ლევან დავითაშვილი: სავაჭრო ბრუნვა ზედიზედ მესამედ რეკორდულად გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე

საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 2023 წელს 21.5 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 12.5%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში, ექსპორტი 9%-ით და იმპორტი 14.1%-ით გაიზარდა.

ცალკე აღებული ექსპორტიც და იმპორტიც, შესაბამისად სავაჭრო ბრუნვაც, ნომინალურად რეკორდულ ნიშნულზეა, თუმცა ადგილობრივ ექსპორტში მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება. კერძოდ, 11 თვეში (მინისტრის განცხადების მომენტში 12 თვის ჩაშლილი მონაცემები არ იყო ცნობილი) ის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.3%-ით - 2.6 მლრდ-მდე, შემცირდა. ექსპორტი რეექსპორტის ხარჯზეა გაზრდილი, ამავე მიზეზითაა გაზრდილი თავად იმპორტიც.

ეკონომიკურ სარგებელს რეექსპორტიც იძლევა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ქვეყანა გამტარია და არა მწარმოებელი. ამ გარემოების უგულებელყოფა განცხადებას სიზუსტეს აკლებს.

იმპორტის ზრდა, იმ შემთხვევაში თუ იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა იზრდება, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ზრდას ადასტურებს. თუმცა საქართველოს შემთხვევაში სურათი განსხვავებულია. 2022 წელს იმპორტის ზრდა ძირითადად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებამ გამოიწვია, 2023 წელს - ავტომობილების რეექსპორტის საჭიროებამ.

სწორად დასახელებული რიცხვებისა და იმის გამო, რომ დამდგარი შედეგის მიზეზი მინისტრს არ განუმარტავს (მინისტრმა პრობლემების არსებობა დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია), ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საგარეო ვაჭრობის მოცულობა თითქმის ყოველწლიურად იზრდება და რეკორდი ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ წარმატებაზე არ მეტყველებს, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საგარეო ვაჭრობაზე საუბრისას განაცხადა (0:13-დან): 2021 წლიდან დღემდე, პრინციპში, საქართველოში უკვე მესამედ რეკორდულად მაღალი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს. საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით ახალი რეკორდი დამყარდა. 2023 წელს მთლიანად სავაჭრო ბრუნვა 9.1%-ით გაიზარდა. ექსპორტი 6.1 მლრდ დოლარი გახდა, იმპორტი კი 14%-ით გაიზარდა და 15.4. მლრდ დოლარი შეადგინა. მთლიანად სავაჭრო ბრუნვა 12.5%-ით გაიზარდა და ჯამში, 21 აშშ დოლარს გადასცდა. ვფიქრობ, რომ დამაიმედებელი მონაცემებია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სირთულე იყო კონკრეტულ სექტორებში და გარკვეული შეფერხებები იყო, საერთო მონაცემები, რომელიც ჩვენ საერთაშორისო საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით გვაქვს, მაინც იმედის მომცემია, იმისთვის, რომ 2024 წელსაც ჩვენ გვქონდეს დადებითი ტენდენციების გაგრძელების მოლოდინი“.

1995 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა იწარმოება, ექსპორტის კლება სულ 7-ჯერ, იმპორტის - 6-ჯერ და საგარეო ვაჭრობის ბრუნვის კლება აგრეთვე 6-ჯერ დაფიქსირდა. ამ ხნის განმავლობაში, მთლიანი სავაჭრო ბრუნვა 33-ჯერ გაიზარდა (ექსპორტი - 39-ჯერ, იმპორტი - 31-ჯერ). საგარეო ვაჭრობის ბრუნვის ზრდა, დამატებითი დეტალების გარეშე, განსაკუთრებულ წარმატებაზე არ მეტყველებს.

გრაფიკი 1: საგარეო ვაჭრობის ბრუნვა (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მაშინ, როცა მინისტრმა განცხადება გააკეთა, ჩაშლილად მხოლოდ 11 თვის მონაცემები იყო ცნობილი, მაგრამ ამ 11 თვის მონაცემებითაც საკმარისი წარმოდგენის შექმნა შეიძლება იმაზე, საგარეო ვაჭრობაში თუ რა გაიზარდა, რა შემცირდა და რატომ.

იანვარ-ნოემბერში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.1%-ით - 5.6 მლრდ დოლარამდე, გაიზარდა, თუმცა ადგილობრივი ექსპორტი 24.3%-ით - 2.6 მლრდ-მდე, შემცირდა.

2023 წლის იანვარ-ნოემბერში რეექსპორტის სახით საქართველომ 1.9 მლრდ-ის ღირებულების ავტომობილი გაყიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 155%-ით და 2021 წლის მაჩვენებელს 365%-ით აღემატება.

საქართველო ავტომობილებს არ აწარმოებს და რეექსპორტამდე მისი იმპორტი იზრდება. 2021 წლის 11 თვეში ავტომობილების იმპორტის მოცულობამ 840 მლნ შეადგინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1.4 მლრდ, ხოლო 2023 წელს 2.9 მლრდ დოლარი.

გრაფიკი 2: მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობა იანვარ-ნოემბერი (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაოდენობრივად 2021-2023 წლებში (იანვარ-ნოემბერი) ავტომობილების რეექსპორტი 58 ათასიდან 98 ათასამდეა გაზრდილი.

ერთი და იგივე ნივთი, ამ შემთხვევაში ავტომობილი, იმპორტშიც აისახა და ექსპორტშიც, რამაც სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტემპი გაზარდა.

რეექსპორტისგან განსხვავებით, ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად - 24%-ით, შემცირდა. უფრო მეტიც, ის 2021 წლის მაჩვენებელსაც კი ჩამოსცდა, მისი წილი მთლიან ექსპორტშიც 68%-დან 46%-მდე შემცირდა.

გრაფიკი 3: ექსპორტის სტრუქტურა იანვარ-ნოემბერი (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში, მოწინავე პოზიციებს რეექსპორტი და ნედლეული იკავებს. ფეროშენადნობებსა და სპილენძის მადნებზე როგორც ფასის, ასევე მოთხოვნის კლებამ სავაჭრო ბალანსზე უარყოფითი გავლენა იქონია. 11 თვეში სპილენძის მადნების ექსპორტი განახევრდა, აზოტოვანი სასუქების 41%-ით შემცირდა, ფეროშენადნობების - 67%-ით. მხოლოდ ამ სამი მიზეზით, ექსპორტი 860 მლნ დოლარით შემცირდა. პრობლემებზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრი, სავარაუდოდ, ამ მიმართულებებს გულისხმობდა.

ზოგიერთი პროდუქციის: ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალური წყლების, ელექტროენერგიის ექსპორტი გაიზარდა, ოღონდ თანხობრივად ამ ზრდამ ჯამში 87 მლნ დოლარი შეადგინა.

გრაფიკი 4: ექსპორტი პროდუქციის სახეობების მიხედვით იანვარ-ნოემბერი (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

იმპორტის ზრდა სავაჭრო ბალანსზე უარყოფითად აისახება, მაგრამ ის ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ზრდაზეც მეტყველებს, რაც უკვე დადებითი მოვლენაა. როდესაც იმპორტი მოხმარებული პროდუქციის რაოდენობის, ასორტიმენტისა და ხარისხის ხარჯზე იზრდება, მსგავსი ფაქტი პოზიტიურად ფასდება. თუმცა 2022-2023 წლებში საქართველოში განსხვავებული ვითარება იყო. 2022 წელს იმპორტი ძირითადად მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაძვირების გამო გაიზარდა (2022 წელს ნავთობპროდუქტების საშუალო საიმპორტო ფასი ტონაზე 647 დოლარს შეადგენდა, 2022 წელს 55%-ით მეტს - 1004 დოლარს). 2023 წელს კი იმპორტის ზრდა მეტწილად რეექსპორტისთვის განკუთვნილი ავტომობილების იმპორტის ხარჯზე მოხდა.

მშრალ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ლევან დავითაშვილის მიერ დასახელებული რიცხვები სიმართლეს შეესაბამება, თუმცა მას არ განუმარტავს მიზეზები, კერძოდ ის, რომ ექსპორტი რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა და იმავე პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა და არც ის, რომ იმპორტის ზრდაც ძირითადად რეექსპორტის ზრდამ განაპირობა. მინისტრმა პრობლემების არსებობა დაადასტურა, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. ცალკე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საგარეო ვაჭრობა ისედაც ყოველწლიურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება. შესაბამისად, რეკორდი, თანაც ადგილობრივი ექსპორტის კლების ფონზე, განსაკუთრებულ წარმატებას არ წარმოადგენს. აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი