პირველ ოქტომბერს „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის ტელეანძა სხვადასხვა ქვეყნის დროშის ფერებში განათდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა, სადაც Facebook-მომხმარებლები ამტკიცებდნენ (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3), რომ თბილისის ანძა რუსეთის დროშის ფერებშიც განათდა. გამოქვეყნებულ პოსტებს თან თბილისის ანძის ფოტოებიც ახლდა. ერთ-ერთი Facebook-მომხმარებელი მომხდართან დაკავშირებით ვიდეოს აქვეყნებს და წერს: “‼️ოკუპანტების დროშის ფერებში გაანათეს ფუნიკულიორის ანძა! ‼️🆘️საქართველოს "მთავრობა" და თბილისის "მერი" კალაძე რუსებს მიულოცეს თბილისობა!!!🆘️▪️აბა როგორც ყოველთვის გავჩუმდეთ ქართველებო!!!”.

სინამდვილეში, „თბილისობის“ დღესასწაულზე გავრცელებულ კადრებში თბილისის ანძა არა რუსეთის, არამედ, დედაქალაქის მეგობარი ქალაქის, ლიუბლიანას პატივსაცემად, სლოვენიის დროშის ფერებში განათდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილისობის“ დღესასწაულზე, რომელიც დედაქალაქში პირველ და ორ ოქტომბერს გაიმართა, თბილისის ანძა დაძმობილებული ქალაქების პატივსაცემად, გერმანიის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ყატარის, პოლონეთის, ესტონეთის, შვეიცარიის, სლოვენიის, საფრანგეთის, ესპანეთის, იორდანიის, მოლდოვის, ლიეტუვისა და იტალიისა დროშის ფერებში განათდა. „თბილისის ანძა სხვადასხვა ქვეყნის დროშის ფერებში განათდება დედაქალაქის მეგობარი ქალაქების პატივსაცემად, თბილისის ანძაზე სხვადასხვა ქვეყნის დროშის ფერები აინთება. დღეს ანძა გერმანიის, აზერბაიჯანის, კატარის, პოლონეთის, ესტონეთის, შვეიცარიის, სლოვენიის, საფრანგეთის, ესპანეთის, იორდანიის, მოლდოვის, ლიეტუვის, იტალიისა და უკრაინის დროშის ფერებში განათდება. პირველ და 2 ოქტომბერს დედაქალაქის მთავარი დღესასწაული - „თბილისობა 2022“ იმართება”, - ვკითხულობთ პირველ ოქტომბერს თბილისის მერიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვი თბილისთან დაძმობილებულ ქალაქებს შორის არ არის და შესაბამისად, რუსეთის დროშის ფერებში არც ტელეანძა განათებულა.

რუსეთის ფედერაციის დროშა სლოვენიის რესპუბლიკის დროშა

ამდენად, Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული მტკიცებები რეალობას არ შეესაბამება. სინამდვილეში, გამოქვეყნებულ ფოტოებზე თბილისის ანძა არა რუსეთის, არამედ სლოვენიის დროშის ფერებშია განათებული.

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი