Facebook-მომხმარებლებმა 2022 წლის 8 ნოემბერს აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგები არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს. კერძოდ, ამერიკის ორი შტატის - პენსილვანიისა და ტენესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გარდაცვლილი კანდიდატების მიერ ხმების მიღება არჩევნების სანდოობისა და დემოკრატიული პროცესების ეჭვქვეშ დაყენებისთვის გამოიყენეს. რეალურად, ორი გარდაცვლილი კანდიდატი ენტონი დელუკა და ბარბარა ლი კუპერი საარჩევნო ბიულეტენებში ნამდვილად ფიქსირდებოდნენ და ენტონი დელუკამ ხმების 85% ნამდვილად მიიღო, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის კონტექსტის გარეშე გაშუქება და ამით არჩევნების გაყალბებულად წარმოჩენა, ინფორმაციით მანიპულირების მაგალითია.

ენტონი დელუკა, რომელიც პენსილვანიის შტატში დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდა, 2022 წლის 9 ოქტომბერს ლიმფომით გარდაიცვალა. პენსილვანიის შტატის კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ჩანაცვლება ახალი კანდიდატით უკვე დაბეჭდილ ბიულეტენში არ არის შესაძლებელი. კანდიდატების მიერ სიიდან თავიანთი თავის ამოწერის ბოლო ვადა 2022 წლის 15 აგვისტო იყო. 28 ოქტომბერს კი გადაცემული სიების შესაბამისად ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო. შესაბამისად, დემოკრატიულმა პარტიამ 9 ოქტომბერს გარდაცვლილი ენტონი დელუკას ახალი კანდიდატით ჩანაცვლება ვერ შეძლო. პენსილვანიის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც დაბეჭდილი ბიულეტენიდან კანდიდატის სახელის ამოღებას და მის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს“.

დელუკამ არჩევნები 85,9%-ით მოიგო და მწვანეთა პარტიის კანდიდატი ქეიონა ლივინგსტონი დაამარცხა. შტატის კანონმდებლობის თანახმად, დელუკას ადგილის დასაკავებლად სპეციალური არჩევნები ჩატარდება.

რაც შეეხება ბარბარა ლი კუპერს, იგი ტენესის შტატში დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდა. კუპერი არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, 2022 წლის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა. ამ შემთხვევაშიც, ახალი კანდიდატურის დასახელების ვადები უკვე გასული იყო და შესაბამისად, სპეციალური არჩევნები მოგვიანებით დაინიშნება.

-----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი