იოსებ ხახალეიშვილი: მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ვერ იწყებს ასსაფეხურიანი კიბისა და ცენტრალური შადრევნის [პროექტების] განხორციელებას, რაც მტკნარი სიცრუეა... ხელშეკრულებები ხელმოწერილია და გამარჯვებული კომპანიები სულ მოკლე ხანში დაიწყებენ აღნიშნული ობიექტების რეაბილიტაციას. ასე რომ, ჩვენი დანაპირები ყოველთვის სრულდება.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, იოსებ ხახალეიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: ქალაქ ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 27 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მიმწოდებელ კომპანიას პროექტის განხორციელების საბოლოო ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივდა. ბოლო ცვლილებით, სამუშაოები 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. „ფაქტ-მეტრმა“ ობიექტი მოინახულა. 10 აგვისტოს მდგომარეობით (იხ. ფოტო 1), ასსაფეხურიან კიბეს ჯერ კიდევ ბევრი აკლია, სანამ ის პროექტით განსაზღვრულ სახეს მიიღებს (იხ. რენდერი - ფოტო 2). ამიტომ საეჭვოა, რომ კომპანიამ ობიექტი დათქმულ ვადაში ჩააბაროს.

740 928 ლარის ღირებულების სავარაუდო ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა. უცხოური საწარმოს ფილიალმა „ბრიტანია ქონსთრაქშენმა“ შემსყიდველს ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა - 673 821 ლარი, თუმცა 2022 წლის 17 მარტს სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა და 741 191 ლარი გახდა. ტენდერში მონაწილე დანარჩენმა სამმა კომპანიამაც კი აღნიშნულ ღირებულებაზე დაბალი ფასი დააფიქსირა, რაც ბუნებრივია, რადგან ხელშეკრულების ამჟამინდელი ღირებულება მეტია, ვიდრე გამოცხადებული სავარაუდო ღირებულება იყო.

განცხადებაში, ასევე, ნახსენებია ქუთაისის ცენტრალური შადრევანი. მისი რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. პროექტი შპს „დავითმა“ განახორციელა. მხარეებს შორის ჯერ 526 992-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა, ხოლო შემდეგ ღირებულება გაიზარდა და საბოლოოდ, შემსყიდველმა მიმწოდებელს 572 987 ლარი გადაუხადა. ეს ნიშნავს, რომ პროექტი 45 995 ლარით გაძვირდა. ფასის ზრდა მოზაიკის ფილით გარე მოპირკეთების სამუშაოების დამატებამ გამოიწვია. რამდენიმე თვით გახანგრძლივდა სამუშაოების ვადაც და ნაცვლად 2022 წლის 19 თებერვლისა, 5 აპრილს დასრულდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ასკვნის, რომ იოსებ ხახალეიშვილის დაპირება შესრულების პროცესშია, ხელშეკრულება მართლაც გაფორმებულია და რეაბილიტაციის პროცესი - დაწყებული, თუმცა რეაბილიტაციის დაწყებამდე პროცესის გაჭიანურება ნამდვილად ქმნიდა მერიის კრიტიკის საფუძველს და ამ კრიტიკის „მტკნარ სიცრუედ“ შეფასება სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, იოსებ ხახალეიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

2021 წლის 21 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, ქუთაისის მერმა (განცხადების გაკეთების მომენტში ის ქუთაისის მერობის კანდიდატი იყო) პირდაპირი ეთერით მოქალაქეებს მიმართა, რა დროსაც რამდენიმე ადრე დაანონსებულ პროექტს შეეხო. კერძოდ, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა: „მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ვერ იწყებს ასსაფეხურიანი კიბისა და ცენტრალური შადრევნის [პროექტების] განხორციელებას, რაც მტკნარი სიცრუეა... ხელშეკრულებები ხელმოწერილია და გამარჯვებული კომპანიები სულ მოკლე ხანში დაიწყებენ აღნიშნული ობიექტების რეაბილიტაციას. ასე რომ, ჩვენი დანაპირები ყოველთვის სრულდება.“

ქალაქ ქუთაისის მერიამ, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის მიზნით, 740 928 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი 2021 წლის 10 სექტემბერს გამოაცხადა. ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა. ყველაზე დაბალი ფასი უცხოური საწარმოს ფილიალმა „ბრიტანია ქონსთრაქშენმა“ დაასახელა. მხარეებს შორის 673 821-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. მიმწოდებელს სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად 2022 წლის 27 მარტი განესაზღვრა. თუმცა, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, 17 მარტს, სახელშეკრულებო პირობები შეიცვალა. კერძოდ, პროექტის ღირებულება 67 370 ლარით გაიზარდა და 741 191 ლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამინდელი სახელშეკრულებო ღირებულება პროექტის სავარაუდო ღირებულებას აღემატება. იმავე შეთანხმებით, სამუშაოების დასრულების ვადა 19 ივლისამდე გახანგრძლივდა.

თუმცა კომპანიამ პროექტი ვერც გახანგრძლივებულ დროში დაასრულა და ვადის გაგრძელება კიდევ ერთხელ მოითხოვა, ამჯერად - 31 აგვისტოს ჩათვლით.

„ფაქტ-მეტრი“ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. ჩვენ ობიექტზე 10 აგვისტოს, 18:15 სთ-ზე მივედით. ამ დროს იქ დასაქმებულები არ იმყოფებოდნენ და არც კომპანიის წარმომადგენელი გვინახავს. ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო უნდა განხორციელდეს, სანამ ასსაფეხურიანი კიბე პროექტით გათვალისწინებულ სახეს მიიღებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიისთვის გადახდილია 358 581 ლარი, ანუ მთლიანი ღირებულების 48%. გადახდა ხუთ ეტაპად განხორციელდა, აქედან ორჯერ შემსრულებელს ავანსი დაერიცხა.

ინფორმაციისთვის, უცხოური საწარმოს ფილიალი „ბრიტანია კონსთრაქშენ“ საქართველოში 2019 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა. მისი მფლობელია დიდ ბრიტანეთში 2015 წელს დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია GEO SKY CONSTRUCTION LIMITED, 9813522.

საინტერესოა, რომ ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციას მერია 2018 წლიდან აანონსებდა. თუმცა, შემდეგ იმ დროისთვის არსებული ესკიზის შეცვლა გახდა საჭირო, რადგან მერიამ საპროექტო მონაკვეთში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული ტერიტორია შეიტანა. მოგვიანებით პარამეტრები დაკორექტირდა და საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვისთვის გამოცხადდა ტენდერი, რომელიც არ შედგა. ამის შემდეგ, იმავე მიზნით, ტენდერი კიდევ ორჯერ იყო გამოცხადებული. მესამე მცდელობაზე, პროექტი შპს „გეოანალიტიკამ“ მოამზადა, რისთვისაც შემსყიდველმა 22 990 ლარი გადაუხადა.

2020 წლის აპრილში მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაც სცადა. ტენდერი შედგა. თუმცა ის, პრეტენდენტების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო, მალევე შეწყდა.

კოლხური შადრევნის რეაბილიტაციის ტენდერიც 2021 წლის 10 სექტემბერს გამოცხადდა. ქუთაისის მერიამ გამარჯვებულ შპს „დავითთან“ 526 992-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. მოგვიანებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს მოზაიკის ფილით გარე მოპირკეთების სამუშაოები დაემატებოდა. ამან სახელშეკრულებო ღირებულება 45 995 ლარით გაზარდა. შემსყიდველმა კომპანიას 572 987 ლარი გადაურიცხა. რამდენიმე თვით გახანგრძლივდა სამუშაოების ვადაც და ნაცვლად 2022 წლის 19 თებერვლისა, 5 აპრილს დასრულდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ასკვნის, რომ იოსებ ხახალეიშვილის დაპირება შესრულების პროცესშია, ხელშეკრულება მართლაც გაფორმებულია და რეაბილიტაციის პროცესი - დაწყებული, თუმცა რეაბილიტაციის დაწყებამდე პროცესის გაჭიანურება ნამდვილად ქმნიდა მერიის კრიტიკის საფუძველს და ამ კრიტიკის „მტკნარ სიცრუედ“ შეფასება სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, იოსებ ხახალეიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რედაქტორის შენიშვნა:

აღნიშნული განცხადება ფაქტ-მეტრმა თავდაპირველად შეაფასა ვერდიქტით მცდარი. ქუთაისის მერიასთან კომუნიკაციის შემდეგ, ვერდიქტით შეიცვალა, რის შესაბამისადაც დაზუსტდა დასკვნა და სტატიაში შესაბამისი ცვლილებით შევიდა.

გასწორებამდე, სტატიის თავდაპირველ ვერსიაში, დასკვნა შემდეგი სახით იყო ფორმულირებული:

„აქედან გამომდინარე, მერის განცხადების ის ნაწილი, რომ ხელშეკრულებები ხელმოწერილია და სულ მალე კომპანიები სამუშაოებს დაიწყებენ, სიმართლეა. თუმცა ასსაფეხურიანი კიბის შემთხვევაში, მიუხედავად საბოლოო ვადის არაერთხელ გახანგრძლივებისა, სამუშაოები დღემდე დაუსრულებელია. ამიტომ „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ იოსებ ხახალეიშვილის დაპირება შესრულების პროცესშია, თუმცა პროცესის გაჭიანურება სწორედ იმ ხარვეზებზე მიუთითებს, რომელთა არსებობაც ხახალეიშვილმა თავის განცხადებაში უარყო. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ მოცემულ განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.“


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი