2024 წლის 22 მარტს მოსკოვის გარეუბანში, საკონცერტო დარბაზში „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტი მოხდა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული პირები შენობაში სროლით შეიჭრნენ და ჰოლში მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი დარბაზში გადაინაცვლეს. 25 მარტის მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 137 ადამიანია დაღუპული, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 180-ს აჭარბებს.

25 მარტს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის ჩადენაში ბრალდებულ ოთხივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დასავლეთი რუსეთს შესაძლო ტერაქტის შესახებ რამდენიმე კვირით ადრე აფრთხილებდა

ტერაქტის საფრთხესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო რუსეთში მოქალაქეებს ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში აფრთხილებდა. „საელჩო აკვირდება ცნობებს, რომ ექსტრემისტები უახლოეს მომავალში მოსკოვში ხალხის დიდ შეკრებებზე, მათ შორის, კონცერტებზე თავდასხმას გეგმავენ. აშშ-ის მოქალაქეებს ვურჩევთ შემდეგი 48 საათის განმავლობაში ხალხმრავლობებს თავი აარიდონ“, - ნათქვამია აშშ-ის დიპლომატიური მისიის პრესრელიზში.

შემდგომში საშიშროებასთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოს განცხადების ციტირებით, გაფრთხილება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო ბიურომ გამოაქვეყნეს. სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთში მოგზაურობის საფრთხის დონე მაქსიმუმამდე აწია. მალევე, გაფრთხილებას ლატვია, კანადა, სამხრეთ კორეა, შვედეთი, გერმანია და ჩეხეთი შეუერთდა.

აღნიშნულ განცხადებებზე კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი წერდა, რომ თუ დასავლეთს რაიმე რეალური ინფორმაცია ჰქონდათ, ეს სპეცსამსახურებისთვის უნდა გადაეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თანამონაწილეობას ნიშნავდა.

23 მარტს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოთსონმა X-ზე დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა დაგეგმილი ტერორისტული აქტის შესახებ მონაცემები რუსულ მხარეს მართლაც მიაწოდა. ამავე ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS, რუსეთის სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს. სააგენტოს წყაროს ცნობით, ვაშინგტონის მიერ გადაცემული ინფორმაცია ზოგადი ხასიათის იყო და კონკრეტიკას არ შეიცავდა.

2024 წლის 19 მარტს პუტინმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საბჭოს სხდომა გამართა, სადაც დასავლეთის გაფრთხილებებს „პროვოკაციული“ და „საზოგადოების დაშინებისა და დესტაბილიზაციისკენ“ მიმართული უწოდა.

ტერაქტის დღე

22 მარტს მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა რამდენიმე პირმა მოაწყო. ამას შენობაში აფეთქება და ხანძარი მოჰყვა. The Insider-ის ინფორმაციით, 19:55 საათზე ტერორისტები „კროკუს სითი ჰოლთან“ მივიდნენ, ცეცხლი გაუხსნეს დაცვას და მათ, ვინც შესასვლელში იმყოფებოდა. რამდენიმე წუთში სროლის ხმა დარბაზშიც გაიგონეს. 20:01 საათისთვის ტერორისტები უკვე დარბაზში შევიდნენ და მოქალაქეების მისამართით სროლა დაიწყეს. ხალხი შენობის დატოვებას ყველა გზით ცდილობდა.

20:13-ისთვის ოთხი ტერორისტი თეთრი „რენო“-ს გამოყენებით ტოვებს ტერიტორიას და უცნობი მიმართულებით მიდის. აქედან დაახლოებით 12 წუთში „კროკუს სითი ჰოლში“ მასშტაბური ხანძარი ჩნდება. რუსეთის მედიის ინფორმაციით, 20:30-ისთვის ლოკაციაზე სამართალდამცავები და ექიმები მივიდნენ.

The Insider-ის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ОМОН-ი (სპეციალური დანიშნულების მობილური რაზმი) და СОБР (სპეციალური სწრაფი რეაგირების განყოფილება) ტერაქტის დაწყებიდან საათნახევრის შემდეგ მივიდნენ.

23 მარტს, „ეფ-ეს-ბე“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა 11 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა, მათ შორის ოთხივე ტერორისტი იყო, რომლებიც უშუალოდ ცეცხლის გახსნაში მონაწილეობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე მათგანი ტაჯიკეთის მოქალაქეა. 25 მარტს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის ჩადენაში ბრალდებულ ოთხივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდეს, მუჰამადსობირ ფაიზოვს და შამსიდინ ფარიდუნის ტერორიზმის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. პატიმრობის შესახებ სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

23 მარტს ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დანაყოფმა „ხორასანმა“ აიღო. შემდგომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო „ამაკმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შედიან ტერორისტები საკონცერტო ცენტრის შენობაში, როგორ ხსნიან ცეცხლს და როგორ კლავენ ცივი იარაღით ძირს დაცემულ ერთ-ერთ ადამიანს.

რუსული დამოუკიდებელი მედია „სააგენტოს“ ინფორმაციით, ვიდეო უკვე მას შემდეგ იქნა გადაღებული, რაც ტერორისტებმა დარბაზი გადაწვეს. გადაღების მომენტში ტერორისტები დარბაზის N1 შესასვლელთან დგანან. ვიდეოზე ასევე ჩანს იატაკზე მიმოფანტული გვამები. ერთ-ერთი ტერორისტი შერბის დარბაზში და ძირს დაწოლილ ადამიანებს ესვრის, რომელთა დიდი ნაწილი, დიდი ალბათობით, უკვე მკვდარია. ვიდეო, სავარაუდოდ, გადაღებულია, როგორც უკვე შესრულებული ტერაქტის ანგარიში. შემდეგ ტერორისტები „კროკუსის“ გასასვლელისკენ მიემართებიან. ვიდეოზე ოთხი ადამიანი ჩანს, ერთ-ერთი მათგანი იღებს ვიდეოს, გასასვლელისკენ ვიდეოში საკუთარ თავსაც აჩენს, ყვირის, სავარაუდოდ, რელიგიურ ლოზუნგებს. ხმები შეცვლილია, სახეები დაბურული. ორ თავდამსხმელს იდენტური ტანსაცმელი აცვია, რაც ბრიანსკის ოლქში დაკავებულებს.

თავდამსხმელის მიერ გადაღებული ძალიან მკაფიო ვიდეოს არსებობა, ვიდეოში გამოყენებული ლოზუნგები, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ თავდამსხმელებს შორის ძალზე გავრცელებულია და ამის ISIS-ის მედიაში გავრცელება დაჯგუფების მოქმედების ტიპურ ტაქტიკას შეესაბამება.

კრემლის ოფიციალური განცხადება და პროპაგანდისტული მედიის გზავნილები

პუტინმა ოფიციალური განცხადება ტერაქტის დაწყებიდან 19 საათის შემდეგ გააკეთა და ქვეყანაში ეროვნული გლოვა გამოაცხადა. მან თქვა, რომ დაკავებულები გაქცევას ცდილობდნენ და უკრაინის საზღვრისკენ მიემართებოდნენ. მისივე თქმით, საზღვრის გადასაკვეთად მათთვის „ფანჯარა“ მომზადდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, კრემლი, მტკიცებულების გარეშე, ცდილობს, მომხდარი უკრაინას დაუკავშიროს. კრემლისტური Telegram-არხები უკრაინას ხელს პუტინის განცხადებამდე ადებდნენ. BBC-ის ინფორმაციით, ასეთი შინაარსის ბრალდებები თავდასხმიდან ერთი საათის შემდეგ უკვე აქტიურად ვრცელდებოდა.

რუსულ პროპაგანდისტულ გაზეთთან Московский Комсомолец ინტერვიუში „სამხედრო ექსპერტი“ რომან შკურლატოვი 22 მარტის ტერაქტიდან რამდენიმე საათში, უკრაინის თანამონაწილეობის ვერსიაზე საუბრობს. კონკრეტულად, ავითარებდა მოსაზრებას, რომ ტერაქტი უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოსა (ГУР) და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მიერ იყო მხარდაჭერილი.

პუტინის მსგავსად, ტერაქტში „ისლამური სახელმწიფოს“ ბრალს უარყოფს და უკრაინის ბრალეულობას რუსული პროპაგანდისტული მედიაც ამტკიცებს. მაგალითად, ამგვარ მტკიცებას პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანიც ავრცელებს. საკუთარ პოსტში ცნობებს „ისლამური სახელმწიფოს“ მონაწილეობასთან დაკავშირებით ყალბს უწოდებს და პირდაპირ უკრაინას ადანაშაულებს.

ეფ-ეს-ბე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ტერორისტები ბრიანსკის ოლქში დააკავეს, რომელიც ბელარუსსა და უკრაინას ესაზღვრება. „დამნაშავეები აპირებდნენ, გადაეკვეთათ რუსეთ-უკრაინის საზღვარი, უკრაინულ მხარესთან კი შესაბამისი კონტაქტები ჰქონდათ“, - ნათქვამია განცხადებაში. დასავლეთში ამ არგუმენტს უსაფუძვლოს უწოდებენ. მაგალითად, ჟურნალ „ეკონომისტის“ ევროპის მიმართულების რედაქტორი კრის ლოკვუდი ამბობს, რომ პირველ რიგში, თავდამსხმელები აყვანის დროს ბელარუსის საზღვართან ბევრად უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე უკრაინის საზღვართან. გარდა ამისა, ზოგადად აზრიც კი იმის შესახებ, რომ შუა ომში უკრაინის საზღვარი გადაკვეთო, მაშინ, როცა ჯარები ორ რიგად დგანან (რუსული და უკრაინული ჯარები), თვითმკვლელობის ტოლფასია.

უკრაინაში მიმდინარე ომის მომხრე და BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ Telegram-არხზე „Рыбарь“ წერდნენ, რომ ცნობები იმის შესახებ, თითქოს „ისლამურმა სახელმწიფომ“ ტერაქტი საკუთარ თავზე აიღო - ყალბია, ვინაიდან მსგავსი ინფორმაცია მათ რესურსებზე არ იძებნება.

უკრაინულ კვალზე საუბრობს რუსი ოლიგარქი და ულტრაკონსერვატიული ტელეკომპანია „ცარგრადის“ მფლობელი კონსტანტინ მალოფეევი. „საშინელი ტერაქტი. ბოლო საშინელი ტერაქტის „ნორდ-ოსტის“ შემდეგ ჩეჩნეთში გავიმარჯვეთ. მზად ვართ, კიდევ გავიმარჯვოთ. მოდით მივცეთ უკრაინის მოქალაქეებს 48 საათი, რომ დატოვონ ქალაქები და საბოლოოდ, დავასრულოთ ეს ომი მტრის დამარცხებით. ყველა ძალისა და საშუალების გამოყენებით“, - დაწერა მან Telegram-ზე.

უკრაინაზე ამახვილებს ყურადღებას რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი. „თუ დადგინდება, რომ ეს კიევის რეჟიმის ტერორისტები [იყვნენ], მათთან და მათ იდეოლოგიურ შთამაგონებლებთან სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია, ყველა მათგანი უნდა ვიპოვოთ და დაუნდობლად გავანადგუროთ, როგორც ტერორისტები. მათ შორის სახელმწიფოს ოფიციალური პირები, რომელთაც ასეთი ბოროტმოქმედება ჩაიდინეს. სიკვდილი სიკვდილის საპასუხოდ“, - დაწერა მედვედევმა Telegram-ზე, 22 მარტს.

23 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამაც იდენტური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ტერორისტები უკრაინაში გადასვლას გეგმავდნენ.

24 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უკრაინის მიმართ ტერაქტთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. განცხადებაში ზელენსკი ამბობს: „რაც გუშინ მოსკოვში მოხდა, ცხადია. პუტინი და სხვა ნაძირალები ცდილობენ ბრალეულობა სხვაზე გადაიტანონ. მათი მეთოდები ყოველთვის ერთნაირია. ეს აქამდეც გვინახავს. იყო აფეთქებული სახლები, მასობრივი სროლები და აფეთქებები. და ისინი ყოველთვის სხვებს ადანაშაულებენ......პუტინი, რუსეთის მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათთვის მიმართვის ნაცვლად, ერთი დღის განმავლობაში ჩუმად იყო იმაზე ფიქრში, თუ როგორ ჩართოს უკრაინა ამაში“.

ზელენსკის განცხადებას ზახაროვა ტელეგრამზე გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უკრაინა. „ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც „ეყო ჭკუა“ რუსეთი ტერორისტულ თავდასხმაში დაედანაშაულებინა, ზელენსკია, რადგან „ქურდს ქუდი ეწვის“...ვერანაირი წყევლა ვერ გაანადგურებდა ისე, როგორც მისმა თვითმამხილებელმა განცხადებამ გაანადგურა“ - ნათქვამია ზახაროვას განცხადებაში.

2024 წლის 25 მარტს პუტინმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. იგი აღიარებს, რომ თავდასხმა რადიკალი ისლამისტების მიერ იყო ორგანიზებული. მათ იციან, ვინ შეასრულა დავალება, თუმცა არ იციან, ვინ იყო დამკვეთი. „ეს სისასტიკე შეიძლება იმ მცდელობების მთელი სერიის დამაკავშირებელი რგოლი იყოს მათი, ვინც ჩვენს ქვეყანას 2014 წლიდან ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ხელით ებრძვის. ნაცისტები კი, როგორც ცნობილია, თავიანთი მიზნების მისაღწევად ყველაზე ბინძური და არაადამიანური საშუალებების გამოყენებას არასდროს უარყოფდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარალელურად, სოციალურ ქსელში და კრემლისტურ მედიაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსეი დანილოვის Deepfake ვიდეო გავრცელდა, რომელშიც იგი თითქოს „აღიარებს“ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობას. სინამდვილეში, კადრები 2024 წლის 16 მარტის ახალი ამბების გადაცემიდან არის აღებული, რომელშიც, რეალურად, უკრაინის დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, რუსეთის არჩევნებზე, საუბრობდა. გაყალბებულ ვიდეოში ბუდანოვი დანილოვის Deepfake-ითაა ჩანაცვლებული. BBC verify-ის ჟურნალისტებმა აუდიო ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ აუდიო მანიპულაციის ნიშნებს შეიცავს.

-----------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი