დეზინფორმაცია: ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვამ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქვეყანას დემოგრაფიული, ეკონომიკური თუ სოციალური პარამეტრების გაუარესება მოუტანა.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელმა „ეროვნული საქართველო“ სოციალურ ქსელში გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს პრო-დასავლურმა კურსმა, ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვამ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქვეყანას დემოგრაფიული, ეკონომიკური თუ სოციალური პარამეტრების გაუარესება მოუტანა. ამის საილუსტრაციოდ 2021 წლის მონაცემები 1991 წლის მაჩვენებლებთან არის შედარებული. აღნიშნული მონაცემები „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა.

მტკიცება, თითქოს პროდასავლურმა კურსმა ქვეყნის უკუსვლა გამოიწვია, არის მანიპულირება და რუსული პროპაგანდის ნაწილი. სხვადასხვა დემოგრაფიული, ეკონომიკური თუ სოციალური პარამეტრების გაუარესება, რაც ძირითადად 90-იან წლებზე მოდის, ომისა და ტერიტორიების დაკარგვის შედეგი იყო. გავრცელებულ პოსტში, გარდა მანიპულაციური მტკიცებებისა, არის ფაქტობრივი უზუსტობებიც, ამასთან, რიგ შემთხვევაში მონაცემები არ არის შედარებადი.

მტკიცება 1: საქართველოს მოსახლეობა 1991 წელს 5,4 მლნ იყო, 2021 წელს კი - 3,7 მილიონი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში საბჭოთა კავშირის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით მიღებულ მონაცემებზეა საუბარი, რომელიც 1989 წელს ჩატარდა. იმ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე 5.4 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. 1991 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები კი არ მოიპოვება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 მლნ 688 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქვე უნდა განვმარტოთ, რომ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ მოიცავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.

90-იან წლებში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რაც განპირობებული იყო ტერიტორიების დაკარგვითა და ომის შემდგომ ქვეყნიდან მაღალი ემიგრაციული ნაკადებით. 2 000-იანი წლების დასაწყისში ქვეყნის მოსახლეობა 3.9 მლნ-ს შეადგენდა. მოსახლეობის კლების დინამიკა შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდა, დღეს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა ისტორიულ მინიმუმამდეა ჩამოსული, რაც ძირითადად განპირობებულია გარე მიგრაციული ნაკადებითა და შობადობის შემცირებით.

თავად ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 90-იანი წლებიდან დღემდე მკვეთრად შემცირდა სიმართლეს შეესაბამება, თუმცა მტკიცება, რომ აღნიშნული პრო-დასავლური კურსის შედეგია მანიპულაციურია.

მტკიცება 2: სიღარიბის ზღვარს მიღმა 1991 წელს მოსახლეობის 1% ცხოვრობდა, 2021 წელს კი - 15%

90-იანი წლებში საქართველოში სიღარიბე მკვეთრად გაიზარდა, რაც ომთან, ტერიტორიების დაკარგვასთან და ღრმა ეკონომიკურ კრიზისთან პირდაპირ კავშირში იყო. შემდგომ პერიოდში კი სიღარიბის დონე კვლავ შემცირდა. სიღარიბე არაა მხოლოდ უკანასკნელი 30-წლიანი პერიოდის გამოწვევა. მტკიცება, რომ 1991 წელს საქართველოს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები ცხოვრობდა სიღარიბეში, მცდარია. ხოლო მტკიცება, რომ პროდასავლურმა კურსმა გაგვაღარიბა აბსურდულია და რუსული პროპაგანდის ნაწილია.

გაეროს განვითარების პროგრამის 2009 წლის ანგარიშის თანახმად, 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს მოსახლეობის 10% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. 2002 წელს უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელმა 38%-ს მიაღწია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 17.5% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ეს მაჩვენებელი 2004-2005 წლებში დაახლოებით 35%-ს შეადგენდა. სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა დღემდე, თუმცა ფაქტია, რომ სიღარიბის დონე მცირდება.

შესაბამისად, განცხადების ეს ნაწილი არის ყალბი ამბავი.

მტკიცება 3: ტერიტორია 1991წ. 69 000კმ ² - 2021წ. 54 000 კმ² (დღემდე გრძელდება რუსული ოკუპაცია)

ტერიტორიების დაკარგვისა და რუსეთთან კონფლიქტების გამართლება საქართველოს პროდასავლური კურსით რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ხერხია. ამ ნარატივის მთავარი ხაზია ის, რომ რუსეთი ცდილობს საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს და არ დაუშვას მის საზღვრებთან ნატოს მიახლოება. რუსეთის პოზიციის შესაბამისად, ეს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთის არსებობას. თუმცა, სინამდვილეში, საქართველოში რუსეთის ხელშეწყობით საომარი კონფლიქტები მანამდე მოხდა, სანამ ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების სურვილს ოფიციალურად გააკეთებდა. 2002 წელს ნატო-ს პრაღის სამიტზე საქართველომ გააკეთა ოფიციალური განაცხადი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტები 1990-იანების დასაწყისში, დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე შეექმნა. ამ კონფლიქტებში რუსეთი მხარს უჭერდა სეპარატისტულ მოძრაობებს. საბოლოო ჯამში, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია საქართველოს მხრიდან დასავლური კურსის გაჟღერებამდე მოხდა.

მეტიც, სოხუმის დაცემის შემდეგ (1993 წლის 27 სექტემბერი) საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ) შეუერთდა (1993 წლის დეკემბერი). [1] ამის მიუხედავად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ წინსვლა არ გვქონია. საქართველო დსთ-ს მხოლოდ 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ ტოვებს.

ამგვარად, საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტები და აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო ოკუპაცია საქართველოს მიერ პროდასავლური კურსის გაჟღერებამდე გაცილებით ადრე ხდება - ფაქტობრივად, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პარალელურად. შესაბამისად, ამ საკითხის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილთან დაკავშირება აბსურდული მტკიცებაა, სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბ ამბავს წარმოადგენს.

მტკიცება 4: ნარკომანი 1991 წელს 20 000 ათასზე ნაკლები - 2021 წელს 350 000 ათასზე მეტი

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სპეციალისტის განმარტებით, საქართველოში ნარკომომხმარებელთა ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს და კითხვის ამგვარი ფორმულირებაც არასწორია. არსებობენ აღრიცხვაზე მყოფი პირები, ასევე პირები რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო და კერძო ჩანაცვლების პროგრამებში, თუმცა თეორიული გაანგარიშებით, მიახლოებითი რიცხვის გამოთვლა შესაძლებელია.

ამავე ცენტრის ინფორმაციით, არაოფიციალური მონაცემებით, წლებია საქართველოში ინტრავენური ნარკოდამოკიდებულ პირთა რაოდენობა 50 000-ს აღწევს.

უფრო ზუსტი მონაცემი ჩანაცვლების თერაპიის პროგრამაში ჩართულ პირთა შესახებ არსებობს. საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა პირველად 2004 წელს გლობალური ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. აღნიშნული პროგრამა რამდენიმე ათეული პაციენტისთვის იყო განკუთვნილი და სრულად ფინანსდებოდა გლობალური ფონდის მიერ. პროგრამის ეფექტიანობიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის შემდეგ, 2008 წლიდან ჩვენს ქვეყანაში ამოქმედდა მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, რომელიც ხორციელდებოდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პრინციპით (პაციენტისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით). 2017 წლის ზაფხულიდან გაუქმდა თანადაფინანსების პრინციპი და აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა პაციენტებისთვის აბსოლუტურად უფასო გახდა.

დღეისათვის საქართველოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით 12 ათასზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს,

რაც შეეხება 1991 წლის სტატისტიკურ მონაცემს, არც ამ დროის ოფიციალური მონაცემი არსებობს.

როგორც აღვნიშნეთ, არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 7-ჯერ ნაკლები (50 000) ნარკომომხმარებელია, ვიდრე პოსტის ავტორი ასახელებს. გარდა ამისა, პოსტის ავტორი საქართველოში ნარკომომხმარებელთა რაოდენობის ზრდას ქვეყნის ევროპულ კურს უკავშირებს, რაც არასწორია. ნარკომომხმარებელთა რაოდენობის ზრდა მსოფლიო პრობლემაა, მათ შორის - საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთშიც.

აქედან გამომდინარე, პოსტში მოყვანილი რიცხვები ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია და მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს. ამასთან, აბსურდულია ნარკომანიის, როგორც პრობლემის საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირება. საბოლოო ჯამში, იქიდან გამომდინარე, რომ არსებული მტკიცება არ ეყრდნობა ფაქტობრივ საფუძველს და კონტექსტი განზრახ დამახინჯებულია, „ფაქტ-მეტრი“ მას აფასებს ვერდიქტით ყალბი ამბავი.

მტკიცება 5: ლუდომანი 1991 წელს 10 000-ზე ნაკლები, 2021 წელს - 700 000-ზე ნაკლები

საბჭოთა კავშირის დროს, მის შემავალ ქვეყნებში - მათ შორის საქართველოშიც, აზარტული თამაშები აკრძალული იყო, დასაშვები იყო მხოლოდ ლატარია.

აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, 1991 წელს აზარტულ მოთამაშეთა ოფიციალური სტატისტიკა არსებულიყო.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში დიდი რაოდენობით სამორინეები, ტოტალიზატორები და სლოტ-კლუბები გაიხსნა.

საქართველოში სათამაშო ბიზნესი კანონმდებლობით 2005 წლიდან რეგულირდება. მანამდე არსებობდა რამდენიმე ბრძანებულება, თუმცა კონკრეტული მარეგულირებელი წესები არ არსებობდა. დღესდღეობით, სათამაშო ბიზნესს სამი კანონი აწესრიგებს, ესენია: საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“.

მიმდინარე წლის მარტიდან საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდა, რაც მედიაში აზარტული თამაშების შესახებ რეკლამის განთავსების აკრძალვას ითვალისწინებს. ასევე, აზარტული თამაშების ბიზნესისთვის რეგულაციები კვლავ მკაცრდება. პარლამენტმა უკვე დაიწყო ახალი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომელიც გემზე კაზინოების აკრძალვას და ონლაინ აზარტული თამაშების მოწყობისთვის დამატებითი ნებართვის შემოღებას ითვალისწინებს. ცვლილებით, ყველა პირს ონლაინ თამაშობების მოსაწყობად ახალი ნებართვა დასჭირდება. კერძოდ, სანებართვო მოსაკრებელი თითოეული ონლაინ თამაშობების მოსაწყობად 100 000 ლარი იქნება. აზარტული თამაშობის ბიზნესს ვალდებულება აქვს 2023 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოსვლა და ნებართვების აღება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუას განმარტებით, აზარტული თამაშების შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებები Moneywall-ის პირობების მიხედვით შედის და ეს საკითხი ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მონიჭებასთანაც (12-პუნქტიან რეკომენდაციასთან) არის დაკავშირებული.

აზარტულ თამაშებში ჩართულთა ზუსტი სტატისტიკა არც ამჟამად არსებობს. გარკვეული მონაცემები სხვადასხვა კვლევებში ფიქსირდება. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, პრობლემური გემბლინგი მოზარდებსა და ახალგაზრდებში მზარდი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემაა როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მსოფლიო მონაცემების მიხედვით, მოზარდებში გემბლინგის (აზარტული თამაშების) გავრცელების მაჩვენებელი ზრდასრულების მაჩვენებელს 2-4 ჯერ აღემატება, ხოლო 12-დან 17 წლის ასაკის მოზარდების 8%-მდე პათოლოგიური მოთამაშეა.

როგორც აღვნიშნეთ, აზარტულ მოთამაშეთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ლუდომანია რომ პრობლემაა, განსაკუთრებით მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში, ამაზე არავინ დავობს. თუმცა აღნიშნულის საქართველოს ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირება, აზრს მოკლებულია და დეზინფორმაციული ხასიათისაა. მით უმეტეს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აზარტულ თამაშების სფეროს რეგულირებაში დაგეგმილი ცვლილება სწორედ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მონიჭებისთვის ერთ-ერთი წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მოცემულ მტკიცებას აფასებს ვერდიქტით ყალბი ამბავი.

მტკიცება 6: პირადი ვალები როგორც თვიური წლიური შემოსავლების საშუალო % 1991 წელს იყო 10%-ზე ნაკლები - 2021 წელს 100%

ზოგადად, მოსახლეობას ვალი შესაძლოა მრავალი სხვადასხვა წყაროდან ჰქონდეს, როგორც სხვადასხვა კომერციული ორგანიზაციიდან (მაგ: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია), ასევე პირადი წყაროებიდანაც (მეგობრები, ოჯახის წევრები, თანამშრომლები და ა.შ). ამომწურავი ინფორმაცია თუ რამდენია „პირადი ვალის“ დონე და მით უფრო, რამდენი იყო ეს მაჩვენებელი 1991 წელს, არ არსებობს. უფრო მეტიც, რთულია გავიგოთ პოსტიდან თუ კონკრეტულად რა მაჩვენებელზე რა დროით პერიოდშია საუბარი და საეჭვოა, მსგავსი სახის სტატისტიკა 1991 წლისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

შესაბამისად, მსგავსი მონაცემების არარსებობის გამო, ამ მტკიცებას ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს. ამასთან, ეკონომიკური პარამეტრების შედარება 1991 წელთან, როდესაც საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო, თავისუფალი ბაზრის თავისებურებები კი პრაქტიკულად არ არსებობდა და ქვეყნის ეკონომიკა გაურკვეველ, ჩანასახოვან ვითარებაში იყო, აზრს მოკლებულია. საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე წელში არსებული ვითარების ამ ფორმით შედარება არსებულ რეალობასთან, როცა საბჭოთა კავშირში, ფაქტობრივად, საბანკო ინსტიტუტები აკრძალული იყო, აზრს მოკლებულია. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობისა და შინაარსობრივად არაზუსტი შედარების გამო, „ფაქტ-მეტრი“ მოცემულ მტკიცებას აფასებს ვერდიქტით ყალბი ამბავი.

მტკიცება 7: სპორტსმენები 1991 წელს 120 000-მდე, 2021 წელს 18 000-ზე ნაკლები იყო

უნდა აღინიშნოს, რომ 1991 წლის სპორტსმენთა სტატისტიკა ღია წყაროებით ხელმისაწვდომი არ არის.

როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირში სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პროპაგანდა აქტიურად მიმდინარეობდა. სპორტული სივრცე საბჭოთა ხელისუფლებისთვის იყო ერთგვარი ასპარეზი, სადაც დასავლეთ სამყაროსთვის კომუნისტური სახელმწიფოს უპირატესობის დამტკიცება იყო შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, სპორტსმენები განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სურათი რადიკალურად იცვლება - ფუნქციადაკარგული სპორტსმენების გარკვეული ნაწილი ქვეყნიდან გავიდა, ნაწილი არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას შეეგუა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც კრიმინალურ ავტორიტეტებად იქცნენ (IDFI „რუსული სპორტი და პოლიტიკა“).

დღევანდელი მონაცემით - საქართველოში 170 616 სპორტსმენი, 7 004 მწვრთნელი და 2739 მსაჯია რეგისტრირებული. თუნდაც, დავუშვათ, რომ 1991 წელს საქართველოში მართლაც 120 000 სპორტსმენი იყო ( რა სტატისტიკას ეყრდნობა პოსტის ავტორი, გაურკვეველია), დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, სპორტსმენთა რაოდენობა არათუ შემცირებული, არამედ სულ მცირე 50 000-ით გაზრდილი გამოვა. შესაბამისად, განცხადების ეს ნაწილი ფასდება ვერდიქტით ყალბი ამბავი.

მტკიცება 8: ქვეყნის დამოკიდებულება უცხოურ დაფინანსებაზე არის მშპ-ს 50%-ზე მეტი

ბუნდოვანია, თუ რა იგულისხმება მტკიცებაში: „ქვეყნის დამოკიდებულება უცხოურ დაფინანსებაზე მშპ-ს 50%-ზე მეტია“ რადგან „ქვეყნის დამოკიდებულება უცხოურ დაფინანსებაზე“ კონკრეტული ეკონომიკური ტერმინი არ არის და მისი ინტერპრეტირება, შესაძლოა სხვადასხვაგვარად მოხდეს. უცხოეთიდან დაფინანსება, შესაძლოა მრავალი სხვადასხვა გზით ხდებოდეს, როგორებიცაა: დახმარება, გრანტები, ინვესტიციები, ვალდებულებები, ფულადი გზავნილები, საგარეო ვაჭრობა და ა.შ. ასევე, ბუნდოვანია თუ რატომ ხდება „უცხოურ დაფინანსებაზე დამოკიდებულების“ დასავლეთთან დაკავშირება, რადგან სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით, მაღალია ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები როგორც რუსეთთან, ისე აზიის ქვეყნებთანაც, განსაკუთრებით კი ჩინეთთან.

ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრირება, ეკონომიკური განვითარების განუყოფელი და საჭირო ნაწილია. შესაძლოა კრიტიკა მიემართებოდეს კონკრეტულ ეკონომიკურ ვითარებებს, მაგ: როდესაც მკვეთრად იზრდება ვალი, ან ქვეყნის სავაჭრო/საინვესტიციო დამოკიდებულება ზედმეტად იზრდება კონკრეტული სახელმწიფოების მიმართ, მაგრამ ბუნებრივია, ამას კონკრეტული და გასაგები ფორმულირება სჭირდება. მოცემულ შემთხვევაშიც, პოსტში მოცემული მტკიცება ფაქტობრივ მონაცემებს არ ეყრდნობა, შედარება არარელევანტურია, გამოყენებულია ბუნდოვანი ტერმინები. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ მტკიცებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ყალბი ამბავი.

-----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმებისპროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი