სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები, რომლებშიც საუბარია საბიუჯეტო რესურსების არაეფექტურ მართვაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში არსებულ ხარვეზებსა და სხვა ნაკლოვანებებზე.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, მოკლედ გაგაცნოთ უწყების ანგარიშებში ასახული გარემოებები. ამ სტატიაში ჩვენ ყურადღებას მხოლოდ იმ გარემოებებზე გავამახვილებთ, რომლებიც აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 2020-2021 წლებში დაგეგმილ და განუხორციელებელ ან ხარვეზებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს ეხება.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუთვისებელ საბიუჯეტო რესურსებზე. კერძოდ, ქედის მუნიციპალიტეტმა, საანგარიშო პერიოდში, 2 390 817 ლარი ვერ გახარჯა, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტმა - 5 670 528 ლარი. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, ინფრასტრუქტურული პროექტების არასათანადოდ დაგეგმვა-განხორციელების გამო, ხარვეზებით შესრულებული ან შეჩერებულია 1 882 968 ლარის სახელშეკრულებო ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები. ამასთანავე, ვერ მოხერხდა 6 972 197 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისთვის გამოყენებული რესურსების იდენტიფიცირება და განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობის დადგენა. ხულოს მუნიციპალიტეტში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორების მოთხოვნის მიზნით, შემსრულებელ კომპანიებს შვიდი მოთხოვნა გაუგზავნეს, საიდანაც რეაგირება ოთხ შემთხვევაში მოხდა და ხარვეზები მხოლოდ ნაწილობრივ გამოსწორდა.

იმის შესახებ, რომ აჭარის რეგიონში მუნიციპალიტეტებისთვის „კაპიტალური ტრანსფერებიდან“ გამოყოფილი სახსრების ათვისების მაჩვენებელი 2022 წელს დაბალი იყო, ფაქტ-მეტრმა უკვე დაწერა. როგორც ირკვევა, მათ დაფინანსება სრულად ვერც 2021 წელს აითვისეს. მაგალითად, ქედის მუნიციპალიტეტს, კაპიტალური ტრანსფერის სახით გამოყოფილი თანხიდან, 893 486 ლარი გაუხარჯავი დარჩა. აქედან 216 186 ლარი შესყიდვების შედეგად მიღებული ეკონომიაა, ხოლო 677 302 ლარი - სხვადასხვა პროგრამის/ქვეპროგრამის შეუსრულებლობის შედეგი. კერძოდ, სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში პარკის მშენებლობა, მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია, საბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე სტადიონის მიმდებარე კედლისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა - ამ პროექტების თავდაპირველი ვადების დარღვევის შედეგად, შემსყიდველმა სამუშაოები წლის ბოლო დღეებში ჩაიბარა. აუდიტის დასკვნით, ამ დროს გადარიცხვების განხორციელება შეუძლებელი იყო, რის გამოც, ბიუჯეტში აუთვისებელი დარჩა 216 089 ლარი.

გარდა ამისა, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დაგვიანებით მიწოდების მიზეზით, სამი დაგეგმილი პროექტი არ განხორციელდა. საუბარია სოფელ გარეტყეში სოფლის სახლის მშენებლობაზე, მთების ელექტროფიკაციასა და ცხმორისის სასაფლაოს შემოღობვაზე. ასევე სოფელ ცხმორსში, სამშენებლო ტერიტორიაზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, საყრდენი კედლის მშენებლობის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის პროცედურები არ დაწყებულა. აღნიშნული გარემოებების გამო, გაუხარჯავი დარჩა 267 823 ლარი.

ანგარიშის თანახმად, არასათანადოდ წარიმართა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელებისთვის შესყიდვის პროცედურები შუახევის მუნიციპალიტეტში. კერძოდ: 180 000 ლარის ღირებულების სამუშაოები, რომლებიც ითვალისწინებდა ფურტიოს, ბუთურაულისა და ნენიის წყალსადენის სათავისა და გამწმენდი ნაგებობების მოწყობას, საერთოდ არ განხორციელდა. ასევე განუხორციელებელი დარჩა შემდეგი პროექტები: დღვანის ბაბა-ბაღის მშენებლობა - 145 000 ლარი; გომის მთის ცენტრის კეთილმოწყობა - 100 000 ლარი; „სოფლის სახლის“ მშენებლობა ცივაძეებში - 105 000 ლარი; სარწყავი არხების რეაბილიტაცია - 82 000 ლარი; სოფელ ინწკვირეთის ცენტრის კეთილმოწყობა - 45 000 ლარი. გარდა ამისა, შეწყვეტილია სოფლის გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები - 457 793 ლარი; დაბის კეთილმოწყობის სამუშაოები - 180 177 ლარი და სხვა. შედეგად, მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ვერ მიიღო გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურა, სამთო იალაღებზე გაუმართავია ელექტროენერგიის მიწოდება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები გამართულად ვერ ფუნქციონირებს და მოსახლეობის წყალმომარაგების მომსახურება არ გაუმჯობესდა.

ხულოს მუნიციპალიტეტში აუდიტმა 6 972 197 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისთვის გამოყენებული რესურსების იდენტიფიცირება ვერ შეძლო. ანგარიშში წერია, რომ პროექტების შესყიდვის დოკუმენტაცია ლოკალურ-რესურსული მეთოდით არ იყო წარდგენილი. აუდიტის პერიოდში რვა ხელშეკრულების შეწყვეტა დაფიქსირდა. ფაქტ-მეტრმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე რვავე შესყიდვა მოიძია. როგორც აღმოჩნდა, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, გათვალისწინებული იყო შიდა სასოფლო გზების დაზიანებული მონაკვეთებისთვის მზა ბეტონის შესყიდვა. ამ მიზნით გაფორმებული შეუსრულებელი ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 600 ათას ლარს აღემატება. კონტრაქტები შეწყდა, თუმცა შეწყვეტამდე კომპანიებისთვის, ჯამურად, 301 ათას ლარზე მეტი იყო გადახდილი. პირგასამტეხლოს სახით კი, იმავე კომპანიებს, მთლიანად, 44 190 ლარი დაეკისრათ. მზა ბეტონის შესყიდვის გარდა, საანგარიშო პერიოდში, არ განხორციელდა სოფელ გელაძეებსა და სოფელ პაქსაძეებში ადმინისტრაციული სახლების მშენებლობის (სახელშეკრულებო ღირებულება, შესაბამისად, 43 741 ლარი და 107 549 ლარი), სოფელ ძმაგულას საფეხმავლო ხიდის მოწყობის (სახელშეკრულებო ღირებულება - 40 710 ლარი) სამუშაოები. სხვათა შორის, გელაძეებში ადმინისტრაციული სახლის მშენებლობის სამუშაოები მუნიციპალიტეტმა ორჯერ შეისყიდა, თუმცა ორივე ხელშეკრულება შეუსრულებელია (NAT210004453; NAT200000208). კომპანიებს პირგასამტეხლო დაეკისრათ. საანგარიშო პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტში შეწყვეტილი ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 945 370 ლარს შეადგენს. აუდიტორული მტკიცებულებების თანახმად, ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობასთან არ თანხმდებოდა. მაგალითად, სოფელ ძმაგულაში საფეხმავლო ხიდის მშენებლობა მოსახლეობის პროტესტის გამო შეწყდა. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივები სხვა ლოკაციაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობას ითხოვდნენ.

აუდიტის ჯგუფმა, პასუხისმგებელ პირებთან ერთად, შერჩევით დაათვალიერა ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. აღმოჩნდა, რომ რიგი პროექტები არასათანადოდ შესრულდა. ხარვეზებით განხორციელებული, ასევე, შეჩერებული პროექტების აღდგენა-განახლება დამატებით ხარჯებს მოითხოვს.

ხარვეზებითა და ნაკლოვანებებით შესრულებული სამუშაოების მიუხედავად, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მთელი რიგი ნაკლოვანებები გამოვლინდა ხელფასების გადახდის თვალსაზრისით. კერძოდ, ქედის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ტრანზაქციით, გაიცა განსაზღვრულზე მეტი თანხა, 62 364 ლარზე არანაკლები ოდენობით. ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებებით არ არის გარკვეული დასაქმებულთა კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები, არ მოქმედებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა.

მსგავსი გარემოება, კერძოდ, სამუშაო დროის აღრიცხვის პრობლემა, გამოიკვეთა შუახევის მუნიციპალიტეტშიც, სადაც, ასევე, რვა პირი, რომელთა ანაზღაურებამაც 2020-2021 წლებში 78 782 ლარი შეადგინა, შეთავსებით, ერთდროულად, დასაქმებული იყო სხვა უწყებაში. მათი სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენება დოკუმენტებით არ დასტურდება.

2 819 ლარით მეტი შრომის ანაზღაურება გაიცა ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მსგავსად, ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა არ ფუნქციონირებს, ხოლო შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე დასაქმებული პირების მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, დოკუმენტურად არ დასტურდება.


მსგავსი სიახლეები

5325 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი