2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას, ევროპული კომისიის მიერ ევროპულის საბჭოსთვის გაცემულ რეკომენდაციაზე პასუხად, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, Facebook-გვერდმა „ანტირუსული პლატფორმა - AntiRussian Platform“ შემდეგი სახის შეთქმულების თეორია გაავრცელა: „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირი მოისყიდა, რათა არჩევნები მოიგოს!“. გვერდმა საზოგადოებას მოუწოდა, „არ აყვნენ“ „ამ სახალხო ზეიმს“, რადგან „ეს არის სატყუარა“. კერძოდ, გვერდის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ" მოისყიდა ევროკავშირი, რათა გაიზარდოს რეიტინგი და არჩევნები მოიგოს“.

Facebook-გვერდი „ანტირუსული პლატფორმა - AntiRussian Platform“ თავს პროდასავლურ პლატფორმად წარმოაჩენს და აღწერაში მითითებული აქვს - „თუ მხარს უჭერ უკრაინას, მოიწონე გვერდი“, თუმცა, რეალურად, გვერდი ანტიდასავლურ პროპაგანდის გამავრცელებელია და შეფარული სახელით მოქმედებს. მას დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია და ძირითადად, მოსახლეობაში დასავლეთისა და უკრაინისადმი აგრესიის მიზანმიმართულად გამოწვევას ცდილობს. „ანტილიბერალურ პლატფორმას“ მოცემული პროპაგანდისტული შეთქმულების თეორიის პოსტი დარეკლამებულიც ჰქონდა. შესაძლოა, პოსტის მიზანი ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეების დისკრედიტაცია, რადგან „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგის იდენტობით საზოგადოებისთვის აშკარად მიუღებელი და ლოგიკას მოკლებული შინაარსის პოსტი გაავრცელა - ეს ჩანს პოსტის ინტერაქციებიდანაც, რადგან პოსტის 1210 ინტერაქციიდან 1065 დაცინვის ან გაბრაზების გამომხატველია (12 ნოემბრის მონაცემებით). გვერდი მსგავს ტაქტიკას საზოგადოებაში აგრესიის მიზანმიმართულად გამოსაწვევად ხშირად იყენებს. მეორე მხრივ, გვერდის მიზანი, შესაძლოა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციის დისკრედიტაცია ყოფილიყო, რაც გვერდის მიზნებს ასევე შეესაბამება.

რაც შეეხება უშუალოდ მტკიცებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოისყიდა, რათა რეიტინგი გაეზარდა და ეს არჩევნების მოგებაში დახმარებოდა - ეს წარმოადგენს შეთქმულების თეორიას, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული ინფორმაციის გავრცელებისას, რომელიც საჯაროდ არსებულ ფაქტობრივ მოცემულობას ეწინააღმდეგება და ამასთან, თავად გვერდი ბრალდების დამადასტურებელ არავითარ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. მოცემული მტკიცება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რაც ქვემოთ დეტალურად იქნება ახსნილი. ის წარმოადგენს კლასიკურ მაგალითს შეთქმულების თეორიისა, რომელიც მოვლენას ხსნის, როგორც გარკვეული ჯგუფის საიდუმლო საქმიანობას და მკითხველს გადაუმოწმებად ინფორმაციაზე დაყრდნობით საეჭვო/შეუძლებელ დასკვნას წარუდგენს.

საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი და ევროკავშირის პასუხი

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში გაუმართლებელი და არაპროვოცირებული შეჭრის შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს შანსი მიეცა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გაეკეთებინა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. განაცხადის პასუხად, 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის პოტენციური კანდიდატის სტატუსი მიენიჭა (ხოლო „ასოცირებული ტრიოს“ დანარჩენ ორ წევრს - მოლდოვასა და უკრაინას - კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ) და ასევე კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებლად განესაზღვრა 12 პრიორიტეტი. პრიორიტეტები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

1.დეპოლარიზაცია;

2.სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის და ეფექტიანი ზედამხედველობის გაძლიერება, საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა;

3.სასამართლოს ჯეროვანი რეფორმა, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება;

4.ანტი-კორუფციული ძალისხმევის გაძლიერება;

5.დეოლიგარქიზაცია;

6.ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება;

7.თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა;

8.მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;

9.გენდერული თანასწორის ხელშეწყობა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობისადმი ბრძოლა;

10.სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

11.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებების საქართველოს სასამართლოების მიერ პროაქტიული გათვალისწინება;

12.სახალხო დამცველად გამჭვირვალე პროცესით დამოუკიდებელი პიროვნების არჩევა.

მას შემდეგ საქართველომ 12 პრიორიტეტის შესრულება დაიწყო. 2023 წლის 22 ივნისს სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის, მიერ წარდგენილი შუალედური შეფასების თანახმად, საქართველოს შესრულებული ჰქონდა 3 პრიორიტეტი (გენდერულ თანასწორობასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებასა და სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით), გარკვეული პროგრესი ჰქონდა 7 პრიორიტეტზე, შეზღუდული პროგრესი 1 პრიორიტეტზე (დეოლიგარქიზაცია) და არავითარი პროგრესი 1 პრიორიტეტზე (მედიასთან დაკავშირებით). თუმცა ევროკავშირის ელჩის განცხადებით, აღნიშნულის შემდგომ „ბევრ პოზიტიურ განვითარებას ჰქონდა ადგილი. მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე მუშაობა, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოებასთან გაფორმდა“, ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარუმატებლობა.

გარდა პრიორიტეტების შესრულებაში მიღწეული პროგრესის (ან პროგრესის ნაკლებობის) შეფასებისა, ექსპერტებისა და მიმომხილველების აზრით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება/რეკომენდაციის გაწევა, შესაძლოა, სხვა ისეთ ფაქტორებსაც განეპირობებინა, როგორებიცაა, მათ შორის: 1) რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა - უკრაინა რუსეთის ომის ფონზე ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება და საქართველოს მეტად ინტეგრაცია აწყობდა, რადგან სტატუსის მიღებაში წარუმატებლობა, რუსეთისთვის იქნებოდა ხელსაყრელი და შესაძლოა, საქართველოზე რუსეთის გავლენა გაძლიერებულიყო; 2) საქართველოს მოსახლეობის მტკიცე პრო-ევროპული განწყობები - NDI-ს 2023 წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 82%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. სხვა მსგავსი ტიპის გამოკითხვებიც ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას 80%-ზე ზემოთ აჩვენებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2023 წლის 25 ოქტომბრის განცხადებით, „ქართველების თითქმის 90 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას“. ბუნებრივია, ევროკავშირისთვის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის განწყობის იგნორირება საკმაოდ რთული იქნებოდა; 3) ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან ინტეგრაციის პროცესში ერთი საფეხურით წინსვლას - გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას - გეგმავდა და რათა, ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, უკრაინასა და მოლდოვას შორის ინტეგრაციის საფეხურებს შორის დიდი სხვაობა არ გაჩენილიყო და საქართველო მათ საკმაოდ არ ჩამორჩენოდა, ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას განიხილავდა.

ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების ანგარიში და საქართველოს პროგრესის შეფასება

8 ნოემბერს, გაფართოების ანგარიშის წარდგენისას, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რეკომენდაცია გაუწია, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს (ასევე, დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან, ხოლო ბოსნიასთან მას შემდეგ რაც გარკვეული პირობები იქნება დაკმაყოფილებული).

საქართველოსთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, 2023 წლის გაფართოების პაკეტის პრესრელიზში ნათქვამია: „საქართველოს შემთხვევაში, მიღწეული შედეგების ფონზე, კომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ [ევროპულმა] საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს იმ პირობით, რომ რიგი ნაბიჯები იქნება გადადგმული“... „ბოლო თვეებში ევროკავშირთან ჩართულობის გასაზრდელად საქართველომ გადადგა ნაბიჯები და გაზარდა რეფორმების ტემპი. წევრობის აპლიკაციაზე ევროკომისიის მოსაზრებაში იდენტიფიცირებული 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, საქართველომ მიიღო საკანონმდებლო აქტები და გადადგა პოლიტიკური ნაბიჯები გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლასა და ორგანიზებულ დანაშაულზე, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გაზიარებასთან დაკავშირებით. განხორციელდა სასამართლო რეფორმა, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ჯერ კიდევ საჭიროა. საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონები და სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიას დასკვნისთვის გაუზიარა. მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და მუშავდება სამოქმედო გეგმა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ძლიერი მრავალპარტიული პოლიტიკური კონსენსუსის შექმნა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის მოგვარებას და დააჩქარებს მის ევროპულ გზას“.

2023 წლის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა საქართველოსთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარები გააკეთა: „კომისია რეკომენდაციას უწევს [ევროპულ] საბჭოს, რომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ პირობით, რომ რიგი ნაბიჯები იქნება გადადგმული“... „რაც შეეხება საქართველოს, კოლეგია [კომისია - რედ.] სრულად უჭერს მხარს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის გულწრფელ მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ეს მისწრაფებები უკეთესად უნდა ასახოს ხელისუფლებამ, რომელიც უფრო მეტად უნდა ჩაერთოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ეროვნული ინტერესების საკითხებში. და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე მთავრობისგან საჭიროა შემდგომი პროგრესი გასულ წელს განსაზღვრულ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ამასთან, კომისია ასევე აცნობიერებს რიგ პოზიტიურ ნაბიჯებს. მაგალითად, გაიზარდა ოპოზიციის კონტროლი საპარლამენტო მუშაობაზე; მიღებულ იქნა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა; პერსონალიზებული მიდგომა გაწვეულ იქნა; და შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო. ამიტომ, კომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმ პირობით, რომ მთავრობა რეფორმების კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს“.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის, განცხადებით, „ბოლო თვეებში ჩვენ ვიხილეთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს, ასევე ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მიერ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა...“. ევროპარლამენტში განხილვისას მან ასევე განაცხადა, რომ „საქართველოში ბოლო თვეებში მათ იხილეს ევროკავშირთან ჩართულობის მხრივ ახალი პოზიტიური დინამიკა, კერძოდ, ევროპული საბჭოს მიერ შარშან განსაზღვრულ თორმეტ პრიორიტეტთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომისია რეკომენდაციას უწევს [ევროპულ] საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ პირობით, რომ შემდგომი ნაბიჯები იქნება გადადგმული დეზინფორმაციასთან ბრძოლის, [ევროკავშირის] საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის, საპარლამენტო ზედამხედველობის დანერგვის გაუმჯობესების, პოლიტიკური პოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციისა და ანტიკორუფციული საკითხების გადაწყვეტის პირობით“.

საქართველოსთან დაკავშირებული 2023 წლის ანგარიშის ძირითადი მიგნებების თანახმად, საქართველოს აქვს:

  • მზაობის გარკვეული დონე პოლიტიკურ კრიტერიუმთან დაკავშირებით;
  • საშუალო დონის მზაობა საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის მიმართულებით;
  • მზაობის გარკვეული დონე და ლიმიტირებული პროგრესი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით;
  • მზაობის გარკვეული დონე და გარკვეული პროგრესი კორუფციასთან ბრძოლაში;
  • მზაობის გარკვეული დონე და გარკვეული პროგრესი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში;
  • რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციები და ინსტრუმენტები ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით, ჯამში აკმაყოფილებს მის ვალდებულებებს საერთაშორისო სამართალთან. შემუშავებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და შემუშავების პროცესშია სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს პოზიტიურ ელემენტებს, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადასაწყვეტია;
  • მზაობის გარკვეული დონე და ლიმიტირებული პროგრესი გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით;
  • საშუალო დონის მზაობა ეკონომიკურ კრიტერიუმთან დაკავშირებით;
  • გარკვეული პროგრესი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაში და ა.შ.

დეტალებისთვის იხილეთ ევროკავშირის გაფართოების 2023 წლის ანგარიში საქართველოზე და ანგარიშის ძირითადი მიგნებები.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა

გარდა საქართველოსთან დაკავშირებული კომენტარებისა, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ევროკომისიის ოფიციალური პირების ზოგადი კომენტარები გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, „გაფართოება სასიცოცხლო მნიშვნელობის პოლიტიკაა ევროკავშირისთვის. ჩვენი კავშირის დასრულება [იგულისხმება გაფართოება სხვა ევროპული ქვეყნებით - რედ.] ჩვენი კავშირის ბუნებრივი ჰორიზონტია. ჩვენი კავშირის დასრულებას ასევე აქვს ძლიერი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ლოგიკა ამ მომენტში. წარსულმა გაფართოებებმა აჩვენა უზარმაზარი სარგებელი როგორც გაწევრიანებული ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. ჩვენ ყველა ვიმარჯვებთ“.

საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის, განცხადებით, „ეს არის ისტორიული გაფართოების პაკეტი, რომელიც პირველად მოიცავს ჩვენს 10 უახლოესი პარტნიორს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ. ჩვენი კონტინენტისთვის ჩვენი კავშირის დასრულება არის საუკეთესო ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის და წლევანდელი პაკეტი წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას.

ევროკავშირში გაწევრიანება სტრატეგიული არჩევანია და ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა უფრო მნიშვნელოვანი სიგნალია საერთო ღირებულებებისა და სტრატეგიული ორიენტაციის შესახებ ვიდრე ოდესმე“. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის, განცხადებით, „ეს ათი ანგარიში ადასტურებს, რომ ევროკავშირის გაფართოება მტკიცედ დაბრუნდა დღის წესრიგში. გაფართოება არის ჩვენი გეოპოლიტიკური პროექტი ევროპისთვის. ამ ახალი გეოპოლიტიკური იმპულსის დასაჭერად, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ გაფართოების პროცესი, რომელიც კვლავ დაფუძნებული იქნება ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით რეფორმებზე... ვინაიდან ჩვენ ვზრდით ჩართულობას რეგიონთან მომდევნო თვეებში, ყველა ჩვენმა პარტნიორმა ყურადღება უნდა გაამახვილოს საჭირო რეფორმებზე, რაც ნათლად არის ასახული ჩვენს გაფართოების ანგარიშებში, რათა შევძლოთ კარგი შეფასება მივცეთ საბჭოს შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებას“.

ევროკომისიის პოზიციებიდან შესაძლებელია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციის გაწევის გადაწყვეტილების განმაპირობებელი ფაქტორების ამოკითხვა. პირველ რიგში, ევროკავშირმა ყურადღება მიაქცია 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესს და აღნიშნა პროგრესი გარკვეული მიმართულებებით (და დამატებითი პროგრესის საჭიროება სხვა მიმართულებებით).

ევროკომისიამ ასევე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ბოლო თვეებში ევროკავშირთან მუშაობის მხრივ პოზიტიურ დინამიკას. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაცია, შესაძლოა, გარკვეულწილად აღნიშნულის დაფასება და შემდგომში პოზიტიური დინამიკის გაგრძელების სურვილია. ასევე ევროკომისიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პროევროპულ განწყობასა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე.

უშუალოდ საქართველოს შიდა პოლიტიკური დინამიკის გარდა, ზემოთ მოყვანილი განცხადებებიდანაც ჩანს, რომ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ ევროკავშირი გაფართოების პოლიტიკით მეტად დაინტერესდა და ის მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა. ეს გამოიხატა ბოლო, დაახლოებით, 1.5 წლის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელოვან გააქტიურებაში. მაგალითად, აღნიშნულის გამოხატულება იყო გასულ წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის, ხოლო უკრაინის, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება. ჯამში კი, საქართველოს გარდა ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი აქვს შეტანილი, კანდიდატის სტატუსი უკვე ჰქონდა, გარდა კოსოვოსი, რომელსაც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო არ აღიარებს. ამასთან, ევროკომისიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ გაფართოების პოლიტიკა ეფუძნება გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ლოგიკას. შესაბამისად, გაფართოების პოლიტიკის კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები გარკვეულწილად გეოპოლიტიკური გარემოებებითაც არის განპირობებული.

აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება, რეკომენდაცია გაეწია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, განპირობებული იყო, როგორც საქართველოს შიდა პოლიტიკური ფაქტორებით (12 პრიორიტეტის ზოგი მიმართულებით პროგრესი, რეფორმებისა და ევროკავშირთან ჩართულობის მხრივ პოზიტიური დინამიკა, საზოგადოების მკვეთრად პროევროპული განწყობები), ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის დინამიკით (გაფართოების პოლიტიკის გააქტიურება და ევროკავშირის გაფართოების სურვილი, გაფართოების ეკონომიკურად პოზიტიურ ასპექტებზე ფოკუსირება და გაფართოების პოლიტიკის სეკურიტიზაცია - ე.ი. გაფართოების პოლიტიკისთვის გეოპოლიტიკური ლოგიკის და მნიშვნელობის მინიჭება).

ასევე, აქვე აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, საქართველოს პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა დგას, ხოლო ანგარიშში დეტალურადაა განხილული მიღწეული პროგრესი და დამატებითი პროგრესის საჭიროება სხვადასხვა მიმართულებით - ე.ი. ის არაა მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის, განსახილველი Facebook-პოსტის შემთხვევაში კი „ქართული ოცნების“, რეიტინგის გაზრდაზე (თუნდაც ეს შემდგომში აღნიშნულის თანმდევი იყოს).

ამასთან, ევროკომისია მთავრობას ოპოზიციასთან პოლარიზაციის დასრულებისა და მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს. ასევე სტატუსის მონიჭების შესახებ რეკომენდაციას თან ახლავს დათქმა, რომ საქართველოს სტატუსი უნდა მიენიჭოს შემდგომი რეფორმების კუთხით გარკვეული ნაბიჯების გადადგმის პირობით. ამისთვის განისაზღვრა 9 ახალი პრიორიტეტიც, რომელთა ნაწილიც 12 პრიორიტეტის საკითხებს იმეორებს, ნაწილი კი თემატურად ახალი პრიორიტეტებია. აღნიშნული ფაქტები დამატებითი მანიშნებლებია, რომ ევროკომისიის შეფასებები და გადაწყვეტილება/რეკომენდაცია მმართველი პარტიის პარტიული ინტერესებით არ არის ნაკარნახევი.

გაფართოების მიმართულებით, რომლის ნაწილიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებაცაა, ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების სტრუქტურა „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდვას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის. 2022 წელს საქართველოს უკვე მინიჭებული ჰქონდა ევროკავშირის პოტენციური კანდიდატის სტატუსი და არსებობდა საჯარო პირობა, რომ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი აუცილებლად („ავტომატურად“) მიენიჭებოდა. შესაბამისად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზაობა ევროკავშირს უკვე გაცხადებულად ჰქონდა და ამისთვის შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებას ითხოვდა. პრიორიტეტების შესრულების შეფასება, ისევე როგორც სხვა სფეროებში საქართველოს მზადყოფნის შეფასება, და აღნიშნულზე დაყრდნობით ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციის გაწევა ევროპული კომისიის მოვალეობაა.

როგორ მიიღება ევროკომისიაში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებები?

ევროკომისია დიდი ბიუროკრატიული ორგანოა, სადაც მსგავსი მნიშვნელობის (ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემის) გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი დამოუკიდებლად ვერ მიიღებს. საკითხზე მუშაობს ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი (Directorate-General for Neighbourhood and Enlargement Negotiations - DG NEAR). კერძოდ, გენერალური დირექტორატის ფარგლებში არის დანაყოფი - „საქართველო, მოლდოვა, ეკონომიკური ინვესტიციის გეგმა“ და ბუნებრივია, საქართველოს საკითხზე მუშაობა აღნიშნული დანაყოფის შიგნით, საქართველოს საკითხზე მომუშავე პერსონალის დონეზე, წარიმართება. დანაყოფს ჰყავს თავისი ხელმძღვანელი. ასევე დანაყოფი შედის უფრო ფართო დანაყოფის - „აღმოსავლეთ სამეზობლო და ინსტიტუციების მშენებლობა“ - ფარგლებში, რომელსაც თავისი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნული დანაყოფი ასევე შედის უფრო ფართო დანაყოფის ფარგლებში, რომელსაც გენერალური დირექტორატის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს, ის კი გენერალურ დირექტორს ექვემდებარება. გენერალური დირექტორატი და დირექტორი მოქმედებენ ევროკომისრის - ოლივერ ვარჰეის - პოლიტიკური ავტორიტეტის ქვეშ.

ამასთან, კომისარ ვარჰეის ჰყავს თავისი კაბინეტი და გუნდი, რომელიც კომისრის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. ხოლო ევროკომისარი ვარჰეი მოქმედებს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის, ქვეშ, რომელსაც აგრეთვე თავისი კაბინეტი და გუნდი ჰყავს, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ასევე, ამ მხრივ რელევანტურია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტებიც, განსაკუთრებით - ჯოზეფ ბორელი, თავისი კაბინეტებით და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკომისია, რომელიც წევრი ქვეყნების რაოდენობის მიხედვით 27 ევროკომისრისგან შედგება, კოლეგიალური ორგანოა - გადაწყვეტილებებს იღებს კომისრების კოლეგია, რომელიც ევროპარლამენტისადმია პასუხისმგებელი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გადაწყვეტილების შემთხვევაშიც, როგორც ზემოთაა აღნიშნული, გადაწყვეტილება კომისრების კოლეგიამ მიიღო.

ბუნებრივია, კომისრების გადაწყვეტილება ეფუძნება კომისიის ქვედა რგოლებში წარმართულ სამუშაოს. აღნიშნული პროცესი აჩვენებს, რომ ევროკომისიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მრავალი ადამიანი და რგოლია ჩართული და თეორიულად, რომელიმე პიროვნების მოსყიდვით გადაწყვეტილების შეცვლა საკმაოდ რთულია. „ანტირუსული პლატფორმის“ პოსტი კი მიუთითებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზოგადად ევროკავშირი მოისყიდა - გარდა მტკიცებაში დეტალების არარსებობისა, რაც მიანიშნებს, რომ პოსტი ფაქტობრივ ინფორმაციას არ ემყარება, აღნიშნული მტკიცება რეალობაში მოსაყვანად, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მსგავსი მასობრივი მოსყიდვის შესახებ რაიმე ინფორმაცია კი არც ერთი სანდო მედიაში არ გავრცელებულა.

როგორ იღებს ევროპული საბჭო გაფართოების საკითხებზე გადაწყვეტილებას?

აქვე აღსანიშნავია, რომ ევროკომისია თავად არ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და მხოლოდ ევროპული საბჭოსთვის, რომელიც წევრი ქვეყნების ლიდერებისგან შედგება, გასცემს რეკომენდაციას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. უმეტეს შემთხვევაში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ევროპული საბჭო კომისიის რეკომენდაციას ითვალისწინებს. ბუნებრივია, წევრ ქვეყნებსა და კომისიას შორის, კომისიის რეკომენდაციის გამოქვეყნებამდე კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილების მიღებაზე აღნიშნულიც ახდენს გავლენას, რაც მოსასყიდად საჭირო წრეს მკვეთრად ზრდის.

ასევე, თეორიულად, თუ პარტიამ შეძლო ევროკომისიის მოსყიდვა, ისე რომ წევრ ქვეყნებს აუარა გვერდი, ეს მცდელობა ფუჭი აღმოჩნდება, რადგან ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციას არ გაიზიარებს, რისთვისაც საკმარისია, რომ 27 წევრი სახელმწიფოდან თუნდაც ერთი სახელმწიფო იყოს წინააღმდეგი. ეს, ფაქტობრივად, 27 წევრი ქვეყნის (მათი ლიდერების და მთავრობებში გადაწყვეტილების მიმღების პირების/მრჩევლების და ა.შ.) მოსყიდვის საჭიროებასაც ქმნის. ეს ყოველივე კი შეუძლებელ სახეს იღებს, რადგან გარდა იმისა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ევროკავშირის ინსტიტუტის და 27 წევრი სახელმწიფოს ყველა რელევანტური რგოლის მოსყიდვა, თეორიული დაშვების შემთხვევაშიც კი ეს შეუძლებელი იქნებოდა, რადგან შეუძლებელია 27 ქვეყნიდან უამრავი გავლენიანი ადამიანის ერთობლივად მოსყიდვის დაორგანიზება, მით უმეტეს ისე, რომ აღნიშნულმა მედიაში არ გაჟონოს და ასევე რომელიმე პარტიას მსგავსი მასშტაბის ოპერაციისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი გააჩნდეს. ზოგადად, ევროკავშირში ახალი წევრების მიღება, თუ ისინი დანარჩენ ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულები არიან (როგორც ეს საქართველოს შემთხვევაშია), მნიშვნელოვან ფინანსურ საფასურთანაა დაკავშირებული, რადგან მსგავსი ტიპის ახალ წევრებზე იმაზე მეტი დაფინანსება მიემართება ევროკავშირიდან, ვიდრე მათ ევროკავშირის ბიუჯეტში ფინანსები შეაქვთ. ეს კი გაფართოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებში მოსყიდვის შესაძლებლობას მეტად არარეალურს ხდის.

შესაბამისად, საჯაროდ არსებული ფაქტობრივი მონაცემები „ანტირუსული პლატფორმის“ მტკიცებას სრულად აბათილებს, ხოლო პოსტში მოყვანილი შეთქმულების თეორია პრაქტიკაში შეუძლებელ სახეს ატარებს. მოცემული ფაქტებიდან და მსჯელობიდან გამომდინარე, „ანტირუსული პლატფორმის“ მიერ გავრცელებული ბრალდებისთვის წარმოდგენილი არაა არავითარი ფაქტობრივი მტკიცებულება, ის არავითარ ფაქტობრივ საფუძველს არ ემყარება და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.

შენიშვნა: ევროკავშირის და ევროკავშირის წარმომადგენლების ციტატები ნათარგმნია ავტორის მიერ და არ წარმოადგენს ოფიციალურ თარგმანს. ტექსტების/ციტატების ორიგინალის გასაცნობად, გთხოვთ, გადადით სტატიაში მითითებულ ჰიპერ-ბმულებზე.

-------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმებისპროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი