რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალი, ევროპული სტანდარტის შესაბამისად

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რატი ბრეგაძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: უპირველეს ყოვლისა, სტრასბურგის სასამართლოს ერთი კონკრეტული გადაწყვეტილებით იმის შეფასება, თუ როგორია ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი ამა თუ იმ ქვეყანაში, აბსურდული და მანიპულაციურია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის მინისტრი ყურადღების მიღმა ტოვებს ფაქტს, რომ განსახილველი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ - კიდევ ერთი დემონსტრანტის, ირაკლი კაჭარავას მიმართ, რომლისთვისაც სახელმწიფოს არამატერიალური ზიანის ანაზღაურება დაევალა, ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტზე ხაზგასასმელად არ გამოდგება.

გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ძალიან მაღალი სტანდარტით ხორციელდება, ფაქტობრივადაც არაზუსტია, ვინაიდან საქართველოში სასამართლო სისტემასა და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ რეგრესზე არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, ანგარიში თუ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები მიუთითებს. მაგალითისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სასამართლო სისტემასა და ადამიანის უფლებათა სფეროში რეგრესზეა საუბარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რატი ბრეგაძის განცხადება, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს უსვამს ხაზს, ტყუილია.

ანალიზი

2022 წლის 1 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო, დაირღვა, თუ - არა 2019 წლის 18 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სამი პირის (გიგა მაქარაშვილის, ზუკა ბერძენიშვილისა და ირაკლი კაჭარავას) მშვიდობიანი შეკრებისა და (ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი) და დაკავების შემდეგ გამართულ სასამართლო პროცესებზე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი).

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2019 წლის ნოემბერში „სირცხვილიას“ ლიდერების, გიგა მაქარაშვილისა და ზუკა ბერძენიშვილის დაკავების საქმეზე სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა კონვენციის რომელიმე მუხლი არ დაურღვევია, თუმცა ორი მუხლის დარღვევა კიდევ ერთი დემონსტრანტის, ირაკლი კაჭარავას მიმართ დაადგინა. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მთავრობამ ირაკლი კაჭარავას 1600 ევრო არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით უნდა გადაუხადოს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, გადაწყვეტილება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ ხარისხს კიდევ ერთხელ ადასტურებს. „მოხარული ვართ ამ გადაწყვეტილების. ბუნებრივია, საქართველო უცვლელად აგრძელებს იმ კურსს, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების დაცვა. ეს გადაწყვეტილება ნათლად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალი, ევროპული სტანდარტის შესაბამისად“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

„ფაქტ-მეტრმა“ რატი ბრეგაძის განცხადება გადაამოწმა.

რა მოხდა 2019 წლის 18 ნოემბერს

2019 წლის 19-20 ივნისს, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტსა და პარლამენტში სხდომაზე დასწრებას მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრაციების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება გასცა, თუმცა, მალევე მმართველმა გუნდმა დაპირება უკან წაიღო, რასაც კვლავ დემონსტრაციები მოჰყვა. ერთ-ერთი დემონსტრაცია 17-18 ნოემბერსაც გაიმართა.

18 ნოემბრის აქციაზე პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დემონსტრანტები დაშალა, რომლებსაც პარლამენტის შესასვლელი და მისკენ მიმავალი გზა ბლოკირებული ჰქონდათ.

აქციაზე, ჯამში, 37 პირი დააკავეს, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებოდნენ. დაკავებულთა შორის ზემოაღნიშნული საქმის სამი მომჩივანი იყო: გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა და ზუკა ბერძენიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგა მაქარაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ირაკლი კაჭარავას - 4-დღიანი, ზუკა ბერძენიშვილს - 7-დღიანი; აქტივისტებმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, სააპელაციომ, თავის მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები გაიზიარა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სამმა სამოქალაქო აქტივისტმა – გიორგი მაქარაშვილმა, ზუკა ბერძენიშვილმა და ირაკლი კაჭარავამ 2020 წლის მაისსა და ივნისში მიმართეს. მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე - ედურად მარიკაშვილი, იცავდა.

რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში

გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფომ ვერ დაასაბუთა, რომ 18 ნოემბერს გამართული აქცია იყო ან შემდეგ გადაიზარდა ძალადობრივ დემონსტრაციაში. სასამართლომ მიუთითა, რომ აქციის მონაწილეებმა, მართალია, პარლამენტის მუშაობას ხელი შეუშალეს, მაგრამ შეკრება მიზნად პოლიტიკური იდეების გამოხატვას ისახავდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ აქცია მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ცხოვრების დარღვევას დემოკრატიულად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მუშაობისთვის ხელის შეშლით, მათი პოლიტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე

თუმცა, სასამართლომ პარლამენტის შენობის შესასვლელების სრული ბლოკირება და პარლამენტის წევრებისთვის მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის ხელის შეშლა, გასაკიცხ საქციელად შეაფასა.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებს არ ჩაუდენიათ ძალადობრივი ქმედებები და არც სხვები წაუქეზებიათ ასეთ ქმედებებში, მათთვის მიცემული მრავალი გაფრთხილების ფონზე და შიდა კანონმდებლობის აშკარა უგულებელყოფით, პარლამენტის შენობის შესასვლელების სრული ბლოკირება და შემდგომში ამ შესასვლელების გასახსნელად პოლიციის ძალისხმევისთვის ხელის შეშლა, ასევე დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წევრებისთვის მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის ხელის შეშლა, რაც აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის, შეიძლება შეფასდეს, როგორც „გასაკიცხი“ საქციელი“, – წერია გადაწყვეტილებაში.

ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა დაკავება და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს - არეულობის თავიდან აცილებას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას. გადაწყვეტილების თანახმად, მაქარაშვილსა და ბერძენიშვილს ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრათ არა პროტესტის გამოხატვისთვის, არამედ შენობისა და ქუჩის ბლოკირებისთვის, რასაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არეგულირებს.

რაც შეეხება კაჭარავას, სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელმისაწვდომმა მასალებმა ვერ აჩვენეს, რომ ის დემონსტრაციის ორგანიზატორებს შორის იყო. ასევე ვერ აჩვენეს, რომ ის პირადად ბლოკავდა პარლამენტის შენობის შესასვლელებს ან პოლიციის მცდელობებს, გაეხსნათ ეს გასასვლელები. ამასთან, პოლიციამ კაჭარავა შენობის შესასვლელების გასახსნელად მოქმედებების დაწყებიდან ორი საათის შემდეგ დააკავა. სასამართლო კი მიუთითებს, რომ უცნობია ამ ხნის განმავლობაში მიაღწია, თუ - არა თავის დასახულ მიზანს, თუნდაც ნაწილობრივ. იმ შემთხვევაში კი, თუ პოლიცია გარკვეულ წარმატებას მიაღწევდა, მაშინ ეს მოსარჩელის დაკავების საჭიროებასა და პროპორციულობაზე გავლენას მოახდენდა.

შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ კაჭარავას გასამართლებისა და მისთვის ოთხდღიანი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობისა და პროპორციული ძალის გამოყენების შესახებ შესაბამისი და საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა.

რაც შეეხება სასამართლოს მიერ საქმის სამართლიანად განხილვის უფლებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მაქარაშვილისა და ბერძენიშვილისადმი წარდგენილი ბრალდება ძირითადად ემყარებოდა პოლიციელების ჩვენებებს და, ასევე, სხვა მტკიცებულებებს, მაგალითად, როგორიცაა, ვიდეოჩანაწერი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთი მასალების რელევანტურობისა და საკმარისობის ეროვნული სასამართლოს უფლებამოსილებაა და ამასთან, კონკრეტულ საქმეში, ეროვნული სასამართლოს მიდგომამ მტკიცებულებებთან დაკავშირებით გავლენა იქონია განმცხადებლების ბრალდებაზე.

კაჭარავასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი ბრალდება ეფუძნებოდა მხოლოდ პოლიციელთა განცხადებებს, რომლებიც დამატებითი მტკიცებულებებით არ იყო გამყარებული. ასეთ ვითარებაში, ეროვნული სასამართლოს მიდგომამ მტკიცებულებათა მიმართ, სასამართლოს შეფასებით, ძირი გამოუთხარა კაჭარავას წინააღმდეგ წარმოების საერთო სამართლიანობას.

რაც შეეხება უშუალოდ რატი ბრეგაძის განცხადებას, უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის სასამართლოს ერთი კონკრეტული გადაწყვეტილებით მსჯელობა იმაზე, თუ როგორია ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი ამა თუ იმ ქვეყანაში, მანიპულაციურია და მართებული არაა. მსგავსი ლოგიკით, მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ უახლოეს წარსულში სახელმწიფოს მიერ წაგებული კონკრეტული საქმეებიც, რის საფუძველზეც, ასევე, აბსურდული იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ქვეყანაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული არ არის.

აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს სტატისტიკას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად იმის სამტკიცებლად იშველიებენ, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემა გახდა უფრო დამოუკიდებელი და თავისუფალი (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია აღნიშნულ თემაზე). კერძოდ, ისინი სასამართლოში წარდგენილი საჩივრების მკვეთრ შემცირებაზე მიუთითებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში (2013-2021 წლები) სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი საჩივრების რაოდენობა, მკვეთრად ნაკლებია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას (2004-2012) წარდგენილ საჩივრებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი საჩივრების რაოდენობა ქვეყანაში მართლმსაჯულებაში არსებული სიტუაციის შესაფასებლად ვერ გამოგვადგება, ვინაიდან ფაქტია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზემოქმედების არსებობა საქართველოსთვის დღემდე ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება. შეგახსენებთ, რომ სასამართლოების სისტემაში არსებულ კრიზისსა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე არაერთი კვლევა/ანგარიში და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის თუ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები მიუთითებს (აღნიშნულ თემაზე იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1; სტატია 2; სტატია 3).

მაგალითისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა რომელშიც სასამართლო სისტემასა და ადამიანის უფლებათა სფეროში რეგრესზეა საუბარი. კერძოდ, ევროკავშირის შეფასებით, ანგარიშში აღწერილი არაერთი მოვლენა, მათ შორის, არჩევნების ჩატარების ხარვეზები, რეგრესი სასამართლო სისტემასა და ადამიანის უფლებების სფეროში, ძალადობა LGBTIQ პირებსა და ჟურნალისტებზე, ცნობები დიპლომატების მოსმენების შესახებ, ზეწოლა სახალხო დამცველის ოფისზე და ა.შ. ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა.

საყურადღებოა, ასევე, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეიტინგებიც, რომელთა თანახმადაც, 2017-2018 წლის შემდეგ, საქართველოს შეფასებები თითქმის მუდმივად უარესდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რატი ბრეგაძის განცხადება, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს უსვამს ხაზს, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც აღვნიშნეთ, სტრასბურგის სასამართლოს ერთი კონკრეტული გადაწყვეტილებით მსჯელობა იმაზე, თუ როგორია ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი ამა თუ იმ ქვეყანაში, აბსურდულია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის მინისტრი ყურადღების მიღმა ტოვებს ფაქტს, რომ განსახილველი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ორი მუხლის დარღვევა კიდევ ერთი დემონსტრანტის - ირაკლი კაჭარავას მიმართ დაადგინა, რომლისთვისაც სახელმწიფოს არამატერიალური ზიანის ანაზღაურება დაევალა. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტზე ხაზგასასმელად ნამდვილად არ გამოდგება.

გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ძალიან მაღალი სტანდარტით ხორციელდება, ფაქტობრივადაც არაზუსტია, ვინაიდან საქართველოში სასამართლო სისტემასა და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ რეგრესზე არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, ანგარიში თუ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები მიუთითებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი