თეონა ჭალიძე: „635 ათასზე მეტი ადამიანი არის საარსებო შემწეობის მიმღები და აქედან უმრავლესობა იღებს 30-დან 60 ლარამდე საარსებო შემწეობას... დევნილის შემწეობა არის 45 ლარი, როგორ შეიძლება დეპუტატის ხელფასი იყოს 183-ჯერ მეტი… მარჩენალდაკარგულებს რატომ არ უმატებთ სოციალური პაკეტს, 100 ლარია დღეს ობოლი ბავშვების შემწეობა“

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თეონა ჭალიძის განცხადება არის სიმართლე.

დევნილის ყოველთვიური შემწეობა 45 ლარს შეადგენს. ის 2014 წლის შემდეგ არ გაზრდილა და ზრდა არც მომავალი წლის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული. პარლამენტის წევრების ხელფასების ზრდის შემთხვევაში, დეპუტატის მინიმალური ხელფასი მართლაც 183-ჯერ მეტი იქნება დევნილის შემწეობაზე.

თეონა ჭალიძე განცხადებაში ასევე საუბრობს ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე და სოციალურ გასაცემელებზე [საარსებო შემწეობა; მარჩენალდაკარგულის დახმარება], რომელიც მიზერულია და ზრდა არც მათ შეხებია.

„ფაქტ-მეტრი“ არ შედის მსჯელობაში პარლამენტის წევრის ხელფასის ოპტიმალურ დონესთან დაკავშირებით, თუმცა თეონა ჭალიძის განცხადებაში დასახელებული მონაცემები ზუსტია, ამასთან, მართებულია მისი განცხადების პათოსი, რომ დეპუტატების ხელფასებისგან განსხვავებით, არ იზრდება რიგი სოციალური შემწეობები. ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, თეონა ჭალიძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა ჭალიძემ დეპუტატების ხელფასების ზრდა გააკრიტიკა. მისი განცხადებით, „ამჟამად არსებული ხელფასები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დეპუტატებმა თავიანთი უფლებამოსილება განახორციელონ. როდესაც, ხალხზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მაშინ გაიზარდოს დეპუტატების ხელფასებიც... როცა დეკლარირებულად გვაქვს სოციალური მომსახურების სააგენტოსგან ინფორმაცია, რომ 635 ათასზე მეტი ადამიანი არის საარსებო შემწეობის მიმღები და აქედან უმრავლესობა იღებს 30-დან 60 ლარამდე საარსებო შემწეობას... როდესაც დევნილის შემწეობა არის 45 ლარი, როგორ შეიძლება დეპუტატის ხელფასი იყოს 183-ჯერ მეტი დევნილის შემწეობაზე… მარჩენალდაკარგულებს რატომ არ უმატებთ სოციალური პაკეტს, 100 ლარია დღეს ობოლი ბავშვების შემწეობა“.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ინიციირებული კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის იანვრიდან პარლამენტის წევრის მინიმალური ხელფასი 4 624 ლარიდან 8 250 ლარამდე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 6 740 ლარიდან 10 000 ლარამდე იზრდება.

დევნილის ყოველთვიური შემწეობა 45 ლარს შეადგენს. 2014 წლის შემდეგ დევნილების დახმარება არ გაზრდილა და ზრდა არც მომავალი წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული. პარლამენტის წევრების ხელფასების ზრდის შემთხვევაში, დეპუტატის მინიმალური ხელფასი მართლაც 183-ჯერ მეტი იქნება დევნილის შემწეობაზე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღები არის 627,691 პირი [163,403 ოჯახი]. აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველი პირებს და მათი ოჯახის წევრების რაოდენობასაც, ასეთი არის სულ 202,162 პირი [44,705 ოჯახი].

ბოლო წლებში სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბავშვთა დახმარების მიმღებთა წრე გაფართოვდა და ფულადი დახმარების ოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს იღებენ. 2020 წელს ბავშვისთვის განკუთვნილი დანამატი 50 ლარს შეადგენდა, 2021 წელს ეს თანხა გაორმაგდა და 100 ლარამდე გაიზარდა, 2021 წლის ივნისიდან კი ბავშვები, დანამატის სახით, 150 ლარს იღებდნენ. ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება. აღნიშნული დახმარება, 2021 წლის 1 ივლისამდე, მხოლოდ 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე გაიცემოდა.

2022 წლის მარტიდან საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც მიზნად სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარების შრომის ანაზღაურება თვეში 300 ლარს (ან პროპორციულად განსაზღვრულ დღიურ გასაცემელს) შეადგენს. პროგრამაში ჩართულ პირთა ოჯახებს სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი ბენეფიტები 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ.

ამრიგად, ბოლო წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამის დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, 2015 წლიდან დღემდე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის [გარდა არასრულწლოვანებისა] საარსებო შემწეობა არ შეცვლილა, ფულადი დახმარება 30-დან 60 ლარამდე მერყეობს, ოჯახის სარეიტინგო ქულის შესაბამისად.

რაც შეეხება მარჩენალდაკარგული პირების სოციალურ პაკეტს. ყოველთვიური ფულადი დახმარება ენიშნებათ ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილებს, 18 წლის ასაკის მიღწევამდე. მარჩენალდაკარგულს ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით ყოველთვიური შემწეობა ენიშნება, აღნიშნული დახმარება 2013 წლის შემდეგ არ გაზრდილა. 2022 წლის ბოლოს კი, იმ ბავშვების, ვისაც ორივე მშობელი გარდაცვლილი ჰყავს, დახმარება 150 ლარამდე გაეზარდა.

ფულადი დახმარება უფრო მაღალია რიგ შემთხვევებში. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შვილებისთვის (144 ლარი, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - 194 ლარის ოდენობით). სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შვილზე 122 ლარის ოდენობის დახმარება გაიცემა (ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - 172 ლარის ოდენობით). პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი პირის შვილს 107 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - 157ლარის ოდენობით დახმარება ენიშნება.

პარლამენტის თავმჯდომარის ინიციირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ საჯარო დაწესებულებებში ხელფასების ზრდის მიუხედავად, 2013 წლის შემდეგ პარლამენტის წევრის გასამრჯელო ფაქტობრივად არ შეცვლილა. სწორედ ამ არგუმენტით ხსნიან დეპუტატების მინიმალური ხელფასის დაახლოებით 78%-ით ზრდას. თუმცა, ინფლაციური პროცესებიდან გამომდინარე, ამგვარი მიდგომა უნდა გავრცელდეს სხვა გასაცემელებზეც, მათ შორის დევნილების შემწეობაზე; საარსებო შემწეობაზე; მარჩენალდაკარგულების შემწეობაზე, რომლებიც მიზერულია და მრავალი წელია, არ გაზრდილა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ თეონა ჭალიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი