გიორგი გახარია: დღეს საქართველოში ემიგრაცია მასობრივი პრობლემა გახდა... ქართველ ემიგრანტებში ახალგაზრდების ხვედრითი წილი 80%-ზე მეტია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი გახარიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ქვეყანას უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე ტოვებს, ვიდრე ბრუნდება. 2021-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეების მიგრაციული სალდოს უარყოფითი მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. 2022 წელს საქართველო 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა, რაც 2012-2022 წლებში დაფიქსირებული უარყოფითი მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მანამდე, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2021 წელს, - 40.8 ათასი.

ახალგაზრდებში ქვეყნიდან გადინების მაჩვენებელი მაღალია, თუმცა რეალურად, ემიგრანტებში 80%-ზე მეტი არის არა ახალგაზრდების, არამედ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილი. [ეს უკანასკნელი მოიცავს ყველა ასაკობრივ ჯგუფს, გარდა 15 წლამდე ბავშვებისა და საპენსიო ასაკისა]. 2021 და 2022 წლების მონაცემებით, ემიგრანტების უდიდესი ნაწილი 55% 15-დან 40 წლამდეა; ემიგრაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 20-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებშია. ემიგრანტების 60% სწორედ აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება.

ის ფაქტი, რომ ემიგრანტების უმეტესი წილი ახალგაზრდებზე მოდის, ეს ბუნებრივიცაა. ზოგადად, ემიგრანტების, ასევე იმიგრანტების ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი ახალგაზრდებზე მოდის. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის) უარყოფითია და ეს უარყოფითი მაჩვენებელი ბოლო 2 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაუარესდა.

ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, გიორგი გახარიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ემიგრაციის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით: „დღეს საქართველოში ემიგრაცია მასობრივი პრობლემა გახდა და არ დარჩა თითქმის არცერთი ოჯახი, სადაც ქვეყნიდან წასული ოჯახის წევრის პრობლემა არ არსებობდეს. ტრაგედია არის ის, რომ ქართველ ემიგრანტებში ახალგაზრდების ხვედრითი წილი 80%-ზე მეტია“.

ემიგრაცია ნამდვილად არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. საქართველოს მოსახლეობის მასობრივი გადინება სხვა ქვეყნებში 1990-იანი წლებიდან დაიწყო და ეს უარყოფითი ტენდენცია დღემდე გრძელდება. ამ მხრივ გამონაკლისი 2020 წელი იყო, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო [სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის] დაფიქსირდა, რაც პანდემიით და ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვით იყო განპირობებული. თუმცა ის ფაქტი, რომ მოქალაქეები ჩაკეტილი საზღვრის პირობებში, ვერ მიდიოდნენ ემიგრაციაში, რაიმე პოზიტიურ მოვლენად ვერ ჩაითვლება. 2021 წელს, როდესაც საზღვრები უცხოეთში კვლავ გაიხსნა, ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა, ხოლო იმიგრანტთა [ქვეყანაში შემოსულთა] რაოდენობა შემცირდა.

2022 წელს ქვეყანაში მიგრაციული სალდო დადებითი იყო, რაც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლამ განაპირობა, რომელთა უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, მიგრაციული სალდო კვლავ უარყოფითია. 2022 წელს 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1:მიგრაციული სალდო; მიგრაციული სალდო საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებში, 2012-2022 წელი

წყარო: საქსტატი; ავტორის გამოთვლები

თავად ის ფაქტი, რომ ემიგრანტების უმეტესი წილი ახალგაზრდებზე მოდის, ეს ბუნებრივიცაა და ასეა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც. როგორც ემიგრანტებში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი მოდის ახალგაზრდებზე, ანალოგიურად იმიგრანტების, ანუ ქვეყანაში შემოსულთა უმეტესობა ახალგაზრდაა.

რა თქმა უნდა, ახალგაზრდებში ქვეყნიდან გადინების მაჩვენებელი მაღალია, თუმცა რეალურად, ემიგრანტების 80%-ზე მეტი მოდის არა ახალგაზრდებზე, არამდე შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაზე, რომელიც მოიცავს ყველა ასაკობრივ ჯგუფს, გარდა 15 წლამდე ბავშვებისა და საპენსიო ასაკისა. თუ იმიგრანტების, ქვეყანაში შემოსულთა მაჩვენებლებს გავაანალიზებთ, მანდაც მსგავსი სურათია. თუმცა აქვე, უნდა განვმარტოთ, რომ ემიგრანტების უდიდესი წილი არის საქართველოს მოქალაქეები, ხოლო იმიგრანტთა, ანუ ქვეყანაში შემოსულთა უმეტესი წილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

გახარია არ აკონკრეტებს ახალგაზრდებში რა ასაკობრივ ჯგუფს გულისხმობს. თუ განვიხილავთ 15 წლიდან 40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, 2021 და 2022 წლების მონაცემებით, ემიგრანტების 55%-ზე მეტი აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.

ემიგრაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 20-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებშია, 2021-2022 წლების მონაცემებით, ემიგრანტების 60% სწორედ აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება.

ემიგრაცია, ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინება, ნამდვილად არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, თუმცა გიორგი გახარია არსებულ რიცხვს გადაჭარბებულად წარმოაჩენს. მისი განცხადება საჭიროებს დაზუსტებას, რომ 80%-ზე მეტი ხვედრითი წილი ემიგრანტებში აქვთ არა „ახალგაზრდებს“, არამედ შრომისუნარიან მოქალაქეებს. თავად ტერმინი „ახალგაზრდა“ სუბიექტურ ტერმინად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ხოლო ყველაზე მაღალი გადინება 20-45 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ გიორგი გახარიას განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი