სოციალურ ქსელში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ფოტო ვრცელდება, რომელზეც რუსულ ენაზე დატანილია ციტატა: „ციმბირი ზედმეტად დიდია და არ შეიძლება, რომ მხოლოდ ერთ სახელმწიფოს ეკუთვნოდეს. ციმბირის სიმდიდრის საკითხი ახლო მომავალში დაისმება. რუსეთის ფედერაცია, რომელსაც მსოფლიო მოსახლეობის 2% ჰყავს - დედამიწის ტერიტორიის 15%-სა და პლანეტის რესურსების 30%-მდე აკონტროლებს. ასეთი მდგომარეობა არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს“. რეალურად, აღნიშნული ციტატა გამოგონილია და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს წლების განმავლობაში მიეწერება.

აღნიშნული ციტატა მრავალი წელია რუსული მედიასაშუალებების, ბლოგერებისა და მათ შორის, რუსი პოლიტიკოსების მიერ, როგორც წესი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის ნათქვამად ვრცელდება. მაგალითად, აღნიშნული ფრაზა, როგორც მადლენ ოლბრაიტის სიტყვები 2012 წელს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა თავის სტატიაში მოიხსენია; 2013 წელს ბავშვთა უფლებების ომბუდსმენმა პაველ ასტახოვმა, ხოლო ხოლო 2015 წელს - უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმაც გააჟღერეს ანალოგიური მტკიცება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს საკითხი სხვადასხვა დროს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოსვლაშიც მოხვდა. 2007 წელს პუტინს ყოველწლიურ გამოსვლისას მადლენ ოლბრაიტის ნათქვამთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ „არ ვიცნობ ქალბატონი ოლბრაიტის განცხადებას, მაგრამ ვიცი რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს თავში მსგავსი იდეები აქვს“. მოგვიანებით, 2014 წლის დეკემბრის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს ხშირად გაუგონია ოფიციალური პირებისგან ნათქვამი, რომ „უსამართლოა, რომ მთელი ციმბირი და მისი უზარმაზარი რესურსები რუსეთის საკუთრებაა“. 2014 წელსვე, გამოცემა The New York Times-მა აღნიშნა, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ოლბრაიტს მსგავსი განცხადება ოდესმე გაუკეთებია. 2015 წელს კი, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა საჯაროდ უარყო აღნიშნულ განცხადებასთან კავშირი და თქვა, რომ მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია. მისი თქმით, მან იცოდა, რომ „რუსეთში არიან ადამიანები, რომელთაც ჰგონიათ, რომ მისი აზრების წაკითხვა შეუძლიათ“, მაგრამ მას მსგავსს საკითხზე არასდროს უფიქრია და არც განუცხადებია“.

სავარაუდოდ, მადლენ ოლბრაიტი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გენერალ-მაიორ ბორის რატნიკოვს გულისხმობდა, რომელმაც „Российская газета“-ს ინტერვიუში თქვა, რომ რუსული სპეცსამსახურები ოლბრაიტის ქვეცნობიერს დაუკავშირდნენ. „აშშ-ის ავიაციის მიერ იუგოსლავიის დაბომბვის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ჩვენ სახელმწიფო მდივან ოლბრაიტის ქვეცნობიერთან დაკავშირების სეანსი ჩავატარეთ. პირველ რიგში, ჩვენ მადამ ოლბრაიტის გონებაში აღმოვაჩინეთ სლავების პათოლოგიური სიძულვილი. მას ასევე აღიზიანებდა ფაქტი, რომ რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდ მინერალურ რესურსებს ფლობს. მისი აზრით, მომავალში რუსული რეზერვები მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ არ უნდა მართოს, არამედ მთელმა კაცობრიობამ, რა თქმა უნდა, აშშ-ის მეთვალყურეობის ქვეშ“,- განაცხადა რატნიკოვმა.

ციმბირის საკითხზე აპელირება ხშირად გამოყენებულია როგორც „მტკიცებულება“ აშშ-ის გეგმისა, რომლითაც მას რუსეთის დასუსტება და მისი რესურსების ხელში ჩაგდება სურს. ყველაზე ხშირად ციმბირთან დაკავშირებულ ციტატას მადლენ ოლბრაიტს მიაწერენ, თუმცა მის ავტორად მოიხსენიებენ კონდოლიზა რაისსაც ან უბრალოდ განზოგადებულად შეერთებულ შტატებს. მაგალითად, 2016 წლის იანვარში ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს „სჯერა, რომ რუსეთი [მის მინერალურ რესურსებს] დაუმსახურებლად ფლობს“.

-------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი