Facebook-ანგარიში Salome Shonia სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც თურქეთში გაჩენილ ხანძარს ასახავს და მიანიშნებს, რომ ის „ლაზერული სხივების“ მეშვეობით ხელოვნურადაა გამოწვეული. ვიდეო სოციალურ ქსელ Twitter-სა და TikTok-ზე (1,2,3,4,5) უცხოენოვანი ანგარიშების მიერაც ვირუსულად გავრცელდა.

სინამდვილეში, სხივები, რომლებიც კადრებში ჩანს, ვიდეოჩანაწერის ავტორის თქმით, ფანჯრის ანარეკლია და ის ხანძართან კავშირში არ არის. აღნიშნული მტკიცება თურქულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Teyit-მა გადაამოწმა. ვიდეოს ავტორი Twitter-ზე წერს, რომ ამ კადრების გამოქვეყნებას ნანობს, რადგან ის კონსპიროლოგებმა გამოიყენეს: „ეს კადრი მე მეკუთვნის, მეტირება, ზოგი დამცინოდა და ზოგმა ლაზერიაო თქვა. ვნანობ, რომ გავაზიარე, ეს არის კადრი დახურული მინით და ანარეკლი, რომელსაც ლაზერს ეძახიან, ანთრაციტის ფერის ფარდის ანარეკლია“,- ვკითხულობთ, Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. პიროვნებამ, რომელსაც ეს ვიდეოკადრი ეკუთვნის, მოგვიანებით მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ფანჯრიდან გადაღებულ ყველა ვიდეოს მსგავსი ანარეკლი აქვს და რეალურად, ცაზე „ლაზერული სხივები“ არ არის.

ვირუსულად გავრცელებული ჩანაწერი 22 აგვისტოს 16 საათსა და 48 წუთზე თურქეთის ჩანაქკალეს რეგიონშია გადაღებული. ხანძარი 22 აგვისტოს 12 საათსა და 30 წუთზე სოფელ კაიადერეს ტერიტორიიდან გავრცელდა. საღამოს, ვიდეოს გადაღების დროისთვის ცეცხლმა ჩანაქკალემდე მიაღწია.

ჩანაქკალეს რეგიონში ხანძარი საბერძნეთის ტერიტორიიდან გავრცელდა, სადაც ცეცხლი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, განზრახ ან გულგრილობის გამო გაჩნდა. ქვეყნის ხელისუფლებამ ბოლო დღეებში 140 პირი დააკავა, მათ შორის 177 დაუდევრობის, ხოლო 23 ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით. ხანძრის გაჩენას საბერძნეთის ხელისუფლება მიგრანტებსაც უკავშირებს, თუმცა მომხდარზე გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს.

ამდენად, მტკიცება, თითქოს გავრცელებულ ვიდეოში ხანძრის „ლაზერული სხივების“ მეშვეობით გამოწვევა ჩანს, ყალბია. ვიდეოს ავტორის თქმით, სხივები მხოლოდ ფანჯრის ანარეკლია და ის ხანძართან კავშირში არაა.

დეზინფორმაცია „ლაზერული სხივებისა“ თუ „მიმართული ენერგიის იარაღის“ გამოყენებით ხანძრებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების განზრახ გამოწვევის შესახებ, „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (იხ. სტატია 1, 2, 3, 4).

------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5432 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი