ბექა ლილუაშვილი: 2022 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული საჯარო სექტორში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბექა ლილუაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2022 წლის მონაცემებით, სახელმწიფო სექტორში 308 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 2010-2022 [1] წლების მონაცემები სახელმწიფო სექტორში დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია . 2022 წელს დასაქმების საერთო მაჩვენებელში სახელმწიფო სექტორში დასაქმების წილი 2021 წელთან შედარებით შემცირდა, თუმცა პანდემიამდე წლების მაჩვენებლებთან შედარებით ისევ მაღალია.

რაც შეეხება არასახელმწიფო სექტორს, 2022 წლის მონაცემებით, დასაქმების მაჩვენებელი პანდემიურ წლებთან [2020-2021] შედარებით გაზრდილია, თუმცა წინა წლების [2014-2019] მაჩვენებელზე ნაკლებია.

ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ბექა ლილუაშვილის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

4 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარტია „საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა დასაქმების მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება, მისი განცხადებით: „2022 წლის მონაცემებით, 2007 წლის მერე ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული საჯარო სექტორში“.

„ფაქტ-მეტრმა“ ბექა ლილუაშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2022 წელს პანდემიურ წლებთან [2020-2021] შედარებით, ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს დასაქმების დონე (დასაქმებულთა პროცენტული წილი შესაბამისი ასაკის (15+) მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.9% შეადგინა. დასაქმების დონე მცირედით (0.2 პროცენტული პუნქტით) აღემატება პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელსაც, თუმცა ეს უკანასკნელი ქვეყანაში 15+ ასაკის მოსახლეობის შემცირებით არის განპირობებული, აღნიშნული კი ბუნებრივია, დადებით მოვლენად ვერ ჩაითვლება. ქვეყანაში დასაქმების დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015 წელს დაფიქსირდა.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, 2022 წელს წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში დაახლოებით 66.3 ათასით (5.5%-ით) გაიზარდა და 1,283.7 ათასი ადამიანით განისაზღვრა. თუმცა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებს თუ შევადარებთ, 2015-2019 წლებში ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, ვიდრე 2022 წელს.

რაც შეეხება საკუთრების ფორმების მიხედვით დასაქმებულთა გადანაწილებას, 2022 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა როგორც არასახელმწიფო, ისე სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა. ამასთან, 2022 წელს დასაქმების საერთო მაჩვენებელში სახელმწიფო სექტორში დასაქმების წილი 2021 წელთან შედარებით შემცირდა, თუმცა პანდემიამდე წლების მაჩვენებლებზე მაღალია.

2022 წლის მონაცემებით, სახელმწიფო სექტორში 308 ათასი ადამიანია დასაქმებული, რაც 2010-2022 წლებში სახელმწიფო სექტორში დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2022 წელს არასახელმწიფო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი პანდემიურ წლებთან [2020-2021] შედარებით გაზრდილია, თუმცა წინა წლების [2014-2019] მაჩვენებელზე ნაკლებია.

გრაფიკი 1: დასაქმებულთა განაწილება საკუთრების ფორმების მიხედვით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ამრიგად, 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში საჯარო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი მართლაც მაქსიმალურ ნიშნულზეა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ბექა ლილუაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

[1] დასაქმების მაჩვენებლები 2010 წლიდან მიმოვიხილეთ, რადგან 2010 წლამდე პერიოდში დასაქმების სტატისტიკა განსხვავებული მეთოდოლოგიით არის დაანგარიშებული და უფრო ადრინდელ პერიოდთან შედარება არარელევანტურია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი