იტვირთება

ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წელს, ქვეყნის ეკონომიკა იყო თითქმის 50 მლრდ ლარი, 2023 წლის იანვრისთვის, მშპ იქნება 80 მლრდ. თითქმის 2 წელიწადში 30 მლრდ-ით იზრდება დაახლოებით ეკონომიკა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე:

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებაში მთავრობის პროგნოზებზე საუბრობს. მშპ-ს ზრდის პროგნოზი - 80 მლრდ, 2023 წლის ბოლოს დგება და არა იანვრისთვის. 2022 წლისთვის, პროგნოზირებული ნომინალური მშპ 72.2 მლრდ ლარია. შესაბამისად, 2022 წელს, 2020 წელთან შედარებით, ნომინალური მშპ დაახლოებით 23 მლრდ ლარით იზრდება, ხოლო 2020 წლიდან 2023 წლამდე - დაახლოებით 30 მლრდ ლარით, რაც სამწლიანი პერიოდია.

მეორე მხრივ, ეკონომიკური დინამიკის ზრდის აღსაწერად ნომინალური მშპ-ს გამოყენება, მცდარი მიდგომაა, რადგან ეს მაჩვენებელი ინფლაციასაც მოიცავს. ამ ფაქტს 2020 წლის ნომინალური მშპ-ს მონაცემიც უსვამს ხაზს, რომელიც 2019 წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა იმ ფონზე, როდესაც რეალური ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა და ქვეყანაში მძიმე კრიზისი იდგა. 2022 წლის ბოლოსთვის, 2020 წელთან შედარებით, რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდა 19.7%-ა, ხოლო 2023 წელს, 2020 წელთან შედარებით - 25.7%, რაც ეკონომიკის ზრდის ცუდ მაჩვენებელს არ წარმოადგენს, თუმცა ნომინალური მშპ-ს ზრდას მკვეთრად ჩამოუვარდება. აქვე, აღსანიშნავია საბაზო ეფექტი, რადგან 2020 წელს ეკონომიკა ხელოვნურად იყო შეზღუდული. 2019 წელთან შედარებით, რეალური ზრდა ნაკლები გამოდის.

იმის მიუხედავად რომ ზოგადად, ეკონომიკის რეალური ზრდის მიმდინარე მაჩვენებლები და პროგნოზები პოზიტიურია, საბოლოო ჯამში, პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული ნომინალური მაჩვენებლით, ეკონომიკური ზრდის დინამიკის ანალიზი არასწორია. ამავდროულად, 30 მლრდ-ით ზრდა 3 წლის და არა 2 წლის პერიოდშია რელევანტური. დამატებით, განცხადებაში საბაზო ეფექტის ფაქტორიც უგულებელყოფილია. შესაბამისად, განცხადება არაზუსტია და „ფაქტ-მეტრის“ მეთოდოლოგიით ფასდება როგორც მცდარი.

ანალიზი:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელ მონაცემებთან დაკავშირებით განაცხადა: „2020 წელს, მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო თითქმის 50 მლრდ ლარი, 2023 წლის იანვრისთვის, მთელი ქვეყნის მშპ იქნება 80 მლრდ. თითქმის 2 წელიწადში 30 მლრდ-ით იზრდება დაახლოებით ეკონომიკა“.

ეკონომიკის განვითარების დინამიკის ყველაზე გავრცელებული მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც კონკრეტულ პერიოდში, ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულებას ასახავს. თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება ინფლაციასაც მოიცავს, რადგან როგორც წესი, იზრდება როგორც წარმოებული საქონლის და მომსახურების რაოდენობა/მოცულობა, ასევე მათი ფასებიც. აღნიშნულ მაჩვენებელს, ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს უწოდებენ.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერი ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის სტატისტიკაზე საუბრობს, რომელიც 2020 წელს 49.2 მილიარდი იყო. თუმცა მის მიერ დასახელებულ 80 მლრდ ლარს მთლიანი შიდა პროდუქტი, მთავრობის მიმდინარე პროგნოზით, მხოლოდ 2023 წლის ბოლოს მიაღწევს და არა წლის დასაწყისში - იანვარში. მიმდინარე პროგნოზებით, 2022 წლის ბოლოსთვის ნომინალური მშპ 72.2 მლრდ ლარი იქნება, 2023 წლის ბოლოსთვის კი - 79.6 მლრდ ლარი. შესაბამისად, 2020-2022 წლებში, ნომინალური მშპ-ს პროგნოზი დაახლოებით 23 მლრდ ლარით იზრდება, ხოლო 3 წელიწადში, 2023 წლის მიწურულამდე დაახლოებით 30 მლრდ ლარით.

მეორე მხრივ, ეკონომიკის ზრდაზე, ნომინალური მშპ-ს დინამიკით მსჯელობა არასწორია და ამ შემთხვევაში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი უნდა გამოვიყენოთ. იმისთვის რომ მთლიანმა შიდა პროდუქტმა ეკონომიკის რეალური ზრდა, ანუ საქონლის და მომსახურების ზრდის რეალური მოცულობა ასახოს, ფასების დაფიქსირება რომელიმე კონკრეტულ წელს ხდება და სხვა წლებისთვის, წარმოებული საქონელი/მომსახურების ამ ფასებში გამოთვლა, რაც ინფლაციის გავლენას გამორიცხავს. მაგალითად, თუ 2020 წელს ქვეყანაში აწარმოვეს 100 პური და ერთი პურის ღირებულება 1 ლარი იყო, ხოლო 2021-ში აწარმოვეს 200 პური და ერთი პურის ღირებულება 2 ლარი იყო, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 300 ლარით იზრდება, ხოლო რეალური მთიანი შიდა პროდუქტი (2020 წლის ფასებში, როდესაც პურის ფასი 1 ლარია) 100 ლარით, ანუ რეალურად, წარმოებული საქონლის რაოდენობა და შესაბამისად, რეალური მშპ გაორმაგდა, ხოლო ნომინალური მაჩვენებელი ეკონომიკას გაზრდილად - გაბერილი ფასების გამო, ზედმეტად წარმოაჩენს.

გრაფიკი 1: ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა 2012-2023 წლებში, მლნ ლარი

2022 წლის ბოლოსთვის, 2020 წელთან შედარებით, რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდა 19.7%-ია, ხოლო 2023 წელს, 2020 წელთან შედარებით - 25.7%. ბუნებრივია, რეალური მშპ-ს ზრდა, ნომინალური მშპ-ს ზრდას მკვეთრად აღემატება და ზოგადად, წლიური დინამიკა და პროგნოზები პოზიტიურია. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ე.წ საბაზო ეფექტი. 2020 წელს, ეკონომიკა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო პრაქტიკულად ჩაკეტილი იყო, რამაც მთლიანი შიდა პროდუქტის ხელოვნური შემცირება გამოიწვია. 2019 წელთან შედარებით, 2022 წლის პროგნოზით რეალური მშპ დაახლოებით 11.6%-ით იზრდება, 2023 წლის პროგნოზით კი - დაახლოებით 17.2%-ით.

პოსტპანდემიურ პერიოდში, ფასების ზრდა კრიტიკულ პრობლემად იქცა, რაც ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის „გაბერვის“ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ფაქტს რომ, ნომინალური მშპ-ს გამოყენება ეკონომიკური დინამიკის აღსაწერად არასწორია, 2020 წლის ნომინალური მშპ-ს მონაცემიც ხაზს უსვამს, რომელიც 2019 წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა იმ ფონზე, როდესაც რეალური ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა და ქვეყანაში მძიმე კრიზისი იდგა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4664 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი