ლევან დავითაშვილი: ტურიზმის აღდგენა დადებითია, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები თითქმის 95%-ით აღდგა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2020 და 2021 წლების იანვარ-აგვისტოს თვეებში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შემოსავლები მოგზაურობიდან მკვეთრად იყო შემცირებული, რაც საქართველოს მსგავსი ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. თუმცა, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 2.14 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 5.5% კლებას წარმოადგენს. შესაბამისად, აღდგენა - როგორც მინისტრი აცხადებს, დაახლოებით 95%-ის ფარგლებშია.

უშუალოდ ივლისი-აგვისტოს პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 23.6% ზრდას წარმოადგენს. შესაბამისად, მინისტრის განცხადება სიმართლეს შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ შემოსავლის ზრდის დიდი ნაწილი რუსეთზე მოდის, რაც მაღალი ალბათობით, ნაწილობრივ არა ტურიზმს, არამედ საქართველოში რუსი მოქალაქეების საცხოვრებლად გადმოსვლას უკავშირდება. თუმცა მთლიანი ზრდა რუსეთიდან მიღებული შემოსავლების ზრდასაც აჭარბებს.

ანალიზი:

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა: „ტურიზმის აღდგენა დადებითია, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები თითქმის 95%-ით აღდგა, 2.1 მლრდ დოლარი მივიღეთ ტურიზმიდან შემოსავლები, ივლისში და აგვისტოში პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა, ეს იყო ტურიზმის შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი“.

ტურიზმი საქართველოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. პანდემიამდე პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა და შესაბამისად, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად იზრდებოდა. ტურისტული სფეროს აღდგენა კრიზისის გადალახვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. „ტურიზმის ტემპის“ აღდგენის დინამიკის ანალიზისთვის, სხვადასხვა ინდიკატორის განხილვაა შესაძლებელი, მათ შორის - ტურისტების რაოდენობის და ტურიზმიდან შემოსავლების. მოცემულ შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებული მონაცემები საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკას შეესაბამება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს (საგარეო სექტორის სტატისტიკა).

2020-2021 წლის იანვარ-აგვისტოში, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, სამოგზაურო შეზღუდვებიდან გამომდინარე, მინიმუმამდე შემცირდა (483 და 704 მლნ დოლარამდე). შესაბამისად, ტურიზმის დინამიკის შედარება პრეპანდემიურ - 2019 წელთან, უნდა მოხდეს.

2022 წლის იანვარ-აგვისტოში, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2.14 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 5.5% კლებას წარმოადგენს. საინტერესოა რომ ამ პერიოდში, შემოსავლები გაიზარდა ისრაელიდან (24 მლნ დოლარი), საუდის არაბეთიდან (62 მლნ დოლარი) და უკრაინიდან (44 მლნ დოლარი). მინისტრის განცხადების შესაბამისად, 2019 წელთან, აღდგენა დაახლოებით 95%-ის ფარგლებშია. აღსანიშნავია რომ კლება 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც ფიქსირდება, როდესაც შემოსავალი 2.2 მლრდ დოლარი იყო.

ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკა 2015-2022 წლებში

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

უშუალოდ ივლის-აგვისტოს პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 23.6%-იან ზრდას წარმოადგენს. თუმცა აქ აღსანიშნავია რომ შემოსავლის ყველაზე დიდი ნაწილი, დაახლოებით 249 მლნ დოლარამდე - რუსეთზე მოდის, საიდანაც ნაწილი, დიდი ალბათობით არა ტურისტებიდან მიღებულ შემოსავლებს, არამედ რუსეთში შექმნილი საომარი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლას უკავშირდება. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან მიღებული მოგზაურობის შემოსავალი 100 მლნ დოლარამდე არის გაზრდილი. თუმცა, 2019 წლის ივლის-აგვისტოსთან შედარებით, ამავე პერიოდში მთლიანი შემოსავალი 190.9 მლნ დოლარით არის გაზრდილი. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ რომ რუსეთიდან შემოსავალი არ გაიზრდებოდა, 2019 წელთან შედარებით ზრდა მაინც დაფიქსირდებოდა. საუდის არაბეთიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 49.2 მლნ დოლარით არის გაზრდილი, უკრაინიდან - 14 მლნ დოლარით, თუმცა ევროკავშირიდან შემოსავლები 31.5 მლნ დოლარით არის შემცირებული.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია