ანაჰიტ ასატურიანი: იანვარში ახალქალაქში 3 საბავშვო ბაღი გაიხსნება

ვერდიქტი: ნაწილობრივ შესრულდა

რეზიუმე:

2022 წლის დეკემბერს, ადგილობრივ მედიასთან საუბარში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების თავმჯდომარე ანაჰიტ ასატრიანმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში 3 საბავშვო ბაღი აშენდა და 16 იანვარს გაიხსნება. დაპირების გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კუმურდოში საბავშვო ბაღის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია, თუმცა ჯერ არ ფუნქციონირებს, ხოლო სოფელ გოგაშენსა და ახალქალაქის #3 ბაღში, 8 თებერვლის მდგომარეობით, სასწავლო პროცესი უკვე დაწყებულია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მოცემული დაპირება ნაწილობრივ შესრულდა, რადგან დაპირებული თარიღისთვის სამივე ბაღი არ ფუნქციონირებდა, თანაც მათი მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი ხარვეზებითა და ხანგრძლივი დაგვიანებით განხორციელდა.

ანალიზი:

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა ანაჰიტ ასატრიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 3 საბავშვო ბაღი 2023 წლის იანვარში გაიხსნებოდა. მანამდე, ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში 3 საბავშვო ბაღის გახსნასთან დაკავშირებული დაპირება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხების სამსახურის თავმჯდომარე ვალერი სტელმაშოვს ჰქონდა გაცემული. რეალურად კი, 3 საბავშვო ბაღის შენობა - სოფელ კუმურდოში, სოფელ გოგაშენში და ახალქალაქში (#3 საბავშვო ბაღი), წლებია შენდება ან რესტავრაციის პროცესშია.

კუმურდოს საბავშვო ბაღი

ფოტო: Jnews

100-120 ბავშვისთვის გათვალისწინებული კუმურდოს საბავშვო ბაღის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩავარდა. პირველად გამოცხადებულ ტენდერს მონაწილე არ ჰყავდა, მეორე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „შპს ვერნიცკი & კომპანი“ დოკუმენტაციები ვერ წარადგინა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

საბოლოოდ, გამარჯვებულ კომპანია „ნიკას“ ბაღის მშენებლობა 2021 წლის ბოლოს უნდა დაესრულებინა (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამოცხადებული ტენდერი). 1 017 000- ლარიანი ხელშეკრულება ორ ფაზას მოიცავდა - 2020 წლისთვის კომპანიისთვის 400 000 ლარის გადახდა იყო გათვალისწინებული, ხოლო 2021 წლისთვის - 633 736 ლარის. თუმცა ადგილობრივი მედიების მიხედვით, კომპანიამ მუშაობა შეაჩერა და 15 000 ლარით დაჯარიმდა.

საბავშვო ბაღის გახსნა რამდენჯერმე გადაიდო (ჯერ 2022 წლის აგვისტომდე, შემდეგ 2022 წლის სექტემბრამდე და ოქტომბრამდე). დეკემბრის ბოლოს ბაღის მშენებლობა დასრულებული იყო,თუმცა ბაღი არ ფუნქციონირებდა. სწორედ ამ დროს, ადგილობრივ მედიასთან საუბარში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბაღი 16 იანვარს გაიხსნებოდა. „ფაქტ მეტრი“ ადგილობრივებს გაესაუბრა, რომლებმაც განაცხადეს, რომ 8 თებერვლის მდგომარეობით, ბაღი ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი.

კუმურდოს საბავშვო ბაღის გახსნასთან დაკავშირებით ანაჰიტ ასატრიანს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ბაღი აშენებულია, თუმცა დასუფთავება-მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ბაღი თებერვლის შუა რიცხვებში გაიხსნება. მისი თქმით, გახსნის ცერემონია ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.

გოგაშენის საბავშვო ბაღი

ფოტო: საპროექტო დოკუმენტაციიდან საბავშვო ბაღის რენდერი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საბავშვო ბაღი, რომელიც 50 ბავშვზეა გათვლილი და ერთდროულად რამდენიმე სოფლის ბავშვებს უნდა მოემსახუროს, ერთადერთი საბავშვო ბაღია, რომელიც იანვარში მართლაც გაიხსნა, თუმცა სამუშაოები ტენდერით გათვალისწინებულ ვადებში არც აქ დასრულებულა.

2020 წელს გამოცხადებულ ტენდერში, კომპანია „კ-კომპანიამ“ გაიმარჯვა, რომელთანაც 765 420 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა მოგვიანებით, ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და ბაღის მშენებლობის საბოლოო ფასმა 676 261 ლარი შეადგინა. მრავალწლიანი შესყიდვა, რომლის ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავდა, ხოლო მეორე ნაწილს - ადგილობრივი ბიუჯეტი, 2020 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 137 500 ლარის გადახდას მოიცავდა, ხოლო ადგილობრივიდან - 12500 ლარის გადახდას. მომდევნო წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტმა დაფარა 624 599 ლარი, ხოლო ადგილობრივმა - 27610 ლარი. სამუშაოები 2021 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბაღი 2023 წლის 23 იანვარს გაიხსნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საბავშვო ბაღში ბავშვები სოფლებიდან - აფნია და ქარცეპიც, ივლიან.

ახალქალაქის #3 საბავშვო ბაღი

ფოტო: Jnews (ფოტო გადაღებულია რეაბილიტაციამდე)

ახალქალაქის #3 საბავშვო ბაღი, განსხვავებით დანარჩენი ბაღებისგან, გარემონტდა, თუმცა 2022 წლის ივლისიდან არ ფუნქციონირებდა, სწორედ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას „შპს ინტერს“ 140 349 ლარად ბაღის მთლიანი შენობის რეაბილიტაცია და ბაღის საქვაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა. ადგილობრივების ცნობით, საბავშვო ბაღი მიმდინარე წლის იანვრიდან ფუნქციონირებს.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ანაჰიტ ასატურიანის დაპირება, რომ 16 იანვარს 3 საბავშვო ბაღი გაიხსნებოდა, ნაწილობრივ შესრულდა. დაპირებული სამი ბაღიდან - 8 თებერვლის მდგომარეობით, მხოლოდ ორი ფუნქციონირებს, მესამის მშენებლობა დასრულებულია და საბოლოო მოწესრიგება-დასუფთავების სამუშაოები უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ბაღი გაიხსნება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი