მამუკა ხაზარაძე: ბატონმა კაკულიამ ეთერში აღიარებითი ჩვენება თქვა, რომ რუსებთან ვერ დალაგდაო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა ხაზარაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში „კვირის ფორმულა“, პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში გაცემული დაპირების შესახებ საუბრისას, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. საუბარში პოლიტიკოსი ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხსაც შეეხო. „[01:13:18] ბატონმა კაკულიამ, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარე იყო, პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება თქვა, რომ რუსებთან ვერ დალაგდაო და ესე ვთქვათ. გახსოვთ ეს ფრაზა. საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე რომ ამას ამბობს, იქ უკვე ნათელია ყველაფერი ხომ?!”, - განაცხად მამუკა ხაზარაძემ.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

მამუკა ხაზარაძე თავის განცხადებაში რომან კაკულიას ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, დიანა ტრაპაიძის გადაცემაში სტუმრობას გულისხმობს. გადაცემის ეთერში გასვლის დროს რომან კაკულია საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. დიანა ტრაპაიძის კითხვაზე, რატომ არ საუბრობს ხელისუფლება ღიად იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომლებსაც ანაკლიის პროექტის ირგვლივ ხედავს, პასუხობს: „რატომ დაეტაკა მთავრობა მთლიანად მამუკა ხაზარაძეს? მეც მიკვირს ეს. მამუკა ხაზარაძისნაირი ბევრი გვყავდა? არ გვყავდა. იმიტომ დაეტაკა, ჩემი აზრით, რომ მან საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით თუ ვერ გააკეთა სწორი ორიენტირი. სწორიც კი არა, შეიძლება, მისი ხედვა თუ არ დაემთხვა, ეს უკვე მისი [მამუკა ხაზარაძის] პრობლემაა, რა თქმა უნდა. მე გეუბნებით პირდაპირ, აი ამ ნარატივში, ბიძინა ივანიშვილი არის, თუ - არა რუსული პროექტი თუ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არის ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მე ვდგავარ იმ ადამიანების მხარეზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არის რუსული საფრთხის თავიდან აცილების პოლიტიკა“.

განცხადება სამოქალაქო სექტორმა, მედიამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ თავიდანვე სწორედ იმის დასტურად აღიქვა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება „რუსული ფაქტორის“ გავლენით მიიღო. კომიტეტის თავმჯდომარე ამ საკითხზე კომენტირებისას, ყურადღებას მოტივაციაზე ამახვილებს - იმაზე, რომ გადაწყვეტილება მიღებულია არა პრორუსულობის გამო, არამედ უსაფრთხოების გამო, „საფრთხის თავიდან აცილების პოლიტიკის“ ფარგლებში.

საკითხი კიდევ ერთხელ 2023 წლის 20 თებერვალს გააქტიურდა, როდესაც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ახალი პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესის განზრახულობის შესახებ განაცხადი გამოაქვეყნა. 2023 წლის 22 თებერვალს BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას, რომან კაკულიას ჟურნალისტმა კითხვები ანაკლიის პროექტის შესახებაც დაუსვა:


- პრორუსულობაზე არ ვსაუბრობთ ახლა.. თუ რუსეთის ფაქტორი იყო ერთ-ერთი მიზეზი, დღეს აღარაა მიზეზი?

- სიფრთხილე გამოსაჩენი რომ ყოფილა ვინმესთვის ეს დაუნახავია?!

- ჩემი კითხვაა - ანაკლიის პორტის აშენების შანსი გვაქვს?

- თუ გეოპოლიტიკური სიტუაცია იქნება ისეთი, რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა...

- ვგულისხმობ, დღევანდელ რეალობაში არის, თუ - არა შანსი ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების...

- დღევანდელ რეალობაში ზუსტად ვერ გეტყვით. ჩემი აზრით, ამ წუთას ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, სანამ არ გაირკვევა, ამ დაპირისპირებაში ჩვენ საერთოდ სად მივდივართ და თუ ამერიკელების გარანტიის იმედად ისე უნდა აღმოვჩნდეთ, როგორც უკრაინა აღმოჩნდა, ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იქნება.

ბუნებრივია, „ფაქტ-მეტრი“ ვერ იმსჯელებს, რომან კაკულიას განცხადება, თავის მხრივ, არის, თუ - არა სიმართლე. კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე დიანა ტრაპაიძესთან ეთერში რამდენჯერმე იმეორებს, რომ აღნიშნული მსჯელობა მისი „პირადი“ მოსაზრებაა. მიუხედავად ამისა, მამუკა ხაზარაძის განცხადების შინაარსი, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანმა ანაკლიის პროექტის ჩავარდნაში „რუსეთის ფაქტორი“ „აღიარა“, საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალებიდან დასტურდება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მამუკა ხაზარაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი