შალვა კერესელიძე: ყოველწლიურად 100 ათასობით ახალგაზრდა გაედინება საქართველოდან

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა კერესელიძეს განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: ემიგრაციის მაჩვენებლებზე საუბრისას, რეალური სურათის დასანახად მიგრაციული სალდოს ( სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) განხილვაა მართებული. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის ან ბრუნდება. 2012-2021 წლებში ჯამში 73,610 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. 2012 წლიდან მოყოლებული (მას შემდეგ, რაც ემიგრანტების და იმიგრანტების ზუსტი იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი) უარყოფითი მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს დაფიქსირდა - ამ პერიოდში 25 966 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა.

„ფაქტ-მეტრი“ იზიარებს დეპუტატის განცხადების კონტექსტს და მიიჩნევს, რომ ემიგრაცია ნამდვილად არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, თუმცა მხოლოდ ემიგრანტების მაჩვენებელზე აპელირება და იმიგრანტების მაჩვენებლის უგულებელყოფა შეცდომაში შემყვანია და ისედაც მძიმე რეალობას, კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩენს. შესაბამისად, შალვა კერესელიძის განცხადება შეფასდა, როგორც მანიპულირება.

ანალიზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ განაცხადა: „ბოლო 20-30 წელიწადში მილიონ ნახევარმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, ყოველწლიურად 100 ათასობით ახალგაზრდა გაედინება საქართველოდან“. [1]

პირველ რიგში უნდა განიმარტოს, რომ ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც საქართველო ბოლო 12 თვეში დატოვა და სხვა სახელმწიფოში სულ მცირე 183 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო, ანუ წინა 12 თვის მანძილზე, სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში. იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა არ იყო. ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე.

ემიგრაცია, ნამდვილად არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, თუმცა როდესაც მიგრაციის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, მართებულია, მიგრაციული სალდო განვიხილოთ, ანუ სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის. მხოლოდ ემიგრანტების რაოდენობაზე აპელირება მანიპულაციურია და არსებულ პრობლემას კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩენს.

2012 წლამდე პერიოდში, შესაბამისი სისტემის არ არსებობის გამო, მიგრაციული ნაკადების ზუსტად აღრიცხვა ვერ ხდებოდა [2] და მანამდე პერიოდის მაჩვენებლები ძირითადად შეფასებით მონაცემებს წარმოადგენს. 2012 წლიდან უკვე ახალი მეთოდოლოგია დაინერგა და იმიგრანტებისა და ემიგრანტების იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. 2012-2021 წლებში მიგრაციული სალდოს ჯამური მაჩვენებელმა -73,610 შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ამდენი ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა ან/და დაბრუნდა. საქსტატის მონაცემებით, (რომელიც არის შეფასებით მონაცემებს წარმოადგენს), 1994 წლიდან 2022 წლამდე ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის სხვაობა ჯამში -1,292 მლნ-ს აღემატება. აქვე აღსანიშნავია, რომ მისი უდიდესი წილი 90-იან წლებზე მოდის.

90-იანი წლებიდან მოყოლებული ქვეყანაში მიგრაციული სალდო მუდმივად უარყოფითია - ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. ამ მხრივ გამონაკლისი 2020 წელი იყო, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა, რაც პანდემიით და ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვით იყო განპირობებული. 2021 წელს, როდესაც საზღვრები უცხოეთში კვლავ გაიხსნა, ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა, ხოლო იმიგრანტთა [ქვეყანაში შემოსულთა] რაოდენობა შემცირდა. გასულ წელს 25 966 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. 2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ემიგრანტების და იმიგრანტების ზუსტი იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი, უარყოფითი მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს დაფიქსირდა ა(იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: მიგრაციის მაჩვენებლები 2012-2021 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მართალია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა და ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. თუმცა მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელზე აპელირება და ქვეყანაში შემოსულთა/დაბრუნებულთა უგულებელყოფა რეალურ სურათს ამახინჯებს და მანიპულაციურია. ამასთან, დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს ბოლო 20-30 წელში ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამურ რაოდენობაზე, რაც მიახლოებულია საქსტატის შეფასებით მონაცემებთან. თუმცა მისი განცხადებიდან არ ჩანს, რომ მათი უმეტესი წილი 90-იან წლებზე მოდის.

[1] აღნიშნულ გამოსვლაში შალვა კერესელიძემ, გარდა ემიგრაციისა, ასევე ისაუბრა მოსახლეობის კლების დინამიკაზე და შობადობის შემცირებაზე. იხილეთ ბმული 1; ბმული 2.

[2] 1994-2011 წლების მიგრაციის მონაცემები წარმოადგენს შეფასებით მონაცემებს, 2012 წლიდან კი ეყრდნობა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი