გურამ მაჭარაშვილი: არა შავ ფულს ქართულ პოლიტიკაში! [ე.წ. გამჭვირვალობის კანონპროექტზე]

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, გურამ მაჭარაშვილის განცხადება არის ტყუილი.

2024 წლის 7 თებერვალს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „რუსული კანონის“ კონტექსტში ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის არსებობის საფრთხეებზე ისაუბრა: „ბუნებრივია, ჩვენ ვამბობთ: არა უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში! არა შავ ფულს ქართულ პოლიტიკაში! უცხოური შავი ფული ქართულ პოლიტიკაში ნიშნავს სუვერენიტეტის დანგრევას, ნებისმიერი უცხოური ძალის გუბერნიად გადაქცევას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

,,ფაქტ-მეტრმა’’ გურამ მაჭარაშვილის განცხადება გადაამოწმა.

შეგახსენებთ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ’’ საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე 2023 წლის მარტში ჩაგდებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ჩაგდებიდან 1 წლისა და 1 თვის შემდეგ, კიდევ ერთხელ დააინიციირა. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, კანონპროექტის ჩაგდებიდან მის ხელახლა ინიციირებამდე, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მმართველ გუნდში კანონპროექტის მიღების ერთ-ერთ მიზნად ე.წ. უცხოური „შავი ფულის“ გამოაშკარავებას ასახელებენ. კერძოდ, ისინი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი მმართველმა პარტიამ იმიტომ დააინიციირა, რომ „შავი ფული“ გამოააშკარაოს, ხოლო ვინც ამას ეწინააღმდეგება, სწორედ შავ ფულს იცავს.

სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი მიზნად ისახავს იმ ორგანიზაციების „უცხოეთის ინტერესების გამტარებლად“ გამოცხადებას, რომლებიც საკუთარ დაფინანსებას „უცხო ძალისგან“ [1] იღებენ. ამ კანონის მოქმედების ქვეშ ყველა ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიების ის ნაწილი ექცევა, რომლებიც დაფინანსებას „უცხო ძალისგან“ იღებენ. კანონის მიხედვით, უცხო ძალა არის: „უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების შემადგენელი პირი, ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე“. აქედან გამომდინარე, კანონი შეეხება ყველა იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ მედიაორგანიზაციასაც, რომლებიც დაფინანსებას აშშ-დან, ამერიკული ფონდებიდან, ევროკავშირიდან, ევროპული ფონდებიდან თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან იღებს.

ბუნებრივია, ამგვარი დაფინანსება, განსაკუთრებით, ამერიკული თუ ევროპული სახელმწიფოების მხრიდან მომდინარე დაფინანსება, მკაცრ კონტროლს ექვემდებარება, პირველ ეტაპზე, დაფინანსების გამცემ სახელმწიფოში, ხოლო შემდგომ - საქართველოში.

„შავი ფული“ ნიშნავს ფულს, რომელიც გამომუშავებულია არალეგალური გზებით, ან რომელზეც დამალულია/გადახდილი არაა გადასახადები. თავის მხრივ, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო ფულის გათეთრებას განმარტავს, როგორც არალეგალური წარმოშობის ფინანსური აქტივების შენიღბვის პროცესს. ქართული კანონმდებლობით, შავი ფულის შემოტანა ან შავი ფულის გათეთრება ისედაც აკრძალული საქმიანობაა. [1] დასავლური პარტნიორების მხრიდან მიღებული დაფინანსება, ძირითადად, პარტნიორი ქვეყნების გადასახადის გადამხდელთა ფულია. შესაბამისად, ფული, რომელიც გადასახადის გზით ლეგალურად არის აკრეფილი და შემდგომ, საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, გრანტად არის გაცემული, ვერ იქნება „შავი ფული“, ვინაიდან, თავისი შინაარსით, შავი ფული არალეგალურ წარმომავლობას გულისხმობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება საქართველოში ოფიციალური გზებით - გადარიცხვით შემოდის. ყველა ეს ფინანსური რესურსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იბეგრება. ამ ფულის მიმღები ორგანიზაციები კი, თანხის განკარგვისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში მოქმედ ყველა გადასახადს იხდიან. აღნიშნულისთვის თავის არიდება უკვე მოქმედი კანონმდებლობით ისჯება. [2]

ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონპროექტი დასავლური გრანტებით დაფინანსებულ ყველა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას უცხოეთის ინტერესების გამტარებლად გამოაცხადებს. კანონპროექტი შავი ფულისა თუ ფულის გათეთრების ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთისთვის არანაირ ბერკეტს არ ქმნის. სინამდვილეში, დისკუსიაში შავი ფულის საკითხის შემოტანაც მხოლოდ არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. აქედან გამომდინარე, ,,ფაქტ-მეტრი’’ გურამ მაჭარაშვილის მტკიცებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.

უფრო დეტალური ინფორმაცია, საქართველოში ინიციირებული კანონის პროექტი „გამჭვირვალობის შესახებ“ თუ რას არეგულირებს და რატომ არ არის ის ევროკავშირში ინიციირებული დირექტივის პროექტის ანალოგი, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

[1] სსკ მუხლი 194 - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) - ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი ჯგუფურად; ბ) ჩადენილი არაერთგზის; გ) რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. ხოლო იგივე ქმედება: ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.

[2] სსკ მუხლი 218 - გადასახადისთვის თავის არიდება - 1. დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 3. ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან სამ წლამდე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი