თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება დღეს, 2 ნოემბერს გამოცხადდა.

გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდნენ მოსამართლეები - მერაბ ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას სასჯელის ზომად საბოლოოდ კვლავ 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მას ბრალი დაუმძიმა.

გვარამიას საქმე და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

მიმდინარე წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

მოსამართლემ გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ანუ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდებები ეხებოდა იმ პერიოდს (2014-2019 წლები), როდესაც ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო.

კერძოდ, მას პროკურატურამ 2019 წელს ბრალი წაუყენა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

მოკლედ - წარდგენილი ბრალდებების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ მიხედვით:

მითვისება ან გაფლანგვა (სსკ-ის 182-ე მუხლი)

ბრალდების მხარის მტკიცებით, ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორობისას სამსახურებრივი ვალდებულება დაარღვია, არ იმოქმედა კეთილსინდისიერად და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.

2015 წლის 16 იანვარს შპს „ინტერ მედია პლიუსსა“ და „რუსთავი 2“-ს შორის გენერალური ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, 2015 წლის სექტემბრიდან-დეკემბრამდე პერიოდში „რუსთავი 2“-მა შპს „ინტერ მედიას“ კომერციული რეკლამის განთავსების უფლება დაუთმო. უფლების დათმობისთვის, „რუსთავი 2“-მა 2014 წელს ანალოგიური მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასზე ნაკლები ანაზღაურება მოითხოვა. პროკურატურის ვერსიით. ზემოხსენებული ხელშეკრულებით, გვარამიამ კომპანიის ფინანსურ დირექტორთან კახაბერ დამენიასთან ერთად რუსთავი 2-ის ქონება გაფლანგა, რის შედეგადაც კომპანიამ 6 763 509 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიიღო.

ასევე, პროკურატურის მტკიცებით, ტელეკომპანიამ განიცადა დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი, სანაცვლოდ კი - ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღეს 232 201 ლარის ღირებულების ავტომობილი - ,,Porsche Macan S”.

კომერციული მოსყიდვა, აგრეთვე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება (სსკ-ის 221-ე; 362-ე მუხლები)

ბრალდების თანახმად, „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, 2017 წლის 21 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნიკა გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ სარგებლის სახით უძრავი ქონება (ორი ბინა) მიიღო.

უძრავი ქონების მიღების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 5 და 25 ივლისს გაფორმდა ყალბი (ფიქტიური) სესხის ხელშეკრულებები. აღნიშნულის საფუძველზე კი, ვითომდა სასესხო ვალდებულების დაფარვის სანაცვლოდ, შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორმა ნიკა გვარამიას ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა.

ფულის გათეთრება (სსკ-ის 194-ე მუხლი)

პროკურატურის თანახმად, მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ უძრავი ქონება მიიღო, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განიზრახა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, დანაშაულებრივად მიღებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემის, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროსა და საკუთრების შენიღბვის მიზნით, ნიკა გვარამიამ 2017 წლის 7 ივლისსა და 26 სექტემბერს უძრავი ქონება 602 521.80 ლარად გაასხვისა, რის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.

რის გამო სცნეს დამნაშავედ ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი „რუსთავი 2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებისა და ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე. ამ ნაწილში სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას, ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში (მითვისება ან გაფლანგვა). კერძოდ, მოსამართლემ აღნიშნული ბრალდებები, სსკ-ის 220-ე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლით გადააკვალიფიცირა.

6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ნაწილზე სასამართლო 50 000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლა, ხოლო ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე გვარამიას 3.5 წლით პატიმრობა მიესაჯა.

რა შეცვალა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თითქმის მთლიანად გაიზიარა. თუმცა 6 763 509 ლარის ზიანის ეპიზოდზე, რისთვისაც საქალაქო სასამართლოს გვარამიასთვის 50 000-ლარიანი ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული, სააპელაციო სასამართლომ ბრალი დაამძიმა. კერძოდ, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალი, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით, სასამართლომ 220-ე მუხლით გადააკვალიფიცირა და მას ამ ნაწილშიც, ასევე, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საბოლოოდ, ე.წ. სასჯელის შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, ნიკა გვარამიას სასჯელად კვლავ 3 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა განესაზღვრა.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი