ლევან ანთაძე: ამ წლების განმავლობაში, რაც თქვენ [„ქართული ოცნება“] ხართ ხელისუფლებაში, მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ ჩამოიწია და არის 67 წელი

ვერდიქტი: ლევან ანთაძის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე: 2022 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1.8 წლით გაიზარდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 2013-2022 წლებში, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, მათ შორის მამაკაცებში, უმეტესწილად ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2020-2021 წლებში ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ამ პერიოდში საქართველოში განსაკუთრებით მაღალი იყო მოკვდაობის ზოგადი კოეფიციენტი, რაც ახალი კორონავირუსით იყო გამოწვეული. უკვე 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, კაცების სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებელი - 1.9-ით, ხოლო ქალების 2.7-ით იზრდება.

განცხადების ავტორმა განმარტა, რომ ის 2021 წლის მონაცემს გულისხმობდა. თუმცა მან არ გაითვალისწინა COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი და არც 2022 წლის გაზრდილი მაჩვენებელი ახსენა. ამავე დროს, პოლიტიკოსმა გამოტოვა ფაქტი, რომ 2013 წელს კაცების სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა 68.1 წელი იყო, ხოლო პანდემიამდე, 2019 წელს, 69.8 წელს შეადგენდა, რაც გაზრდილი მაჩვენებელია. ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ ყოველი წლის მაჩვენებელი მომდევნო წელს იანგარიშება, თუმცა განცხადების გაკეთების დროს 2022 წლის პარამეტრი გამოქვეყნებული იყო. ამდენად, ლევან ანთაძის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძემ განაცხადა: „ამ წლების განმავლობაში, რაც თქვენ [„ქართული ოცნება“] ხართ ხელისუფლებაში, მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ ჩამოიწია [შემცირდა] და არის 67 წელი.“

„ფაქტ-მეტრი“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ამ განცხადებით დაინტერესდა. ჩვენ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გადავამოწმეთ. პოლიტიკოსი ამბობს, რომ კაცის სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა მცირდება იმ პერიოდის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ანუ 2013 წლიდან დღემდე. შედარების მიზნით, გადავწყვიტეთ საანგარიშოდ 2000-2022 წლები აგვეღო. უნდა ითქვას, რომ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც კაცებში, ისე - ქალებში, 2019 წელს დაფიქსირდა, შესაბამისად, 69.8 წელი და 78.4 წელი. დანარჩენ პერიოდში, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი ცალსახად კლების ან მატების ტენდენციით არ ხასიათდება.

გრაფიკი 1. სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საქართველოში, 2000-2022 წლების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გრაფიკი 1 აჩვენებს, რომ 2000 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, წინა ხელისუფლების პირობებში, სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა, კაცების შემთხვევაში, 67.8 წელსა და ქალების შემთხვევაში, 76.7-წელზე მაღალი არ ყოფილა. ამავე პერიოდში, გარკვეულ წლებში, პარამეტრი უმნიშვნელოდ იზრდებოდა. საანგარიშო პერიოდის საბაზისო 2000 წელს დაფიქსირებული 66.2 წელი (კაცები) და 73.9 წელი (ქალები) 2012 წელს უკვე იყო, შესაბამისად, 67.6 წელი და 76.7 წელი.

2013 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, ზრდის დინამიკა გრძელდება და კაცებში - 68.7 წელს, ხოლო ქალებში 77.3 წელს აღწევს. 2016 წელს, ორივე მაჩვენებელი, უმნიშვნელოდ მცირდება, ხოლო 2017 წლიდან ზრდას განაგრძობს და 2019 წელს მაქსიმალურ ნიშნულს აღწევს: კაცები - 69.8 წელი და ქალები - 78.4 წელი.

ამის შემდეგ, 2020 წელს, მოკვდაობის მიზეზებს ახალი კორონავირუსი დაემატა. საქსტატის მიხედვით, მოკვდაობის ზოგადი კოეფიციენტი განსაკუთრებით მაღალი იყო 2021 წელს, როცა COVID-19-ით 11 286 ადამიანი (ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები) გარდაიცვალა. ამდენად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა ყველაზე დაბალ ნიშნულზე სწორედ 2021 წელს იყო: კაცებში - 67.5 წელი, ხოლო ქალებში - 75.4 წელი. 2022 წელს კი ორივე მაჩვენებელი გაიზარდა და კაცების შემთხვევაში, 69.4 წელი და ქალების შემთხვევაში 78.1 წელი შეადგინა.

ინფორმაციისთვის: სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელ ხანგრძლივობას, რომელიც მოკვდაობის განმაზოგადებელი მახასიათებელია და დემოგრაფიული სტატისტიკის მაჩვენებელს წარმოადგენს, საქსტატი ითვლის. სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა არის წლების რაოდენობა, რომელსაც საშუალოდ იცოცხლებს ერთი ადამიანი დაბადებულთა თაობიდან, იმ პირობით, რომ მოკვდაობის დონე ყოველ ასაკში დარჩება ისეთი, როგორიც მოცემულ პერიოდშია.

ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა განისაზღვრება მისი ბიოლოგიური, მემკვიდრული თავისებურებებით და ცხოვრების სოციალური პირობებით. ცხოვრების ნორმალური მიმდინარეობისას, გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი, მათ შორის, საცხოვრებელი პირობების და სამედიცინო მომსახურების ხარისხი. არანაკლები მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ქცევას, მათი მხრიდან ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვას და მავნე ჩვევებზე უარის თქმას.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი