ლევან იოსელიანი: მსგავსი ბრალდებით ჩინოვნიკების ნახევარი დასაჭერია - მანქანებს არა მარტო პარლამენტის წევრები იყენებენ, არამედ მათი ცოლებიც, შვილებიც, ძიძებიც

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან იოსელიანის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ნიკა გვარამია დამნაშავედ „რუსთავი 2“ -ისთვის ზიანის მიყენებისა და ე.წ ავტომობილის ეპიზოდზე სსკ-ის 220-ე მუხლით ცნეს. შესაბამისად, ნიკა გვარამიას კომპანიის კუთვნილი ავტომობილის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებასაც ედავებიან.

აუდიტის ანგარიშების მიხედვით, სახელმწიფო უწყებებში ხშირად ადგილი აქვს სამსახურებრივი მანქანების არამიზნობრივ გამოყენებას, უწყების მიერ საწვავის გადაჭარბებით გამოყენებას და რიგ შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების - ავტომობილების, საერთოდაც გაქრობას. დასახელებული მაგალითები შესაბამისი უწყების ხელმძღვანელ პირზე სამართლებრივი საქმის დაწყების საკმარისი საფუძველია, თუმცა აუდიტის დასკვნის საფუძველზე თანამდებობის პირზე დაწყებული სამართლებრივი დევნა არ მოიძებნება.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან იოსელიანის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება დღეს, 2 ნოემბერს გამოცხადდა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი „რუსთავი 2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებისა და ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე. ამ ნაწილში სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას, ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში (მითვისება ან გაფლანგვა). კერძოდ, მოსამართლემ აღნიშნული ბრალდებები, სსკ-ის 220-ე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლით გადააკვალიფიცირა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „მსგავსი ბრალდებით ჩინოვნიკების ნახევარი დასაჭერია - მანქანებს არა მარტო პარლამენტის წევრები იყენებენ, არამედ მათი ცოლებიც, შვილებიც, ძიძებიც“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნიკა გვარამიას ბრალი სსკ-ის 220-ე მუხლით წარედგინა. სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის სასჯელს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ითვალისწინებს - „საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,- ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე“.

საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ სახელმწიფო უწყებებს სამსახურებრივი ავტომობილები ემსახურება. გარდა ამისა, არსებობს.ე.წ. პირადი ავტომობილები, რომლებიც ამა თუ იმ ჩინოვნიკზეა განპიროვნებული.

2020 წელს, IDFI-მ 65 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ავტოპარკი შეისწავლა, რომელთა მფლობელობაში 2,850-მდე ერთეული ავტომობილი იყო. კვლევის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში, შესწავლილი უწყებების თანამდებობის პირებზე განპიროვნებულმა 122 ავტომობილმა 425,000-მდე ლიტრი საწვავი მოიხმარა, რაც სახელმწიფოს დაახლოებით მილიონი ლარი დაუჯდა.

სახელმწიფო უწყებების ხარჯების მიზნობრიობას, მათ შორის - ავტოპარკის რაოდენობის კანონით განსაზღვრულთან შესაბამისობას და ავტოპარკის შენახვის ხარჯებს, გარკვეული პერიოდულობით, აუდიტის სამსახური სწავლობს.

აუდიტის ანგარიშებში ხშირად არის მითითებული, რომ ამა თუ იმ უწყებას კანონით დასაშვებ ზღვრულ ოდენობაზე მეტი სამსახურებრივი ავტომობილი ჰყავს. ასევე, ხშირია ავტომობილებში ერთჯერადად ავზის მოცულობაზე მეტი რაოდენობის საწვავის ჩასხმის ფაქტები, ან შემთხვევები, როდესაც ავტომობილის გადაადგილება სამსახურებრივ საჭიროებებს არ უკავშირდება.

თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის 2017-2018 წლის ანგარიშის მიხედვით, 1 310 შემთხვევაში, საწვავი თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ იყო ჩასხმული. ასეთ შემთხვევებში, 100.7ათასი ლარის ღირებულების 51.6 ათასი ლიტრი საწვავი იყო შესყიდული (იხილეთ სტატია).

საანგარიშო პერიოდში, 632 შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით 57.7 ათასი ლარის ღირებულების 29 ათასი ლიტრი საწვავი იყო ავტომობილებში ჩასხმული. აღნიშნულ წლებში, თბილისის აღმასრულებელი ორგანოების მიერ ჯამში 3. 1 მლნ ლარის ღირებულების 1,557.7 ათასი ლიტრი საწვავი იყო შესყიდული.

თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018-2019 წლებში გამოვლინდა 5 ავტომანქანაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 61 შემთხვევა. ამ ავტომანქანებში ჯამურად სულ 4435 ლიტრი საწვავი იყო ჩასხმული. „ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ „ჩიპი“ მოხსნილია და მიმაგრებულია სხვა ავტომობილის ავზზე ან/და სხვა სახის რეზერვუარზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ხელისუფლებაში კორუფციის შესაძლო ნიშნებზეა საუბარი ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშიც.

ყველაზე საინტერესო შემთხვევას გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჰქონდა ადგილი. აუდიტის სამსახურმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ხუთი სატრანსპორტო საშუალებების დანაკლისი გამოავლინა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხულ 5 ერთეულ ავტომობილს ვერ მიაკვლია. ხუთიდან სამი ავტომობილის ადგილმდებარეობა უცნობია, ერთ ავტომობილზე პასუხისმგებელი პირი აცხადებს, რომ არის სოფელ კუმისში, გარდაბნის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის საცხოვრებელ სახლში, ერთი ავტომობილი კი დაზიანებულია და 2011 წლიდან სამეგრელოში იმყოფება.

ზემოთ მოყვანილი ფაქტები მხოლოდ მცირე მაგალითებია იმ დარღვევებისა, რაც აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო უწყებებში არის გამოვლენილი.

აღნიშნულიც საკმარისია იმის სათქმელად, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ხშირად ადგილი აქვს სამსახურებრივი მანქანის არამიზნობრივ გამოყენებას (მანქანის ჩიპი მოხსნილია და მიმაგრებულია სხვა ავტომობილზე), დახარჯული საწვავის რაოდენობის გადაჭარბებულად წარმოჩენას (ავტომობილის ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის გახარჯვას) და რიგ შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების - ავტომობილების, საერთოდაც გაქრობას. დასახელებული მაგალითები რიგ შემთხვევაში, ხელმძღვანელ პირზე სამართლებრივი საქმის დაწყების საკმარისი საფუძველია, თუმცა აუდიტის დასკვნის საფუძველზე თანამდებობის პირზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე , არ გვახსენდება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან იოსელიანის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი