4 ნოემბერს „ალტ-ინფოს“ გადაცემაში „დღის კომენტარი 13:00 საათზე“ რამდენიმე კონსპირაცია გავრცელდა, მათ შორის, კოვიდ პანდემიის, უკრაინაში მიმდინარე ომისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. „ფაქტ-მეტრმა“ შეისწავლა აღნიშნული მტკიცებები. შედეგად, აღმოჩნდა, რომ გავრცელებული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მტკიცება 1: ბაიდენს ალცჰაიმერი აქვს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „დღის კომენტარის“ წამყვანმა მარიკა კუბლაშვილმა პირდაპირ ეთერში შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყალბი მტკიცება გაავრცელა. კერძოდ, გადაცემის მსვლელობისას ის ამტკიცებდა, რომ ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტს ალცჰაიმერი აქვს: „არცერთ პრეზიდენტს არ ჰქონია ასეთი... ნუ ალცჰაიმერი აქვს ადამიანს, ახლა, ესეც ხომ ფაქტორია“. ჟურნალისტის მიერ გავრცელებული მტკიცება მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს რომ ბაიდენს, თითქოს, სიბერისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პრეზიდენტის მოვალეობის ადეკვატურად შესრულება არ შეუძლია.

ალცჰაიმერი დემენციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა, რომლისათვისაც დამახასიათებელია მეხსიერებისა და აზროვნების დარღვევა. თუმცა, გერიატრიის (გერიატრია შეისწავლის სიბერის გამომწვევ მიზეზებს, თავისებურებებსა და მკურნალობის მეთოდებს) ექსპერტების თანახმად, ჯო ბაიდენს ალცჰაიმერის არავითარი მახასიათებელი არ აღენიშნება.

80 წლის პრეზიდენტი ბაიდენი ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა. ხოლო მისი „შემეცნებითი უნარების დაქვეითების“ შესახებ დეზინფორმაცია მის გაპრეზიდენტებამდეც კი ვრცელდებოდა და მიზნად ისახავდა, დაემტკიცებინა, რომ ბაიდენი მისი ასაკისა და სიბერისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამო პრეზიდენტობისთვის შეუფერებელი კანდიდატი იყო. ბაიდენის ჯანმრთელობის დარღვევაზე, 2020 წელს Fox News-ის ანალიტიკოსმა ბრიტ ჰიუმმა თქვა, რომ ბაიდენს დემენციის აშკარა ნიშნები ჰქონდა. ასევე, 2022 წლის ივლისში ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენს, რომელსაც Covid-19 მეორედ დაუდასტურდა, მისმა ექიმებმა „არასწორი დიაგნოზი დაუსვეს“ და „ამის მაგივრად, მას დემენცია აქვს“.

აღნიშნულის გადამოწმების მიზნით, New York Times-ი გერიატრიის 10 ექსპერტს დაუკავშირდა, რომლებმაც შეისწავლეს ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაცია და განაცხადეს, რომ „ბაიდენი გამოირჩევა სოციალური ინტერაქციით, არის განათლებული და აქვს აქტიური სამუშაო, რომელიც ბევრ აზროვნებას მოითხოვს, არის დაქორწინებული და ჰყავს ძლიერი ოჯახი - ეს ყველაფერი ის ფაქტორებია, რომლებიც, კვლევების თანახმად, იცავენ ადამიანს დემენციისგან და ხელს უწყობენ მის ჯანსაღ დაბერებას“. ბაიდენის სიბერესთან დაკავშირებული განცხადებების გადამოწმების მიზნით გერიატრიის ექსპერტს დაუკავშირდა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Politifact-იც. აღმოჩნდა, რომ გერიატრიის ცნობილი ექსპერტის, დონალდ იურივიჩის თანახმად, ბაიდენს დემენციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის დეკემბერში ბაიდენის ექიმმა, პრეზიდენტის მოთხოვნით, მისი სამედიცინო და ქირურგიული ისტორიაც გამოაქვეყნა. „ვიცე პრეზიდენტი ბაიდენი არის ჯანმრთელი, ენერგიული, 77 წლის მამაკაცი, რომელსაც შეუძლია წარმატებით შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები“, - წერს კევინ ო. კონორი, ბაიდენის ექიმი 2009 წლიდან და GW Medical Faculty Associates-ის მედიცინის აღმასრულებელი დირექტორი.

ამდენად, მტკიცება, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ალცჰაიმერი აქვს და საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია, ყალბია.

მტკიცება 2: ზელენსკიმ დიდი ოცეულის შეხვედრაზე თქვა რომ ომი არ უნდა დასრულდეს

ვერდიქტი: მცდარი

ლალი მოროშკინა „ალტ-ინფოს“ გადაცემაში ამტკიცებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15-16 ნოემბერს გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე განაცხადა, რომ ომი უნდა გაგრძელდეს.

სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება მანიპულაციურია და ზელენსკის მიმართვის ძირითად ასპექტებს კონტექსტს მიღმა ტოვებს. ზელენსკიმ ინდონეზიაში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე გაკეთებული მიმართვისას განაცხადა, რომ მას რუსეთის აგრესიული ომის სამართლიანად, გაეროსა და საერთაშორისო სამართლის წესდების საფუძველზე დასრულება სურს. პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ყოველთვის იჩენდა ძალისხმევას მშვიდობის მისაღწევად, თუმცა, ახლა უკრაინას არავინ უნდა შესთავაზოს კომპრომისზე წასვლა მის სუვერენიტეტთან, ტერიტორიასა და დამოუკიდებლობასთან.

„მე მინდა, რომ რუსეთის აგრესიული ომი სამართლიანად და გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე დასრულდეს. არა „რამენაირად“ - გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერესის ფორმულირების მიხედვით. უკრაინას არ უნდა შესთავაზონ კომპრომისებზე წასვლა მის სინდისთან, სუვერენიტეტთან, ტერიტორიასთან და დამოუკიდებლობასთან. ჩვენ პატივს ვცემთ წესებს და ჩვენ სიტყვის ხალხი ვართ. უკრაინა ყოველთვის იჩენდა ძალისხმევას მშვიდობის მისაღწევად და მსოფლიოც იყო ამის მოწმე. და, თუ რუსეთი იტყვის, რომ ამ ომის დასრულება სურს, საქმით დაამტკიცოს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

დიდი ოცეულის სამიტზე მიწვეული იყო პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც, თუმცა პუტინის ნაცვლად სამიტს, სერგეი ლავროვი დაესწრო. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ კიევი უარყოფს მოსკოვთან იმ ტიპის მოლაპარაკებაზე წასვლას, როგორიც წლების წინ იყო. „როგორც ჩანს, რუსეთის სიტყვებს არ შეიძლება ენდო და არ იქნება მინსკი 3, რომელსაც რუსეთი ხელმოწერისთანავე დაარღვევს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ამდენად, მტკიცება იმის შესახებ, რომ ზელენსკიმ დიდი ოცეულის სამიტზე ომის გაგრძელების სურვილი გამოთქვა, მცდარია. უკრაინის პრეზიდენტმა, სინამდვილეში, განაცხადა, რომ ომი სამართლიანად უნდა დასრულდეს და არა უკრაინის ტერიტორიის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სანაცვლოდ.

მტკიცება 3: საქართველოში ჩიყვის გავრცელება ხელოვნურად ხდება და ლაბორატორიულ სამუშაოებს უკავშირდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ლალი მოროშკინა „ალტ-ინფოს“ გადაცემაში იმასაც ამტკიცებს, რომ საქართველოში ჩიყვის გავრცელება ლაბორატორიულ სამუშაოებს უკავშირდება, სადაც მიმდინარე კვლევები, მისი თქმით, გაუმჭვირვალე და ბუნდოვანია, ხოლო, როგორც მოროშკინა აღნიშნავს, წარმოუდგენელია მზიან ქვეყანაში, სადაც დიდი რაოდენობით იოდია, ჩიყვი ჰქონდეს ყველას: „სხვათა შორის უკრაინაში ანალოგიურ ხდება იქ სადაც ასეთი ლაბორატორიები იყო… ჩვენი ძალიან კარგი და გამოცდილი ექიმები, მე მამა ექიმი მყავდა და მამის მეგობრებისგან ვიცი, რომ ითხოვდნენ შესვლას ლაბორატორიაში, მაგრამ ვერ შევიდნენ, რომ გაეგოთ რა ხდება ასეთი საქართველოს ტერიტორიაზე, რომ როგორ შეიძლება ჩიყვი ჰქონდეს ყველას.. ეს ხომ წარმოუდგენელია მზის ქვეყანაში, სადაც ამდენი იოდია, [მარიკა კუბლაშვილის ჩართვა - თან რატომ არ ჰქონდა 80-იან წლებში და 70-იან წლებში] ანუ ეს არ არის ჩვენი გენეტიკური დაავადება ქართველების“, - აცხადებს ლალი მოროშკინა.

სინამდვილეში, საქართველოში ჩიყვის გავრცელება არა ლაბორატორიულ სამუშაოებს, არამედ, ძირითადად, სწორედ იოდდეფიციტს უკავშირდება, რაც ხშირია იოდდეფიციტის ენდემურ ზონებში. ასეთ შემთხვევაში, ამ პათოლოგიას ენდემური ჩიყვი ეწოდება.

ტერმინი ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდებას ეწოდება. არსებობს მრავალი პათოლოგია, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას იწვევს, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი იოდის ნაკლებობაა და მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანია იოდდეფიციტის რისკის ქვეშ. იოდდეფიციტური დარღვევები ენდემურია და გამოწვეულია იოდის დაბალი დონით წყალში, ნიადაგსა და შესაბამისად, საკვებშიც, რაც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში წყალსა და ნიადაგში იოდის შემცველობაზე ჩატარებულმა მონიტორინგმა დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები საქართველოსთვის ყოველთვის სამხარეო პათოლოგიას განეკუთვნებოდა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიანი რაიონები ოდითგანვე ენდემიის კერებად იყო ცნობილი. 1996 წელს საქართველოში იოდდეფიციტით გამოწვეული პათოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლისთვის იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა, რომლის მიზანი სხვადასხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებით იოდდეფიციტური დაავადებების მართვა იყო, რაც უზრუნველყოფდა დაავადების გავრცელების შემცირებას და მომავალში მის მინიმუმამდე დაყვანას. პროგრამის შედეგად, 1997-2006 წლებში ენდემური ჩიყვის გავრცელება ბავშვთა შორის 54-დან 32.9%-მდე შემცირდა. 2007 წელს „იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა პროფილაქტიკის“ სახელმწიფო პროგრამა გაუქმდა.

იოდის დეფიციტი ყველაზე მეტად მთიან რაიონებში მცხოვრებ ადამიანებშია გავრცელებული, სადაც ნიადაგი და, შესაბამისად, საკვები და წყალი იოდს ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს. იოდდეფიციტი ყველაზე ნაკლებად ვლინდება სანაპირო რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებში, სადაც ნიადაგი ხშირად დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს და სადაც იოდით მდიდარ ზღვის პროდუქტებს მოიხმარენ. იოდდეფიციტის თავიდან აცილება იოდის ადეკვატური რაოდენობით მიღებითაა შესაძლებელია, რაც ყველაზე ხშირად სუფრის მარილში იოდის დამატებით მიიღწევა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების მიხედვით აღმოჩნდა, რომ საქართველოს აქვს მარილის უნივერსალური იოდირების საკმაოდ ეფექტური პროგრამა, რომელიც მოსახლეობის 90%-ზე მეტს ფარავს და ხარისხიანი იოდიზებული მარილის მიწოდების შედეგად საკვებში იოდის ოპტიმალური დონე მიიღწევა. 2017 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და UNICEF-საქართველოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარებული იოდის ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში შინამეურნეობის 90%-ზე მეტი - როგორც ბარის, ისე მაღალმთიანი რეგიონის დასახლებებში, სათანადოდ იოდიზებულ მარილს მოიხმარს.

ამდენად, ლალი მოროშკინას მტკიცება, რომ საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ხელოვნურადაა გამოწვეული და ლაბორატორიულ სამუშაოებს უკავშირდება, საფუძველსაა მოკლებული და ყალბია.

მტკიცება 4: რეალურად, კოვიდი არ არსებობდა ეს იყო ბიოლოგიური იარაღი, რომელსაც მოჰყვა ომი და ეს განმეორებადი პროცესია - მოხდა 100 წლის წინაც, მიზანია გლობალისტების მიერ ეკონომიკური გადალაგება და მოსახლეობის შემცირება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

„ალტ-ინფოს“ გადაცემაში ლალი მოროშკინას მიერ გავრცელდა კიდევ ერთი ყალბი მტკიცება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, კორონავირუსის პანდემიის მსგავსად, გლობალური ელიტების მიერ დაწერილი სცენარის ნაწილია. რეალურად, აღნიშნული მტკიცება საფუძველს მოკლებულია და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს. მისი მიზანი საზოგადოების დარწმუნებაა, რომ, თითქოს, COVID-19-ის პანდემია და უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული „ჰიბრიდული ომის“ ნაწილია, რათა ახალი მსოფლიო გადანაწილება მოხდეს.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე, 2020 წელს, შეთქმულების თეორეტიკოსებმა აქტიურად დაიწყეს ყალბი და კონსპირაციული თეორიების გავრცელება, რომ თითქოს პანდემია გლობალური ელიტების მიერ წინასწარ გაწერილი სცენარის ნაწილს წარმოადგენდა. აღნიშნული გლობალური გეგმის მთავარ მიზნებად კი მსოფლიო მოსახლეობის შემცირებასა და ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას ასახელებდნენ. შეთქმულების თეორიების მორიგი ტალღა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნასაც მოჰყვა. გავრცელებული მტკიცებებით, ვაქცინები ადამიანებს გენეტიკურ კოდს შეუცვლიდა და სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემას შეუქმნიდა, რის შედეგადაც რამდენიმე წელიწადში მოსახლეობის დიდი ნაწილი გარდაიცვლებოდა. ბუნებრივია, ზემოთ აღნიშნული მტკიცებები ყალბია და მათ არც ფაქტობრივი და არც მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია.

შეთქმულების თეორეტიკოსებმა, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყება გლობალური ელიტებისა და მმართველი ძალების მიერ შედგენილი გეგმის ნაწილად და კორონავირუსის პანდემიის გაგრძელებად მოიხსენიეს. გაჟღერდა თეორიაც, რომ COVID-19-ის პანდემია და უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიო მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული „ჰიბრიდული ომის“ ნაწილია. რეალურად, დღეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს არავითარი კავშირი არ აქვს „გლობალისტების“ მიერ წინასწარ გაწერილ გეგმასთან, რომელიც COVID-19-ის პანდემიით დაიწყო. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის შედეგი რუსეთის და კონკრეტულად, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებისა, საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებისა და გაფრთხილებების (მაგალითად, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი) მიუხედავად დაეწყო არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ, „დემილიტარიზაციისა“ და „დენაციფიკაციის“ ყალბი საბაბით.

შესაბამისად, მტკიცება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, კორონავირუსის პანდემიის გაგრძელებას და საერთო ჯამში გლობალისტების მიერ წინასწარ გაწერილი გეგმის ნაწილს წარმოადგენს, შეთქმულების თეორიაა. მისი მიზანი საზოგადოების დარწმუნებაა, რომ თითქოს COVID-19-ის პანდემია და უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული „ჰიბრიდული ომის“ ნაწილია, რათა მოსახლეობის შემცირება და ახალი მსოფლიო გადანაწილება მოხდეს.

---------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი