პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 2022 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში პრემიერმა ხელისუფლების მიღწევები შეაფასა და სამომავლო დაპირებები გასცა. „ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, პრემიერის გამოსვლაში მოცემული ძირითადი ფაქტები გადაამოწმოს. გთავაზობთ განცხადებების გადამოწმებას. სტატია განახლებადია.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს იყო დაახლოებით 50 მილიარდი ლარი, 2023 წელს იქნება 80 მილიარდი ლარი – ანუ სამ წელიწადში 30 მილიარდიანი ზრდა გვაქვს, რაც დამეთანხმებით რომ არის საკმაოდ სერიოზული პროგრესი

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

პრემიერი ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის სტატისტიკაზე საუბრობს, რომელიც 2020 წელს 49.2 მილიარდი იყო. თუმცა მის მიერ დასახელებულ 80 მლრდ ლარს მთლიანი შიდა პროდუქტი, მთავრობის მიმდინარე პროგნოზით, 2023 წლის ბოლოს მიაღწევს. აღნიშნული პროგნოზებით, 2022 წლის ბოლოსთვის ნომინალური მშპ 72.2 მლრდ ლარი იქნება, 2023 წლის ბოლოსთვის კი - 79.6 მლრდ ლარი. შესაბამისად, 2020-2022 წლებში, ნომინალური მშპ-ს პროგნოზი დაახლოებით 23 მლრდ ლარით იზრდება, ხოლო 3 წელიწადში - 2023 წლის მიწურულამდე, დაახლოებით 30 მლრდ ლარით. შესაბამისად, 2023 წელს, ნომინალური მაჩვენებელი - 2020 წელთან შედარებით, 25.7%-ით იზრდება.

ბუნებრივია, 2020 წელთან შედარება, რომელიც პანდემიური წელია, ე.წ. საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, ეკონომიკის ზრდას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. ამასთან, პრემიერი მშპ-ს ნომინალური მაჩვენებლის ზრდაზე საუბრობს, რაც დროის სხვადასხვა მონაკვეთში ეკონომიკის ზომის შესადარებლად არარელევანტური მაჩვენებელია, ვინაიდან ინფლაციის გავლენისაგან თავისუფალი არაა. მარტივად რომ ვთქვათ, 1 ლარი 2020 წელს და 1 ლარი 2023 წელს განსხვავებული მსყიდველუნარიანობით ხასიათდება და, გარკვეული დროის შემდეგ, ყოველი 1 ლარით ნაკლები საქონლის/მომსახურების შეძენაა შესაძლებელი. შესაბამისად, 3- წლიან პერიოდში ეკონომიკის ზრდის სწორი სურათის აღსაქმელად პრემიერს რეალური მაჩვენებლები უნდა აეღო. მაგალითად, თუ რეალურ მაჩვენებლებს შევხედავთ, 2020 და 2019 წლებში თითქმის თანაბარი მშპ დაფიქსირდა, თუმცა სინამდვილეში, რეალური (2015 წლის მუდმივ ფასებში) მაჩვენებელი 2019 წელს 40,3 მილიარდი ლარი იყო, ხოლო 2020 წელს - 37,6 მილიარდი, ანუ 6%-ზე მეტად შემცირდა.

მიმდინარე პროგნოზით, 2023 წელს მშპ-ს რეალური მაჩვენებელი, 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით 17.2%-ით გაიზრდება, რაც ნომინალური მაჩვენებლით ზრდას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, ვინაიდან მშპ-ს რეალური მაჩვენებელი ინფლაციის გავლენისგან თავისუფალია. სწორედ ამიტომ, პრემიერი ხანგრძლივი პერიოდის მაჩვენებლების შედარებისას რეალურ მშპ-ს უნდა ეყრდნობოდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ზრდა გადაჭარბებულადაა წარმოჩენილი, თუმცა ეკონომიკის ზრდა მართლაც საკმაოდ მაღალია, „ფაქტ-მეტრი“ მოცემულ მტკიცებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე. პრემიერს მსგავსი შინაარსის განცხადება ადრეც გაუკეთებია, თუმცა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი თარიღებს არასწორად ასახელებდა და „ფაქტ-მეტრმა“ განცხადება განსხვავებული ვერდიქტით შეაფასა. დეტალურად იხილეთ სტატია.

ირაკლი ღარიბაშვილი: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს შედარებისთვის შეადგენდა დაახლოებით 4 200 დოლარს, 2021 წელს გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი, წელს უკვე მოსალოდნელია, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 6 700 დოლარი დაახლოებით და ჩვენი პროგნოზებით, 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 8 000 დოლარი

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

მოცემულ მტკიცებაშიც პრემიერი ეკონომიკის ზრდის შესაფასებლად არასწორ მაჩვენებელს იყენებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეკონომიკის ზრდის შესაფასებლად, დროის გარკვეულ მონაკვეთში, მართებულია მშპ-ს რეალური მაჩვენებლის გამოყენება. მშპ-ს ნომინალური მაჩვენებელი ინფლაციის გავლენას არ ასახავს, ხოლო ნომინალურ დოლარში გამოსახული მშპ, დამატებით, კურსთა შორის სხვაობის გავლენითაც განიცდის ცვლილებას, რაც საბოლოო სურათს ამახინჯებს.

2020 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა 4255 დოლარს. 2021 წელს მშპ-მ 5 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. მიმდინარე წელს მშპ-ს ნომინალური საპროგნოზო მაჩვენებელი 72 მილიარდი ლარია, რაც ერთ სულ მოსახლეზე 19573 ლარს შეადგენს. ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით, ეროვნული ბანკის მონაცემებით (28 დეკემბერი), 2,7-ს შეადგენს. ამ გაცვლითი კურსით, ნომინალური მშპ დოლარში, 2022 წელს, დაახლოებით, 7250 დოლარს, ხოლო 2023 წლის ბოლოს - 8000 დოლარს მიაღწევს. პრემიერის განცხადებაში მოცემული რიცხვები, მოცემული მომენტისთვის, ტექნიკურად სწორია.

ამის მიუხედავად, პრემიერის განცხადებაში ზრდა გადაჭარბებულადაა წარმოჩენილი ორი მიზეზით - გაცვლითი კურსი და ინფლაცია. ლარის გაცვლითი კურსი დოლართან, მიმდინარე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გამყარდა. 2020 წელს საშუალო გაცვლითმა კურსმა 3,11 შეადგინა, ხოლო 2023 წლის მშპ უკვე 2,7 კურსითაა დაანგარიშებული -ლარის 41-თეთრიანი გამყარების შედეგად, ტექნიკურად, ნომინალური მშპ რომც არ გაზრდილიყო, დოლარში გამოხატული მაჩვენებელი მაინც გაიზრდებოდა. შესაბამისად, მშპ-ს ნომინალურ დოლარში გამოხატული მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა კურსთა შორისი სხვაობის ტექნიკურ ზრდასაც მოიცავს. ამასთან, ეს მაჩვენებელი არ არის კორექტირებული ლარის მსყიდველუნარიანობაზეც და, მაღალი ინფლაციის პირობებში, ეს ორი ფაქტორი ერთად, დიდ გავლენას ახდენს საბოლოო მაჩვენებლის ფორმირებაზე.

პრემიერის განცხადება, საბოლოო ჯამში, ნაწილობრივ ზუსტია. ზოგიერთი საკითხი კონტექსტს მიღმაა დატოვებული, რაც ეკონომიკურ ზრდას გადაჭარბებულად წარმოაჩენს, თუმცა მთლიანი კონტექსტი ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის შესახებ სიმართლეს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ პრემიერის მოცემულ მტკიცებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

ირაკლი ღარიბაშვილი: მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 15,6% შეადგინა. 2 წელიწადში – 2021 წლის მეორე კვარტლიდან 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით, შეიქმნა 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. 229 000 ადამიანი დასაქმდა ამ ბოლო 2 წელიწადში

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ [1] 15.6% შეადგინა, რაც 2018-2021 წლების ანალოგიური კვარტლის მონაცემებთან შედარებით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ვინაიდან, კვარტალურ ჭრილში სამუშაო ძალის გამოკვლევა 2018 წლიდან დაიწყო, უფრო ადრინდელ მონაცემებს ვერ შევადარებთ.

გრაფიკი 1: 2018-2022 წლებში უმუშევრობის დონე (%), კვარტლების მიხედვით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში პანდემიის პერიოდში [2020-2021 წლებში], მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვების ფონზე, სამუშაო ადგილებისა დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა. ამ პერიოდში დასაქმების ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 2021 წლის I კვარტალში დაფიქსირდა. პრემიერი თავის ანგარიშში, 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებს სწორედ 2021 წლის I კვარტლის მაჩვენებელს ადარებს, როდესაც დასაქმებულთა რაოდენობა მინიმუმამდე იყო შემცირებული. რაც დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას შთამბეჭდავად წარმოაჩენს.

რეალური სურათი კი ასეთია - 2022 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 77.4 ათასით გაიზარდა და 1358.6 ათასი შეადგინა. არაპანდემიურ პერიოდთან, 2019 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით კი დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 47.3 ათასით არის გაზრდილი.

გრაფიკი 2: 2018-2022 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა, კვარტლების მიხედვით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ამრიგად, 2022 წლის III კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არამხოლოდ პანდემიურ პერიოდთან, არამედ პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებითაც, შესაბამისად შემცირდა უმუშევრობის დონეც. თუმცა პრემიერი რიცხვებით მანიპულირებს და არსებულ რეალობას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ნახევრად სიმართლედ აფასებს.

ამავე თემაზე იხილეთ, 2022 წლის III კვარტლის დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა.

ირაკლი ღარიბაშვილი: საგარეო ვალი, ინფორმაციისთვის, 2020 წელს გაიზარდა 60%-მდე, მშპ-სთან მიმართებაში, 2022 წელს – წელს ვალის 39%-მდე ჩამოსვლა შევძელით, ხოლო მომავალ წელს იქნება 38%, 22%-ზე მეტი კლება გვაქვს ვალის სულ რაღაც 2 წელიწადში

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

ზოგადად, მთავრობის მთლიანი ვალის მაჩვენებელი, რომელიც საშინაო და საგარეო ვალისგან შედგება, მუდმივი ყურადღების ქვეშ ექცევა. პრემიერ-მინისტრი, მთლიანი ვალის სტატისტიკაზე საუბრობს, თუმცა მას საგარეო ვალად მოიხსენიებს, რაც სავარაუდოდ, ტექნიკურ შეცდომას წარმოადგენს. 2022 წლის გეგმური მონაცემებით, მთლიანი ვალის ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-თან 39.5%-ს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით (პ.პ) ნაკლებია, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა 2020 წლის შემდეგ, როდესაც მთავრობის ვალი კანონით დადგენილ 60%-ს აჭარბებდა. 2023 წლისთვის, დაგეგმილია რომ მთავრობის ვალი მშპ-ს 38.3%-მდე შემცირდება.

2020 წელს, პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, მთავრობის ვალი მკვეთრად გაიზარდა და ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონით გათვალისწინებულ 60%-ს გადააჭარბა. 2022 წლისთვის მთავრობის ვალის მსგავსი შემცირება, 2020 წელთან შედარებით ნაწილობრივ მშპ-ს ნომინალური მაჩვენებლის ზრდასთან არის დაკავშირებული, რაშიც ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებთან ერთად, დიდი წვლილი ასევე კრიტიკულად მაღალმა ინფლაციამ შეიტანა. ამავდროულად, საგარეო ვალის ლარში გამოსახული მაჩვენებლის შემცირება, 2022 წლისთვის ლარის გამყარებამ განაპირობა.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ განცხადებას აფასებს ვერდიქტით „მეტწილად სიმართლე“, რადგან მისი განცხადება სიმართლეს შეესაბამება, თუმცა სრული სურათის დასანახად დამატებითი ინფორმაციის დამატებაა საჭირო და ასევე, განცხადება ტექნიკურ ხარვეზს შეიცავს. „ფაქტ-მეტრმა“, წარსულში, ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მსგავსი განცხადებაც გადაამოწმა, რომელიც ასევე შეფასდა ვერდიქტით- მეტწილად სიმართლე.

ირაკლი ღარიბაშვილი: პოზიტიური წელი იყო, წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის თვალსაზრისით, 100%-ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და შეადგინა თითქმის მილიარდ შვიდასი მილიონი დოლარი ბოლო ათ თვეში, ჩვენ თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ 2021 წელს, როგორც გითხარით 100%-ით არის მატება. 2019 წელთან შედარებით ეს არის 72%-ანი მატება, აქედან მინდა აღვნიშნო რომ ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 47%-ია

ვერდიქტი: სიმართლე

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაში, 2022 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, მართლაც პოზიტიური დინამიკა იკვეთება. „ფაქტ-მეტრმა“, ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსი განცხადება, ახლო წარსულში შეაფასა ვერდიქტით სიმართლე. განცხადების შესაბამისად, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველ სამ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) მოცულობამ 1.67 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პუი ორჯერ გაიზარდა, 2019 (პრეპანდემიურ) წელთან შედარებით - 1.7-ჯერ, ხოლო 2017 წელთან შედარებით, როდესაც, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე მაღალი პუი დაფიქსირდა - 1.2-ჯერ.

აღსანიშნავია, რომ პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციების სტრუქტურაში მკვეთრად არის გაზრდილი რეინვესტირების წილი. სააქციო კაპიტალის მოცულობა (576 მლნ დოლარი) კი 2019 წლის მონაცემს 40 მლნ დოლარით აღემატება, ხოლო 2017-2018 წლებთან შედარებით შემცირებულია.

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მთელი ეს მაგისტრალი დასრულდება. სულ ჯამურად ქვეყანაში აშენებულია 234 კილომეტრ მაგისტრალურ გზაზე, 2012 წლიდან დღემდე აშენდა 166 კილომეტრი

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო და ის E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. მისი საერთო სიგრძე 390 კილომეტრია. 2007 წლიდან (2006 წელი გათვალისწინებული არ არის, რადგან ამ წელს მაგისტრალის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, თანხების მოძიება, კერძო ნაკვეთების მოსახლეობისგან გამოსყიდვის პროცესი) დღემდე მოძრაობა ავტობანის 266.5 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. აქედან, 2007-2012 წლებში მოძრაობა ავტომაგისტრალის 68.15 კილომეტრზე, 2013 წლიდან დღემდე კი, 198 კილომეტრ გზაზე გაიხსნა.

აქედან, მიმდინარე წლის დეკემბერში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 15-კილომეტრიან გზის მონაკვეთზე გაიხსნა მოძრაობა. კერძოდ, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 - 10-კილომეტრიან და გრიგოლეთი-ქობულეთის 5-კილომეტრიან მონაკვეთზე. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ სამტრედია გრიგოლეთის გზის მონაკვეთის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ექვსი წლის მანძილზე მისი დასრულება ვერ მოხერხდა (იხილე: სტატია). ამჟამადაც მშენებლობა სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთზე ისევ მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა 2012 წლის ოქტომბრამდე - ხელისუფლების ცვლილებამდე დაიწყო, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი. კერძოდ, 2012 წლამდე დაწყებული იყო სვენეთი-რუისის გზის (ლოტი II, III - 9.8 კმ), ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ქუთაისის შემოვლითი გზის (17.5 კმ), ქობულეთის შემოვლითი გზის (12 კმ) მშენებლობა და ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე უკვე არსებული ორზოლიანი გზის 4-ზოლიანამდე გაფართოება (3 კმ). ამდენად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 42.3 კმ გზაზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთის მშენებლობის სახელშეკრულებო ვადები შეიცვალა და გარკვეული დროით გადაიწია. შეიცვალა ავტომაგისტრალის მთლიანად დასრულების ვადაც, დაანონსებული 2023 წლის ნაცვლად 2024 წლამდე გახანგრძლივდა.

ამჟამად ავტომაგისტრალზე რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში 51.6 კმ სიგრძის გზის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც 96 ხიდს და 53 გვირაბს მოიცავს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე სამუშაოების 70% უკვე დასრულებულია.

განცხადებაში პრემიერი ჩქაროსნული ავტომაგისტრალზე დასრულებული გზის მონაკვეთის სიგრძეს უფრო ნაკლებს ასახელებს, ვიდრე არის. სავარაუდოდ, ამ სტატისტიკაში რამდენიმე დღის წინ გახსნილი გზის მონაკვეთი არ შედის. გარდა ამისა, პრემიერი ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მთავრობის წარმატებულ მუშაობაზე ხაზგასასმელად საუბრობს - საუკუნის პროექტს უწოდებს, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაგისტრალის დასრულების თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და იყო პრობლემური მონაკვეთები, რომლის კონტრაქტორი კომპანიები რამდენჯერმე შეიცვალა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ტენდერები ხელახლა გამოცხადდა (მაგალითად, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე და მეოთხე მონაკვეთი). აღნიშნულიდან გამომდინარე, პრემიერის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა არავითარ დახმარებას არ გამოუყოფდა ჩვენს მევენახეებს, ჩვენს ფერმერებს, პირიქით, მათ ახალისებდა, რომ გაეჩეხათ ვაზები, პირდაპირი მნიშვნელობით და ჩვენ ეს ჩვენი თვალით ვნახეთ. თუ იმ დროს ვაზების გაჩეხა ხდებოდა, ჩვენს დროს, 10 წელიწადში 16 000 ჰექტარი ვაზი გაშენდა, ჯამში 41 000 ჰექტრამდე გაიზარდა

ვერდიქტი: მცდარი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით (იხ: სტატია), 2007-2010 წლებში მაშინდელი მთავრობა („ნაციონალური მოძრაობა“) „ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ჩანაცვლების“ პროგრამას ახორციელებდა, რომლის ფარგლებში, 2007-2008 წლებში, ფერმერი ერთი ჰექტარი ვაზის გაჩეხისთვის საკომპენსაციოდ 2000 ლარს იღებდა, ხოლო 2009-2010 წლებში ეს თანხა 1000 ლარამდე შემცირდა. ამ პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან ჯამში 1.559 მლნ ლარი დაიხარჯა და სულ 924 ჰექტარი ვაზი გაიჩეხა.

„ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ჩანაცვლების პროგრამას“ მაშინდელი „სამტრესტი“ (ახლანდელი „ღვინის ეროვნული სააგენტო“) ახორციელებდა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, პროგრამის განხორციელების აუცილებლობა განსაკუთრებით თვალსაჩინო რუსეთის ემბარგოს შემდეგ გახდა. რუსეთში ღვინო აღარ გადიოდა, შესაბამისად, ღვინის ქარხნები ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე გახდნენ ორიენტირებულნი და ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს აღარ იბარებდნენ და, ამასთანავე, მისი საღვინედ გამოყენება კანონმდებლობითაც აკრძალულია. შესაბამისად, წინა მთავრობამ ვაზი კი არ გაჩეხა, ჰიბრიდული - საღვინედ უხარისხო ჯიშის, ჩანაცვლების პროგრამა განახორციელა. შესაბამისად, პრემიერის განცხადების ეს ნაწილი მცდარია.

გარდა აღნიშნულისა, რუსულმა ემბარგომ ყურძენზე მოთხოვნა შეამცირა. აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ ჭარბი ვენახები თავადაც გაჩეხა. სწორედ ამ ქმედებებმა განაპირობა, რომ 2004-2014 წლის პერიოდში, საქართველოში ვაზის ფართობი 4 ათასი ჰექტრით, 37 ათასიდან 33 ათასამდე შემცირდა (აქედან თითქმის 1000 ჰექტარი დასახელებული პროგრამის ფარგლებში გაიჩეხა). 2020 წლის მონაცემებით, ვაზი უკვე 41.2 ათას ჰექტარზეა გაშენებული, რაც ისევ და ისევ ქართულ ალკოჰოლურ სასმელზე რუსული ემბარგოს გაუქმებით (2013 წელი) არის განპირობებული. ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე კვლავ შევიდა და, შესაბამისად, ყურძენზე მოთხოვნა გაიზარდა და მოსახლეობამ ვენახების გაშენება ისევ დაიწყო. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ პირობებში ვაზის რაოდენობა დაახლოებით 8 ჰექტრით გაიზარდა. პრემიერის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა.

რაც შეეხება განცხადების ნაწილს, რომ წინა მთავრობა არანაირ დახმარებას არ უწევდა მევენახეებს, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2008 წლიდან ახორციელებს. როგორც ვიცით, 2006 წელს რუსეთმა ქართულ ალკოჰოლურ სასმელებზე ემბარგო დააწესა. ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მთავრობამ რუსეთის ემბარგოს ნეგატიური შედეგების გასანეიტრალებლად და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წახალისების მიზნით მიიღო. შესაბამისად, „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლიდან ხუთ წელიწადს მევენახეებს ყურძნის ფასის სუბსიდირების ფორმით ეხმარებოდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრემიერის მთლიანი განცხადება არის მცდარი.

ირაკლი ღარიბაშვილი: დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 2022 წლის 11 თვის მონაცემებით არის უპრეცედენტოდ მაღალი, 60% არის გახსნის მაჩვენებელი

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ამ დროისთვის გამოქვეყნებული სტატისტიკის [2] თანახმად, 2022 წლის 10 თვის მონაცემებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 59.1%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი, 5 წლის განმავლობაში, მართლაც, უპრეცედენტოდ მაღალია.

გრაფიკი 3: დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი წლების მიხედვით

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

როგორც გრაფიკიდან ჩანს, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად 2020 წლის შემდეგ მოიმატა.

გრაფიკი 4: ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობა წლების მიხედვით

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

რაც შეეხება რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას, უკანასკნელ წლებში, როგორც გრაფიკიდან ჩანს, მკვეთრი მატება 2019 წელს დაფიქსირდა, რის შემდეგაც, 2020 წელს დანაშაულმა, ასევე, მნიშვნელოვნად იკლო.

ირაკლი ღარიბაშვილის ზემოაღნიშნული განცხადება, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, სიმართლეს წარმოადგენს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები არსებული სტატისტიკური მონაცემების სანდოობის საკითხი, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას. შეგახსენებთ, რომ დანაშაულის სტატისტიკა წლების განმავლობაში არასტაბილურად ქვეყნდებოდა. მეტიც, ზოგ შემთხვევაში, უწყების მიერ დანაშაულის ერთმანეთთან შეუსაბამო მონაცემებიც კი ვრცელდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის განცხადება, საბოლოო ჯამში, უნდა შეფასდეს, როგორც მეტწილად სიმართლე.

ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო ორ წელში საგრძნობლად გავზარდეთ ექსპორტი, 32%-ით არის გაზრდილი იანვარ-ნოემბერში ექსპორტი და შეადგინა 5 მილიარდ დოლარზე მეტი, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 21%-ით არის გაზრდილი და 3 მილიარდ 400 მილიონ დოლარს გაუტოლდა, იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 17 მილიარდი დოლარით განისაზღვრა, რაც ჩვენ თუ შევადარებთ წინა წლის მონაცემებს არის 32 %-ანი მატება

ვერდიქტი: სიმართლე

2022 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქონლის ექსპორტმა 5 მლრდ აშშ დოლარამდე შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 31.8%-ით ზრდაა, რაც წინა წლების სტატისტიკიდან გამომდინარე უპრეცედენტო ზრდაა და ექსპორტის მონაცემები, პრეპანდემიურ მაჩვენებელსაც მკვეთრად აღემატება. 2019 წელს, პირველ თერთმეტ თვეში ექსპორტი 3.4 მლრდ დოლარი იყო, 2018 წელს კი - 3 მლრდ დოლარი. 2019 წელთან შედარებით, მონაცემი 48 %-ით არის გაზრდილი.

ცხრილი 1: საქონლის ექსპორტის დინამიკა 2013-2022 წლებში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სავაჭრო ბრუნვა წარმოადგენს საქონლით ექსპორტისა და იმპორტის ჯამს. 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.2%-ით მეტია და ეს ზრდაც, როგორც ექსპორტის შემთხვევაში, წინა წლების დინამიკასთან შედარებით მკვეთრია.

ზოგადად, საქონლის ექსპორტზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ექსპორტის, ანუ რეექსპორტის გარეშე ექსპორტის მოცულობაზე და სტრუქტურაზე მსჯელობა, რადგან ეკონომიკის ზრდას სწორედ აღნიშნული განაპირობებს. რეექსპორტის შემთხვევაში, იზრდება როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მაჩვენებლები, ხოლო რეექსპორტის საექსპორტო და საიმპორტო ღირებულებას შორის სხვაობა წარმოადგენს ქვეყნის სარგებელს.

2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული ადგილობრივი საქონლის ექსპორტმა 3.4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.2%-ით მატებაა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 67.6%-ს შეადგენს.

[1] 2022 წლის მონაცემები ჯერჯერობით გამოქვეყნებულია ოქტომბრის ჩათვლით

[2] უმუშევრობის დონე (პროცენტული მაჩვენებელი) უმუშევარ ადამიანთა და სამუშაო ძალის შეფარდების შედეგად გამოითვლება. აქვე განვმარტავთ, სამუშაო ძალა [ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა] არის დასაქმებული და უმუშევარი [სამუშაოს მაძიებელი] პირების ჯამური ოდენობა. პირი, რომელიც რეალურად არ მუშაობს, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა.


მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი