სოციალურ ქსელში მანიპულაციურად ვრცელდება ამერიკელი ანალიტიკოსის ჰარლანდ ნისქონის ტვიტი, რომელშიც ის წერს, რომ თეთრი სახლის პრეს-მდივნის ჯონ კირბის თქმით, აშშ არ მისცემს უკრაინას მოსკოვში ჩინური დელეგაციის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმის მიღების შესაძლებლობას.

აღნიშნული მტკიცების კონტექსტი სრულიად გასაგებია - უკრაინა, თითქოს, არაა სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებლად არ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და მთლიანად ემორჩილება შეერთებულ შტატებს. ეს უკვე გავრცელებული პროპაგანდისტული იარლიყია, რომლის მიზანი ვითარების ისე წარმოჩენაა, თითქოს, უკრაინაში მიმდინარე ომი თავად უკრაინელებს არ სჭირდებათ, და ისინი მხოლოდ აშშ-ს ინტერესებიდან გამომდინარე ომობენ.

სინამდვილეში, ჰარლანდ ნიქსონის მტკიცება - მანიპულაციაა. ჯონ კირბიმ მართლაც განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ წარდგენილი სამშვიდობო ინიციატივები მიუღებელია, თუმცა, აღნიშნული ფრაზა კონტექსტიდან ამოგლეჯილია და წარმოჩენილია იმგვარად, რომ თითქოს, ამერიკა ჩინეთის გეგმებს არ ემხრობა მხოლოდ იმის გამო, რომ ვაშინგტონს ომი მართლაც „ბოლო უკრაინელამდე“ სურს.

რეალურად კი თეთრი სახლის პრეს-მდივანმა განმარტა, რომ ზავი მოსკოვთან არსებული სიტუაციაში ნიშნავს მხოლოდ ერთს - შესვენებას, რომლის შემდეგაც განახლებული რუსული ჯარი ისევ გადავა შეტევაზე. ანუ, აშშ-ს ნეგატიური პოზიცია გამოწვეულია არა იმით, რომ ვაშინგტონს ომის გაგრძელება სურს, არამედ იმით, რომ ჩინური სცენარით სამშვიდობო გარიგება საბოლოო ჯამში ნიშნავს ახალი ომის პერსპექტივას.

„ჩინეთმა არ დაგმო პუტინის შეჭრა უკრაინაში, ჩინელები კვლავ ყიდულობენ რუსულ ნავთობს და ენერგომატარებლებს, მათ მიიღეს რუსული მტკიცება, თითქოს რუსეთის წინაშე დგას რეალური საფრთხე, რომ ომი უკრაინაში დასავლეთმა დაიწყო. ადრეც ვამბობდით, და დღესაც გავიმეორებთ - თუ იქნება ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებები, ეს მიუღებელია, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების აღიარებას... პუტინი მიიღებს დროს ჯარის გადაიარაღების, გადაკვალიფიცირების, გადამზადებისთვის, და შემდეგ განაახლებს შეტევას, როდესაც ჩათვლის საჭიროდ“ - განაცხადა კირბიმ Fox News-თან ინტერვიუში 19 მარტს.

ასევე აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლების ამერიკის მარიონეტის სახით წარმოჩენა, ძალიან შორსაა რეალობისგან. აშშ-ის და დასავლეთის წარმომადგენლებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ საბოლოო ჯამში მხოლოდ უკრაინელებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება როდის და რა პირობებით დათანხმდებიან ომის შეწყვეტაზე.

მაგალითად, 2022 წლის 12 ოქტომბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, აშშ არ აპირებს უკრაინის ნაცვლად რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებას: „ჩვენ ცალსახად განვმარტეთ, რომ აშშ არ აპირებს სხვა ქვეყნის - მათ შორის უკრაინის - სახელით მოლაპარაკებების წარმოებას. თუ არსებობს დიალოგის შესაძლებლობა ის, საბოლოო ჯამში რუსეთმა და უკრაინამ უნდა გამოიყენონ. ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს უკრაინის ნაცვლად“.

საკითხის შესახებ 2022 წლის ნოემბერში თავად აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც განაცხადა: „არაფერი არ შეიძლება გაკეთდეს უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე. ესაა გადაწყვეტილება, რომელიც თავად უკრაინამ უნდა მიიღოს. ცალსახად განვაცხადე, რომ ჩვენ განვაგრძობთ უკრაინელი ხალხისთვის თავდაცვის შესაძლებლობების მიწოდებას“.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მანიპულაციური განცხადების ავტორი, ჰარლანდ ნიქსონი, პრორუსი ამერიკელი სამხედრო ექსპერტის სკოტ რიტერის ონლაინ-ჩართვების მუდმივი მონაწილეა. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რიტერი კრემლის დეზინფორმაციის აგენტებთან თანამშრომლობით ღიად პროპაგანდისტულ ნარატივებს და ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილია, რომ რიტერს 2001 წელს არასრულწლოვანებთან სექსუალური კავშირის გამო 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2009 წელს რიტერი კვლავ დააკავეს მსგავსი ბრალდებით, 2011 წელს კი 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და გირაოს სანაცვლოდ 2014 წელს გაათავისუფლეს. ამასთან, რიტერი რუსული Russia Today-სთვის დასავლეთის მიმართ კრიტიკულ სტატიებს წერს. ხოლო მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია სხვადასხვა რუსულ პროპაგანდისტულ პლატფორმაზე აქტიურად ქვეყნდება. აღსანიშნავია, ისიც, რომ 2022 წლის ივლისში უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა რიტერი პრორუს პროპაგანდისტთა სიაში შეიყვანა.

ამდენად, ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს, ჯონ კირბის თქმით, ვაშინგტონი უკრაინას ომის დასრულების შესაძლებლობას არ აძლევს, ტყუილი და პროპაგანდაა.

--------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი