იტვირთება

14 სექტემბერს ალტ-ინფოს გადაცემაში „დღის კომენტარი 13:00 საათზე“ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა თემურ მაისურაძემ და წამყვანმა მარიკა კუბლაშვილმა ეველინ ფარკასის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუდან ამონარიდზე ისაუბრეს. თემურ მაისურაძის შეფასებით, ეველინ ფარკასი საქართველოს ომის დაწყებისკენ მოუწოდებს: „ომი დაიწყეთო, იმიტომ რომ ის [რუსეთი] თუ იქ [უკრაინაში] მოიგებსო, მერე თქვენ დედა არ გეყოლებათო“. მაისურაძის მტკიცებით, რუსეთს საქართველოსთან ბრძოლის მოგება თუ უნდა, ქვეყნის სრული პარალიზებისთვის მაქსიმუმ 19 მართვადი რაკეტა დასჭირდება. წამყვანი მარიკა კუბლაშვილი ასევე მანიპულირებს ეველინ ფარკასის სიტყვებით და ამტკიცებს, რომ ფარკასის განცხადებით, 2008 წელს დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, რომ საქართველოში ომი არ გაგრძელდა და უკრაინაში ამის გამეორებას აღარ აპირებენ. გადაცემაში ეველინ ფარკასის სიტყვები მანიპულაციურად, კონტექსტის დამახინჯებით გაშუქდა.

გადაცემა „დღის კომენტარში“ ეველინ ფარკასის სიტყვების მანიპულაციური დაკავშირება საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებასთან იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც უკრაინის ომის კონტექსტში საზოგადოების დაშინებას და დარწმუნებას ემსახურება, რომ დასავლეთს საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა სურს.

ეველინ ფარკასი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, რომლის კომპეტენციის სფეროში შედიოდა რუსეთი, უკრაინა და ევრაზია, სექტემბერში თბილისის 2-დღიან საერთაშორისო კონფერენციაში - „დიდება უკრაინას!“ მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში ეველინ ფარკასმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა იმ ისტორიულ მომენტზე, რომელიც საქართველოს ახლა აქვს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და რისკებზე, რომ ქვეყანამ ასეთი მომენტი შეიძლება, ხელიდან გაუშვას.

ეველინ ფარკასს ინტერვიუს მიმდინარეობის დროს არც პირდაპირ და არც ირიბად არ გაუჟღერებია, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ომი უნდა დაიწყოს. ფარკასის მიერ დასმული აქცენტები მიემართებოდა საქართველოს პოლიტიკურ გააქტიურებას, ქვეყნის მიერ უკრაინისთვის უფრო აქტიური მხარდაჭერის გამოცხადებას და მეტი ენერგიის დახარჯვას ევროინტეგრაციის პროცესის დამაჯერებლობისთვის. ფარკასმა წუხილი გამოთქვა, რომ უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველომ ევროკავშირში წევრობის პერსპექტივა მიიღო: „[საქართველოს შემთხვევაში] ერთი - ისე ჩანს თითქოს, არ დახარჯულა საკმარისი ენერგია საქართველოს წინა ხაზზე გადასასვლელად. მეორე - ალბათ, ყველაფერი არ გაკეთდა ევროინტეგრაციის პროცესის დამაჯერებლობისთვის. მე რაც მაშფოთებს - ეს არის მომენტი, რომელსაც საქართველო და საქართველოს ხალხი უშვებს ხელიდან. უკრაინასა და მოლდოვას საკმაოდ მალე შეიყვანენ ევროკავშირში და რა მოუვა საქართველოს?!“

ეველინ ფარკასმა ინტერვიუს დროს მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველოს წინა ხაზზე გადასვლაში და მის გააქტიურებაში იგულისხმება „საქართველოს მთავრობის უფრო აქტიური ჩართვა რუსეთის სანქცირებაში, რადგან არ არსებობს სხვა გზა, რომელში ჩართვაც, საქართველოს მთავრობას და აშშ-ის სურს“. ფარკასის განცხადებით, „ომი, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ ვაწარმოებთ, არის ეკონომიკური და ძალიან სასარგებლო იქნებოდა, თუკი ყველა დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის წევრობა, მეტად შეუწყობდა ხელს სანქციებს, ვინაიდან ეს არის ის, რასაც შეუძლია ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება და შესაძლოა, საბოლოოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებისკენ იძულებაც.“

ეველინ ფარკასმა იმ რიტორიკასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, მთავრობას რუსეთის ეშინია და ქმედით ნაბიჯებს სწორედ ამიტომ არ დგამს, აღნიშნა, რომ ახლა, როცა რუსეთს უკრაინისთვის სრულმასშტაბიანი ომი აქვს გამოცხადებული, ახალი ფრონტის გახსნა არ შეუძლია. მოცემულ ვითარებაში ახალი ფრონტის გახსნა რუსეთისთვის საკმაოდ ძვირადღირებული ვარიანტი იქნება. „თუმცა, თუკი ის გაიმარჯვებს უკრაინაში, მეორე დილითვე ის მოვა აქ და შეეცდება გააკონტროლოს საქართველო და მოლდოვა.“

ეველინ ფარკასის სიტყვების გაყალბებაა წამყვანის შეფასება, რომ თითქოს ფარკასი მიიჩნევს, რომ 2008 წელს საქართველოში ომის შეწყვეტით დასავლეთმა შეცდომა დაუშვა და უკრაინაში ამას აღარ დაუშვებენ. რეალურად, ფარკასმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ 2008 წლის ომში აშშ საქართველოს მეტად უნდა დახმარებოდა, თუმცა 2008 წლის და 2014 წლის მოვლენები მათთვის გაკვეთილი აღმოჩნდა, რის შედეგადაც უკრაინას ახლა ეხმარებიან.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი