თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე №36 საჯარო სკოლაში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების გახანგრძლივების გამო, დასწრებითი სწავლება 2022 წლის 12 დეკემბერს განახლდა, დერეფანში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა. საბედნიეროდ, შემთხვევა საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა და არავინ დაშავებულა.

სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. მათი აზრით, სკოლაში ბავშვების ყოფნა უსაფრთხო აღრაა. აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დასაწყისში, მთავრობამ, არაერთი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერები გამოაცხადა. აქედან გამომდინარე, მოსწავლეთა ნაწილმა სწავლა ონლაინრეჟიმში დაიწყო, ნაწილი კი სხვა სკოლებში განათავსეს. თბილისის ახლადრეაბიტირებულ 36-ე საჯარო სკოლაში ბავშვები დროებით გადაიყვანეს ახლომდებარე სკოლებიდან.

თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დონორის სახსრებით ხორციელდება. სამუშაოებს ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი აფინანსებს.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდა თბილისის №36 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის სამუშაოებიც. შესყიდვით, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 3 915 150 ლარი იყო, ხუთი პრეტენდენტი დაინტერესდა. მათ შორის ყველაზე დაბალი ფასი შპს „ბალავარმა“ დაასახელა. მხარეებს შორის 3 445 584-ლარიანი ხელშეკრულება 2021 წლის 22 ივლისს გაფორმდა.

ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული, რომ შესრულებული სამუშაოების განსხვავებული ხასიათიდან გამომდინარე, აუცილებელია ტერიტორიის ადგილზე შესწავლა ტენდერში მონაწილეთა მიერ.

პროექტი, სხვა სამუშაოებს შორის, ითვალისწინებდა სკოლის სახურავისა და გადახურვების, შეკიდული ჭერების, არსებული ბათქაშისა და სასწავლო ბლოკის სახურავის ფენილის დემონტაჟს. სადემონტაჟო სამუშაოების შემდეგ, გათვალისწინებული იყო ახალი სახურავის ფენილის, წყალამრიდი და წყალსაწრეტი სისტემისა და შეკიდული ჭერების მოწყობა. ხელშეკრულების თანახმად, ყველა მასალა, საკომპლექტო ნაწილები, მოწყობილობები მაღალი ხარისხის, ახალი, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული უნდა ყოფილიყო. დოკუმენტში ყველა სტანდარტი დეტალურადაა გაწერილი. სახურავის მოწყობა მოიცავდა შემდეგ სამუშაოებს: საშუალოდ, 100 მმ სისქის ქვიშაცემენტის მჭიმისა და ჰიდროიზოლაციის ორი ფენის (პირველი 3.8 მმ სისქის და მეორე 4.2 მმ სისქის ბიტუმოვანი მემბრანა) მოწყობას, პარაპეტების გლუვი თუნუქით შემოსვას, ფერადი თუნუქის წყალსაწრეტი მილის მოწყობას, სხვენის იატაკის არანაკლებ 10 სმ სისქის ექსტრუდირებული პოლისტიროლის ფილებით დათბუნებას. გარდა ამისა, გათვალისწინებული იყო სარდაფის ჭერების დათბუნება არანაკლებ 10 სმ სისქის მინაბამბით, შეკიდული ჭერების მოწყობა ნესტგამძლე აკუსტიკური ფილებით, შეკიდული ჭერების მოწყობა, აკუსტიკური ფილებით, შეკიდული ჭერის მოწყობა თაბაშმუყაოს ფილებით, კნაუფის ლითონის კარკასზე და ჭერების ლესვა ქვიშა-ცემენტის ხსნარით. სამუშაოები 2022 წლის 19 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო.

სამუშაოები გახანგრძლივდა. თუმცა, საბოლოოდ, პროექტი დასრულდა და შემსყიდველმა მიმწოდებელს 3 130 936 ლარი გადაუხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის ანგარიშზე თანხის ბოლო ნაწილი, 8 360 ლარი, 2022 წლის 5 დეკემბერს გადაირიცხა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, „ფაქტ-მეტრი“ „ბალავარის“ პროექტის მენეჯერ გოჩა ჩხიკვაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, სამუშაოები მაღალი ხარისხის მასალით შესრულდა და მათ ყველაფერი პროექტის მოთხოვნების შესაბამისად გააკეთეს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მეოთხე სართულიდან სახურავზე ასასვლელი იყო ღია სივრცე, ღიობი, რომლისთვისაც ხუფის მოწყობა პროექტით გათვალისწინებული არ იყო. „ხუფის გაკეთება არ იყო ჩემი ვალდებულება, ამას არც ამინაზღაურებდნენ და არც წამოჭრილა ეს საკითხი, რომ უნდა გამეკეთებინა. მე ჩემი პროექტი გავაკეთე, ჩავაბარე და დეკემბრიდან უკვე ბავშვები სწავლობენ. მასალის უხარისხობას რაც შეეხება, ყოველი მასალის სერტიფიკატები საზედამხედველო კომპანიასთან იგზავნება. ისინი ამოწმებენ ხარისხს და ამის შემდეგ ხდება შესყიდვა. სამუშაოს საზედამხედველო კომპანია იბარებს“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში გოჩა ჩხიკვაძემ. მისი ვარაუდით, შემსყიდველს, შესაძლოა, პრეტენზია ჰქონდეს პროექტის ავტორთან და არა - მშენებელ კომპანიასთან. „ბალავარის“ წარმომადგენელმა გვითხრა, რომ საჯარო სკოლაში დაფიქსირებული შემთხვევის შემდეგ, ისინი ობიექტზე მივიდნენ და ხუფი საკუთარი ხარჯით მოაწყვეს. როგორც პროექტის მენეჯერი ამბობს, მათ მიერ განხორციელებული არც ერთი პროექტის ფარგლებში ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

რა მიზეზით ჩამოიშალა ახალრეაბილიტირებული ჭერის ნაწილი, ეს ექსპერტმა უნდა დაადგინოს, თუ, რა თქმა უნდა, ამას შემსყიდველი გადაწყვეტს. ფაქტია, რომ დროდადრო, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების თაობაზე, არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. მაგალითად, ნორიოს სკოლის შემთხვევა, რომლის შესახებაც ფაქტ-მეტრმა უკვე დაწერა. ასევე ჩვენ ვწერდით ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის მშენებარე სკოლის შესახებ. შარშან მშობლებმა სხვა მუნიციპალიტეტებშიც არაერთხელ გააპროტესტეს ის გარემოება, რომ მათ შვილებს ახალი სასწავლო წლის დაწყება კვლავ ონლაინრეჟიმში მოუწევდათ. ამის მიზეზად გაჭიანურებულ და უხარისხო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებდნენ. მსგავსი ფაქტები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონობით ლარის მიუხედავად, მოქალაქეები მათზე მორგებულ ინფრასტრუქტურას ვერ იღებენ.

ინფორმაციისთვის: შპს „ბალავარს“, რომელიც ზემოთ ნახსენები პროგრამის ფარგლებში, სხვა პროექტებსაც ახორციელებდა ან ახორციელებს, სამი მესაკუთრე ჰყავს. მათ შორის ერთს, დავით ბაინდურაშვილს, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, შემოწირულების სახით, გადახდილი აქვს, ჯამში, 160 000 ლარი. ბოლო შემოწირულება მას 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინ გაუკეთებია. კომპანიის კიდევ ერთ მესაკუთრეს, ნატალია შარაშიძეს, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, 2016-2017 წლებში, ჯამურად, 100 000 ლარი გადაურიცხავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 28 ოქტომბრის განკარგულებით, კომპანია „თეთრ სიაშია“ რეგისტრირებული.

ფოტო: მთავარი არხი


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი