ლევან დავითაშვილი: ემიგრაციის უარყოფითი მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზე არაა... 2012 წლიდან დღემდე უფრო ნაკლები ადამიანი გადის საქართველოდან, ვიდრე მანამდე

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

რეზიუმე: 2012 წლამდე პერიოდში, შესაბამისი სისტემის არ არსებობის გამო, მიგრაციული ნაკადების ზუსტად აღრიცხვა ვერ ხდებოდა და მანამდე პერიოდის მაჩვენებლები ძირითადად შეფასებით მონაცემებს წარმოადგენს. შესაბამისად, 2012 წლამდე მიგრაციის კონკრეტული წლების მაჩვენებლები სადავოა და მისი შემდგომ პერიოდთან შედარება, დამახინჯებულ სურათს ქმნის.

2012-2021 წლებში უარყოფითი მიგრაციული სალდოს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 2021 წელს დაფიქსირდა. გასულ წელს ქვეყანა თითქმის 26 ათასით მეტმა ადამიანმა დატოვა, ვიდრე შემოვიდა. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ სურათი კიდევ უფრო მძიმეა - გასულ წელს 40,800-ით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა. პანდემიის საწყის ეტაპზე, 2020 წელს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დროებით დაბრუნდა ემიგრაციიდან, ამასთან საზღვრების ჩაკეტვამ ქვეყნიდან ემიგრაცია შეაფერხა. 2021 წელს კი საზღვრების გახსნას ლოგიკურად ემიგრაციული ნაკადების ზრდა მოჰყვა. სწორედ ამით აიხსნება 2021 წელს ემიგრაციის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი.

2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ემიგრანტების და იმიგრანტების ზუსტი იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი, მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის) მუდმივად უარყოფითია. მინისტრის მტკიცება, თითქოს უარყოფითი ბალანსი ყოველწლიურად მცირდება და ამ მხრივ დადებითი ტენდენციაა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, რადგან 2012 წლამდე პერიოდის კონკრეტული წლების ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, დაზუსტებით, ვერც იმას ვიტყვით, მიგრაციული სალდოს უარყოფითი მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზე არის, თუ - არა.

მინისტრის განცხადებაში სიმართლის გარკვეული ელემენტები არის, თუმცა ის ცდილობს, ემიგრაცია ნაკლებად მწვავე პრობლემად წარმოაჩინოს.“ მის განცხადებაში არის ფაქტობრივი უზუსტობებიც და მანიპულაციური შედარებებიც.

ანალიზი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ემიგრაციის მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი თქმით: „ისტორიულ მაქსიმუმზე არ არის ხალხი რომ გარბის, პირიქით - საქსტატის მონაცემებით, 2004-დან 2012 წლამდე საქართველოდან გამსვლელთა რიცხვი განუწყვეტლივ იზრდებოდა. ბალანსი გამსვლელსა და შემომსვლელს შორის სამწუხაროდ უარყოფითი გვაქვს დღემდე. განსხვავებით მხოლოდ 2020 წლისა, როდესაც პანდემიის პირობებში ბევრი ჩვენი მოქალაქე დაბრუნდა, როდესაც მსოფლიო იყო ჩაკეტილი. დანარჩენი ჩვენ გვაქვს მინუს ბალანსი, მაგრამ ტენდენცია გვაქვს დადებითი - 2012 წლიდან დღემდე უფრო ნაკლები ადამიანი გადის საქართველოდან, ვიდრე მანამდე. რეალურად ადამიანები როდის გარბოდა ქვეყნიდან და როდის ბრუნდება ეს საქსტატის მონაცემებში ჩანს. ეს არის აბსოლუტური სიცრუე, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა, იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ქვეყანას ტოვებს“.

„ფაქტ-მეტრმა“ ეკონომიკის მინისტრის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

სანამ მიგრაციის კონკრეტულ მაჩვენებლებს გვაანალიზებთ, უნდა განვმარტოთ, რომ 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის ოდენობა, ძველი აღწერის შესაბამისად დაანგარიშებულ მონაცემებთან შედარებით, 4.5 მლნ-დან 3.7 მლნ-მდე შემცირდა. მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირების მიზეზად 2002 წლის საყოველთაო აღწერაში არსებული უზუსტობები და გარე მიგრაციული ნაკადები დასახელდა. 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები გადაიხედა და ალტერნატიულ მონაცემებზე (მათ შორის შინამეურნეობათა ინტეგრირებული გამოკვლევა) დაყრდნობით, მოსახლეობის რაოდენობა 2002 წლის მონაცემებით დაახლოებით 8.7%-ით, 3.9 მილიონამდე შემცირდა. 2002 წლის მოსახლეობის კორექტირებულ მაჩვენებელსა და 2014 წლის საყოველთაო აღწერიდან მიღებულ მონაცემებს შორის სხვაობა ძირითადად მიგრაციაზე გადანაწილდა. საქსტატის განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში გარე მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) 1994 წლიდან უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. საქსტატმა მიგრაციული სალდოს 2012 წლამდე არსებული მონაცემები რადიკალურად შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ძველი მონაცემებით მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი დადებითი მაჩვენებელი 2005 და 2009-2011 წლებში ფიქსირდებოდა. განახლებული მონაცემებით, ამავე წლებში ყველაზე მაღალი უარყოფითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა.

2012 წლამდე პერიოდში, მიგრაციული ნაკადების ზუსტი აღრიცხვა, ანუ იმიგრანტების და ემიგრანტების იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა. ეს კი, ბუნებრივია, გამოიწვევდა არსებით აცდენას მიგრანტთა ოდენობის შესახებ ოფიციალურად დაფიქსირებულ სტატისტიკურ და რეალურ მონაცემებს შორის. 2012 წლიდან უკვე ახალი მეთოდოლოგია დაინერგა და იმიგრანტებისა და ემიგრანტების იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი [1]. აღსანიშნავია, რომ საქსტატის ოფიციალურ გვერდზე არის ამის შესახებ მითითებაც, რომ 1995-2011 წლების მონაცემები წარმოადგენს შეფასებით მონაცემებს, 2012 წლიდან კი ეყრდნობა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებს. ზოგადი ტენდენცია, რომ აღწერათაშორის პერიოდში მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო, სადავოდ არ მიიჩნევა. თუმცა ცალკეული პერიოდის მონაცემები, 2012 წლამდე, ასახავს არა ობიექტურ რეალობას, არამედ ხელოვნურად მიღებულ მაჩვენებლებს, პერიოდის დასაწყისსა და ბოლოს არსებული მოსახლეობის რიცხოვნობის ტექნიკურად შესაბამისობაში მოსაყვანად. შესაბამისად, 2012 წლამდე მიგრაციის კონკრეტული წლების მაჩვენებლის განხილვა, მით უმეტეს, მისი შედარება 2012 წლის შემდგომ პერიოდთან, არამართებულია და დამახინჯებულ სურათს ქმნის. აქედან გამომდინარე, მინისტრის მიერ ემიგრაციის მაჩვენებლების 2012 წლამდე პერიოდთან შედარება მანიპულაციურია.

გრაფიკი 1: გარე მიგრაციული სალდო, ძველი და განახლებული მონაცემები (2002-2021 წლები)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ძველი და ახალი მონაცემები

ლევან დავითაშვილის მტკიცება, თითქოს უარყოფითი ბალანსის მიუხედავად დადებითი ტენდენციაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ უფრო ნაკლები ადამიანი გადის საქართველოდან, სიმართლეს არ შეესაბამება. 2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ემიგრანტების და იმიგრანტების ზუსტი იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი, მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის) მუდმივად უარყოფითია. ამ მხრივ გამონაკლისი 2020 წელი იყო, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა, რაც პანდემიით და ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვით იყო განპირობებული. 2021 წელს, როდესაც საზღვრები უცხოეთში კვლავ გაიხსნა, ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა, ხოლო იმიგრანტთა [ქვეყანაში შემოსულთა] რაოდენობა შემცირდა. გასულ წელს 25 966 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული უარყოფითი მიგრაციული სალდოს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი სწორედ 2021 წელს დაფიქსირდა. რაც შეეხება პანდემიამდე პერიოდს, ქვემოთ მოცემულ გრაფიკში ნათლად ჩანს, რომ ტენდენცია არაერთგვაროვანია და უარყოფითი მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი იცვლება როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ.

გრაფიკი 2: მიგრაციული სალდო, ათასი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიგრაციული სალდოს უარყოფითი მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზე არის, თუ - არა, ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან 2012 წლამდე პერიოდის კონკრეტული წლების მონაცემები წარმოადგენს არა ზუსტ რიცხვს, არამედ შეფასებით მონაცემებს. 2012-2021 წლების მონაცემებით, ტექნიკურად, უარყოფითი მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს დაფიქსირდა. თუმცა, 2021 წლის მონაცემები მოსახლეობის იმ ნაწილსაც მოიცავს, რომელიც საზღვრების ჩაკეტვის გამო 2020 წელს ემიგრაციაში ვერ წავიდა. იმის მიუხედავად, დასახელებული მონაცემი არის, თუ -არა ისტორიული მაქსიმუმი, აღნიშნული პრობლემის არსს არ ამსუბუქებს.

[1] საქსტატის მეთოდოლოგიით, ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც დატოვა საქართველო ბოლო 12 თვეში და სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოში, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო. იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო არ იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა. ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი