მიმდინარე წლის 10 ივნისიდან, როგორც ვიცით, საქართველოს მთავრობამ, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით - 5 თვის ვადით, საიმპორტო გადასახადი დააწესა (200 ლარი ტონაზე). აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობა იყო.

ამ გადაწყვეტილებას წინ შემდეგი მოვლენები უძღოდა - 2021 წლის სექტემბრიდან რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცურავი საბაჟო მექანიზმი აამოქმედა, რამაც საქართველოში ხორბლის იმპორტიორებისთვის ხორბლის შემოტანა არარენტაბელური გახადა, რადგან ფქვილის იმპორტზე ნულოვანი საბაჟო გადასახადის გამო, ადგილობრივი ფქვილი შემოტანილს - გაცილებით დაბალი ღირებულებიდან გამომდინარე, კონკურენციას ვერ უწევდა. აღნიშნულმა ხორბლის იმპორტი შეამცირა, სამაგიეროდ, ფქვილის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა. თუ 2020 წელს ხორბლის იმპორტმა 491 ათასი ტონა შეადგინა, 2021 წელს ის 367 ათას ტონამდე შემცირდა, 2022 წელს კი 184 ათას ტონამდე. ორ წელიწადში კლებამ 307 ათასი ტონა შეადგინა, ადგილობრივი წარმოება კი მხოლოდ 55 ათასი ტონით - 102 ათასიდან 157 ათას ტონამდე გაიზარდა. სხვაობა ხორბლის ფქვილის იმპორტით დაკომპენსირდა, რომლის მოცულობაც იმავე პერიოდში 11 ათასი ტონიდან 182 ათას ტონამდე გაიზარდა.

ხორბლის იმპორტის შემცირებამ და იაფი ფქვილის შემოსვლამ წისქვილკომბინატების დიდი ნაწილის გაჩერება გამოიწვია და ადგილობრივ ფერმერებს ხორბლის რეალიზაციის პრობლემა შეუქმნა. ფერმერები და წისქვილკომბინატის წარმომადგენლები ერთ-ერთ გამოსავლად რუსული ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი საბაჟო გადასახადის დაწესებას ითხოვდნენ, ოღონდ პურზე ფასის შენარჩუნების და ხორბლის დარჩენილი მოსავლის შესყიდვის გარანტიით.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადი მთავრობამ 5 თვის ვადით დააწესა. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გადასახადის მოქმედების ვადა 2024 წლის 1 მარტამდე გახანგრძლივდა, თანაც გადასახადის ოდენობაც გაიზარდა და ტონაზე 200 ლარის ნაცვლად, 250 ლარი შეადგინა. საიმპორტო გადასახადი ქერსა და ქატოზეც დაწესდა - ტონაზე 100 ლარის ოდენობით.

რა გავლენა იქონია ფქვილისა და ხორბლის იმპორტსა და ფასზე აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, ქვემოთ განვიხილოთ. რადგან გადასახადი ივნისიდან ამოქმედდა და ჯერჯერობით სექტემბრის მონაცემები (იმპორტის) გამოქვეყნებული არ არის, მაისი-აგვისტოს პერიოდს მიმოვიხილავთ.

ცხრილი 1: ხორბლის იმპორტი 2022-2023 წლებში (მაისი-აგვისტო)

წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი

როგორც მონაცემები ცხადყოფს, ივლისშივე, გადასახადის ამოქმედებიდან ერთ თვეში, ხორბლის იმპორტი თანხობრივად უკვე გაორმაგებულია, რაოდენობრივად კი ზრდა უფრო შთამბეჭდავია და 2.5-ჯერ არის გაზრდილი. წლიურ ჭრილში, მიმდინარე წლის ხორბლის იმპორტის ოთხი თვის ჯამური მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით, თანხობრივად 7.7%-ით არის გაზრდილი, ხოლო რაოდენობრივად მატება 69.2%-ს შეადგენს, რაც ხორბლის გაიაფებით არის განპირობებული (2022 წელს - 389 აშშ დოლარი 1 ტონა ხორბალი , 2023 წელს - 247 აშშ დოლარი).

რაც შეეხება ხორბლის ფქვილის იმპორტს, საკვლევ პერიოდში, ივნისის თვიდან შემცირება დაიწყო, თუმცა აგვისტოში ისევ მატება დაფიქსირდა. რაც შეეხება წინა წლის იმავე პერიოდს, ჯამურად როგორც თანხობრივად, ისე რაოდენობრივად ფქვილის იმპორტი შემცირებულია, შესაბამისად - 2.5-ჯერ და 1.5-ჯერ.

ცხრილი 2: ხორბლის ფქვილის იმპორტი 2022-2023 წლებში (მაისი-აგვისტო)

წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი

როგორც აღვნიშნეთ, საბაჟო გადასახადის დაწესების ერთ-ერთი პირობა პურზე ფასების შენარჩუნება იყო. ფასების დეტალური ინდექსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, ივნისის თვეში პურზეც და ფქვილზეც, წინა თვესთან შედარებით, ფასები შემცირდა 3.28 და 1.40 პროცენტით, ივლის-აგვისტოში პურის ფასმა შემცირება განაგრძო, შესაბამისად - 0.39 და 1.13 პროცენტით, სექტემბერში პურის ფასი უცვლელად აგვისტოს დონეზე შენარჩუნდა. ხორბლის ფქვილის შემთხვევაშიც მთელ პერიოდზე ფასი განაგრძობდა შემცირებას.

ცხრილი 3: ხორბლის პურის და ფქვილის ფასების დეტალური ინდექსი (წინა თვე=100)

წყარო: საქსტატი

რაც შეეხება ფასების ცვლილებას წლიურ ჭრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ივნისი-სექტემბრის პერიოდში, ხორბლის ფქვილის და პურის ფასშიც გამოკვეთილი კლების ტენდენციაა.

ცხრილი 4: ხორბლის ფქვილის და პურის ფასების დეტალური ინდექსი (წინა წელი=100)

წყარო: საქსტატი

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ პურის ფქვილზე დაწესებულმა საიმპორტო გადასახადმა, ხორბლის იმპორტის ზრდა და პურის ფქვილის იმპორტის შემცირება განაპირობა, რაც ამ გადაწყვეტილების მიზანი კიდევაც იყო და ამასთანავე, ადგილობრივი ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებულ ფქვილს იმპორტირებულისთვის კონკურენცია უნდა გაეწია. თუმცა ხელოვნური ჩარევის მიუხედავად, მეხორბლე ფერმერებს ადგილობრივი ხორბლის რეალიზება (მაღალი ფასის თუ უხარისხობის გამო, ჩვენ ამის განხილვაში ვერ შევალთ) მაინც გაუჭირდათ და ხორბლის ფასითაც უკმაყოფილონი დარჩნენ. სამთავრობო პოლიტიკა სამომავლოდ ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის 50%-მდე ზრდას ითვალისწინებს. ხორბლის მოსავლიანობის ზრდის მთავარი სარგებელი ის უნდა იყოს, რომ იმპორტირებულ ხორბალზე დამოკიდებულება მცირდებოდეს და ადგილობრივ ხორბალზე პირიქით, მოთხოვნა იზრდებოდეს. წლევანდელმა წელმა სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა - მიმდინარე წელს მოწეული მოსავალი კონკურენტუუნარო აღმოჩნდა და მთავარი მიზანი იმპორტზე დამოკიდებულება არათუ შეამცირა, პირიქით, არსებული ხორბლის სარეალიზაციოდაც დამატებითი გადასახადის დაწესება გახდა საჭირო.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი თავიდან ხუთი თვით დაწესდა, მიმდინარე თვეს გადასახადის მოქმედება კიდევ 4 თვით გახანგრძლივდა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ადგილობრივი ფქვილის კონკურენტუნარიანობის და პურზე ფასის შესანარჩუნებლად მთავრობა დაწესებულ გადასახადს კიდევ ხანგრძლივი ვადით შეინარჩუნებს.


მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი