კობა გვენეტაძე: ინფლაცია მარტო ჩვენ არ გაგვექცა, ეს არის გლობალური გამოწვევა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კობა გვენეტაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ინფლაცია სამომხმარებლო ფასების ინდექსით იზომება, რაც კონკრეტულ ქვეყანაში, საშუალო მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლის და მომსახურების ფასების ცვლილებას ასახავს. ინფლაციის შედარება სხვადასხვა ქვეყნებს შორის იმ თვალსაზრისით შეიძლება რომ მაჩვენებელი საშუალო მომხმარებლის კალათის ფასების ცვლილებას წარმოადგენს, თუმცა ბუნებრივია შედარება მხოლოდ საორიენტაციო შეიძლება იყოს და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ქვეყნების მაჩვენებელი, რომელიმე კონკრეტული სახის საქონლის გაძვირების მიმართ არის მგრძნობიარე. მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, სადაც სურსათზე მომხმარებელი უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე უფრო მდიდარ ქვეყანაში, სურსათის ფასების თავდაპირველი გაძვირება უფრო მძიმე იყო, თუმცა, ევროპის და ამერიკისთვის ენერგომატარებლებზე ფასების მატება აღმოჩნდა მეტად პრობლემური.

ინფლაცია საქართველოსთვის კრიტიკულ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ამ მხრივ მთელ მსოფლიოშიც ნამდვილად მძიმე ვითარებაა. მიმდინარე მონაცემებით, ევროკავშირში წლიური ინფლაცია 10.9%-ს შეადგენს, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს მას შემდეგ, რაც 1997 წლიდან ევროსტატმა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება დაიწყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფლაცია 8.2%-ზეა, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მსგავსი მძიმე სურათია ბევრი ქვეყნის შემთხვევაში. ევროპის 47 ქვეყანას შორის - საქართველო, ინფლაციის მაჩვენებლის სიდიდით 26-ე ადგილს იკავებს, მსოფლიოში, 177 ქვეყანას შორის კი - 65-ე ადგილს.

ანალიზი:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ინფლაციის მაღალ მაჩვენებლებთან დაკავშირებით განაცხადა: „ინფლაცია მარტო ჩვენ არ გაგვექცა, მთელ მსოფლიოში გაიქცა - ეს არის გლობალური გამოწვევა“.

მიმდინარე მაღალი ინფლაცია მოსახლეობისთვის კრიტიკული პრობლემაა. 2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ინფლაციის საერთო მაჩვენებელმა, ანუ ფასების ზრდის მაჩვენებელმა 27.3% შეადგინა. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ფიქსირდება და ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება. 2022 წლის დასაწყისიდან სექტემბრის ჩათვლით, წლიურმა ინფლაციამ 9.1% შეადგინა, ხოლო სექტემბრის ინფლაცია 2021 წლის სექტემბერთან შედარებით 11.5%-ა. ინფლაციის ასეთი მაღალი მაჩვენებლები, 10 წელიწადზე მეტია არ დაფიქსირებულა. რა თქმა უნდა, ეს რეალობა მოსახლეობას განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აყენებს.

ინფლაციის გამომწვევი ფაქტორები უამრავია და თემა ხშირად მძაფრი პოლიტიკური დებატების საფუძველი ხდება. ზოგადად, ზომიერი ინფლაცია ეკონომიკაში მისაღებ, ეკონომიკური ზრდის თანამდევ მოვლენად ითვლება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია, პრობლემა ჩნდება, როცა ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, ჩვენს შემთხვევაში - 3-4ჯერ. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე ინფლაცია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეულ სხვადასხვა ეფექტთან ერთად დიდწილად, პანდემიის შემდგომ ვითარებას უკავშირდება. პანდემიის დროს მოქმედმა შეზღუდვებმა, ხოლო პანდემიის შემდეგ დაწყებულმა ეკონომიკის გამოცოცხლებამ, რასაც სტიმულირების მიზნით მსოფლიო ეკონომიკაში ფულის მასის მიწოდების ზრდა ახლდა, ეკონომიკაში არსებული ჩვეული პროცესების - მაგალითად მოთხოვნა-მიწოდება ჯაჭვის, რღვევა გამოიწვია.

ინფლაციის გამოსათვლელად, საქსტატი ყოველთვიურად იმ 350 საქონლის ფასს აკვირდება, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოიხმარება. ეს 350 საქონელი 12 ქვეჯგუფშია განაწილებული, მაგალითად - სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და ა.შ. სხვადასხვა ქვეყანაში, საშუალო მომხმარებლის კალათა სხვადასხვა სახისა თუ რაოდენობის/მოცულობის საქონლისა და მომსახურებისგან შედგება. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, მთლიან ინფლაციაში, ყველაზე დიდი წონა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს უჭირავს, რაზეც მთლიანი კალათის 33.09% მოდის, მეორე ადგილს კი ტრანსპორტი იკავებს, 11.8%-ით, მესამე ადგილი ჯანდაცვას - 9.5%-ით. შესაბამისად, ამ სამი ჯგუფის ჯამური წონა ინფლაციაში 55%-ს აღწევს. ბუნებრივია, სხვადასხვა ქვეყნებში, სამომხმარებლო კალათაში სხვადასხვა სახის საქონელი და მომსახურება შედის და მათი წონებიც განსხვავებულია. მაგალითად, შედარებით მაღალშემოსავლიან ქვეყნებში საბაზისო საქონელზე, როგორიც არის საკვები, სურსათის ჯგუფს უფრო ნაკლები წონა უჭირავს. უფრო განვითარებულ ქვეყანაში, როგორებიც არის მაგალითად აშშ, კანადა და ევროკავშირის მდიდარი ქვეყნები, უფრო მაღალი წილი უჭირავს საცხოვრებელთან (მაგ. ქირაობა), საწვავთან და გადაადგილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფლაციის შედარება იმ თვალსაზრისით შეიძლება რომ მაჩვენებელი საშუალო მომხმარებლის კალათის ფასების ცვლილებას წარმოადგენს, თუმცა ბუნებრივია, შედარება შესაძლოა მხოლოდ საორიენტაციო იყოს და სხვადასხვა ქვეყნების მაჩვენებელი, უფრო მგრძნობიარეა კონკრეტული სახის საქონლის გაძვირების მიმართ. მაგალითად, საქართველოზე საკვების ფასების მსოფლიო გაძვირება რთულად აისახა. საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით მტკივნეული იყო საკვებზე ფასების მატება მსოფლიოში, რომელმაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, 2021 წელს სურსათის ფასების ინდექსმა მსოფლიოში 10 წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ევროპისთვის და ამერიკისთვის, განსაკუთრებით მძიმე ნავთობპროდუქტებისა და გაზის მიწოდებისა და გაძვირების კრიზისი აღმოჩნდა.

მიმდინარე მონაცემებით, ევროკავშირში წლიური ინფლაცია 10.9%-ს შეადგენს, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს მას შემდეგ, რაც 1997 წლიდან ევროსტატმა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება დაიწყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინფლაცია 8.2%-ზეა, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მსგავსი მძიმე სურათი საკმაოდ ბევრი ქვეყნის შემთხვევაშია. ევროპის 47 ქვეყანას შორის, საქართველო ინფლაციის მაჩვენებლის სიდიდით 26-ე ადგილს იკავებს, მსოფლიოში კი 177-ე ქვეყანას შორის - 65-ე ადგილს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი