2024 წლის 3 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებისთვის ერთი წლის წინ მიცემული პირობა დაარღვია და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ხელახლა დააინიციირა. აღნიშნული კანონპროექტი 2023 წლის თებერვალში დაინიციირებული და შემდგომ პირველ მოსმენაზე ჩაგდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ტექსტს ერთი ერთში იმეორებს, ერთადერთი ცვლილებით - ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ ნაცვლად გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კანონის ხელახალ ინიციირებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა. რეაქციის საპასუხოდ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მასობრივად გაზიარდა ქარდები, რომლებიც საქართველოში დარეგისტრირებულ კანონპროექტს ევროკავშირში არსებული დირექტივის პროექტის ანალოგად წარმოადგენდნენ. აღნიშნული მცდარი ინფორმაცია „ფაქტ-მეტრმა“ უკვე გადაამოწმა. დეტალურად, თუ რა განსხვავებაა ევროკავშირში რეგისტრირებულ დირექტივის პროექტსა და საქართველოში რეგისტრირებულ ე.წ. „რუსულ კანონს“ შორის, იხილეთ სტატიაში.

სოციალურ ქსელში აღნიშნული ქარდის იდენტური შინაარსის შემცველი მორიგი ქარდი ვრცელდება. ქარდში მოცემული ინფორმაციის სიზუსტის გადასამოწმებლად „ფაქტ-მეტრი“ წინამდებარე სტატიაში აშშ-ში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთში მოქმედი თუ ინიციირებული კანონების/კანონპროექტების შინაარსს მიმოიხილავს.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი და დასავლური ქვეყნების პრაქტიკა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგიურად, ქართული კანონპროექტით უცხოეთის ინტერესების გამტარებლად (აგენტად)ორგანიზაცია იმაზე დაყრდნობით გამოცხადდება, იღებდა, თუ - არა ის ფულს უცხოეთიდან. დასავლური და დემოკრატიული პრაქტიკისთვის კი ეს მიუღებელი ფორმაა.

ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელზეც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქარდშია საუბარი, სინამდვილეში, რადიკალურად განსხვავებული ნორმები მოქმედებს. ეს ნორმები პირობითად ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს - უცხოური ჩარევისა (interference) და უცხოური გავლენის (influence) წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობები / პოლიტიკები და მათ მიმართ სახელმწიფოების მიდგომა სხვადასხვა სიმკაცრისაა.

მიუხედავად ამისა, ორივე ამ მიდგომაში საერთოა ერთი მთავარი ასპექტი - დასავლური კანონმდებლობა გასაკონტროლებლად მიიჩნევს არა ცალკე აღებულად დაფინანსების ფაქტს, არამედ - აქტივობას, რომელიც უცხოური ძალის მითითებით, კონტროლით, დავალებით, ამ ფულის სანაცვლოდ განხორციელდა. შესაბამისად, დასავლური კანონები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიებს, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად კი არ აცხადებენ, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების აქტივობებს განსაზღვრავენ და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებენ, ორგანიზაციამ ეს აქტივობა განახორციელა, თუ - არა.

აშშ-ი უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA)

აშშ-ი ერთ-ერთი იმ სახელმწიფოთაგანია, რომლის კანონმდებლობასაც, კერძოდ, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს” (FARA), საქართველოში დაინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საფუძვლად და მისი შემუშავების სახელმძღვანელოდ აქტიურად ასახელებენ.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს, „რუსული კანონის“ გაანალიზებისას, არაერთმა გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „FARA ფუნდამენტურად განსხვავდება და არ უნდა იყოს შედარებული ისეთ კანონმდებლობასთან, რომელიც შექმნილია კონკრეტულად ა(ა)იპ-ებისა და მედიის შეზღუდვის მიზნით“[1], საქართველოში დაინიციირებული კანონი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში FARA-ს ანალოგად მცდარად არის წარმოჩენილი.

რეალურად, საქართველოში დაინიციირებულ კანონპროექტსა და აშშ-ში მოქმედ FARA-ს შორის ფუნდამენტური განსხვავებებია, ამ განსხვავებებზე მითითების გარეშე, მათი ანალოგებად წარმოჩენა მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

აშშ-მა FARA (Foreign Agents Registration Act) 1938 წელს უცხოური პროპაგანდისა და პოლიტიკური დივერსიების საპასუხოდ მიიღო, რომელიც განსაკუთრებით ნაცისტური წყაროებიდან და ბოლშევიკური საბჭოთა კავშირიდან მოდიოდა. FARA არ არის მიმართული მოკავშირეების წინააღმდეგ.

ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, რომელიც 2023 წელს ინიციირებულ კანონპროექტზე მომზადდა, სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი მიმართვის შედეგად, აღნიშნულია:
„მითითებები შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე და 2018 წელს მიღებულ ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტზე, რომლებიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მათი ძალიან განსხვავებული მიზნისა და მოცულობის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს შესაბამის შედარებით მაგალითებს უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები ასოციაციებისთვის საკანონმდებლო ინიციატივების დანერგვის გასამართლებლად; [პარაგრაფები 65-66]“[2]

ამასთან, ეუთოს დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ როგორც FARA, ასევე ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი „უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებს ლობისტური საქმიანობის რეგულირებაზე“.[3]

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, FARA მიზნად ისახავს, აშშ-სმთავრობისა და ხალხისთვის ცნობილი იყოს, უცხო ქვეყნის სახელით ვინ ცდილობს პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენის მოხდენას. FARA-ს შინაარსი შემდეგია - ის მოითხოვს ნებისმიერი (ფიზიკური თუ იურიდიული) პირი იუსტიციის დეპარტამენტში უცხოეთის აგენტად დარეგისტრირდეს, თუ ის საქმიანობას უცხოურიძალის კონტროლის ქვეშ ახორციელებს და ჩართულია პოლიტიკურ ან სხვა, კანონით განსაზღვრულ, საქმიანობაში.[4]

FARA არ ადგენს რეგისტრაციის ვალდებულებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებს. რეგისტრაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი უცხოური მთავრობის პირდაპირი მითითებით და მისი კონტროლის ფარგლებში[5] მოქმედებს. ამისგან განსხვავებით, ქართული კანონპროექტი, მიზნობრიობის გათვალისწინების გარეშე, „უცხოური ძალისგანმიღებულ დაფინანსებას ნებისმიერ შემთხვევაში გასაკონტროლებლად მიიჩნევს.

არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL), რომელიც მსოფლიოში სამოქალაქო საზოგადოების, ფილანთროპიის და საზოგადოებრივი მონაწილეობის შესახებ იურიდიული გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობს, მიერ მომზადებული შედარებითი სამართლებრივი ანალიზის თანახმად:

  • FARA არ ადგენს რეგისტრაციის ვალდებულებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებს. რეგისტრაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი მოქმედებს უცხოური მთავრობის პირდაპირი მითითებით და მისი კონტროლის ფარგლებში.
  • აშშ-ში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიაორგანიზაცია იღებს უცხოურ გრანტებსა და დახმარებას, მაგრამ FARA არ მოითხოვს მათგან უცხოურ აგენტად რეგისტრაციას.
  • აშშ-ში FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებულია არაკომერციული ორგანიზაციების 5%-ზე ნაკლები. რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოური პოლიტიკური პარტიების ფილიალებია.

ის, რომ ამერიკული FARA და საქართველოში დარეგისტრირებული კანონპროექტი რადიკალურად განსხვავდება, აღნიშნულია აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის 2024 წლის 10 აპრილის განცხადებაშიც. „მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი. აშშ მიესალმება ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციების როლს და იმას, როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამით კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას“, – განაცხადა დანიგანმა.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, FARA უცხო ქვეყნებიდან მომდინარე მავნე ზეგავლენისგან დასაცავად და საფრთხეებისასარიდებლად გამოიყენება, ხოლო ამისათვის ის ხელმძღვანელობს არა ცალკეულად ფულის აღების ფაქტით, არამედ კონკრეტული აქტივობით, რომელიც მესამე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდა. FARA-ს სამიზნე არა, საზოგადოებრივი და მედია-ორგანიზაციების საქმიანობა, არამედ ის რისკებია, რომელიც მტრული სახელმწიფოებიდან შეიძლება მომდინარეობდეს. მიუხედავად ამისა, FARA- ბოლო პერიოდში უფრო მეტი კრიტიკოსი გამოუჩნდა, განსაკუთრებით, სამოქალაქო საზოგადოებიდან. კრიტიკის საგან კი ისაა, რომ მათი აზრით, კანონის მოქმედების ფართო და ამავდროულად, ბუნდოვანი არეალი საფრთხეს უქმნის ისეთი არასამეწარმეო ორგანიზაციების რეპუტაციასა და საქმიანობას, რომელთაც, შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეთ, ან მინიმალური კავშირი ჰქონდეთ უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან. სწორედ ამ მიზეზით, 2022 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს არაერთმა გავლენიანმა ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა ღია წერილით, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, რომ FARA- განუსაზღვრელობას და ბუნდოვანებას თეორიულად შეუძლია სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლება შეასუსტოს.

გაერთიანებული სამეფო - FIRS - Foreign Influence Registration Scheme

გაერთიანებულ სამეფოში უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემის (FIRS - Foreign Influence Registration Scheme) ამოქმედება, რომელიც უკვე დამტკიცებული 2023 წლის ეროვნული უსაფრთხოების კანონის ნაწილია, 2024 წლის ბოლოსაა მოსალოდნელი და სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტისგან განსხვავდება.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ეროვნული უსაფრთხოების საკანონმდებლო პაკეტის მიღებისას, მთავარ საფრთხედ რუსეთი, ჩინეთი და ირანი დაასახელა. უშუალოდ უცხოური გავლენის რეგისტრირების სქემის შესახებ კანონპროექტის ინიციირების ძირითადი მიზეზიც სწორედ მტრული სახელმწიფოებისან, განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან, გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეებში ჩარევისა და პოლიტიკაზე ზემოქმედების მცდელობები გახდა. სწორედ ე.წ. „რუსეთის ანგარიშია“ ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელში აღწერილ გამოწვევებსაც კანონპროექტი პასუხობს. ანგარიში 2020 წელს თითქმის 8 თვის განმავლობაში მზადდებოდა და მასში მიმოხილულია ის საფრთხეები, რასაც რუსეთი გაერთიანებულ სამეფოს უქმნის.

„რუსეთის ანგარიშში“ სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება რუსეთის მხრიდან გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობებზე ამახვილებს. აღნიშნულია, რომ გაერთიანებული სამეფოდან შოტლანდიის გამოყოფის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმში, ბრექსიტის რეფერენდუმში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და ა.შ რუსეთის ჩარევა სხვადასხვა წყაროთი დასტურდება. ანგარიშში დეტალურადაა მიმოხილული ის ოპერაციები, რომელთაც რუსეთის ფედერაცია დასავლურ დემოკრატიაში ჩარევის მიზნით ახორციელებს.

მიუხედავად კანონპროექტის ინიცირების ლეგიტიმური მიზნებისა და საფუძვლებისა, კანონპროექტის საწყის ვერსიას არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა და მან მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, კერძოდ, მისი მოქმედების გავრცელების არეალი დავიწროვდა. აღნიშნული ცვლილებები საგრძნობლად შეამცირებს იმ ორგანიზაციების რიცხვს, რომლებიც, შესაძლოა, კანონის მოქმედების სფეროში მოქცეულიყვნენ. კანონპროექტის ამჟამინდელი ვერსია ორსაფეხურიანია:

1) პოლიტიკური გავლენის დონე

ეს დონე მოითხოვს უცხო ძალის მითითებით გაერთიანებულ სამეფოში პოლიტიკური ზეგავლენის აქტივობების განხორციელების ღონისძიებების რეგისტრაციას.

პოლიტიკური გავლენის აქტივობები მოიცავს კომუნიკაციებს გადაწყვეტილების მიმღებ მაღალი თანამდებობის პირებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო კანდიდატები, დეპუტატები და უფროსი საჯარო მოხელეები; პოლიტიკური მიზნით ფულის, საქონლის ან მომსახურების გაცემას გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებისთვის და ა.შ.

იმისათვის რომ საქმიანობა ექვემდებარებოდეს რეგისტრაციას, ეს საქმიანობა მიზნად უნდა ისახავდეს გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენას - მაგალითად, არჩევნებზე, მთავრობის ან პარლამენტის პალატის ან საკანონმდებლო ორგანოების წევრების გადაწყვეტილებებზე და ა.შ.

გამონაკლისია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ახალი ამბების მედიები (domestic and international news publishers).

ამ კუთხით, FIRS ქართული ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტისგან განსხვავებით, საქმიანობის შინაარსზე კონცენტრირდება და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რეგისტრაციას უცხოური ძალის მითითებით/კონტროლქვეშ პოლიტიკური ზეგავლენის აქტივობების განხორციელების ღონისძიებები ექვემდებარება, ამასთანავე სქემა მედიებს გამონაკლისად მიიჩნევს.

2) გაძლიერებული დონე

„გაძლიერებული“ დონეზე სქემა შეიცავს უფლებამოსილებას, რომ იმ შემთხვევებში, სადაც სახელმწიფო მდივანი საჭიროდ მიიჩნევს გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების ან ინტერესების დაცვას, განისაზღვროს უცხო ძალა, უცხო ძალაუფლების ნაწილი ან სუბიექტი, რომელიც ექვემდებარება საგარეო ძალაუფლების კონტროლს. ამ უფლებამოსილების გამოყენება პარლამენტის თანხმობას საჭიროებს. ამდენად, გაძლიერებული დონე” მოითხოვს საქმიანობის უფრო ფართო სპექტრის რეგისტრაციას, სადაც პირი მოქმედებს უცხოური ძალების ან სუბიექტების მითითებით, რომლებიც შეფასებულია, როგორც პოტენციური რისკი გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებისა და ინტერესებისთვის. ს დონე მოითხოვს (i) განსაზღვრული ძალის ან ერთეულის განკარგულებით გაერთიანებულ სამეფოში ნებისმიერი აქტივობის განხორციელების შეთანხმებების რეგისტრაციას, (ii) უცხოური ძალის მიერ კონტროლირებადი სუბიექტების მიერ გაერთიანებულ სამეფოში განხორციელებულ აქტივობებს რეგისტრაციას.

აქ მთავარი ელემენტი ისაა, რომ საქმიანობა, რომელიც რეგისტრაციას დაექვემდებარება, განხორციელებული უნდა იყოს უცხოური ძალის ან სუბიექტის „მითითების/განკარგულების“ შესაბამისად.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, უცხო ძალის დაფინანსება მსგავს განკარგულებად/მითითებად კლასიფიცირებისთვის საკმარისი არ არის. [6]

ამდენად, FIRS ითვალისწინებს გაერთიანებული სამეფოში უცხო ძალის მითითებით პოლიტიკური გავლენის განსახორციელებლად წარმოებული ზომებისა და აქტივობების რეგისტრაციას. შესაბამისად, რეგისტრაციის უმთავრესი და უპირველესი საფუძველი „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტისგან განსხვავებით, არა მიღებული შემოსავლის წარმოშობა, არამედ განხორციელებული საქმიანობის პოლიტიკური მიზნობრიობაა. ამასთანავე, პროპორციულობის უზრუნველსაყოფად, უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა მოიცავს მრავალ გამონაკლისს, მათ შორის, (პოლიტიკური გავლენის დონეზე) მედიებს.

ავსტრალია

2018 წლიდან ავსტრალიაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემა“ (FITS) მართლაც მოქმედებს, რომლის მიზანია, საზოგადოებას და მთავრობას მიაწოდოს ინფორმაცია ავსტრალიის ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პროცესზე უცხოური გავლენის ბუნების, დონისა და მასშტაბის შესახებ, თუმცა ის მნიშვნელოვნად განსხვავდება „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტისგან, შესაბამისად, მასთან პარალელის გავლება შეცდომაში შემყვანია.

კანონის ავსტრალიური მოდელი ორიენტირებულია, უზრუნველყოს ისეთი აქტივობების გამჭვირვალობა, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას და ამასთან, ხორციელდება უცხოური ძალის სახელით (უცხოურ ძალასთან შეთანხმებით, მისი ბრძანებით, მითითებით და ა.შ).

მნიშვნელოვანი აქცენტია ისიც, რომ კანონის მიღებამდე, ავსტრალიაში განიხილებოდა ის უცხოური ჩარევის ოპერაციები, რომლებიც ავსტრალიის პოლიტიკაზე მავნე ზეგავლენას ახდენდა. მაგალითად, ამ სქემას წინ უძღოდა ჩინეთის მხრიდან, ავსტრალიის მიერ ჩინეთის მიმართ გატარებულ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, ავსტრალიის საკანონმდებლო ორგანოს წევრების მოსყიდვა, რათა მათ ჩინეთის პოლიტიკისთვის საჯაროდ დაეჭირათ მხარი. ავსტრალიის ყოფილი პრემიერი კანონის მიღებამდე სწორედ ჩინეთის მხრიდან წარმოებულ აქტიურ გავლენის ოპერაციებზე საუბრობდა. ამ კანონს სწორედ ისეთი აქტივობები უნდა დაეფარა, რომლებიც ჯერ არ კვალიფიცირდებოდა, როგორც ღალატი ან ჯაშუშური საქმიანობა, მაგრამ მიზნად ისახავდა, ავსტრალიის უსაფრთხოების ან ეროვნული ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხო ქვეყნის აქტორის სახელით მოქმედებას. სწორედ ამ მიზნით დაიწყო ავსტრალიაში აღნიშნულ სქემაზე მუშაობა.

მოუწევს, თუ - არა ინდივიდს ან სუბიექტს სქემით განსაზღვრულ ბაზაში რეგისტრაცია, დამოკიდებულია მათ მიერ განხორციელებული აქტივობების მიზნებსა და ხასიათზე. ავსტრალიური კანონმდებლობა ფარავს იმ აქტივობებს, რომლებსაც პოლიტიკური შინაარსი აქვთ და მიზნად ისახავენ პოლიტიკასა და მთავრობის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებას, მაგალითად, უცხო ძალის მითითებით, დავალებით, იმავე უცხო ძალის ინტერესების გატარების მიზნით, ავსტრალიის პარლამენტის წევრებთან ლობირება ან/და ინფორმაციის ან მასალის გავრცელება არჩევნების დროს, რომელიც მიზნად ისახავს ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედებას.

ამავდროულად, კანონის ავსტრალიური მოდელი არაერთ მნიშვნელოვან გამონაკლისს ადგენს, მათ შორის, გამორიცხავს საქველმოქმედო და არაკომერციული ორგანიზაციების FITS-ით რეგულირებას, რომლებსაც აქვთ საქველმოქმედო მიზნები. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიური კანონმდებლობის მიხედვით, საქველმოქმედო ორგანიზაციების სტატუსი შეიძლება ჰქონდეს ისეთ მოგებაზე არაორიენტირებულ (არაკომერციულ და არასამეწარმეო) ორგანიზაციებსაც, რომლებიც მუშაობენ, მაგალითად, ადამიანის უფლებებზე, ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, კონფლიქტებისა და შერიგების საკითხებზე, განათლების, ჯანმრთელობის და სოციალური კეთილდღეობის საკითხებზე და ა.შ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, რომელიც 2023 წელს ინიციირებულ კანონპროექტზე მომზადდა, სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი მიმართვის შედეგად, აღნიშნულია:
„მითითებები შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე და 2018 წელს მიღებულ ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტზე, რომლებიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მათი ძალიან განსხვავებული მიზნისა და მოცულობის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს შესაბამის შედარებით მაგალითებს უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები ასოციაციებისთვის საკანონმდებლო ინიციატივების დანერგვის გასამართლებლად; [პარაგრაფები 65-66]“[7]

ამასთან, ეუთოს დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ როგორც FARA, ასევე ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი „უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს ლობისტური საქმიანობის რეგულირებაზე.[8]

ამდენად, ავსტრალიური FITS, სულ მცირე, ზემოაღნიშნული ფუნდამენტური განსხვავების გამო, არ შეიძლება მივიჩნიოთ „ქართული ოცნების“ კანონპროექტის მსგავსად. შესაბამისად, მათი ერთ კონტექსტში განხილვა შეცდომაში შემყვანია.

ახალი ზელანდია

სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერის მიხედვით, კიდევ ერთი სახელმწიფო, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონის მსგავსი მოქმედებს, არის ახალი ზელანდია. რეალურად, ახალ ზელანდიაში „უცხოური გავლენის“, „უცხოური გავლენის აგენტების“, ან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არ მოქმედებს. ახალი ზელანდიის მთავრობას აქვს სამუშაო პროგრამა, რაც აღმასრულებელ დონეზე უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვადასხვა მექანიზმს ასახელებს.

ახალი ზელანდიის სამთავრობო პროგრამა უცხოურ ჩარევად მიიჩნევს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ ისეთ აქტივობებს, რომელიც ხორციელდება ფარულად, მოტყუებით, კორუფციული ან მუქარის საშუალებებით. ქვეყნის მთავრობის საიტზე განთავსებული ინფორმაცია კიდევ უფრო აკონკრეტებს, რა გზებით შეიძლება განხორციელდეს უცხოური ჩარევა. ეს შეიძლება იყოს: დემოკრატიულ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა, კიბერშეტევების გამოყენება ინფორმაციის მოსაპოვებლად, საზოგადოების გაკონტროლების და დაშინების მცდელობა, პროპაგანდა და დეზინფორმაციის გავრცელება და ა.შ.

აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, ერთობლივად მუშაობს ახალი ზელანდიის მთავრობა, უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახური, სამთავრობო კომუნიკაციების უსაფრთხოების ბიურო და სხვა სტრუქტურები.

შესაბამისად, „ქართული ოცნების“ კანონპროექტზე საუბრისას, ახალი ზელანდიის მაგალითად მოყვანა შეცდომაში შემყვანია.

აღსანიშნავია, რომ მტკიცების გამავრცელებელი წყაროები არგუმენტის სახით არ წარმოადგენენ ახალ ზელანდიაში მოქმედ კონკრეტულ კანონს ან/და კანონპროექტს, რომელიც „ქართული ოცნების“ კანონპროექტის, ან, თუნდაც, აშშ-ში მოქმედი FARA-ს მსგავსია. ახალ ზელანდიაში არსებობს მხოლოდ ზოგადი მიდგომა და ძირითადი მექანიზმები, რაც ქვეყანას უცხოური ჩარევის საპასუხოდ გააჩნია.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტზე საუბრისას, ახალი ზელანდიის უსაფრთხოების სტრატეგიაზე მითითება სრულიად არარელევანტური და შეცდომაში შემყვანია.

ფრანგული კანონპროექტი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქარდებში საქართველოში დაინიციირებულ კანონს საფრანგეთში დაინიციირებულ „საფრანგეთში უცხოური ჩარევის საწინააღმდეგო“ კანონპროექტსაც ადარებენ. უცხოური ჩარევის საწინააღმდეგო კანონპროექტი უკვე განიხილა საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ და პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა ამის შემდეგ კანონპროექტი საფრანგეთის სენატმაც უნდა განიხილოს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პირველი მოსმენით, მხოლოდ ეროვნულ ასამბლეაში დაინიციირებულმა კანონპროექტმა უკვე 200-ზე მეტი ცვლილება განიცადა.

კანონპროექტის დაინიციირებას წინ უძღოდა ანგარიში, რომელიც საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეასა და სენატში 2023 წლის 29 ივნისს დარეგისტრირდა. ანგარიში საფრანგეთის წინაშე არსებულ საფრთხეებს მიმოიხილავს და სწორედ ის დაედო საფუძვლად „საფრანგეთში უცხოური ჩარევის საწინააღმდეგო“ კანონპროექტის შემუშავებას. რეპორტი უმეტესწილად ეთმობა საფრანგეთისთვის არადემოკრატიული სახელმწიფოებიდან, განსაკუთრებით კი რუსეთიდან, მომავალ საფრთხეებს. რუსეთის გარდა, დასახელებულია სხვა არადემოკრატიული და დასავლური დემოკრატიების საწინააღმდეგოდ განწყობილი სახელმწიფოები - ჩინეთი, ირანი, მაროკო, კატარი, თურქეთი.

აღნიშნული კანონპროექტით შემოდის ტერმინი „უცხო სახელმწიფოს სახელით განხორციელებული გავლენის აქტივობის გამჭვირვალობა“[9]. ეს კანონი მოითხოვს ციფრული რეესტრის[10] შექმნას, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეებს ინფორმაციას უცხო სახელმწიფოს ინტერესების წარმოდგენის აქტივობების შესახებ[11] მიაწვდის. ამავდროულად, კანონპროექტი ითვალისწინებს[12] ალგორითმულ სისტემაზე დაყრდნობით, უცხო სახელმწიფოს ჩარევის, ან ჩარევის მცდელობის კონტროლს.

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, უცხო სახელმწიფოს ინტერესების წარმოდგენის აქტივობები ნიშნავს ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ უცხო ძალის ბრძანებით, მოთხოვნით, დირექტივით ან კონტროლქვეშ განხორციელებულ შემდეგ ქმედებებს/აქტივობებს: 1) საჯარო გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენა შესაბამის პირებთან კომუნიკაციის გზით, განსაკუთრებით თუ ეს შეეხება კანონს ან რეგულაციურ აქტს; 2) ჩაატარო ნებისმიერი სახის საჯარო აქტივობა; 3) მიიღო დაფინანსება ან გასცე დაფინანსება

უცხოურ ძალად კანონპროექტი თვლის - 1) უცხო სახელმწიფოებს, გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა; 2) იურიდიულ პირებს, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან მართული ან კონტროლირებული უცხოური სახელმწიფოს მიერ, ან რომელთა ფინანსების ნახევარზე მეტი შეადგენს ასეთი უცხო ძალის მიერ მიღებულ ქონებას; 3) უცხოური პოლიტიკური პარტიებსა და ჯგუფებს.

ფრანგული კანონპროექტი აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ შემოსავლის წყაროზე, არამედ შემოსავლის მიზნობრიობაზე. კანონპროექტში ჩამოთვლილია მთელი რიგი ქმედებებისა, რა შემთხვევაშიც შეეხება კანონი ორგანიზაციასა თუ ფიზიკურ პირს. ეს ქმედებები კი ძირითადად ლობისტურ საქმიანობას ეხება, რადგან საუბარია უცხო სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზაციისა თუ ფიზიკური პირის პირდაპირ კონტროლზე და მისივე დირექტივების შესაბამისად მოქმედებაზე.

ვინაიდან კანონპროექტი ეფუძნება ანგარიშს რომლითაც საფრანგეთისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთი (ასევე სხვა არადემოკრატიული სახელმწიფოები[13]) და მისგან მომავალი საფრთხეებია დასახელებული, ამასთანავე ფრანგული კანონპროექტი აქტივობების მიხედვით რეგულირებას გულისხმობს, ხოლო ქართული ნებისმიერი მიღებული უცხოური დაფინანსების გამო თვლის ორგანიზაციას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად, ქართულ და ფრანგულ კანონპროექტებს შორის არსებითი განსხვავებაა.



[1] არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) და არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) ანალიზი საქართველოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შესახებ.

[2] ეუთო/ოდირის მოსაზრება საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ასოციაციების გამჭვირვალობისა და რეგულირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების ან ე.წ. „უცხოელი აგენტების შესახებ კანონების“ და მსგავსი კანონმდებლობის შესახებ და მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ხელმისაწვდომია:https://legislationline.org/sites/default/files/2023-08/TRANSLATION%202023-07-25%20FINAL%20Note%20on%20foreign%20agents%20legislation_Georgia_GEORGIAN.pdf გვ.6

[3] იქვე. გვ.41

[4] კანონის თანახმად, უცხოურ ძალად მოიაზრება უცხო ქვეყნის ხელისუფლება, პოლიტიკური პარტია, პირი, ორგანიზაცია, კორპორაცია და .. უცხო ქვეყნის აგენტად კი, შეიძლება მოიაზრებოდეს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც: მოქმედებს/საქმიანობას ახორციელებს უცხოური ძალის მოთხოვნით, მითითებით, კონტროლქვეშ (და .); რომლის აქტივობას პირდაპირ ან არაპირდაპირ ზედამხედველობს, აკონტროლებს, აფინანსებს (და .) უცხოური ძალა; რომელიც აშშ-ში ჩართულია პოლიტიკურ აქტივობაში უცხოური ძალის სასარგებლოდ, და ..

[5] Foreign Agents Registration Act - 22 U. S. C. §611. ხელმისაწვდომია: https://www.justice.gov/nsd-fara/fara-index-and-act#611c

[6] რა ჩაითვლება უცხო ძალის მიერ განკარგულებად/მითითებად: „მითითება/განკარგულების“ ჩვეულებრივი მნიშვნელობა არის მოქმედების ბრძანება ან ინსტრუქცია“. ეს შეიძლება წარმოდგენილი იყოს მოთხოვნის ენითაც, იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებასა და უცხო ძალას შორის ძალაუფლებაზე დაფუძნებული ურთიერთობა (power relationship) არსებობს, რაც მათ შორის ურთიერთობას კონტროლის ან მოლოდინის ელემენტს მატებს (მათ შორის ხელშეკრულების, გადახდის, იძულების, დაპირების, მომავალი კომპენსაციის და ა.შ) გზით.

[7] ეუთო/ოდირის მოსაზრება საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ასოციაციების გამჭვირვალობისა და რეგულირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების ან ე.წ. „უცხოელი აგენტების შესახებ კანონების“ და მსგავსი კანონმდებლობის შესახებ და მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ხელმისაწვდომია: https://legislationline.org/sites/default/files/2023-08/TRANSLATION%202023-07-25%20FINAL%20Note%20on%20foreign%20agents%20legislation_Georgia_GEORGIAN.pdf გვ.6

[8] იქვე. გვ.41

[9] Transparency of influence activities carried out on behalf of a foreign principal

[10] Un répertoire numérique - digital directory

[11] l'action des représentants d'intérêts agissant pour le compte d'un mandant étranger - the actions of interest representatives acting on behalf of a foreign principal

[12] კანონპროექტი ცვლის საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების კოდექსის 851-3 მუხლს და ტერორიზმთან ბრძოლის გარდა ემატება უცხო სახელმწიფოდან მომავალი სხვა საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაც.

[13] ირანი, კატარი, ჩინეთი, თურქეთი, მაროკო


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი