საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში სტუმრობისას, წამყვანის კითხვაზე, რომელიც დროში გაჭიანურებულ პროექტებს ეხებოდა, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ერთ-ერთ მიზეზად საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში ქვეყნის გამოუცდელობა დაასახელა. კერძოდ, უწყების პირველმა პირმა თქვა: „EBRD-ის [ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი] დახმარებით, მათი თანადაფინანსებით, ჩვენ დავიწყეთ მყარი ნარჩენების ძალიან მასშტაბური პროექტი და ამ მიმართულებითაც ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია შესაბამისი გამოცდილება“. ანუ მინისტრმა მსხვილი საერთაშორისო პროექტების დროში გაჭიანურების მიზეზად, ამ მიმართულებით, ქართული მხარის გამოუცდელობა დაასახელა. ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა, ესეც იყოს, თუმცა საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყანაში უკვე მრავალი წელია, რაც ხორციელდება. მათი წარმატებული მიმდინარეობისთვის, ჩართულ აქტორებს უცხოელი პარტნიორები შესაბამის გამოცდილებასაც უზიარებდნენ და ასწავლიდნენ კიდეც.

ვინაიდან აჭარაში მყარი ნარჩენების პროექტის განხორციელებას ჩვენ თვალს 2016 წლიდან ვადევნებთ (იხ. სტატია 1, სტატია 2, სტატია 3, სტატია 4), აღნიშნული განცხადების შემდეგ, გადავწყვიტეთ, საკითხს კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ და გაჩვენოთ, რომელი კონკრეტული მიზეზები აფერხებდა სამუშაოების დროულად დაწყებასა და დასრულებას.

აჭარაში მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2005 წლიდან დაიწყო და პირველ რიგში, საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენების პოლიგონის საძიებო ინტენსიური სამუშაოები ჩატარდა. 2009 წელს დაფუძნდა შპს „ჰიგიენა 2009“, რომლის 100%-იანი წილიც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. მოგვიანებით, 2019 წლიდან, ორგანიზაციას სახელი შეეცვალა და „აჭარის მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ეწოდა. თუმცა მანამდე, კომპანიის ყოფილმა დირექტორმა 5 მლნ ლარზე მეტი ოდენობის თანხა მიითვისა. ის 2017 წელს დააკავეს და 8 წელი მიუსაჯეს. თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ვადაზე ადრე გათავისუფლდა. მთავარი კი ისაა, რომ ირაკლი ცეცხლაძემ მოპარული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი დააბრუნა. „აჭარის მყარი ნარჩენების კომპანიის“ ფინანსური ანგარიშგებისა და შენიშვნების დოკუმენტში, რომელიც 2022 წლის ივლისში გამოქვეყნდა, შენიშვნის სახით, მითითებულია, რომ 2017 წელს სასამართლომ ირაკლი ცეცხლაძეს, კომპანიის სასარგებლოდ, 5 026 816 ლარის გადახდა დააკისრა. 2018 წელს გამოტანილი ახალი განაჩენით, ვალდებულება გაიზარდა და 5 429 076 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან ცეცხლაძემ მხოლოდ 106 904 ლარი გადაიხადა. ეს მიზერული თანხაც კომპანიამ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით მიიღო. ვინაიდან დოკუმენტი 2021 წლის მდგომარეობას აღწერს, ჩვენ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს ვთხოვეთ, დაეზუსტებინა, ხომ არ გაზრდილა დაბრუნებული თანხის ოდენობა. გვიპასუხეს, რომ 106 904 ლარის გარდა, გარკვეული მოცულობის თანხა ბიუჯეტში კიდევ გადაირიცხა, თუმცა ზუსტი ოდენობის გასარკვევად, ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ. უწყების თანამშრომელმა დაგვიკონკრეტა, რომ დაბრუნებული თანხის ოდენობა დიდი არ არის.

პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო სააგენტო (SIDA) არიან, ობიექტის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოების ერთი ნაწილი, მათ შორის, ობიექტის მშენებლობა, გაცილებით გვიან დასრულდა. ამის მიზეზად ხან პანდემია დასახელდა და ხან - შესაბამისი ტექნიკის არქონა. პროექტი კი გრძელდება. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლამდე, საჭიროა დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მლნ ევრო სესხია, ხოლო 4 მლნ ევრო - გრანტი. შეგახსენებთ, რომ პროექტის დროში გაჭიანურების გამო, სესხის მომსახურებისთვის, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მნიშვნელოვან თანხას ვიხდით. მხოლოდ 2011-2020 წლებში, EBRD-იდან მიღებული სესხის მომსახურებისა და დაბრუნების მიზნით, აჭარის ბიუჯეტიდან 2 363 000 ლარზე მეტია გადახდილი. 2021 წელს მხოლოდ სესხის მომსახურებისთვის, 57 800 ლარი იყო გაწერილი, ხოლო 2022 წელს - 48 306 ლარი. მიმდინარე წლის მარტში აჭარის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ EBRD-ი ახალი ნაგავსაყრელის ტექნიკურ აღჭურვას 28 მლნ ევროთი დააფინანსებს.

როგორც მთავრობა გვპირდება, ობიექტი ექსპლუატაციაში მალე შევა. პარალელურად, დაიწყება ბათუმის ნაგავსაყრელი პოლიგონის დახურვის პროცედურები. რა ზიანს აყენებს არსებული ნაგავსაყრელი გარემოსა და მოსახლეობას, ამაზე ზემოთ ნახსენებ სტატიებში დავწერეთ.

საინტერესოა ასევე, რომ დაგეგმილ ვადაში ვერ აშენდა ახალ ნაგავსაყრელამდე მისასვლელი გზაც. პირველი ტენდერი (NAT190009741), რომელიც 2019 წლის მაისში გამოცხადდა, უარყოფითი შედეგით დასრულდა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში გამოცხადებულ ტენდერში (NAT190020391) გამარჯვებულმა შპს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპმა“ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და შემსყიდველმა კონტრაქტი შეწყვიტა.

პროექტის დროულად დაწყების შემაფერხებელი ერთ-ერთი მიზეზი, საწყის ეტაპზევე, იყო მდებარეობის არასწორი შერჩევა. ინტერნეტში დღესაც იძებნება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების იმჟამინდელ მინისტრ გოგა ხაჩიძისა და „მწვანე ალტერნატივისადმი“ 2009 წელს გაგზავნილი წერილი, რომელშიც მოსახლეობა საცხოვრებლების მიმდებარედ ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს. ახალ ლოკაციად ქობულეთის სოფელი ცეცხლაური შეირჩა, რასაც კვლავ პროტესტი მოჰყვა. სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები პერმანენტულად აქციებს მართავდნენ. პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ეკოლოგიური საფრთხის არსებობა იყო, თუმცა რამდენიმე ოჯახი კომპენსაციის გაზრდას მოითხოვდა. ყველა ამ ფაქტორმა პროექტის დროულად დაწყებასა და განხორციელებაზე თავისი შემაფერხებელი გავლენა იქონია.

ქვეყანაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტებთან დაკავშირებული აქტივობები, ათ წელზე მეტია, აქტიურად მიმდინარეობს. ამას შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციებიც ადასტურებს. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი შპს „ჰიგიენა 2009“ (ამჟამინდელი „აჭარის მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“), სწორედ მყარი ნარჩენების საერთაშორისო პროექტის განხორციელების მიზნით, 2009 წელს დააარსა. ფაქტია, რომ საერთაშორისო პროექტზე მუშაობა ცამეტი წლის წინ უკვე დაწყებული იყო. ამ დროის განმავლობაში, ქართული მხარე გამოცდილების მიღებას მოასწრებდა. სულ მცირე, შესაძლებელი იყო ქობულეთში ახალი ნაგავსაყრელის 2019 წელს დაწყებული მშენებლობის დაანონსებულ ვადაში დასრულება და მისი ტექნიკური აღჭურვის მიზნით, გარკვეული პროცედურების განხორციელება.

ფოტო:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი