8-9 ნოემბერს ალტ-ინფოს ეთერში 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაციული მტკიცება გავრცელდა. განცხადებების ავტორების მტკიცებით, არც უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს და არც ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ისეთი რეაქცია არ ჰქონიათ, როგორიც მათ დღესდღეობით აქვთ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.

მტკიცება 1: თუკი ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზეა საუბარი რაღაცა არ მახსენდება 7 ნოემბერს როდესაც გადაუარა ხელისუფლებამ საქართველოში 15 წლის წინ ქართველებს, მაშინ რამე სახის შეშფოთება გამოეხატათ [ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს]. არ მახსოვს, მაშინ რამე სახის შეშფოთება გამოეხატათ. პირიქით მხარი დაუჭირეს და ე.წ „გააპრავეს“ კიდეც ეს ქმედება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აღნიშნული განცხადება დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა 9 ნოემბერს გააკეთა „ალტ-ინფოს“ ეთერში, გადაცემაში „დღის კომენტარი“.

2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქცია პოლიციამ წყლის ჭავლის, ცრემლმდენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, აქციაზე გამოყენებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღიც. იმავე დღეს სპეცრაზმელები შეიჭრნენ ტელეკომპანია „იმედში“, რასაც შედეგად ტელევიზიის დროებით დახურვა, მოგვიანებით კი მისი მფლობელისთვის წართმევა მოჰყვა. დარბევას, რომელსაც საერთო ჯამში 500-ზე მეტი ადამიანის დაშავება მოჰყვა, წინ უძღოდა რამდენიმედღიანი ფართომასშტაბიანი აქციები, რომლის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადადგომა იყო.

7 ნოემბრის მოვლენებს მწვავე შეფასებები მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ არსებული ორგანიზაციებისგან და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.

ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ზღვარგადასულად შეაფასა ხელისუფლების ქმედებები. ორგანიზაციის შეფასებით, 7 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებამ გამოააშკარავა, თუ რაოდენ არამყარი იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა. Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის იმჟამინდელი დირექტორის, ჰოლი კარტნერის შეფასებით, „7 ნოემბერს პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად გამოყენებული საშუალება იყო არალეგიტიმური. საპროტესტო აქციის დარბევამ სერიოზული ზიანი მიაყენა საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ჩემპიონი ქვეყნის რეპუტაციას“.

7 ნოემბრის მოვლენები მკაცრად შეაფასეს ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ, ეუთომ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა.

ევროპარლამენტის 2007 წლის 29 ნოემბრის რეზოლუციის თანახმად, „ოპოზიციის მიერ მოწყობილი ექვსდღიანი მიტინგი გადაიზარდა ძალადობაში მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა გადამეტებული ძალა გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად. წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებამ ზიანი მიაყენა ხუთას ადამიანს, რომელთა შორის იყო საქართველოს სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი“.

ევროპარლამენტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივი ჩახშობისა და დამოუკიდებელი მედიის დახურვის გამო. ასევე, ხელისუფლებას ძალადობრივი ქმედებების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.

7 ნოემბრის მოვლენები დაგმობილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 24 იანვრის რეზოლუციაშიც. დოკუმენტის თანახმად, მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივმა დაშლამ და ორი ოპოზიციური ტელევიზიის გაჩუმებამ საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია შელახა როგორც მისი მოსახლეობის თვალში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

7 ნოემბრის მოვლენებს გამოეხმაურა NATO-ს იმჟამინდელი გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი. „საგანგებო რეჟიმის დაწესება და მედია საშუალებების დახურვა საქართველოში, პარტნიორ ქვეყანაში, რომელთანაც ალიანსს აქვს ინტენსიური დიალოგი, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს და არ შეესაბამება ევროატლანტიკურ ღირებულებებს“, - აღნიშნა მან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცება, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს შეშფოთება არ გამოუხატავთ, ან, უფრო მეტიც, ამ დღესთან დაკავშირებით გაამართლეს ხელისუფლების ქმედებები, სიმართლეს არ შეესაბამება.

მტკიცება 2: მაშინ [7 ნოემბრის აქციის დარბევისას, ტვ „იმედის“ დარბევისას ] მე არ მახსოვს მსგავსი დამოკიდებულება და საჩივრების გაგზავნა სადღაც ევროპებში თუ ამერიკებში

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა რევაზ კილასონიამ 8 ნოემბერს გააკეთა „ალტ-ინფოს“ ეთერში, გადაცემაში „დღის კომენტარი“. მან 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები და 2007 წლის 7 ნოემბრის დემონსტრაციების დაშლა ერთმანეთს შეადარა და შეეცადა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ 2007 წელს, წინა ხელისუფლების პირობებში, არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელისუფლების მხრიდან ძალადობაზე ისეთი რეაქცია არ ჰქონიათ, როგორიც მათ დღესდღეობით აქვთ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სტრატეგიული პარტნიორებისგან გარდა, 7 ნოემბრის მოვლენებს მწვავე შეფასებები მოჰყვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მხრიდან. ისინი საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე სხვადასხვა განცხადებებსა თუ ანგარიშებში აქტიურად მიუთითებდნენ.

• „საქართველოს ახალგარზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადება – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 7 ნოემბერს მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევას გმობს, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლების უხეშ დარღვევას!“ ამავე განცხადებაში, საია მოუწოდებს ხელისუფლების ორგანოებს მოხდეს ადეკვატური რეაგირება შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვაზე და კანონის წინაშე პასუხი აგონ იმ თანამდებობის პირებმა, რომელთა გადაწყვეტილების შედეგად მოხდა ამ ფუნდამენტური უფლების შელახვა.

• „საქართველოს ახალგარზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადება - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოში გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ტელერადიო კომპანიას “იმედი”, ტელეკომპანიებს “კავკასია” და “25-ე არხი” ჯერ კიდევ შეჩერებული აქვთ მაუწყებლობა“. განცხადებაში, საია მოითხოვს დაუყოვნებლივ აღუდგეს მაუწყებლობა სამივე ტელე და რადიო კომპანიას და დაუყოვნებლივ მიეცეს აღნიშნულ ქმედებებს სამართლებრივი შეფასება.

• არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება - 2007 წლის 7 ნოემბერსვე 10-ზე მეტმა ორგანიზაციამ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში დემოკრატიის გადარჩენისკენ მოუწოდა.

„ჩვენ, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დიქტატურის დამყარების მცდელობა, რის გამოც მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, დაეხმაროს ქართველ ხალხს დემოკრატიის გადარჩენაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

• „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიში - ანგარიში აღწერს 7 ნოემბრის მოვლენებს, მოითხოვს მათ ობიექტურ გამოძიებას, დამნაშავეთა დასჯასა და ტელეკომპანია „იმედისთვის“ ზარალის ანაზღაურებას.

რაც შეეხება უშუალოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვას, 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგში არაერთი საჩივარი გაიგზავნა. ერთ-ერთი საჩივარი ეკუთვნოდა „ხალხის პარტიის“ ყოფილ ლიდერსა და საქართველოს პარლამენტის არაერთი მოწვევის დეპუტატს, კობა დავითაშვილს, რომელიც 7 ნოემბერს ხელისუფლების მხრიდან აქციის ძალადობრივად დაშლის დროს ერთ-ერთი დაზარალებული იყო. მის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ იცავდა. აღნიშნული ორგანიზაცია და მისი ადვოკატი, ლია მუხაშავრია, სტრასბურგის სასამართლოში 7 ნოემბერს დაზარალებული სხვა პირების ინტერესებსაც წარმოადგენდა.

ასევე, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ დახმარებით შეადგინეს სარჩელი ტელე და რადიოკომპანია იმედის ჟურნალისტებმაც. საქმეში, რომელიც ცნობილია, როგორც ე.წ. იმედის ჟურნალისტების საქმე, მოსარჩელეები ჩიოდნენ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს პოლიციამ, რომელიც ტვ იმედის შენობაში შეიჭრა, დაარღვია მათი უფლებები, ხოლო სასამართლომ დროულად არ გამოიძია ეს შემთხვევები. თუმცა, საბოლოოდ, სასამართლოს მიერ სარჩელი დაუშვებლად იქნა გამოცხადებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დეზინფორმაციულია „ალტ-ინფოს“ ეთერში გაჟღერებული გზავნილი, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით არ ჰქონიათ კრიტიკული რეაგირება, საერთაშორისო საზოგადოებისთვის არ მიუმართავთ, ან უშუალოდ სტრასბურგის სასამართლოსთვის. სინამდვილეში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს საკმაოდ მწვავე რეაქცია და შეფასებები ჰქონდათ 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლასა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევასთან დაკავშირებით.

------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი