP-სთან წერილში ეხმიანება: „პირბადის ტარება გვიცავს დაინფიცირებისგან და სხვების დაინფიცირების რისკსაც ამცირებს, ამასთან, პირბადის ტარება ჩვენს იმუნურ სისტემაზე არავითარ გავლენას არ ახდენს“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამერიკელი პულმონოლოგი დევიდ ჰილიც საუბრობს: „არ არსებობს იმის მეცნიერული მტკიცებულება, რომ პირბადის ტარება იმუნური სისტემის შესუსტებას იწვევს“. გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება ტეხასის მედიცინის კოლეჯის კორონავირუსის ექსპერტი, ჯულიან ლეიბოვიციც: „არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ პირბადეს იმუნური სისტემის შესუსტება შეუძლია, რეალურად, პირბადის ტარება ინფიცირების რისკს ამცირებს“.

ამდენად, Facebook-მომხმარებლის მტკიცება, რომ პირბადის ტარება ჟანგბადის უკმარისობას და იმუნიტეტის შესუსტებას იწვევს, ყალბია. სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ პირბადის გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

ცნობისთვის, COVID-19-ის პრევენციისთვის ნაჭრის ან სამედიცინო ნიღბის გამოყენებაა რეკომენდებული. ამასთან, იმ ადამიანებზე, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მაგალითად, სასუნთქი გზების დაავადებები) პირბადის ხანგრძლივად გამოყენება უჭირთ, პირბადის ტარების ვალდებულება არ ვრცელდება.

----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4298 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი