რამდენიმე დღის წინ თბილისის მერ კახა კალაძეს ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა ავლაბრის მოედანზე დაგეგმილ მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს, რაზეც თბილისის მერმა უპასუხა: „კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს და მინიმალურად, თუნდაც ერთი პროცენტით პრობლემები შეუქმნას მოსახლეობას.

მანამდე, პარტია „მოქალაქის“ წარმომადგენელმა ალეკო ელისაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ავლაბრის მეტროსთან, მოედანზე დაგეგმილ მშენებლობაზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ ამ ადგილას სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე არის თანხმობა გაცემული. „მეტროს თავზე, მოედანზე არასდროს არაფერი აშენებულა“,- ამბობდა ალეკო ელისაშვილი.

„ფაქტ-მეტრი“ შეეცადა, გაერკვია ავლაბრის მოედანზე, მეტროს მიმდებარედ, რისი აშენება იგეგმება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ბრძანების მიხედვით, (პდფ1) სამ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე: საკადასტრო კოდი 01.17.010.011, მისამართი: ქეთევან წამებულის გამზირის დასაწყისი (ნაკვეთი 10/11), საკადასტრო კოდი 01.17.01.010.012, მისამართი: ქეთევან წამებულის გამზირის დასაწყისი (ნაკვეთი10/12) და საკადასტრო კოდი 01.17.01.010.048, მშენებლობის ნებართვა გაიცა. ნაკვეთების საერთო ფართობი 3201 კვ.მეტრია. აღნიშნული ნაკვეთების მესაკუთრე შპს „ეი-პი-ეს“-ია. ბრძანების მიხედვით, დასახელებულ ნაკვეთებზე სავაჭრო ცენტრი უნდა აშენდეს.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საპროექტო მიწის ნაკვეთი ავლაბრის მიმდებარედ, 3 მიწის ნაკვეთისგან შემდგარ კვარტალში მდებარეობს. კვარტალს აღმოსავლეთით და სამხრეთით ძირითადი ქუჩები ესაზღვრება, ხოლო ჩრდილოეთის და დასავლეთის მხრიდან შიგა საუბნო გზები. უშუალოდ საპროექტო მიწის ნაკვეთს, სამხრეთის მხრიდან მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა ესაზღვრება, დასავლეთის მხრიდან კი - ავლაბრის მეტროსადგური. მიწის ნაკვეთების მდებარეობა კიდევ უფრო მკაფიოდ საპროექტო ნაკვეთის გეგმაზე ჩანს.

პროექტის გეგმის მიხედვით, სავაჭრო ცენტრის საერთო ფართობი 10 389 კვ.მეტრი იქნება, საიდანაც 1 045კვ.მ საოფისე ფართი, 4 633 კვ.მ კომერციული ფართი, 66.7 კვ.მ საზაფხულო ფართი, 516.8 კვ.მ კიბის უჯრედის, 497.3 კვ.მ სასაწყობე, 445.9 დამხმარე ფართი და 3 184 კვ.მ ავტოსადგომის ფართი იქნება. საპროექტო შენობა 2 მიწისქვეშა და 3 მიწისზედა სართულისგან შედგება. - 2 სართულზე 93 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი იქნება განთავსებული, საიდანაც 4 შშმ პირისთვის იქნება განკუთვნილი. -1 სართულზე საცალო და საბითუმო ვაჭრობის მაღაზიები იქნება განთავსებული. შენობის მიწისპირა და პირველი სართული სავაჭრო, ხოლო მეორე სართულზე საოფისე სივრცეებს დაეთმობა.

როგორც აღვნიშნეთ, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს კითხვები დაგეგმილი მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

პროექტის უსაფრთხოება ორი საექსპერტო დასკვნით - საშენებელი სავაჭრო ცენტრის კონსტრუქციული ნაწილის და მშენებლობისთვის გამოყოფილი უბნის საინჟინრო გეოლოგიური კვლევებით არის დადასტურებული. ორივე საექსპერტო კვლევის დასკვნა დადებითია. პროექტის კონსტრუქციული ნაწილის შესახებ აღნიშნულია, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო და სეისმური ნორმების სრული დაცვით არის დამუშავებული და მშენებლობის ნებართვის მისაღებად ეძლევა რეკომენდაცია.

რაც შეეხება გეოლოგიურ კვლევას, აქაც ნათქვამია, რომ ტერიტორია საინჟინრო გეოლოგიური თვალსაზრისით მდგრადია და რაიმე საშიში გეოლოგიური პროცესების (მეწყერი, ზვავი და სხვა) განვითარება არ არის მოსალოდნელი. ასევე აღნიშნულია, რომ გრუნტის წყალი გამოსაკვლევ სიღრმემდე არ დაფიქსირებულა.

გენერალური გეგმის მიხედვით, დასახელებულ მიწის ნაკვეთებს საზოგადოებრივი-საქმიანი ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ განაშენიანების ინტენსივობის მაღალი ზონაა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაა დომინანტური.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ სავაჭრო ცენტრს შპს „ ეი-პი-ეს“-ი აშენებს. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს 2016 წელს არის დაარსებული და მისი დირექტორი დავით საგანელიძეა. რაც შეეხება კომპანიის მეწილეებს - შპს „G&G Invest“ და შპს „საბა პლუსი“ არიან, თითოეული მათგანი შპს „ეი-პი-ეს“-ის 50%-იანი წილის მფლობელია.

თავის მხრივ, შპს „საბა პლუსის“ დირექტორიც დავით საგანელიძეა, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ესტონური შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „First Telecom Trading“-ია.

რაც შეეხება შპს „G&G Invest“-ს, კომპანიის დირექტორი ბესიკ ორთოიძეა, 100%-იანი წილის მფლობელი კი კომპანია „ეიპი“.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მშენებლობა იგეგმება, კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობაა დაშვებული. პროექტს თან ერთვის ასაშენებელი ობიექტის კონსტრუქციული ნაწილის დადებითი საექსპერტო შეფასება და სამშენებლო უბნის გეოლოგიური კვლევა, რომელიც ასევე დადებითია და მშენებლობის ნებართვის რეკომენდაციას იძლევა. მიუხედავად აღნიშნულისა, დასახელებულ მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გარკვეული კითხვები და უნდობლობა მაინც არსებობს, რის საფუძველიც ბოლო დროს დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დროში გაწელილად მიმდინარეობს და არც ხარისხია მაინცდამაინც დამაკმაყოფილებელი. თანაც, სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში ვნახეთ პროექტი, რომლის საპროექტო ნაწილიც და უკვე დასრულებული სამუშაოების ხარისხიც საექსპერტო დასკვნის მიხედვით დადებითად იყო შეფასებული და ამის მიუხედავად, მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გარდა აღნიშნულისა, მოედანზე, მეტროს მიმდებარედ სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დედაქალაქში ბოლო დროს ისედაც გაზრდილ მობილობას კიდევ უფრო გაზრდის, რამაც საბოლოოდ შესაძლოა აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება გაართულოს.

„ფაქტ-მეტრი“ პროექტის მიმდინარეობას თვალს მიადევნებს და სიახლეებს მკითხველს მიაწვდის.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი