ირაკლი ქარსელაძე: 2012 წელს წყალმომარაგების ბიუჯეტი იყო 34 მლნ ლარი, მიმდინარე წელს არის 550 მლნ. რეალურად, ძირითადი სამუშაოები სწორედ 2012 წლის მერე არის ნაწარმოები

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ქარსელაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

2012 წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია ორი პროექტის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ჯამურმა ოდენობამ 85 მლნ ლარი შეადგინა და არა 34 მლნ ლარი, როგორც მინისტრი აღნიშნავს, 34 მლნ ლარი მხოლოდ ერთი პროექტის დაფინანსება იყო. შესაბამისად, მინისტრის განცხადების ეს ნაწილი ზუსტი არ არის.

რაც შეეხება წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოების 2012 წლის შემდეგ განხორციელებას, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წლისთვის ბინაში შეყვანილი წყალმომარაგების სისტემა საქართველოს მოსახლეობის 56.7% ჰქონდა, 2022 წლისთვის (ეს არის ამ დროისთვის ბოლო მონაცემი) – 78.9%-ს. როგორც მონაცემებიდან ჩანს, მოსახლეობის წილი, რომელსაც წყალსადენი სისტემა სახლში აქვს შეყვანილი, 2012 წლიდან 2022 წლამდე, 22.2 პროცენტული პუნქტით, წელიწადში საშუალოდ 2.2 პროცენტული პუნქტით, არის გაზრდილი. მოსახლეობის 21.1%-ს გამართული წყალმომარაგება ჯერ კიდევ არ აქვს (წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევის მიხედვით, 28.5%-ს).

თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ არაერთი დიდი ქალაქის 24-საათიანი წყალმომარაგება 2012 წლის შემდეგ განხორციელებული პროექტების შედეგად გახდა შესაძლებელი. მაგალითად, ქუთაისის, ზუგდიდის, ჭიათურის, ფოთის, ურეკის, თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაც 2012- წლის შემდეგ განხორციელდა.

შესაბამისად, რადგან მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო წელს წყალმომარაგების ბიუჯეტს არასწორად ასახელებს, რითაც ხაზს უსვამს, რომ იმ პერიოდში დაფინანსება საკმაოდ მცირე იყო, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ შემდგომ წლებში გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად, მოსახლეობის წილი, რომელსაც წყალსადენი სისტემა სახლში აქვს შეყვანილი, 2012 წლიდან 2022 წლამდე, 22.2 პროცენტული პუნქტით, წელიწადში საშუალოდ 2.2 პროცენტული პუნქტით, არის გაზრდილი, ამ მიმართულებით განსაკუთრებულად წარმატებული მუშაობის მაგალითად ვერ გამოდგება, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ქარსელაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

ტელეკომპანია „პალიტრანიუსზე“ სტუმრობისას, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, წყალმომარაგების პროექტებსაც შეეხო და აღნიშნა: „2012 წლის მერე აქტიურად ხდება ამ პრიორიტეტის [წყალმომარაგების} განხორციელება. 2012 წელს წყალმომარაგების ბიუჯეტი იყო 34 მლნ ლარი, მიმდინარე წელს არის 550 მლნ. 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში უნდა გვქონდეს 24-საათიანი წყალმომარაგება. რეალურად, ძირითადი სამუშაოები სწორედ 2012 წლის მერე არის ნაწარმოები. სამწუხაროდ, მანამდე ის მასშტაბი არ იყო“.

2012 წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია ორი პროექტის ფარგლებში დაფინანსდა: წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (25.04.03. EIB) და ურბანული გაუმჯობესების პროგრამა, წყალმომარაგების და წყალარინების სექტორი (25.04.04 ADB ). პროგრამების დაფინანსება 51.7 და 33.6 მლნ ლარი იყო, ჯამში 85.3 მლნ ლარი და არა 34 მლნ ლარი, როგორც მინისტრი განცხადებაში ასახელებს. 34 მლნ ლარი მხოლოდ ერთი პროგრამის ფარგლებში იყო გამოყოფილი. რაც შეეხება მიმდინარე წელს, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის (კოდი 25 04) მართლაც 550 მლნ ლარია გათვალისწინებული.

2012 წლიდან მოყოლებული დასახელებული პროგრამის დაფინანსება შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 1: წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის ბიუჯეტი (მლნ ლარი)

წყარო: ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ბიუჯეტი

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2012 წლიდან მოყოლებული, წყალმომარაგების პროექტების ბიუჯეტი მზარდია (გამონაკლისი 2020 წელია) და ყოველწლიურად დასახელებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვანი თანხა იხარჯება. ასევე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის ბოლო პერიოდის (2015 წლიდან) ათვისება თითქმის 100%-ს აჭარბებს.

მინისტრი წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილის 2012 წლის შემდეგ განხორციელებას უსვამს ხაზს.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლისთვის (2023 წლის მონაცემები ჯერჯერობით არ არის ცნობილი), მთელ საქართველოში ბინაში შეყვანილი წყალსადენი სისტემა მოსახლეობის 78.9%-ს, წყალსადენის ონკანი ეზოში ან უბანში - 6.7%-ს, ჭა ეზოში ან უბანში - მოსახლეობის 9.9%-ს, ხოლო ბუნებრივი წყარო ეზოში ან უბანში მოსახლეობის 4.5%-ს ჰქონდა. 2012 წელს ბინაში შეყვანილი წყალსადენი სისტემა საქართველოს მოსახლეობის 56.7%-ს ჰქონდა, წყალსადენი ონკანი ეზოში ან უბანში - 21.7%, ჭა ეზოში ან უბანში - 15.9%, ბუნებრივი წყარო ეზოში ან უბანში - 5.6%. როგორც მონაცემებიდან ჩანს, მოსახლეობის წილი, რომელსაც წყალსადენი სისტემა სახლში აქვს შეყვანილი, 2012 წლიდან 2022 წლამდე, 22.2 პროცენტული პუნქტით, წელიწადში საშუალოდ 2.2 პროცენტული პუნქტით, არის გაზრდილი.

ასევე, წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევის მიხედვით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.67 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 71.5.

გრაფიკი 1: წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობა (%)

წყარო: საქსტატი

რაც შეეხება წყალარინებზე (საკანალიზაციო სისტემაზე) მიერთებულ მოსახლეობას, 2022 წელს მათმა რიცხოვნობამ 1.96 მილიონი შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 52.4%).

სტატისტიკური მონაცემის გარდა ყურადღებას გავამახვილებთ იმ ფაქტზეც, რომ

არაერთი დიდი ქალაქის 24-საათიანი წყალმომარაგება 2012 წლის შემდეგ განხორციელებული პროექტების შედეგად გახდა შესაძლებელი.

მაგალითად, ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რის შედეგადაც ქუთაისის 200 00-ზე მეტ მცხოვრებს სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება. ასევე ზუგდიდის, ჭიათურის მოსახლეობასაც (დაწვრილებით იხ. სტატია)

გარდა ამისა ფოთის, ურეკის და თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაც 2012- წლის შემდეგ განხორციელდა.

თუმცა ისიც ხაზგასასმელია, რომ არსებობდა გაჭიანურებული და დაუმთავრებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც წლების განმავლობაში შეფერხებით მიმდინარეობდა და გარდა იმისა, რომ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა, პროექტის დასრულების ვადების დარღვევის გამო, სასესხო ხელშეკრულებების მომსახურებამ ბიუჯეტის ხარჯები გაზარდა. ამის მაგალითია, ფოთის წყალარინების პროექტი (იხილეთ: სტატია), რომელიც 2016 წელს დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ წყალმომარაგების პროგრამების მზარდი დაფინანსების მიუხედავად, წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი საქართველოს მოსახლეობის 71.5%-ია, საკანალიზაციო ინფრასტრუქტურით კი მოსახლეობის მხოლოდ 52.4% სარგებლობს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

იმასაც აღვნიშნავთ, რომ „ქართული ოცნება“ 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 24-საათიან წყალუზრუნველყოფას გეგმავს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2022 წლის ბოლოსთვის წყალმომარაგების სისტემაზე მოსახლეობის 71.5% არის მიერთებული. შესაბამისად, 2023, 2024, 2025 წლებში წყალმომარაგებით მოსახლეობის 28.5% უნდა დააკმაყოფილონ. არსებული სტატისტიკის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, წყლითუზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა წლიურად საშუალოდ 2.2 პროცენტული პუნქტით იზრდებოდა. შესაბამისად, 28.5%-ის 3 წელიწადში დაკმაყოფილება, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ ამბიციურად გამოიყურება.

განხილული მასალიდან გამომდინარე, მინისტრის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი