„ხალხის ძალა“: კანონპროექტი, ძირითადად, შედგენილია აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით. გათვალისწინებულია სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, „ხალხის ძალის“ განცხადება არის მანიპულირება.

ანალიზი

14 თებერვალს მოძრაობა „ხალხის ძალამ“ ოფიციალურად განაცხადა, რომ აინიციირებენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, კანონპროექტით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

მოძრაობის ოფიციალური განცხადების თანახმად, „კანონპროექტი ძირითადად შედგენილია აშშ -ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით. ამ ნორმატიული აქტის პროექტში ასევე გათვალისწინებულია სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა [1].

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, რამდენად შეესაბამება „ხალხის ძალის“ ზემოაღნიშნული განცხადება სიმართლეს.

რა წერია „ხალხის ძალის“ კანონპროექტში

კანონპროექტით შემოდის უცხოური გავლენის აგენტის ცნება და ის ასეა განმარტებული:

ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური გავლენის აგენტი არის:

ა) ისეთი ააიპ, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის სპორტული ფედერაცია… რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;

ბ) ტელევიზიები, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის (გარდა რეკლამისა) 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;

გ) იურიდიული პირი, რომელიც ფლობს საქართველოში მოქმედ ბეჭდურ საშუალებას ან ინტერნეტგამოცემას და რომლის შემოსავლის (გარდა რეკლამისა) 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;

შესაბამისი სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლის წყარო უცხოური ძალაა, თუ:

ა) აღნიშნულმა სუბიექტმა უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;

ბ) აღნიშნულმა სუბიექტმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;

გ) აღნიშნული შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.

რაც შეეხება უცხოურ ძალას, კანონპროექტის თანახმად, ასეთად ჩაითვლება:

ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;

ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;

გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

სუბიექტი, რომელიც უცხოური გავლენის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ვალდებული იქნება, უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების თაობაზე განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს.

უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებული იქნება, იანვრის თვეში სააგენტოს საფინანსო დეკლარაცია ელექტრონულად წარუდგინოს.

ამასთან, უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად ან კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად, იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილ იქნება, ნებისმიერ დროს მონიტორინგი განახორციელოს.

კანონპროექტი შესაბამისი პირობების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს (ჯარიმის მაქსიმალური რაოდენობა - 25 000 ლარს შეადგენს).

„დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკა“

„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA) აშშ-ში

აშშ ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლის კანონმდებლობაზეც „ხალხის ძალამ“ თავისი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის ინიცირებისას მიუთითა. მოძრაობის მტკიცებით, მათი კანონპროექტი სწორედ აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი.

აშშ-მა FARA 1938 წელს მიიღო უცხოური პროპაგანდისა და პოლიტიკური დივერსიების საპასუხოდ, რომელიც, განსაკუთრებით, ნაცისტური წყაროებიდან მოდიოდა.

კანონი მოითხოვს ნებისმიერი (ფიზიკური თუ იურიდიული) პირი იუსტიციის დეპარტამენტში დარეგისტრირდეს უცხოეთის აგენტად, თუ ის საქმიანობას ახორციელებს უცხოური ძალის კონტროლის ქვეშ და ჩართულია პოლიტიკურ ან სხვა, კანონით განსაზღვრულ, საქმიანობაში.

უფრო კონკრეტულად, კანონის თანახმად, უცხოურ ძალად მოიაზრება უცხო ქვეყნის ხელისუფლება, პოლიტიკური პარტია, პირი, ორგანიზაცია, კორპორაცია და ა.შ.

უცხო ქვეყნის აგენტად კი შეიძლება მოიაზრებოდეს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც:

· მოქმედებს/საქმიანობას ახორციელებს უცხოური ძალის მოთხოვნით, მითითებით, კონტროლქვეშ (და ა.შ);

· რომლის აქტივობას პირდაპირ ან არაპირდაპირ ზედამხედველობს, აკონტროლებს, აფინანსებს (და ა.შ) უცხოური ძალა.

· რომელიც აშშ-ში ჩართულია პოლიტიკურ აქტივობაში უცხოური ძალის სასარგებლოდ, და ა.შ.

კანონის შესაბამისი მოთხოვნების განზრახ დარღვევის შემთხვევებისთვის, გათვალისწინებულია როგორც ფულადი ჯარიმა, ისე თავისუფლების აღკვეთა.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებით "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტისგან:

• FARA არ ადგენს რეგისტრაციის ვალდებულებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებს. რეგისტრაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი მოქმედებს უცხოური მთავრობის პირდაპირი მითითებით და მისი კონტროლის ფარგლებში.

• აშშ-ში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიაორგანიზაცია იღებს უცხოურ გრანტებსა და დახმარებას, მაგრამ FARA არ მოითხოვს მათგან უცხოურ აგენტად რეგისტრაციას.

FARA-ს შესაბამისად შექმნილი იურიდიული და ფიზიკური პირების რეესტრში, პრაქტიკულად, არ იძებნება ადგილობრივი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ცივი ომის დასრულების შემდეგ, FARA-ს გამოყენების საჭიროება ძალიან იშვიათად დგებოდა, თანაც, ძირითადი შემთხვევები, პოლიტიკური ლობირების ფაქტებსა და ტერორისტული საქმიანობების დაფინანსების პრევენციას ეხებოდა. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საარჩევნო პროცესში რუსეთისა და ჩინეთის ჩარევის შესახებ ბრალდებების გავრცელებასთან ერთად, FARA კვლავ აქტუალური გახდა. ამ ფაქტს, თავის მხრივ, უცხო ქვეყნების მთავრობებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების უკანონო საქმიანობის გამოვლენა და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის არაერთი შემთხვევა მოყვა.

მაგალითად, 2018 წელს კოლუმბიის ოლქის ნაფიცმა მსაჯულებმა რუსეთის ფედერაციის 13 მოქალაქეს და 3 კომპანიას ბრალი წარუდგინა სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის, 2016 წლის არჩევნებში ჩარევის გამო. მათ ბრალი, ასევე, დასდეს FARA-ს მოთხოვნების დარღვევით კონსპირაციულ თაღლითობაში. ბრალდებულები აშშ-ში კომპიუტერულ მოწყობილობებს იყენებდნენ, რათა რუსული კვალი და საკუთარი ქმედებები დაეფარათ, სოციალურ ქსელებში ყალბ ექაუნთებს არეგისტრირებდნენ, თავს აშშ-ის მოქალაქეებად ასაღებდნენ და დონალდ ტრამპის სასარგებლოდ საინფორმაციო ომს აწარმოებდნენ.

ასევე, საარჩევნო პროცესში ჩარევის გამო და FARA-ს მოთხოვნების დარღვევისთვის აშშ-ში დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის მოქალაქე ელენა ხუსიაინოვა.

ცნობისთვის, ამერიკაში უცხოეთის აგენტებად არიან ცნობილი ისეთი პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, როგორიცაა რუსული Russia Today, Sputnik და ჩინური China Dail.

FARA-ს დარღვევებთან დაკავშირებული საქმეები ცხადყოფს, რომ კანონი პრაქტიკაში, რეალურად, უცხო ქვეყნებიდან მომდინარე მავნე ზეგავლენისგან დასაცავად და საფრთხეებიასარიდებლად გამოიყენება. მიუხედავად ამისა, FARA-ს ბოლო პერიოდში უფრო მეტი კრიტიკოსი გამოუჩნდა, განსაკუთრებით, სამოქალაქო საზოგადოებიდან. კრიტიკის საგანს კანონის მოქმედების ფართო და ამავდროულად, ბუნდოვანი არეალი წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც საფრთხე ექმნება ისეთი არასამეწარმეო ორგანიზაციების რეპუტაციასა და საქმიანობას, რომელთაც, შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეთ, ან მინიმალური კავშირი ჰქონდეთ უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან. სწორედ ამ მიზეზით, 2022 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს არაერთმა გავლენიანმა ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა ღია წერილით, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, რომ FARA-ს განუსაზღვრელობას და ბუნდოვანებას შეუძლია ძირი გამოუთხაროს და შეასუსტოს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლება.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემა“ (FITS) ავსტრალიაში

FARA-ს მსგავსი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემა“ (FITS) ავსტრალიაში 2018 წელს ამოქმედდა. მისი მიზანია, საზოგადოებას და მთავრობას მიაწოდოს ინფორმაცია ავსტრალიის ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პროცესზე უცხოური გავლენის ბუნების, დონისა და მასშტაბის შესახებ.

კანონის თანახმად, პირი, რომელიც კანონით განსაზღვრულ აქტივობას (საპარლამენტო და ზოგადი პოლიტიკური ლობირება, საკომუნიკაციო აქტივობა, დაფინანსება) ახორციელებს უცხო ქვეყნის ხელისუფლების/პოლიტიკური ორგანიზაციის ან მათთან დაკავშირებული ინდივიდების სახელით (თხოვნით, მითითებით, წესებით და ა.შ), ვალდებულია, დარეგისტრირდეს კანონის შესაბამისად.

გარკვეული დარღვევებისთვის, კანონი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიური მოდელი უცხოელი/უცხო ქვეყნის აგენტის ცნებას არ იყენებს, განსხვავებით ამერიკული მოდელისგან.

ისრაელის კანონმდებლობა უცხოურ გავლენებზე

ისრაელში კანონმდებლობა უცხოური გავლენის შესახებ (რის შესახებაც ცვლილებები პარლამენტმა 2016 წელს მიიღო) ფოკუსირებულია არაკომერციულ ორგანიზაციებზე, რომლებსაც აკონტროლებენ ან აფინანსებენ ძირითადად უცხო ქვეყნები ან უცხო ქვეყნის ორგანიზაციები. კანონმდებლობის თანახმად, არაკომერციულმა ორგანიზაციებმა უნდა გასცენ ინფორმაცია უცხოელი დონორების, დაფინანსების რაოდენობის, დაფინანსების მიზნის (და ა.შ) შესახებ.

ისრაელის კანონმდებლობა უცხოელი/უცხო ქვეყნის აგენტის ცნებას არ იყენებს. აღსანიშნავია, რომ კრიტიკოსები ისრაელში არსებულ რეგულირების მოდელსაც ჰყავს. Human Rights Watch-ის თანახმად, ქნესეთში მიღებული კანონი გავრცელდება 25 ჯგუფზე, რომელთა უმრავლესობაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციაა და ისრაელის მოქალაქე პალესტინელების მიერ არის დაფუძნებული, ან ადვოკატირებისა თუ კვლევით ჯგუფებზე, რომლებიც პოლიტიკურად მემარცხენე - ანუ ხელისუფლების ოპონენტ ჯგუფებს მიეკუთვნებიან. მათი უმრავლესობა თავშესაფრის მაძიებელთა, პალესტინელთა და სხვა არა-ებრაელთა მიმართ ისრაელის ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკოსია.

.წ. უცხო ქვეყნის აგენტების კანონი რუსეთში

რუსული კანონმდებლობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ გამოიყენა/შეიძლება გამოიყენოს ხელისუფლებამ „გამჭვირვალობის“ კანონი სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

რუსეთში კანონი ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ 2012 წელს ამოქმედდა. განისაზღვრა „პოლიტიკურ აქტივობაში” ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო რეგისტრაცია „უცხოეთის აგენტებად”, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ. კანონის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს ჯარიმას, თავისუფლების აღკვეთასა და სხვა სანქციებს. აღსანიშნავია, რომ მიღების შემდეგ კანონის მოქმედების არეალი თანდათან გაფართოვდა და მოიცვა როგორც მედია, ასევე ინდივიდუალური აქტივისტები. დამატებით პრობლემას ქმნის ისიც, რომ რუსეთში „უცხოეთის აგენტი” მასტიგმატიზებელი იარლიყია და ღალატთან და ჯაშუშობასთან ასოცირდება.

რუსული კანონი უცხოური დაფინანსების მიღებას არ კრძალავს, თუმცა მისი დამსახურებით, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იძულებული გახდა საგრძნობლად შეემცირებინა დაფინანსება ან არსებობა შეეწყვიტა. შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონით რუსეთის ხელისუფლებამ ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და მესამე სექტორი.

კრემლის წნეხის ობიექტები გახდნენ არამხოლოდ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციები, არამედ ისეთებიც, როგორებიც მუშაობენ გარემოს დაცვის საკითხებზე, ოჯახური ძალადობის თემაზე, ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ა.შ. ამავდროულად, 90-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც პეკინთან ურთიერთობების დაახლოებაზე მუშაობენ და დაფინანსებას ჩინეთიდან იღებენ, უცხოურ აგენტებად ჯერაც არ არიან რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის კრიტიკისას რუსეთის ხელისუფლება გამჭვირვალობის აუცილებლობაზე მიუთითებს, მეტიც, კრემლის მტკიცებით, მათი კანონი აშშ-ის კანონმდებლობის მსგავსადაა მოდელირებული. 2021 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი რუსეთში კი არა, ამერიკაში მოიგონეს, ქვეყანაში, რომელსაც „ყველა დემოკრატიის შუქურად მიიჩნევს“.

უნგრეთის კანონმდებლობა - რუსეთის კვალდაკვალ

2017 წელს „უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ” კანონი უნგრეთშიც მიიღეს. კანონის დამტკიცება მოჰყვა ხელისუფლების კამპანიას, რომელიც 2013 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოურ აგენტობაში“ ადანაშაულებდა. კერძოდ, კამპანიის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები უნგრეთის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, რამდენადაც ისინი ანგარიშვალდებულნი იყვნენ უცხოელი დონორების წინაშე. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ჯორჯ სოროსზე, რომელიც გამუდმებით იყო პრეზიდენტ ვიქტორ ორბანის სამიზნე მისი საჯარო გამოსვლების დროს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკაზე საპასუხოდ, რუსეთის მსგავსად, უნგრეთმაც FARA-ზე მიუთითა და აღნიშნა, რომ აშშ ორმაგ სტანდარტებს იყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ უნგრული მოდელი ტერმინ „უცხოეთის აგენტს“ არ იყენებდა, ის თითქმის მთლიანად რუსული კანონის ანალოგი იყო. მეტიც, ზოგიერთი ნაწილი პირდაპირ გადმოთარგმნილი იყო რუსული კანონიდან.

საბოლოოდ, საერთაშორისო წნეხის შემდეგ, უნგრეთი იძულებული გახდა ზემოაღნიშნული კანონი გაეუქმებინა. სანაცვლოდ, 2021 წლის 20 აპრილს ქვეყანამ მიიღო ახალი კანონი, რომლითაც გაუქმდა „უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციის” მასტიგმატიზებელი იარლიყი, აგრეთვე, გაუქმდა ამგვარი ორგანიზაციების რეესტრი. ახალი კანონი სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების წარდგენის ვალდებულებას აწესებს.

ევროპული სტრუქტურების შეფასებები უცხოეთის აგენტების კანონებთან დაკავშირებით

ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონები კრიტიკას ყველა ქვეყანაში ხვდება, თუმცა განსაკუთრებულად მწვავე შეფასებები კანონის რუსულმა და უნგრულმა მოდელებმა დაიმსახურა, მათი ფორმულირებიდან, მიზნებიდან და თანმდევი შედეგებიდან გამომდინარე.

ვენეციის კომისია

2014 წელს ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ რუსული კანონმდებლობა აძლიერებს მსუსხავ ეფექტს ისეთ ფუნდამენტურ თავისუფლებებზე, როგორიცაა გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება და რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. კომისიის თქმით, იმ ორგანიზაციების „უცხოეთის აგენტებად” რეგისტრაცია, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, არ არის აუცილებელი ზომა დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და ეს პრაქტიკა უსამართლოდ აღვივებს „ეჭვსა და უნდობლობას” ამ ორგანიზაციების მიმართ.

ვენეციის კომისია 2017 წელს უნგრეთის კანონპროექტსაც გამოეხმაურა და არაერთ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვა შენიშვნა, მათ შორის, კანონის მოქმედების ფარგლებსა და მის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით. ამასთან კომისიამ აღნიშნა, რომ კანონის გარკვეული დებულებები შესაძლოა სტანდარტებთან შესაბამისი იყოს, თუმცა „კანონის მიღების გარშემო არსებული კონტექსტი, განსაკუთრებით კი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვირუსული კამპანიის წარმოება სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, და მათი წარმოჩენა, თითქოს ისინი საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, კანონპროექტის დებულებებს პრობლემურს ხდის და ბადებს ეჭვებს, ხომ არ ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებით“.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 60-ზე მეტი საჩივარი შევიდა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონიდან გამომდინარე. საჩივრების საფუძველზე სასამართლომ იმსჯელა და კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთს განმცხადებლების სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

სასამართლოს მსჯელობის თანახმად, რუსეთის ხელისუფლება არ აჩვენა შესაბამისი და საკმარისი მიზეზები „უცხოეთის აგენტის“ სპეციალური სტატუსის შემოსაღებად, „უცხოეთის აგენტად“ რეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის ანგარიშგების და აღრიცხვის დამატებითი მოთხოვნების დასაწესებლად, ასევე, კანონმდებლობის დარღვევისთვის განუსაზღვრელად და არაპროპორციულად მკაცრი პასუხისმგებლობის შემოსაღებად. საერთო ჯამში კი სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებულ რეგულაციებს სერიოზული მსუსხავი ეფექტი აქვს და ისინი არ შეიძლება ჩაითვალოს „აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო (ECJ)

ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით, კერძოდ, უნგრული კანონის მაგალითზე, საკუთარი მოსაზრება მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოსაც აქვს დაფიქსირებული. 2020 წლის 18 ივნისს, ევროპული კომისიის მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ კანონი ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნია.

სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონის დამტკიცებით, უნგრეთმა შემოიღო დისკრიმინაციული და დაუსაბუთებელი შეზღუდვები როგორც სამიზნე ორგანიზაციებთან, ასევე იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც მათ დახმარებას უწევენ.

ევროპარლამენტი

2019 წელს ევროპარლამენტმა რუსეთის ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციით ევროპარლამენტმა რუსეთს ე.წ. უცხოური აგენტების კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა, ამასთან, დაგმო კანონის მოქმედების არეალის დავიწროება, მისი შერჩევითი გამოყენება კონკრეტული ინდივიდების, დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური აქტივისტების წინააღმდეგ.

ევროპარლამენტმა გამოხატა კატეგორიული წინააღმდეგობა რუსეთის ხელისუფლების მეთოდების მიმართ, რომელთაც ის სიტყვის თავისუფლების დასათრგუნად და ამით საზოგადოებაში შიშის დასანერგავად იყენებს.

ვინ არიან კანონპროექტის ინიციატორები საქართველოში და რა მიზნები შეიძლება ჰქონდეთ მათ

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორი მოძრაობა ე.წ. „ხალხის ძალაა“. „ხალხის ძალა” არის მმართველი პარტიიდან „გასული“ დეპუტატების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის წევრებიც „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრებთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობას ქმნიან.

მოძრაობის წევრებმა პარტიისგან გამოყოფის მიზეზად საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებადაასახელეს. „ერთადერთი საკითხი, რომლის ირგვლივაც გვქონდა უთანხმოება ეს იყო, თუ რა დოზით უნდა გამოსულიყო სიმართლე კულისებიდან“, - განაცხადა გასულ წელს მმართველი პარტიის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „წასულ“ თანაგუნდელებზე. შესაბამისად, „ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ სხვაობა მხოლოდ გამოხატვის ფორმაშია და შინაარსობრივი სხვაობა მათ არ აქვთ.

„ქართული ოცნება“ და მისგან ფორმალურად გამოყოფილი დეპუტატები დიდი ხანია არ მალავენ არასამთავრობო სექტორით უკმაყოფილებას. ორივე ძალა საქართველოში არეულობის შექმნისა და მეორე ფრონტის გახსნის მსურველ ძალად დაუფარავად ადანაშაულებს „რადიკალურ ოპოზიციას“, „მის ტელევიზიებსა და მასთან დაკავშირებულ“ არასამთავრობო სექტორს.

„არის ძალიან საინტერესოდ წასაკითხი კანონი, რომელიც ჩვენ საქართველოში გვჭირდება, იმისთვის, რომ ეს სექტორი, რომელიც აგენტოკრატიის ფლაგმანად ჩამოყალიბდა საქართველოში, დავაბრუნოთ საკონსტიტუციო, დემოკრატიულ ჩარჩოებში, რომლიდანაც დაუფარავად არიან გამოსულები“, - ამბობს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ქართველიშვილი.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, მათ კანონპროექტთან დაკავშირებით შეჯერებული პოზიცია აქ აქვთ, თუმცა „გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებით ისინი პრობლემას ვერ ხედავენ.

შემიძლია, გითხრათ, რომ იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე, თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ რაღაცაზე მეტ დაფინანსებას, უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. გამჭვირვალობაში მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით", -თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ტერმინი აგენტი არ ნიშნავს ჯაშუშს და ეს მიღებული ტერმინია რეალურად, რომელიც ინტერესების გამტარს ნიშნავს. მსგავსი პოზიცია აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც.

„გამჭვირვალობაზე“ აკეთებს აქცენტს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძეც. მისი თქმით, საზოგადოებას უფლება აქვს, ხედავდეს, ვინ როგორ ფინანსდება.

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, საერთო ჯამში, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა და დაფინანსების გზები გამჭვირვალე არაა. სინამდვილეში, ორგანიზაციები მათი საქმიანობისა და დაფინანსების შესახებ გამჭვირვალობას საკუთარი ნებით, ისედაც უზრუნველყოფენ. 2016 წელს 18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა გამჭვირვალობის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მათგანმა პასუხისმგებლობა აიღო, პერიოდულად, როგორც საკუთარ ვებგვერდებზე, ასევე საერთო ონლაინ პლატფორმებზე, გამოაქვეყნოს ინფორმაცია დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების, განხორციელების ვადების, დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ. მათ შორის არიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც მმართველი გუნდიმდიდარ ენჯეოებადდაპოლიტიკურ პარტიებადმოიხსენიებს.

დასკვნა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, მათი მტკიცებით, ძირითადად შედგენილია აშშ -ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით და, ასევე, გათვალისწინებულია სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. თუმცა, თუკი გადავხედავთ, რომელ ქვეყნებში მოქმედებს მსგავსი კანონმდებლობა, რა კონტექსტში და რა მიზნით მოხდა მათი მიღება და რა შედეგები მოჰყვა მათ, დავინახავთ, რომ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და, სინამდვილეში, მანიპულირებაა.

უპირველეს ყოვლისა, პარალელი უნდა გავავლოთ აშშ-ის მაგალითთან და კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ამ ქვეყანამ FARA 1938 წელს მიიღო უცხოური პროპაგანდისა და პოლიტიკური დივერსიების საპასუხოდ, რომელიც, განსაკუთრებით, ნაცისტური წყაროებიდან მოდიოდა. ყურადღებაა გასამახვილებელი იმაზეც, რომ FARA-ს გამოყენების საჭიროება ძალიან იშვიათად დგებოდა და ძირითადი შემთხვევები პოლიტიკური ლობირების ფაქტებსა და ტერორისტული საქმიანობების დაფინანსების პრევენციას ეხებოდა. უკანასკნელ პერიოდში მისი გამოყენების საჭიროება აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დადგა, როდესაც საარჩევნო პროცესში რუსეთისა და ჩინეთის ჩარევის შესახებ ბრალდებების შესახებ გახდა ცნობილი.

აქედან გამომდინარე, „ხალხის ძალის“ მიერ აშშ-ის კანონმდებლობაზე მითითება, მისი მიღებისა და მოქმედების განსხვავებული კონტექსტიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის კანონს კრიტიკოსები ამერიკაშიც ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონი უკვე გამოეხმაურა განცხადებს იმის თაობაზე, რომ კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე და მას მცდარი უწოდა. მეტიც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტი ჩანს, რომ მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება.

რაც შეეხება სხვა დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებას, ისრაელის და ავსტრალიის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ქვეყნები ტერმინ „აგენტს/უცხოეთის აგენტს“, რაც თავის მხრივ, საკმაოდ პრობლემურია, არ იყენებენ. თუმცა კრიტიკოსები ამ ქვეყნების მოდელებსაც ჰყავთ. „უცხოეთის გავლენის აგენტებად” არასამთავრობო ორგანიზაციებს არც ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა მოიხსენიებს.

რაც შეეხება ევროპული სტრუქტურების მიდგომებს ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონებთან დაკავშირებით, როგორც ვნახეთ, მათ მიერ დადგენილი სტანდარტები, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მიდგომები გვიჩვენებს, რომ ამგვარი ტიპის კანონები შეუსაბამოა ადამიანის ძირითად უფლებებთან, განსაკუთრებით, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებასთან და საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ხალხის ძალის“ განცხადება, რომ მათი კანონპროექტი ძირითადად შედგენილია აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით და, ასევე, გათვალისწინებულია სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, სიმართლეს არ შეესაბამება და სინამდვილის დამახინჯებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

[1] „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, თავის ერთ-ერთ განცხადებაში ავსტრალიის და ისრაელის ანალოგიურ კანონმდებლობაზე უთითებს


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი