სოციალურ ქსელში არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). ქართული სპორტული საინფორმაციო გვერდები იუწყებიან, რომ არგენტინის ეროვნული ბანკი 1000 არგენტინული პესოს ღირებულების ბანკნოტზე მესის გამოსახულების დაბეჭდვას განიხილავს.

თავდაპირველად, მესის გამოსახულების არგენტინულ პესოზე დატანის შესახებ მექსიკურმა გამოცემა El Financiero-მ 19 დეკემბერს დაწერა, სადაც აღნიშნავდა, რომ ეს „იდეა“ ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე წარმოადგინა. თუმცა, გამოცემამ ამავე სტატიაში ისიც აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მხრიდან მხოლოდ ხუმრობით იყო ნათქვამი და მესის გამოსახულების არგენტინულ პესოზე დატანა რეალურად არ იგეგმებოდა. ამის მიუხედავად, ინფორმაცია, თითქოს, ეროვნული ბანკი ამ იდეას სერიოზულად განიხილავდა, უცხოურმა გამოცემებმა სწრაფად აიტაცეს და არასწორი ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებშიც, სადაც გამოქვეყნებულ პოსტებს ასი ათასობით რეაქცია ჰქონდა. მათ შორის, ზოგიერთი Facebook-გვერდი იმასაც ამტკიცებდა, რომ ეროვნულმა ბანკმა მესის გამოსახულების 1000 პესო უკვე გამოუშვა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4).

აღსანიშნავია, რომ არგენტინის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი ისტორიულად მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით მონეტებს პერიოდულად სხვადასხვა სიმბოლური გამოსახულებით უშვებს. „ცენტრალურ ბანკს აქვს უფლებამოსილება გამოუშვას სპეციალური დიზაინის მქონე ნუმიზმატიკური და საკოლექციო ღირებულების მონეტები და ბანკნოტები“,- ვკითხულობთ არგენტინის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. მაგალითისთვის, ცენტრალურმა ბანკმა 1978 წელს, პირველი მსოფლიო ჩემპიონატის არგენტინაში ჩატარების აღსანიშნავად 20, 50 და 100 პესოს ღირებულების მონეტებზე მსოფლიო ჩემპიონატის ლოგო, ფეხბურთელებისა და საფეხბურთო მოედნის გამოსახულებები დაიტანა. მსგავსი გამოსახულების მონეტები გამოიცა 2018 წლის მსოფლიო თასის ჩემპიონატთან დაკავშირებით. ხოლო 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა 5 პესოს ღირებულების მონეტაზე გოლის გატანის მომენტი გამოსახა, რომელიც ეროვნული ბანკის თქმით, გოლის გატანამდე გადამწყვეტი მომენტის ალეგორიას წარმოადგენდა.

თუმცა, ინფორმაცია, რომ არგენტინის რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა მესის გამოსახულებით 1000 [დღეისთვის 5.53 დოლარის ეკვივალენტი] პესოს ღირებულების ბანკნოტი გამოუშვა, ან მისი გამოსახულების ბანკნოტზე დატანას განიხილავს, მცდარია. ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა არგენტინულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია chequeado-ს განუმარტეს, რომ მესის გამოსახულების 1000 არგენტინულ პესოზე დატანა არ განიხილებოდა.

-----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი