სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4,) რომელშიც ადამიანთა დიდი ჯგუფების გადაადგილება ჩანს წარწერით - „ევროპა შესაძლოა მალე მიგრაციული კრიზისის ახალი ტალღის წინაშე აღმოჩნდეს...“, „მიგრანტების გიგანტური კოლონები, უკვე გზაში არიან“. პოსტებს დართული აღწერების თანახმად, კონკრეტული კადრები აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ათიათასობით არალეგალურ ემიგრანტს ასახავს, რომლებიც საკუთარ თავს „სინათლის კოლონას“ უწოდებენ. როგორც პოსტებშია ნათქვამი, კოლონა თურქეთის ქალაქ ედირნეს უახლოვდება, საიდანაც ისინი საბერძნეთის საზღვრის შტურმით, ბალკანეთის ქვეყნების გავლით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ძირითადად გერმანიაში გადაადგილებისთვის ემზადებიან.

რეალურად, პოსტში მოცემული ვიდეო 2015 წლისაა, რომელიც ხორვატიისა და სლოვენიის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადს ასახავს. რაც შეეხება „სინათლის ქარავანს“, სირიელმა ლტოლვილებმა ის ნამდვილად ჩამოაყალიბეს, თუმცა ჯერჯერობით მას გადაადგილება არ დაუწყია. ამდენად, პოსტი ძველი რეალური კადრებითა და ამჟამინდელი „სინათლის ქარავნის“ ინიციატივაზე დაყრდნობით, ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს მიგრანტები ევროკავშირის საზღვრებში ახლა ცდილობენ შეღწევას.

კონკრეტული ვიდეო მსგავსი აღწერებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ენასა და სოციალურ ქსელში გავრცელდა. რეალურად კი, საძიებო სისტემების გამოყენების მეშვეობით მარტივად დგინდება, რომ კონკრეტული კადრები ბრიტანული გამოცემა The Guardians-ის მიერ 2015 წლის 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული ვიდეოდანაა. ვიდეოს აღწერაში მითითებულია, რომ კადრები სლოვენია-ხორვატიის საზღვარზე არის გადაღებული.

2015 წელს ათასობით მიგრანტი სლოვენიის საზღვრებს მას შემდეგ მიადგა, რაც უნგრეთმა ხორვატიასთან საზღვრები ჩაკეტა. თავდაპირველად მიგრანტების დანიშნულების ადგილს სწორედ უნგრეთი წარმოადგენდა, შემდგომ კი ჩრდილოეთით და დასავლეთით ავსტრია და გერმანია. თუმცა, მას შემდეგ რაც უნგრეთმა საზღვრები ჩაკეტა, მიგრანტთა ნაკადმა სლოვენიისკენ გადაინაცვლა. ამდენად, ვიდეოში გავრცელებული კადრები სწორედ 2015 წლის ამ პროცესებს ასახავს და 2022 წელთან მას კავშირი არ აქვს.

ხოლო რაც შეეხება „სინათლის ქარავანს“, ის ნამდვილი ინიციატივაა. Infomigrant.com-ზე, ვებგვერდზე, რომელიც მიგრაციასთან დაკავშირებული სიახლეები ქვეყნდება, 12 სექტემბრის სტატიის მიხედვით, თურქეთში მყოფი სირიელი მიგრანტები ევროკავშირის საზღვრების გადასალახად ქარავნის ფორმირებას გეგმავდნენ. სირიელები თურქეთში განცდილი დისკრიმინაციისა და რასიზმის შესახებ ჩივიან. ქარავნის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ქარავნის Telegram გვერდს უკვე 70 000 მიმდევარი ჰყავს. თუმცა, მისივე სიტყვების თანახმად, როდის დაიწყებს ქარავანი გადაადგილებას, ამის შესახებ ჯერ ზუსტი ცნობები არ არსებობს.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები მანიპულაციურია. აღნიშნული პოსტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და იმაში დარწმუნებას ცდილობს, რომ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპის ქვეყნებისკენ მიგრანტთა მასიური ნაკადი მიემართება.

----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი