სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2023 წლიდან ავსტრალიის მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ პირუტყვის ვაქცინაციას გეგმავს.

პოსტის მტკიცებულებად ატვირთულ ვიდეოში მთხრობელი ავსტრალიის მთავრობის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით (იგულისხმება mRNA ვაქცინები) ცხოველების ვაქცინაციის გეგმაზე საუბრობს. ვიდეოში ასევე აღნიშნულია, რომ ცოტა ხანში ყველა სახის ხორცი, რომელსაც ავსტრალიაში მიირთმევენ, ამ ახალი ვაქცინის ნაწილაკებით იქნება დაბინძურებული.

ვიდეოში მამაკაცს ხელში დოკუმენტი უჭირავს, რომელიც ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის (New South Wales – NSW, რეგიონი/შტატი ავსტრალიაში) მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს წარმოადგენს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ახალი სამხრეთ უელსის შტატის მთავრობა ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Tiba Biotech-თან ცხოველებისთვის ახალი mRNA ტექნოლოგიაზე მომუშავე ვაქცინების შესამუშავებლად მუშაობს. საუბარია ხელის, ფეხისა და პირის დაავადების (FMD disease) და ცხოველების კანის სიმსივნის (Lumpy Skin Disease) საწინააღმდეგო ვაქცინებზე.

ახალი სამხრეთ უელსის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ცხოველებში გავრცელებულ ამ დაავადებებს ძალიან სერიოზულად უდგებიან და ახალი ვაქცინების წარმოება დაავადებების პოტენციური გავრცელების შესაკავებლად და ავსტრალიის თითქმის 29 მილიარდ დოლარიანი მეცხოველეობის ინდუსტრიის დასაცავად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ ახალი სამხრეთ უელსის მთავრობამ მიმართა ვაქცინის მწარმოებლებს, დაიწყონ ამ ვაქცინებზე მუშაობა და ახალი სამხრეთ უელსის ტერიტორიაზე 2023 წლის აგვისტოსთვის ვაქცინების წარმოება უკვე შესაძლებელი იყოს.

გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე ასახულია ამ საკითხთან დაკავშირებული მთავრობის წევრების კომენტარები და განცხადებები. ახალი სამხრეთ უელსის სოფლის მეურნეობის მინისტრი, დუგალდ სანდერსი აღნიშნავს, რომ ამჟამად FMD-ის წინააღმდეგ გამოყენებაში არსებული ვაქცინები თავად ვირუსს იყენებენ, ხოლო კანის სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინები საერთოდ არ არსებობს. შესაბამისად, „ახალი mRNA ვაქცინების შექმნა, რომელიც ამ დაავადებებს შეებრძოლება გარდამტეხი ეფექტის მომტანი იქნება ინდუსტრიისთვის“. ამას გარდა, მინისტრმა აღნიშნა, რომ „mRNA ვაქცინები არის უფრო იაფი, მათი წარმოება ხდება გაცილებით სწრაფად, აქვთ მაღალი ეფექტურობა და არის სრულიად უსაფრთხო“.

ვიდეოში, მთხრობელი ასევე საუბრობს, mRNA ვაქცინით ცხოველების ხორცის დაბინძურების შესახებ, რასაც შესაძლოა მომხმარებლებზე მავნე ზეგავლენა ჰქონდეს. mRNA ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არაერთი კვალიფიციური სამედიცინო კვლევა არსებობს, რომლითაც დასტურდება, რომ mRNA ვაქცინები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ე.წ. ტრადიციული ვაქცინები. აღნიშნული ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინა ადამიანისთვის უფრო უსაფრთხოა, რადგან მათი შემუშავებისთვის, კემბრიჯის უნივერსიტეტის თანახმად, ნაკლები ინფექციური ელემენტი გამოიყენება. mRNA ვაქცინების წარმოებას ასევე მთელი რიგი უპირატესობები აქვს ტრადიციულ ვაქცინებთან შედარებით. წარმოების პროცესი გაცილებით სწრაფი და მოქნილია და საჭიროების შემთხვევაში ვაქცინის მოდიფიკაციაც ბევრად მარტივად და სწრაფად ხდება (იხილეთ ამერიკის ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის NCBI - ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის, დაქვემდებარებაში მყოფი ინსტიტუტის კვლევა, ასევე ევროპული კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საინფორმაციო ბიულეტენი).

დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ საპილოტე პროგრამის ფარგლებში ახალი სამხრეთ უელსის მთავრობამ 65 მილიონი დოლარის ინვესტიცია ცხოველთა დაავადებებთან გასამკლავებლად და მათი პრევენციისთვის უკვე გამოყო.

შესაბამისად, არც პოსტში ატვირთულ ვიდეოში და არც ამ ვიდეოში ნაჩვენებ დოკუმენტში არ არის საუბარი ცხოველების (პირუტყვის) კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციაზე, როგორც ამას პოსტის ავტორი ამტკიცებს. ახალი სამხრეთ უელსის მთავრობა ბიოტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობით გეგმავს, FMD და კანის სიმსივნის დაავადებების წინააღმდეგ (რომლებიც საკმაოდ გავრცელებულია ავსტრალიაში და საფრთხეს უქმნის მის ბიოუსაფრთხოებასა და მეცხოველეობის ინდუსტრიას) - ახალი mRNA ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინების განვითარებას, ხელი შეუწყოს.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5418 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი