ირაკლი კობახიძე: 400 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე, 3-4 წლის განმავლობაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

რეზიუმე: 2021 წლის მონაცემებით (1), საქართველოს მოსახლეობის 17.5%, მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით, დაახლოებით 645.5 ათასი ადამიანი, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 2018 წელთან შედარებით, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით - 103 ათასით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 171.3 ათასით არის შემცირებული.

ირაკლი კობახიძე სიღარიბის მაჩვენებლებზე საუბრისას არა რეალურ მონაცემებს, არამედ ვარაუდს ეყრდნობა. მისი მტკიცებით, წლის ბოლოს სიღარიბის ზღვარს მიღმა 450 ათასზე ნაკლები ადამიანი იქნება. აღნიშნული გათვლები დაუსაბუთებელია და კონკრეტულ მონაცემებს არ ეყრდნობა. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენციას თუ გავაანალიზებთ, ნათელია, რომ აღნიშნული პროგნოზი რეალობას აცდენილია. სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 200 ათასი ადამიანით არათუ 1-წლიან, არამედ 3-4 წლიან პერიოდშიც კი არ შემცირებულა (აქვე აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძის პროგნოზის დაშვების შემთხვევაშიც კი, 3-4 წლიან პერიოდში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა 400 ათასით ვერ იქნება შემცირებული).

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „2030 წლისთვის სიღარიბე განულდება“, რაც აბსურდული მტკიცებაა. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც სიღარიბის დონე 0-ის ტოლია და ღარიბი ადამიანები არ არსებობენ.

ქვეყანაში სიღარიბის შემცირების მხრივ გარკვეული დადებითი ტენდენცია გვაქვს, თუმცა ირაკლი კობახიძის განცხადებაში დასახელებული რიცხვები სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, პროგნოზები და გათვლები, რომლებზეც ის საუბრობს, დაუსაბუთებელი და არარეალურია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს, როგორც მეტწილად მცდარს.

ანალიზი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რომლის საილუსტრაციოდაც სიღარიბის ოფიციალურ მაჩვენებლებზე მიუთითებს. „სულ რაღაც 3-4 წლის წინ საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 850 000 ადამიანი, ამ წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი იქნება 450 000- ზე ნაკლები, ანუ 400 000- მა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 3-4 წლის განმავლობაში, ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები... 3-4 წელი დასჭირდა, რომ განახევრებულიყო სიღარიბე, რამდენიმე წელი კიდევ დასჭირდება, რომ განულდეს სიღარიბე... 2030 წელს ჩვენ საბოლოოდ მოვახერხებთ სიღარიბის განულებას ქვეყანაში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

საქართველოს ეროვნული სიღარიბის მაჩვენებელი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აქვეყნებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ასახავს. აბსოლუტური სიღარიბის გაანგარიშების მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ „საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდს“ ეფუძნება, სიღარიბის ზღვრად აღებულია საარსებო მინიმუმი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ. ირაკლი კობახიძე განცხადებისას სწორედ აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ მოსახლეობაზე საუბრობს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 17.5%, მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით, დაახლოებით 645.5 ათასი ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. სამწლიან პერიოდში, ანუ 2018 წელთან შედარებით, სიღარიბის დონე 2.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში აბსოლუტურ სიღარიბეს დაახლოებით 103 ათასამდე ადამიანმა დააღწია თავი. ოთხწლიან პერიოდს თუ განვიხილავთ, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 171.3 ათასით (4.4 პროცენტული პუნქტით) შემცირდა.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, წლის ბოლოს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა 450 ათასზე ნაკლები იქნება. აღნიშნული გათვლები დაუსაბუთებელია და კონკრეტულ მონაცემებს არ ეყრდნობა, ამავდროულად არარეალურიცაა. იმისთვის, რომ წლის ბოლოს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 450 ათასზე ნაკლები იყოს, სიღარიბის დონე მინიმუმ, 5.5 პროცენტული პუნქტით, ანუ 12%-მდე უნდა შემცირდეს. რაც ნიშნავს, რომ წლის ბოლოს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 200 ათასი ადამიანით ნაკლები უნდა იყოს. განვლილი წლების სტატისტიკა (იხილეთ გრაფიკი 1) ნათლად აჩვენებს, რომ ერთწლიან პერიოდში სიღარიბის დონის მსგავსი შემცირება არარეალურია. აქვე აღსანიშნავია, რომ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 200 ათასი ადამიანით არათუ 1-წლიან, არამედ 3-4 წლიან პერიოდშიც კი არ შემცირებულა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკის ზრდას და შესაბამისად, სამუშაო ადგილების ზრდას, რასაც ლოგიკურად მოჰყვება შემოსავლების ზრდა, სიღარიბის დონის შემცირებაზე გავლენა ექნება. თუმცა არა იმ მასშტაბის, რაზეც ირაკლი კობახიძე საუბრობს.

აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სიღარიბის შემცირება უმეტესწილად სოციალური ტრანსფერების ზრდით იყო განპირობებული და არა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 2021 წელს დასაქმების პარამეტრები არ გაუმჯობესებულა, პირიქით - უმუშევრობის დონე მკვეთრად გაიზარდა. ამასთან, გასულ წელს ქვეყანაში რეალური საშუალო თვიური ხელფასი შემცირდა. ზოგადად უკიდურესი სიღარიბის შემცირებაზე დიდი გავლენა სოციალურ დახმარებებს აქვს, რადგან თუ ადამიანს არსებობისთვის აუცილებელ მინიმუმი გააჩნია, ის სტატისტიკურად ღარიბად არ მიიჩნევა. 2021 წელს სიღარიბის შემცირება სწორედ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდამ, ბავშვთა ფულადი დახმარების ზრდამ და სხვა სოციალურმა ბენეფიტებმა განაპირობა (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან

წყარო: საქსტატი; ავტორის გამოთვლები

მოსახლეობის კეთილდღეობაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მხოლოდ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლებზე ამახვილებს ყურადღებას და უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა რეკორდულად, ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 18% - ანუ 665 ათასზე მეტი ადამიანი, არის სოციალურად დაუცველი, ანუ ფულადი საარსებო შემწეობის მიმღები.

ირაკლი კობახიძის პროგნოზი კიდევ უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ 2030 წლისთვის სიღარიბე განულდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სიღარიბის შემცირების მხრივ, გარკვეული დადებითი ტენდენცია გვაქვს, აღნიშნული მტკიცება აბსურდულია. მსოფლიოში ვერ მოიძებნება ქვეყანა, სადაც სიღარიბის დონე 0-ის ტოლია და ღარიბი ადამიანები არ არსებობენ.

(1) - მიმდინარე წლის მონაცემები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი