სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცნობილი ფილანთროპი და ბიზნესმენი, ბილ გეიტსი „მზის დაბნელებას“ აპირებს. პოსტის მიხედვით, გეიტსი გეგმავს „მილიონობით ტონა მტვერი შეასხუროს სტრატოსფეროში გლობალური დათბობის შესაჩერებლად“, რამაც პოსტის ავტორების მტკიცებით, შესაძლოა გლობალური კატასტროფა გამოიწვიოს.

პოსტში მოყვანილია გამოცემა DailyMail-ის მომზადებული სტატიის ფოტო.

დეზინფორმაცია, რომ ბილ გეიტსი „მზის დაბლოკვას გეგმავს“, ბოლო 2 წლის მანძილზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდებოდა და აღნიშნულს ამერიკული ავტორიტეტული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ, მათ შორის - Politifact-ი და Snopes.

ექსპერიმენტი, რომელზეც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტსა და DailyMail-ის სტატიაში არის საუბარი, ცნობილია SCoPEx-ის (Stratospheric Controlled Perturbation Experiment) სახელით და მას ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი შვედეთში, მათ შორის - ბილ გეიტსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს.

ექსპერიმენტის მიზანია, გამოიკვლიოს გეო-ინჟინერიის (კონცეფცია, რომელიც გულისხმობს კლიმატური ცვლილებების ეფექტის შემცირებას მსხვილმასშტაბიანი ხელოვნური ჩარევების შედეგად) და კერძოდ, სოლარული გეო-ინჟინერიის ეფექტურობა და მასთან დაკავშირებული რისკები. ამ ექსპერიმენტის საშუალებით, მეცნიერები ცდილობენ კომპიუტერული მოდელების ემპირიულად გადამოწმებას, რათა დაადგინონ, „შესაძლებელია, თუ - არა აეროზოლების გამოყენებით ოზონის ხვრელების შემცირება ან ელიმინაცია, ისე, რომ არ გაიზარდოს სხვა რისკები“.

SCoPEx-ის ექსპერიმენტი ატმოსფეროში საჰაერო ბურთის 12 მილის სიმაღლეზე გაშვებას ითვალისწინებს, რომელიც მცირე რაოდენობით (დაახლოებით 2კგ) ნაწილაკებს გამოაფრქვევს, რაც დაახლოებით 100 მეტრის სიგანისა და 800 მეტრის სიგრძის აეროზოლის მასას წარმოქმნის. საჰაერო ბურთზე განთავსებული სპეციალური სენსორები ამ არეალის მონიტორინგს მოახდენენ და ცვლილებებს აეროზოლის სიმჭიდროვეში, ატმოსფერულ ქიმიურ პროცესებში და სინათლის გამტარობაში გაზომავენ.

როგორც თავად ექსპერიმენტის ავტორები განმარტავენ, ეს არის ძალიან მცირე მასშტაბის ექსპერიმენტი და მას რაიმე სერიოზული კლიმატური ან სხვა სახის ცვლილებების გამოწვევა არ შეუძლია. პროექტი მიზნად არ ისახავს „მზის დაბლოკვას“ ან „დაბნელებას“. პირიქით, პროექტის მიზანია ექსპერიმენტული მოდელირების საშუალებით შეისწავლოს გეო-ინჟინერიასთან დაკავშირებული რისკები და კონკრეტულ სამეცნიერო კითხვებს პასუხი გასცეს.

რაც შეეხება თავად ბილ გეიტსის როლს ამ ექსპერიმენტში, ის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით შემოიფარგლება და ექსპერიმენტის იდეის გენერირებაში, მის დაგეგმვასა და განხორციელებაში არ მონაწილეობს. ბილ გეიტსის „კლიმატისა და ენერგიის ინოვაციური კვლევების ფონდი“ (Fund for Innovative Climate and Energy Research), ამ ექსპერიმენტის ერთ-ერთი დონორია, სხვა ათობით დონორთან ერთად.

შესაბამისად, მანიპულაციურია მტკიცება, რომ ბილ გეიტსი „მზის დაბნელებას“ აპირებს და დედამიწას გლობალური კლიმატური კატასტროფების რისკის ქვეშ აყენებს. ბილ გეიტსის ფონდი, სხვა ათობით დონორთან ერთად, ერთ-ერთი ფინანსური მხარდამჭერია ჰარვარდის უნივერსიტეტის იმ სამეცნიერო-კვლევითი ექსპერიმენტის, რომელიც მცირე მასშტაბიანი ექსპერიმენტის საშუალებით, სოლარული გეო-ინჟინერიის შესაძლებლობისა და რისკების შეფასების ისახავს მიზნად.

ბილ გეიტსი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და ფილანთროპია და მისი ფონდები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში უამრავ სამეცნიერო პროექტს და კვლევას აფინანსებენ. ამის გამო ბილ გეითსი შეთქმულების თეორიების სამიზნე არაერთხელ გამხდარა.

აღსანიშნავია, რომ თავის 2010 წლის Ted Talk-ის მიმართვაში, ბილ გეიტსმა გეო-ინჟინერიაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ თუ „მსოფლიო საზოგადოება აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, სადაც კლიმატის ცვლილება იმდენად შეუქცევადი გახდება, რომ საჭირო იქნება გეო-ინჟინრული ჩარევა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს ეს პროცესი და მისი შესაძლო შედეგები“.

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი